შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?

        მას შემდეგ, რაც სრულიად უიმედოდ დასრულდა მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი ჟენევაში (როგორც ჩანს პირველი – მომავალი ათეულობით ასეთივე «რაუნდიდან») პოლიტიკოსები და ექსპერტები კვლავ უბრუნდებიან უმთავრეს კითხვას, რომელიც ომის მძიმე შედეგებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს.
        რაკი ყველა თანხმდება, რომ რუსეთთან ომს, სამხედრო ძალთა თანაფარდობის თვალსაზრისით, საქართველო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოიგებდა, ხოლო ჩვენს გამო მესამე მსოფლიო ომს (ბირთვული იარაღის გამოყენებით) დასავლეთი ნამდვილად არ დაიწყებდა, სავსებით ბუნებრივია, რომ სათაურში გამოტანილი კითხვა შემდეგნაირად ზუსტდება: «შეიძლებოდა თუ არა რუსეთთან ომის თავიდან აცილება?».
        თითქოსდა ყველა თანხმდება, რომ სამხედრო (საბოლოო შედეგის) თვალსაზრისით საქართველოსათვის რუსეთთან ომი იმთავითვე წაგებული იყო – როგორც არ უნდა განვითარებულიყო საბრძოლო მოქმედებები. მაგრამ თუ ამ რაკურსით დავაკვირდებით, მაგალითად, პარლამენტის ექს-თავმჯდომარის «შეკითხვებს» აღმოვაჩენთ, რომ გარეგნული სიმწყობრისა და ლოგიკურობის მიუხედავად, «კითხვარი», სწორედ ძირითად თემასთან დაკავშირებით, აზრობრივად საკმაოდ ეკლექტურად და წინააღმდეგობრივადაა შედგენილი.
        მაგალითად კითხვა «რატომ არ შეიქმნა თავდაცვითი ზღუდე ენგურთან?» შინაარსობრივად იგივეა, რაც კითხვა: «რატომ არ მიეცით რუსებს საშუალება საარტილერიო ცეცხლით, საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებითა და სტრატეგიული ავიაციით დაეწვათ, გაენადგურებინათ, დედა-წულიანად მოეთხარათ და მოეოხრებინათ ქალაქი ზუგდიდი?»
        არადა, კიდევ კარგი, ხელისუფლებამ იქ «სროლის ბრძანება» არ გასცა ან «მსროლელი» არავინ აღმოჩნდა და აბსოლუტურად სწორადაც მოიქცა – იმ ელემენტარული მოსაზრებით, რომ მრისხანე ძალა, რომელიც მოადგა ენგურს, ზუგდიდისა და სენაკის სრული საარტილერიო-სარაკეტო-საავიაციო «მოთხრის» შემდეგ, ამ ქალაქებში (უფრო ზუსტად ნაქალაქევებზე), მაინც შევიდოდა და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. მით უმეტეს, თუ ამას ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი შეეწირებოდა ისედაც მრავალტანჯულ სამეგრელოში.
        სწორედ ამ დასკვნიდან გამომდინარეობს ისევ და ისევ მთავარი კითხვა, რომელიც პარლამენტის ექს-თავმჯდომარის «კითხვარში» არ ფიგურირებს: ეს მართალია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საერთოდ რატომ არ ავიცილეთ თავიდან ომი (დაპირისპირება) რუსეთთან?!
        აი საკითხის ასე დასმა კი აბსოლუტურად ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ მას უეჭველად თან სდევს პასუხთან მიმავალი და «ლოგიკური ალგორითმის» შემცველი «გამომდინარე კითხვაც»: «მერედა, როგორ, რა გზით შეიძლებოდა რუსეთთან დაპირისპირებისა და ომის თავიდან აცილება?».
        აგვისტოს ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: «რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა არ დაუშვას საქართველოსა და უკრაინის შესვლა ნატოში!».
        როგორ, რა ხერხით შეეძლო რუსეთს ამ პროცესს წინ აღდგომოდა? რა თქმა უნდა, უპირველესად საქართველოში ომის პროვოცირებით! რადგან ჯერ ერთი, ვეება უკრაინას («სამაგალითოდ დასასჯელად») ასე იოლად ხელს ვერ «წამოარტყამდა» როგორც ჩვენს პატარა და უმწეო ქვეყანას და მეორეც – საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად ცდილობდა შეეცვალა სტატუს-კვო ცხინვალის რეგიონში (და ამით რუსეთს «საბაბს» უქმნიდა), რაკი დასავლეთი ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმთავრეს პირობად სწორედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, კონფლიქტების გადაჭრას და სახელმწიფოებრივი საზღვრების გაკონტროლებას გვიყენებდა.
        სწორედ ამიტომ მოითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანა; შემდგომ (პარლამენტის გადაწყვეტილებით) სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანაც; შექმნა «სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ადმინისტრაცია»; განამტკიცა თბილისის იურისდიქცია ხეობებში; გაიყვანა შემოვლითი გზები; ოფიციალურად მოითხოვა სამშვიდობო ფორმატების შეცვლა და კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის შემოყვანა; უნდობლობა გამოუცხადა რუსეთის სამშვიდობო ძალებს; გამოვიდა «დსთ»-ს თავდაცვის მინისტრთა კოლეგიიდან; გამოვიდა «დსთ»-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებიდან; ამხილა რუსეთის სამხედრო დაზვერვის რეზიდენტურა ქვეყნის ტერიტორიაზე; უარი განაცხადა ხელი მოეწერა უცხო ქვეყნის (მომავალში ნატოს) ჯარების «არგანლაგების» იურიდიულად დამავალდებულებელ ხელშეკრულებაზე, რაკი ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ს წესდებას; უარი განაცხადა იმავე რუსეთთან, კოკოითთან და ბაღაფშთან ხელი მოეწერა «თავდაუსხმელობის» ხელშეკრულებაზე, რომელიც სამუდამოდ დააკანონებდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნას «სამშვიდობოთა» სტატუსით და აბსოლუტურად გამორიცხავდა ნატოში გაწევრების საკითხის სერიოზულად განხილვასაც კი; იბრძოლა იმისთვის, რათა ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრ რაც შეიძლება მეტ ქვეყანას დაეჭირა მხარი «მაპ»-ის შემუშავებისთვის და მიაღწია იმას, რომ საბოლოო დოკუმენტში გაჩნდა პოლიტიკური ჩანაწერი: «საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატო-ს წევრები», რამაც უბრალოდ გააცოფა პუტინი და მისი ხროვა.
        ახლა კი დავსვათ კითხვა: ზემოთჩამოთვლილ გადაწყვეტილებათაგან და ნაბიჯთაგან რომელს არ უჭერდა მხარს ქალბატონი ბურჯანაძე? ან ვინმეს თუ გახსოვთ მისი განცხადება, თუნდაც ქარაგმა, რომელიმე ამ საკითხის და თვით კურსის საწინააღმდეგოდ?
        არათუ ყველას მხარს უჭერდა, არამედ ზოგიერთ საკითხში (მაგალითად «სამშვიდობოთა გაყვანა» სამხრეთ ოსეთიდან) კიდევ უფრო რადიკალურადაც კი იყო განწყობილი, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტი სააკაშვილი.
        სინამდვილეში, პატიოსანი პასუხი კითხვაზე: «შეეძლო თუ არა საქართველოს ამ ომის თავიდან აცილება?» არის შემდეგი: რა თქმა უნდა შეეძლო! მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მოითხოვდა ქვეყნიდან რუსეთის ბაზებისა და სამშვიდობო ძალების გაყვანას; არ შექმნიდა სანაკოევის «ალტერნატიულ ადმინისტრაციას» და არ შეეცდებოდა 1992 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული სტატუს-კვოს დარღვევას; დემონსტრაციულად არ გამოვიდოდა «დსთ»-ს თავდაცვითი სტრუქტურებიდან; არ მიმართავდა ნატო-ს ოფიციალური(!) წერილით «მაპ»-ის თაობაზე (სხვათა შორის, ეს წერილი მხოლოდ 2007-2008 წლით თარიღდება, რაც ცოტამ თუ იცის); არ იბრძოლებდა ნატოში საქართველოს წევრობის მომხრეთა რიცხვის გასაზრდელად; ხელს მოუწერდა რუსეთს ყველა იმ შეთანხმებაზე («ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი», თავდაუსხმელობა, მესამე ქვეყნის ჯართა განლაგების კონსტიტუციური აკრძალვა), რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხედრო-სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვის პრეროგატივებს დაადასტურებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მოსკოვს არანაირი «რეზონი» არ ექნებოდა საქართველო ომში ჩაეთრია, რაც მისთვის (მოტივის არსებობის პირობებში) მხოლოდ «ტექნიკის საქმე» იყო:
        რაკი რუსეთს საქართველოში ომის პროვოცირება სჭირდებოდა, ჩვენს ხელისუფლებას 8 აგვისტოს შეტევის ბრძანება რომც არ გაეცა, ოსი სეპარატისტები და მათი მხარდამჭერი რუსული სპეცდანიშნულების რაზმები, მშვიდობიანი მოსახლეობისაგან წინასწარ სპეციალურად დაცლილი(!) ცხინვალიდან, დღეების, კვირეების განმავლობაში გააგრძელებდნენ ავნევის, თამარაშენის, კეხვის, ტყვიავის, ნიქოზის და სხვა ქართული სოფლების მიზანმიმართულ, მონოტონურ, განუწყვეტელ დაბომბვას მანამ, სანამ ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას არ მიაღწევდნენ ანუ ქართული მხარეს არ აიძულებდნენ განეხორციელებინა შეტევა (ან თუნდაც მხოლოდ მასირებული დაბომბვა) ცხინვალში საცეცხლე წერტილების ჩასახშობად.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, თუ რუსეთს ექნებოდა მოტივი და მიზეზი (რეზონი), საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო მისთვის ხელსაყრელ (და ჩვენთვის არახელსაყრელ) დროს, მისთვის ხელსაყრელ (და ჩვენთვის არახელსაყრელ) პირობებზე ომში ჩაეთრია, იგი ამას უეჭველად მაინც მოახერხებდა და მიაღწევდა.
        მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც დასავლეთი ერთის მხრივ ნატოს წევრობას გვპირდებოდა და ამით «დათვს» აცოფებდა, ხოლო მეორეს მხრივ თითს - თითზე არ აკარებდა, რათა ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პროვოკაციის გამოსარიცხად რეალური მექანიზმები შეექმნა – ეუთოს სიმბოლური მონაწილეობის მაგიერ.
        ხოლო მიზეზების ნაცვლად შედეგებზე «კითხვების» დასმა უბრალოდ დემაგოგიაა და სხვა არაფერი.
        რაკი ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერდით (ნამდვილად მხარს ვუჭერდით) და მხარს ვუჭერთ პროდასავლურ კურსს, ნატოსა და სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებას, იმასაც უნდა შევურიგდეთ, რომ ამ კურსის პირობებში და ჩვენი რეალური სახელმწიფოებრივი პრობლემების გათვალისწინებით (კონფლიქტები და სხვა) ეს ომი იყო აბსოლუტურად გარდაუვალი!
        ალტერნატივა გახლდათ მხოლოდ შევარდნაძისეული ««ბალანსირების» ანუ სტატუს-კვოს შენარჩუნების პოლიტიკა, რასაც თავად ქალბატონი ბურჯანაძე «უძრაობას» და «ჭაობს» უწოდებდა.
        აქედან გამომდინარე კი, არსებული (უალტერნატივო) სახელმწიფოებრივი კურსის პირობებში გარდაუვალი ტრაგიკული მსხვერპლის გამო პასუხისმგებლობის მხოლოდ კონკრეტულ ხელისუფლებაზე გადაბრალება და ამ მტკივნეული თემით პოლიტიკური სპეკულაცია არცთუ ღირსეული საქციელია!

    GHN


       მთელ გვერდზე