ბოლივარი ორივეს ვერ გვზიდავსო

ბოლივარი ორივეს ვერ გვზიდავსო

აპრილი

    ამერიკელი მწერლის, უილიამ სიდნი პორტერის (ცნობილია ფსევდონიმით ო, ჰენრი) მოთხრობაში, ერთი ბანდიტი, სანამ მეორეს მოკლავს, ისტორიულ ფრაზას ამბობს: «ბოლივარი ორივეს ვერ გვზიდავსო. ბოლივარი» ცხენის სახელია, თვით მოთხრობას კი ნიშანდობლივი სათაური აქვს: «გზები, რომელსაც ვირჩევთ». მოთხრობა იმით მთავრდება, რომ ყოველივე თურმე ბიზნესმენს ესიზმრა, რომელსაც გაღვიძებისთანავე ეკითხებიან დიდი ხნის მეგობარსა და ბიზნეს–პარტნიორზე: «რა ვუყოთო». რა ვუყოთ და . . . ბოლივარი ვერ გვზიდავს ორივეს!
    როგორც ჩანს ამ ჩვენს ღვთით მივიწყებულ პოსტსაბჭოურ სივრცეში, ბოლივარი ( ანუ ამჟამად აქტუალური მეტაფორული ინტერპრეტაციით, – ძალაუფლება!) მართლა ვერ ზიდავს ორს. ხელისუფლებები კი იცვლებოდნენ (მაგალითად, სომხეთში, უკრაინაში, საქართველოში) მაგრამ ვერ დამისახელებთ ყბადღაბული კოჰაბიტაციის ვერც ერთ შემთხვევას, ანუ მაგალითს, რომ პრეზიდენტს და ოპოზიციონერ პრემიერს ან პირიქით, ოპოზიციონერ პრეზიდენტს და სრულქმნილ პრემიერს, დიდხანს მოეთმინათ ერთმანეთი. გამონაკლისი მხოლოდ ევროპულ კულტურას ნაზიარები ბალტიისპირეთია, მაგრამ იქამდე ისევე შორს ვართ, როგორც ანდრომედას ნისლეულისგან.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს, რომ სიტუაცია ქვეყანაში სულ უფრო იძაბება და თუ ინგლისურის ბრწყინვალედ მცოდნე მიშა სააკაშვილს, ისევ, როგორც ნაკლებ ბრწყინვალედ მცოდნე ბიძინა ივანიშვილს ვინმე ღვთისნიერი, სიტყვა კოჰაბიტაციის მნიშვნელობას არ აუხსნის, ეს ყოველივე ძალიან ცუდად დამთავრდება! ბევრად უარესად, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს.
    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დააპატიმრა რუსთავი – ორის გენერალური დირექტორი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ყოფილი განათლების მინისტრი, ყოფილი გენპროკურორის მოადგილე, დაუვიწყარ ფილმ ნოემბრიდან–ნოემბრამდე რეჟისორი და კონკურს «ჩტო გდე კაგდას» ქართული გუნდის თავკაცი, ნიკა გვარამია. მასთან ერთად «დაიჭირეს» ყოფილი ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.
    მრავალგზის ყოფილ ჩინოსნებს მილიონი დოლარის ქრთამად აღება ედებათ ბრალად. ბრალდება რომ თითოდან გამოწოვილი არ არის, ცხადია, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ საცოდავი კლერკი ალეკო ხეთაგური, რომელსაც საკუთარი ჩრდილის ეშინოდა, გაბედავდა (მით უმეტეს ასეთი ბრიყვული სქემით და საბანკო გადარიცხვებით) პირადი მოხმარებისთვის ქრთამი აეღო. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აქ ლაპარაკია საარჩევნო ფულზე, საიდანაც არც ხეთაგურს არც გვარამიას და არც ვანო მერაბიშვილს, პიროვნულად, ერთი დოლარიც არ შეხვდებოდათ. თუმცა იურიდიულად, შესაძლოა ამასაც «ქრთამი» ერქვას. უბრალოდ, მასობრივი აღქმით, ტერმინი უნებლიედ ასოცირდება რივიერაზე ვილების შეძენასთან და არა წინასაარჩევნო ფლაერების დამზადებსათან. აბა სად გაგონილა ქრთამს საბანკო გადარიცხვებით იღებდნენ იურიდიული პირის ანგარიშზე და/ანუ გადასახადებსაც იხდიდნენ?
    ხელისუფლება უმალვე აღმოჩნდა კვლავ საჩოთორი ვითარებაში, რადგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გენდირექტორის დაკავება საშიში თემაა. მაგრამ გირაოს სანაცვლოდ მხოლოდ გვარამიას გათავისუფლება და ხეთაგურის (ისევე, როგორც სხვების) ციხეში დატოვება ისეთვე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება (ვითომ «ოცნებისგან» დამოუკიდებელი სასამართლოს მხრიდან) როგორც ბაჩო ახალაის დატოვება ციხეში და გიგი კალანდაძის გირაოთი გათავისუფლება, მაშინ როდესაც ორივეს თანაბრად ედებოდა ბრალი და ამ უკანასკნელს კიდევ რამდენიმე ბრალდებაც წაუყენეს მოგვიანებით. ოღონდ ისევ გირაოთი.
    დაპატიმრებათა მორიგი სერიის პარალელურად, ერთობ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ქუთაისში: ყველამ მიაქცია ყურადღება, რომ პრეზიდენტის კორტეჟს ქვები ესროლეს, ხოლო ნაციონალი დეპუტატები შეჯორეს (ქართული ენა რა შუქ–ჩრდილს არ გამოგახატვინებს), მაგრამ ცოტამ თუ აღიქვა «წინასაშტორმო გაფრთხილებად» პარლამენტის გადაწყვეტილება, სახელმწიფო დაცვის სამსახური გამოიყვანოს პრეზიდენტის იურისდიქციიდან და დაუქვემდებაროს მთავრობას. ამით პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი, ჟანრის სრული დარღვევით, ცდილობს პრეზიდენტის პირადი დაცვა აქციოს მიხეილ სააკაშვილის ბადრაგად, რომელიც მას ოქტომბრამდე უმეთვალყურებს!
    ნუთუ ვინმეს სერიოზულად ჰგონია, რომ მიშა, - მისი ამბიციის, მენტალობის და პოლიტიკურ ბრძოლებში გაწაფულობის გათვალისწინებით, - ამ ყოველივეს ასე იოლად შურიგდება? პირადი დაცვის ბადრაგად ქცევა უკვე ბევრად მეტია, ვიდრე პოლიტიკური შეცდომა ან გადაჭარბება. ეს, ელემენტარულად უგემოვნებობაა!
    რა შეიძლება მოიმოქმედოს პრეზიდენტმა პასუხად? ძალიან ბევრი რამ. ბოლო დროს ალაპარაკდნენ აპრილზე, როდესაც ჩნდება «კონსტიტუციური ფანჯარა» და პრეზიდენტს აქვს უფლება, დაითხოვის პარლამენტი. ოღონდ არა საკუთარი ხუშტურით და არა უმიზეზოდ, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად, პარლამენტი არ დაამტკიცებს მთავრობას.
    რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ სააკაშვილს სრული კონსტიტუციური უფლება აქვს ნებისმიერ მომენტში, ყოველგვარი ახსნა – განმარტების გარეშე, დაითხოვოს არა პარლამენტი, არამედ მთვრობა მისი პრემიერით, შინაგან საქმეთა მინისტრით, იუსტიციის მინისტრით და მთავარი პროკურორით. აშკარად სწორედ ამას გულისხმობდა, როცა ამბობდა «ეს ყველაფერი ძალიან ჩქარა და ცუდად დამთავრდებაო». შემდეგ პარლამენტი ან დაამტკიცებს ახალი პრემიერის კანიდატურას, ან არა. თუ სამჯერ იტყვის უარს (ეს პროცესი სადღაც აპრილამდე შეიძლება გაიწელოს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მიშას პრემიერი – პრემიერად დარჩება), მაშინ სახელმწიფოს მეთურს მართლა ექნება უფლება, დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად – მომავალი წლის ოქტომბერში.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    კვლავ მივმართოთ მოდელირების მეთოდს: მაგალითად, პრეზიდენტმა დაითხოვა მთავრობა და პრემიერ–მინისტრად დანიშნა . . . . . . . ბაჩო ახალაია, რომელსაც ახალი პროკურორი, რა თქმა უნდა, მაშინვე გამოუშვებს ციხიდან. რას იზამს «ქართული ოცნება?» თუ დაამტკიცებს მის კანდიდატურას (რათა პრეზიდენტს დათხოვის საბაბი არ მისცეს), ამით თავსლაფს დაისხამს მომხრეთა თვალში, ხოლო თუ არა დაამტკიცებს – გარეკავენ.
    აი, აქ კი, პასუხად, საოცარი არგუმენტი მოჰყავთ იმავე სოციალურ ქსელებში, სადაც «აპრილმა» მრისხანედ და ნიჭიერად გაიჟღერა: «რა აზრი აქვს პარლამენტის დათხოვას, თუკი ბოლო გამოკითხვებით, ოცნების რეიტინგი 60 პროცენტია, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა – სულ 10 პროცენტი?»
    საოცარი, მართლა გამაოგნებელი გულუბრყვილობაა!!! ვინც ამას ამბობს, საერთოდ წარმოდგენა არა აქვს ჩვენი ხალხის ფსიქოლოგიაზე. ქართველი ხალხის უმრავლესობა კი (როგორც არაერთგზის დამტკიცდა ბოლო 25 წლის განმავლობაში) მხარს უჭერს მას, ვინც «მაგარია» და ამ თავის «მაგრობას» საქმით ამტკიცებს. დღეს «ოცნების» რეიტინგი მხოლოდ იმიტომაა 60 პროცენტი, ხოლო მიშა–ნაციონალებისა – 10%, რომ მიმდინარე მოვლენებს მასა ასე აღიქვამს: ბიძინამ დააჩმორა მიშა – ჩამოართვა თვითმფრინავი, გამოურთო სასახლის გარე განათება, დაიჭირა მისი უახლოესი მეგობრები, პრეზიდენტის პირადი დაცვაც კი თვითონ დაიქვემდებარა, დასცინის, აბუჩად იგდებს, მიშა კი პასუხად მისი გვარის ხსენებასაც ვერ ბედავს (მართლა არც ერთხელ არ მოუხსენებია სახელით ან გვარით ) და ა.შ და ა.შ.
    მაგრამ თუ მიშა მოახერხებს (თუკი გაუვა!) გარეკოს მთავრობა, მერე გარეკოს პარლამენტი, ხოლო ოცნება მხოლოდ იმას იტყვის: რა მოხდა მერე– ოქტომბერში ხომ ისევ გავიმარჯვებთო, იგივე «ფართო მასები» ამას აღიქვამენ, როგორც ჩმორობას და უკვე მიშას რეიტინგი გახდება 60 პროცენტი, ხოლო ბიძინასი – 10%! აქ სულაც არ არის მთავარი (როგორც ზოგიერთ ექსპერტს ჰგონია), ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ – არა. არსებითია ვის უფრო აღიქვამს მასა გამკეთებლად და მაგრად. გასული წლის აგვისტოში ნაციონალთა რეიტინგი სამჯერ მეტი იყო ვიდრე ოცნებისა, მაგრამ ციხის კადრების შედეგად გამართული აქციები და ხელისუფლების სრული დაბნეულობა–უმწეობა იმავე მასამ აღიქვა, როგორც ხელისუფლების (მიშას) დასუსტება. შედეგიც ისეთი დადგა, როგორიც დადგა 1 ოქტომბერს. ანუ, ამ დისკურსში მთავარია, ვინ დაუმტკიცებს სანახაობის მოყვარულ მასას, რომ «მაგარია» და «ბოლომდე წამსვლელი».
    ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკას უყურებს, როგორც გლადიატორთა ბრძოლას და ამ ბრძოლის შემდეგ, ისევე როგორც ძველ რომში, უმრავლესობით ხმას აძლევს გამარჯვებულს!
    რასაკვირველია, ეს ძალიან საშიში სცენარია, ხოლო მოსალოდნელი რყევების თავიდან ასაცილებლად უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელია, ორივე მხარე ვაიძულოთ ხშირ–ხშირად იმეორონ ტერმინი «კოჰაბიტაცია». განსაკუთერებით იმ მხარემ, რომელმაც ინგლისური შედარებით ცუდად იცის და როგორც ბოლო 2 თვის მოვლენები (მათ შორის დასავლური რეაქციები) ადასტურებს, არც პოლიტიკურ ტექნოლოგიაში ერკვევა სრულყოფილად მაშინ, როდესაც ძალიან ძლიერი, გამოცდილი და ნიჭიერი მოწინააღმდეგე ჰყავს.

2012