იალტაში მეორედ გადაწყდა ახალი ევროპის ბედი

        პარასკევს, იალტაში გაიმართა ბალტია-შავი ზღვის ქვეყნების ლიდერთა სამიტი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელმაც ახალი გეოპოლიტიკური რეალობის კონტურები მოხაზა. სამიტში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა პრეზიდენტები, აგრეთვე, გერმანიის, დანიის, თურქეთის, ნატოს, ეუთოსა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
        სიმბოლურია, რომ ძირითადი ღონისძიება გაიმართა სწორედ ლივადიის საიმპერატორო სასახლეში, სადაც, მეორე მსოფლიო ომის დროს (1945 წ.) იოსებ სტალინმა, უინსტონ ჩერჩილმა და თეოდორ რუზველტმა ომისშედმგომი ევროპის ბედი გადაწყვიტეს.
        ამ თვალსაზრისით, იალტის კონფერენციას ვერ შეედრებოდა თავისი მნიშვნელობით ვერც თეირანის (1943), ვერც პოტსდამის (1945) კონფერენციები, ვინაიდან პრინციპული საკითხები, მათ შორის, ევროპის გაყოფა და ომისშემდგომი გერმანიის ბედი სწორედ იალტაში გადაწყვიტა «დიდმა სამეულმა».
        1999 წლის 10 სექტემბერს, ზუსტად იმ დარბაზში, ლამის იმავე მაგიდასთან, ევროპულმა სახელმწიფოებმა, უკრაინის ინიციატივით, «ახალი ევროპული წესრიგის» ძირითადი დოქტრინა განსაზღვრეს.

        ნიშანდობლივი იყო სამიტის სახელწოდებაც: «ბალტია-შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობა: XXI საუკუნე გამყოფი საზღვრების გარეშე». ბუნებრივია, სამიტის კიდევ ერთი მიზანი იყო 31 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ლეონიდ კუჩმას მხარდაჭერა, ვინაიდან ამ ქვეყანას შავი ზღვა-ბალტიის სივრცეში საკვანძო პოზიცია უკავია და უკრაინის პოლიტიკურ კურსზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
        იალტის კონფერენციის უმთავრესი პოლიტიკური «მესიჯი» იმაში მდგომარეობს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის, ყოფილი «საბჭოთა რესპუბლიკები» აღარ დაუშვებენ მათი ბედი სხვა დიდმა სახელმწიფოებმა განსაზღვრონ.
        სწორედ ეს იყო ედუარდ შევარდნაძის გამოსვლის ძირითადი არსი: ქარაგმულად, საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგებს მიანიშნა: «ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ, რომ სხვები აღნიშნავდნენ ჩვენს გამყოფ ხაზებს ეფროპის რუკაზე – ევროპის ბედი ჩენსავე და არა «ზესახელმწიფოთა» ხელშია.
        ნიშანდობლივია შემაჯამებელი დეკლარაციის შემდეგი ფრაზა: «...ადასტურებენ, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს განუყოფელი უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები».
        დეკლარაცია XXI საუკუნის ევროპის ფუძემდებლურ პრინციპებად აღიარებს «დემოკრატიას, ადამიანის უფლებათა დაცვას, ეკონომიკურ თავისუფლებას და სოციალურ სამართლიანობას».
        კიდევ უფრო მეტი: იალტის დეკლარაციით, ქვეყნებმა იკისრეს პასუხისმგებლობა «შექმნან მომავალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა საზღვრების გარეშე, ერთობლივი ძალისხმევით აღკვეთონ ეთნიკური კონფლიქტები და დაიცვან მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბიულურობა ბალტია-შავი ზღვის სივრცეში, მიიღონ აქტიური მონაწილეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების პაქტის განხორციელებაში (იგი ეხება იუგოსლავიასა და ბალკანეთს), აღკვეთონ სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელისშემშლელი პირობები, როგორიცაა ტერორიზმი, უკანონო მიგრაცია, ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის უკანონო გადატანა, განამტკიცონ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სტრუქტურებში მონაწილეობის პოტენციალი.
        როგორც ჩანს, იალტის პროცესი გაგრძელდება და იგი (მათ შორის) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორად იქცევა. რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა იმყოფება იმ პროცესში (იმ დინების ფარგლებში), რომელიც უკვე შეუქცევადია.
        «აბრეშუმის გზა» და «ევრაზიის დერეფანი» ძალზე მძლავრი პოლიტიკური არგუმენტი აღმოჩნდა ახალი ევროპული პროცესის ინიციირებისათვის». საბედნიეროდ, დღეს საქართველო აღარ არის იძულებული, იცუროს დინების საწინააღმდეგოდ».
        ზოგჯერ ესეც აუცილებელია, მაგრამ, ძირითადად, მაინც უმჯობესია, თუ «აღმავალ ტალღაში» მოვხვდებით. იალტაში უეჭველად, ერთი ასეთი ტალღა «აგორდა».
        ნიშანდობლივია, რომ რუსეთს «მხოლოდ და მხოლოდ» ვიცე-პრემიერი წარმოადგენდა იალტის კონფერენციაზე. ესეც ისტორიული სიმბოლოა, რომელსაც კონკრეტული გეოპოლიტიკური გამოხატულება აქვს: 1943 წელს, იალტის კონფერენციაზე რუსეთს, რომელმაც უკვე გარდატეხა შეიტანა მეორე მსოფლიო ომში, წარმოადგენდა იოსებ სტალინი, ხოლო 1999 წელს, «ძველი ეპოქის დასასრულს» დაღესტნის ომში ჩაფლულ რუსეთს წარმოადგენდა ვინმე ვიქტორ ხრისტენკო. დრონი მეფობენ!
       
       

საფრანგეთი აფხაზეთის კონფლიქტს სასიკეთოდ «აკვირდება»

        გასულ კვირას ედუარდ შევარდნაძე შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს, მიშელ ფუშეს. ამ მოვლენას მასმედიამ და დამკვირვებლებმა თითქოს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიანიჭეს, არადა, ფრანგმა დიპლომატმა (ასე ვთქვათ) მნიშვნელოვანი წინადადებებით სავსე «პორტფელი» ჩამოიტანა თბილისში.
        ჯერ ერთი, როგორც ჩანს, ახლო მომავალში ალბათ შედგება ჟაკ შირაკის ვიზიტი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ ეს არ იქნება ცერემონიული სტუმრობა – ოფიციალური პარიზი აშკარად ცდილობს, უფრო აქტიური როლი შეასრულოს – უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტების მოწესრიგების თვალსაზრისით.
        საბედნიეროდ (მათ შორის, ჩვენთვის) ნატომ შეძლო ბალკანეთზე 10 წლის წინათ, რუსეთის მიერ დანთებულ ცეცხლის ჩაქრობა. ომი ყოფილ იუგოსლავიაში რუსეთს სჭირდებოდა იმისთვის, რომ მსოფლიოს (უპირველესად, ევროპის) ყურადღება გადაეტანა პოსტსაბჭოური კონფლიქტებიდან (აფხაზეთი, ყარაბაღი და ასე შემდეგ) – მხოლოდ ბალკანეთისაკენ.
        ამჟამად ეს ბარიერი აღარ არსებობს. საფრანგეთს კი ყოველთვის სურდა ევროატლანტიკურ სივრცეში თავისი გამორჩეულობა და განსაკუთრებულობა დაედასტურებინა. აფხაზეთი შესანიშნავი საბაბია საამისოდ.
        ბუნებრივია, საფრანგეთი არ დაუჭერს მხარს ძალის გამოყენებას აფხაზეთში (არც საქართველოს, არც მით უმეტეს ნატოს მხრიდან), მაგრამ მას ნამდვილად შეუძლია, უზრუნველყოს პოლიტიკურად შესაძლო კომპრომისი ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ამგვარი «სამშვიდობო ფორმულის» წინაამღდეგი იქნება.
        საქართველოში რატომღაც არც «ჩვენი თანამემამულე» იგორ ივანოვის ამასწინანდელ თავხედურ განცხადებას მიაქიეს ყურადღება, რომ «რუსეთი არ დაუშვებს მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ აფხაზეთისა და სხვა კონფლიქტების მოწესრიგებას».
        დავაკვირდეთ ამ მართლაც თავხედურ განცხადებას: მაშასადამე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმუქრება, რომ მისი ქვეყანა ხელს შეუშლის მხარეებს შორის მშვიდობიანი კომპრომისის მიღწევასაც, თუ კომპრომისი მიიღწევა რუსეთის მონაწილეობის გარეშე, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
        რუსეთის ინტერესი კი სწორედ კონფლიქტის მარად «ნაღვერდლის» მდგომარეობაში შენარჩუნებაა. ერთადერთი ალტერნატივა შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად, შეიძლება მხოლოდ რომელიმე სხვა დიდი ქვეყნის დაინტერესება იყოს, რათა მან პოლიტიკურად უზრუნველყოს უკვე გარადუვალი კომპრომისი საქართველოსა და აფხაზეთს შორის.

გენადი სელეზნიოვი შიშმა აიტანა

        რუს პოლიტიკოსთა «შიშები» ბოლო დროს დაფარულიც აღარაა. დაღესტანთან დკავშირებით, აგრეთვე ელცინისა და მისი ოჯახის საზიზღარ კორუფციაში მხილების გამო, რუსი პოლიტიკოსები ყოველგვარ ორიენტირს კარგავენ საბოლოოდ და შეცდომა შეცდომაზე მოსდით.
        მაგალითად, რუსული «გოსდუმის» სპიკერმა, გენადი სელეზნიოვმა რამდენიმე დღის წინათ, რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურმე, საქართველო იარაღითა და ფულით ამარაგებს დაღესტნელ სეპარატისტებს.
        საერთოდ, სელეზნიოვი მოსკოვში ერთგვარ «საფრთხობელად» ჰყავთ – მართალია, ოფიციალური პირია, მაგრამ სერიოზულ პოლიტიკოსად მაინც არ აღიქმება. ამიტომ შეუძლია გააკეთოს, სკანდალური განცხადებები, რომლებიც, ერთი მხრივ, არის კიდეც, მეორე მხრივ, კი, არც არის რუსეთის ოფიციალური პოზიცია - «აბა, სელეზნიოვს რა მოეთხოვება? მით უმეტეს, რა მოეთხოვება რუსულ «გოსდუმას»? ბუნებრივია, გენადი სელეზნიოვის ზემოთ მოყვანილი განცხადება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის სრული უმწეობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
        დავუშვათ ერთი წუთით, რომ საქართველო ნამდვილად ამარაგებს იარაღით დაღესტნელ სეპარატისტებს (თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, სისულელეა – ამდენი ფული და იარაღი სადა გვაქვს?), რათა სამაგიერო გადაუხადოს რუსეთს აფხაზი სეპარატისტების მხარდაჭერისთვის.
        ლოგიკურად, სად გაქრნენ რუსი მესაზღვრეები რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან? დავუშვათ, ჩეჩნეთიდან ისინი ჯერ კიდევ 1992 წელს გააპანღურეს, დაღესტანში მაინც ხომ იყვნენ? როგორც ჩანს, უკვე დაღესტანიდანაც მოკურცხლეს უკანმოუხედავად. სელეზნიოვმა ეს იცის, ამიტომ «პროფილაქტიკური მიზნით» (უკვე ესღა შეუძლიათ) აშინებს საქართველოს: ჩრდილო კავკასიაში სეპარატისტთა მხარდაჭერას თქვენ დაგაბრალებთო.
        ესე იგი, «აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს ჯარების შეყვანა» ჩვენი ბრალია (რუსულმა «გოსდუმამ» მაშინ დაგმო «აგრესია») და ისიც ჩვენი ბრალი ყოფილა, თუ რუსეთის «უძლეველ არმიას» ახლა უკვე დაღესტანში ასხამენ თავსლაფს.
        მალე, ალბათ, თათარსტანში რომ ომი დაიწყება, იმასაც ჩვენ დაგვაბრალებენ. არადა, სელეზნიოვი სინამდვილეში სხვა «ნესტრით» არის ნაჩხვლეტი»: მან შესანიშნავად იცის, რას აკეთებდა და როგორ იქცეოდა თავად რუსეთი აფხაზეთის ომის დროს.
        ამიტომ სავსებით «ლოგიკურად» მიაჩნია (სწორედ ეს აშინებს), თუ საქართველო ახლა სამაგიეროს გადახდას მოინდომებს.

გოგი თოფაძის ახალი კონგლომერატი

        მომავალ არჩევნებში, სხვა გაერთიანებებთან ერთად, ფინანსურად და პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი საარჩევნო ბლოკი, უდავოდ, «მრეწველთა პარტიის» გარშემო შეკრებილი კონგლომერატი იქნება.
        გოგი თოფაძემ, როგორც ჩანს, აჭარის ლიდერს მიბაძა და ისეთი ბლოკი შექმნა, რომლის პოლიტიკური პროგრამა და ფუნქცია ლიდერის გამოკვეთით ამოიწურება. ამ ლოგიკით, სულაც არ არის გამორიცხული, რომ გოგი თოფაძემ, რომელსაც ყაზბეგში (რაკი მოხევეები აღმერთებენ) კონკურენტი არა ჰყავს, - სულ მალე პრეზიდენტობის კანდიდატობასაც კი «გამოჰკრას ხელი» - საქართველოში გასაკვირი არაფერია – თოფაძეც ქართველია და «მშობელი ერის ყველა ღირსება თუ ნაკლი უტარებია».
        ასეთი სიმაღლიდან თოფაძეს შემდგომ, რასაკვირველია, სასაცილოდაც არ ეყოფა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას 7 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.
        ბუნებრივია, გოგი თოფაძე ედუარდ შევარდნაძეს რეალურ კონკურენციას ვერ გაუწევს, მაგრამ მაინც ხომ დაფიქსირდება, როგორც კანდიდატი და ექნება საშუალება თქვას: «იმიტომ ებრძვიან «ყაზბეგს», რომ მე პრეზიდენტობა მინდაო».
        ჯერჯერობით, გოგი თოფაძეს კანდიდატობის სურვილი არ გამოუხატავს, მაგრამ თუ მისმა საარჩევნო კონგლომერატმა წარმატებას მიაღწია, - შესაბამისი ამბიცია უეჭველად გაუჩნდება.
        საქართველოში, საერთოდ, ადვილად უჩნდებათ საპრეზიდენტო ამბიცია. თუ «თოფაძის პარტია» მოახერხებს მსხვილი ქართული კაპიტალის ინტერესთა კონცენტრირებასა და აკუმულირებას, ოღონდ ქართული კაპიტალი (ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილი), რომელიც წარმოებაზე მუშაობს, აშკარა «მემარცხენე» მიმართულებისაა და «სახელმწიფო კაპიტალიზმის» დაფუძნებას მოითხოვს.
        ამგვარი მოტივაციის «წამალია» ჭეშმარიტად დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს სისტემის აგება, რომელიც ყველას თავის ადგილსა და სოციალურ «ნიშას» მიუჩენს.

დილის გაზეთი, 13 სექტემბერი, 1999 წ.

მთელ გვერდზე