კვანძის გახსნა

კვანძის გახსნა

     
      ხვალ სტამბოლში იხსნება ჩრდილოატლანტიკური კავშირის საგანგებო სამიტი, რომელიც «ეპოქათა გზაჯვარედინზე» წამოჭრილ ახალ გამოწვევებსა და წარსული საუკუნის საბოლოო დასამარებას მიეძღვნება. იმ საუკუნის ბოლოს, კერძოდ 1999 წლის ნოემბერში, ევროატლანტიკური გაერთიანება შეიკრიბა, რათა წერტილი დაესვა ევროპაში დაპირისპირებისათვის და ხელი მოაწერა კიდეც «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ადაპტირებულ ხელშეკრულებას».
      ეს იყო «უაკანსკნელი ლურსმანი ცივი ომის კუბოზე», მაგრამ ამ «უკანასკნელმა ლურსმანმა» საქართველოს პრობლემები სულაც არ შეუმცირა _ უფრო პირიქით, რაკი ჩვენი ქვეყანა ჩართული აღმოჩნდა დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში. გრანდიოზული თამაშის მთავარი სუბიექტები _ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ევროპული გაერთიანება, აგრეთვე თურქეთი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ და საქართველოს მართლაც ფილიგრანული ოსტატობით «ბეწვის ხიდზე გავლა» მოუწევს, რათა თავისი ინტერესები დაიცვას ამ «მარტორქათა ჭიდილში», სადაც ჩვენი ქვეყანა აკაკისეული «საბრალო ბეკეკასავით» გამოიყურება. მაშასადამე, პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი სტამბოლში და მისი მონაწილეობა ევროატლანტიკურ სამიტში ახალი პრეზიდენტის დიპლომატიური ოსტატობის პირველი, ძალზე სერიოზული გამოცდა იქნება.
        მისი გამოსვლა სამიტზე სარკესავით აირეკლავს ხელისუფლების ხედვას საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პრობლემებზე. მათ შორის, «ბაზების» საკითხზე, კონფლიქტებზე, რუსეთთან დამოკიდებულებაზე და ასე შემდეგ. პრეზიდენტის პირველ მნიშვნელოვან «სპიჩს» გამადიდებელი შუშით წაიკითხავენ როგორც საქართველოში (მათ შორის სეპარატისტულ რეგიონებში), ასევე რუსეთში და ყველა დაინტერესებულ დედაქალაქში.
        ფაქტობრივად, სააკაშვილს სცილასა და ქარიბდას შორის გავლა მოუწევს ერთი მხრივ, მან არ უნდა შელახოს მოსკოვში შექმნილი დადებითი შთაბეჭდილება და კრემლთან ურთიერთობის ახლად ჩამოყალიბებული ტრადიცია, მეორე მხრივ კი, არ უნდა შეუქმნას დასავლეთს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ამდენი ხნის და ესოდენი ძალისხმევა შემდეგ, საქართველო, სტრატეგიული თვალსაზრისით, კვლავ რუსეთისკენ აპირებს შეტრიალებას.
        თუმცა, ამავე დროს, ახალი პრეზიდენტი წინამორბედისგან იმით განსხვავდება, რომ «სტერეოტიპული იდეოლოგემებით» არ ხელმძღვანელობს და უფრო მეტად შეუძლია იმოქმედოს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. მაგალითად, დამკვირვებელთა ყურადღება მიიპყრო ერთმა, არცთუ უმნიშვნელო ეპიზოდმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლოშჩინინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრიდან.
        ქალბატონ ზურაბიშვილის განცხადებით, მან შესთავაზა რუს კოლეგას, როკის გვირაბთან ერთობლივი საბაჟო პუნქტის შექმნა (როგორც ჩანს, ოსური და რუსული მხარის მონაწილეობით), რის შედეგადაც დაძაბულობა ცხინვალის რეგიონში შერბილდება, რაკი მოიხსნება დამატებითი ქართული საგუშაგოების განლაგების აუცილებლობა.
        თავისთავად, ამ წინადადებაში ახალი არაფერია. ოფიციალური თბილისი ერთობლივ საგუშაგოს როკასთან ადრეც სთავაზობდა ოსურ მხარეს, რაც უკანასკნელთ სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ. ისინი უმალვე გვპასუხობდნენ: «როკის გვირაბთან ორივე მხრიდან ჩვენ (ოსები) ვდგავართ და თქვენ (ქართველები) საერთოდ რა შუაშუ ხართ?»
        რაც მთავარია, ოსებს ყოველთვის ჰქონდათ (ახლაც აქვთ იმის გარანტია, რომ მოსკოვი საქარტველოს წინადადებას აქტიურად მხარს არ დაუჭერს, ოღონდ, ნიშანდობლივი აქ ის არის, რომ თბილისმა რუს პარტნიორებს ძველი იდეა შეახსენა სწორედ მაშინ, როდესაც მზადდება პრეზიდენტის გამოსვლა სტამბოლის სამიტზე და სააკაშვილი «სპიჩზე» ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ლოშჩინინმა, როგორც მოსალოდნელი იყო, წინადადებას ცალყბა პასუხი გასცა და ისევ ოსიებთან გაგვაგზავნა _ აქაოდა, ჯერ მათ მოელაპარაკეთო. ბუნებრივია, მოსკოვში შესანიშნავად უწყიან, რომ ცხინვალი და ვლადიკავკაზი არაფრის დიდებით ამ ინიციატივას ხელს არ აძლევდა. საქართველოს მხრიდან კი, ეს იყო ერთგვარი «სასინჯი» ქვა, თუ რეალურად რამდენად მზად არის რუსეთი კომპრომისისათვის. სტამბოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში აპირებდა გამგზავრებას პუტინთან შეასახვედრად. უფრო სწორად, ამ ვიზიტთან დაკავშირებითაც, გარყვეული ალბათობა» არსებობა, ვინაიდან სხვადასხვა წყარო სხვადასხვაგვარად აფასებს მომავალი ვიზიტის რეალურობას.
        არც ისაა ცნობილი, რა დონეზე მოხდა ვიზიტის შეთანხმება და არიან თუ არა შეთანხმებული თვით პრეზიდენტები. როგორც ჩანს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება სტამბოლის სამიტი, სადაც საქართველო უეჭველად ყურადღების ცენტრში მოექცევა, ეს სამიტი დაგვაახლოვებს «ჭეშმარიტების მომენტთან» ანუ «კვანძის გახსნასთან» რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რაკი ცხადი გახდება, თუ რისთვის არის მზად რუსეთი და რას არ მიიჩნევს შესაძლო კომპრომისად.

26 ივნისი, შაბათი, 2004 წელი
        დილის გაზეთი