კვირის მიმოხილვა: აფხაზური ჩიხი

კვირის მიმოხილვა: აფხაზური ჩიხი

 ფინანსთა მინისტრ დავით იაკობიძის თანამდებობიდან გადაყენება არავისთვის უნდა ყოფილიყო მოულოდნელი. ფაქტობრივად, მინისტრის შეცვლა ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე გადაწყდა, - როდესაც ნათელი გახდა, რომ ბიუჯეტის პროექტის წარდგენა პარლამენტში «უიმედოდ» იგვიანებდა, ხოლო სავალუტო ფონდის ექსპერტთა «სიჯიუტის» არგუმენტად მოშველიება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის დიდი ვერაფერი შეღავათი იქნებოდა. დავით იაკობიძემ პრეზიდენტს კინაღამ «იმპიჩმენტის» პრეცედენტი შეუქმნა - ყოველ შემთხვევაში, საბიუჯეტო პროცესის დარღვევა ძალზე სერიოზული მიზეზია შესაბამისი «იურიდიული ზომების» მისაღებად.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, იაკობიძის გადაყენების ჭეშმარიტი მიზეზი უფრო ღრმად უნდა ვეძიოთ. საქართველოში თანდათან ყალიბდება ნორმალური სახელისუფლებო სისტემა, რომელშიც ფინანსთა მინისტრს განსაკუთრებული ფუნქცია და როლი აკისრია. მაგალითად შეიძლება ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნები მოვიყვანოთ, - დიდ ბრიტანეთში ფინანსთა მინისტრი გავლენით მეორე ფიგურაა პრემიერ-მინისტრის შემდეგ, - თუ გავითვალისწინებთ რეალურ ბერკეტებს, რომლებიც ამ პოსტს უკავშირდება.
    საქართველოშიც ანალოგიური ვითარება იქმნება. 1995-96 წლებში ეს გარემოება პრეზიდენტს სერიოზულ პრობლემებს არ უქმნიდა, მაგრამ იმავე საბიუჯეტო პროცესში, კონკრეტული ფინანსური პრობლემების გადაწყვეტისას, ნათელი გახდა, რომ ფინანსთა მინისტრის ხელში ძალიან დიდი ძალაუფლება იყრის თავს - ამ ძალაუფლების კონცენტრაცია «ნეიტრალურ» ან პოტენციურად არცთუ საიმედო ჯგუფების ხელში უდიდეს პრობლემებს შეუქმნიდა პრეზიდენტსაც და პარტიასაც.
    დავით იაკობიძე სპეციალისტია და კარგი სპეციალისტიც. იგი პროფესიონალია, მაგრამ ამ პოსტზე მხოლოდ პროფესიონალიზმი არ კმარა - ქვეყანაში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა «თავს დასტრიალებს» ფინანსთა მინისტრს (უფრო ზუსტად - ფინანსთა სამინისტროს), რათა იმ უმძლავრესი კლანის კეთილგანწყობა მოიპოვოს, რომელიც აქ არის კონცენტრირებული.
    ამ სფეროში «უხეშად» ჩარევამ შეიძლება ნებისმიერ ხელისუფლებას ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნას - ამდენად კონტროლის ერთადერთი მექანიზმია სამინისტროს სათავეში ისეთი პიროვნების დაყენება, რომლის პოლიტიკური განწყობა ეჭვს არ იწვევს. უფრო მეტიც: რომლის სოციალური წარმომავლობისა და მსოფლმხედველობის შეთავსება შესაძლებელია მმართველი დაჯგუფების მისწრაფებებთან.
    საილუსტრაციოდ ერთი მაგალითის მოყვანაც კმარა: 1985 წელს მიხეილ გორბაჩოვს ბრწყინვალე პროფესიონალთა უდიდესი არჩევანი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, მაგრამ მან კანდიდატურა შეარჩია არა პროფესიონალური, არამედ პოლიტიკური ნიშნით. ზუსტად ასეთივე მდგომარეობა იქმნება დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვაკანტურ პოსტთან დაკავშირებითაც: პრეზიდენტმა იცის, რომ კანდიდატურა უნდა შეარჩიოს უპირველეს ყოვლისა იმ კრიტერიუმით, თუ რამდენად შეესაბამება ეს კანდიდატურა მმართველი პარტიის (მათ შორის, მისი, როგორც პარტიის თავმჯდომარის) ინტერესებს.
    ამ ვითარებაში, სრულიადაც არ არის შემთხვევითი მიხეილ ჭკუასელის კანდიდატურის წამოწევა. მიუხედავად ახალგაზრდობისა, მას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს სხვა კანდიდატებთან შედარებით. უპირველეს ყოვლისა, მიხეილ ჭკუასელს საკმაოდ მყარი დასაყრდენი მოეძევება იმ ფინანსური დაჯგუფების სახით, რომელმაც ყველაზე ადრე აუღო ალღო საბაზრო რეფორმებს და პირველი კომერციული ბანკები შექმნა საქართველოში (მათ შორის, თბს ბანკი). ეს ბანკები არ გასვრილან «პირამიდული ოპერაციებით», რაც ადასტურებს მათ სერიოზულობასა და სოლიდურობას.
    გარდა ამისა, მიხეილ ჭკუასელის «ახალგაზრდული იმიჯი» საშუალებას არ მისცემს პრეზიდენტის ოპონენტებს «უარყოფითი ცნობიერი სტერეოტიპი» შექმნან ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია, - პოსტკომუნისტურ ქვეყანაში უარყოფითი სტერეოტიპი ყველაზე ადვილად უშიშროების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ იქმნება. ოღონდ, თუ პირველს ბრალს სდებენ «უცხო ქვეყნის აგენტობასა» და «ჯალათობაში» მეორე - «კორუფციის» წინააღმდეგ მებრძოლთა მთავარი სამიზნე ხდება.
    ჭკუასელი ამ თვალსაზრისით «ახალგაზრდული იმუნიტეტით» სარგებლობს - იგი იმ თაობის წარმომადგენელია, რომლისთვისაც კორუფცია ცხოვრების წესი არ ყოფილა. გარდა ამისა, «თბს» ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი სწორედ თავისი სოციალური წარმოშობის გამო იმთავითვე მოიპოვებს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ნდობას. მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად დაიშალა ბასილია-იაკობიძე-პაპავა-ჯავახიშვილის «რეფორმატორული კვარტეტი» - შევარდნაძეს სჭირდება ფიგურა, რომელიც დაადასტურებს ამ მიმართულებით სახელმწიფოებრივი კურსის უცვლელობას.
    მაგრამ ყველაზე მთავარი და საინტერესო მაინც პრობლემის პოლიტიკური და სახელისუფლებო ასპექტია, - მიხეილ ჭკუასელის დანიშვნა ფინანსთა მინისტრის პოსტზე იმის უეჭველი დადასტურება იქნება, რომ ედუარდ შევარდნაძე ერთგვარ კარტბლანშს აძლევს ზურაბ ჟვანიას ფრთას «მოქალაქეთა კავშირში». თუმცა, ეს არჩევანი საკმაოდ დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ვინაიდან (ისევე, როგორც ზურაბ ჟვანიას) მიხეილ ჭკუასელსაც ჰყავს ოპონენტები პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს.
    ნებისმიერ შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრის დანიშვნას ძალზე სერიოზული პროცესები მოჰყვა პარლამენტში - კენჭისყრისას (თუ შევარდნაძე მაინც გადაწყვეტს რისკზე წასვლას) ბევრი მოღვაწის მოტივაციას საბოლოოდ აეხდება ფარდა, ანუ დასრულდება მმართველი პარტიის შიგნით მიმდინარე «წმენდის» პროცესი. ეს არათუ შეარბილებს, არამედ კიდევ უფრო გაამწვავებს სხვადასხვა სოციალური შინაარსის ძალთა გარდაუვალ დაპირისპირებას.

აფხაზური ჩიხი

    დსთ-ისა და რუსეთის მეშვეობით აფხაზეთში კონფლიქტის გადაწყვეტის ცდა წარუმატებლად მთავრდება. თუმცა, ეს იმთავითვე ნათელი იყო - დსთ-ის «გადაწყვეტილებას» კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის ჯარებისათვის საპოლიციო ფუნქციის მინიჭების თაობაზე (ქართველი ლტოლვილები დასაცავად) - აღსრულება არ ეწერა თუნდაც იმის გამო, რომ იმავე გადაწყვეტილებაში მართლაც შავით თეთრზე წერია: «სამშვიდობო ოპერაციის განვითარების გეგმა ჯარების სარდლობამ უნდა შეადგინოს მხარეებთან შეთანხმებით»; ანუ, საჭირო იყო არა მხოლოდ ქართული, არამედ აფხაზური მხარის თანხმობაც. არძინბამ უმალვე განაცხადა უარი «კონსულტაციებში» მონაწილეობაზე, რის შემდეგაც რუსეთი ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა: ან ძალით ეცადა პრობლემის გადაწყვეტა, - დაეძრა ჯარები მდინარე ღალიძგისაკენ და უეჭველად ჩართულიყო ომში აფხაზურ ფორმირებებთან (თუ ვინმეს ჰგონია, რომ აფხაზები რუსებს ტყვიას არ ესვრიან - ძალიან ცდება), ან ეშმაკური პროპაგანდისტული ხერხით «ორივე მხარისთვის დაებრალებინა» გადაწყვეტილების ჩაშლა.
    გენერალმა ბაბენკოვმაც სწორედ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა. მისი თქმით, არც ქართული, არც აფხაზური მხარეები არ გამოეხმაურნენ მის წინადადებას მოლაპარაკების დაწყების შესახებ «რათა რეალურად განხორციელებულიყო დსთ-ის სამიტის გადაწყვეტილება». არ არის გამორიცხული, რუსმა გენერალმა (რუსი გენერლები კი ბოლო წლებში ძალიან გაეშმაკდნენ) ამ შემთხვევაშიც ოსტატურად გამოიყენა ზოგიერთი ქართველი «მოღვაწის» უტვინობა: თბილისში რატომღაც ეგონათ, რომ დსთ-ის გადაწყვეტილება თავისთავად შესრულდებოდა - ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე.
    ერთადერთი, ვისაც იოტისოდენად არ ეპარებოდა ეჭვი, რომ დსთ-ის სამიტზე მიღებული დოკუმენტი ფარატინა ქაღალდად დარჩებოდა, იყო ედუარდ შევარდნაძე! მან შესანიშნავად იცის, რა ფასი აქვს ელცინის დაპირებებსა და დსთ-ის რეზოლუციებს; და თუ მაინც არ წყვეტს მცდელობას ამ «თანამეგობრობის» ფარგლებში გადაწყვიტოს პრობლემა, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია ვახტანგ გოგუაძის ტიპის პოლიტიკოსი, რომელსაც ვერა და ვერ გაუგია, რა ხდება ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე.
    შევარდნაძეს რომ ეს არ ეცადა, მაშინ ზემოხსენებული «ჭკუადამჯდარი პოლიტიკოსები» უეჭველად დაიწყებდნენ ლტოლვილთა შორის იმ აზრის პროპაგანდას, რომ მათი უბედურება სწორედ პრეზიდენტის «შეურიგებელი და უკომპრომისო» პოლიტიკის შედეგია.
    ასეა თუ ისე, გარკვეული მიჯნა აფხაზეთში «სამშვიდობო ძალისხმევისა» მართლაც მოახლოვდა. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ 31 ივლისის შემდეგ (როდესაც სამშვიდობო ჯარების მორიგი მანდატის ვადა ამოიწურება) საქართველო რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვს. როგორც ჩანს, რუსეთი შეეცდება სეპარატისტთა წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებით «დაამშვიდოს» თბილისი. ვთქვათ ენგურჰესის გაჩერებას მოჰყვება სოჭიდან გუდაუთისა და გაგრის რაიონებისთვის დახმარების შეწყვეტა, ხოლო რუსული სამხედრო გემები კვირაში ხუთის ნაცვლად სამ კატარღას შემოუშვებენ სოხუმის პორტში და ასე შემდეგ.
    ეს «სანქციები» სეპარატისტებს საქართველოს მიმართ დათმობებზე წასვლას ვერ აიძულებს, მაგრამ შეიძლება გაამწვავოს ურთიერთობა სოხუმსა და მოსკოვს შორის. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კონსტანტინე ოზგანის განცხადებით, თუ რუსეთი პოლიტიკას არ შეცვლის, აფხაზეთი იძულებული იქნება დასავლეთის ქვეყნებს მიმართოს დახმარებისთვის.

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთთან მეგობრობის მომხრეა

    რუსეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებული სკანდალის დროს, რამდენს არ ეცადა აზერბაიჯანი აეძულებინა ედუარდ შევარდნაძე, - დაეგმო იარაღის გადაცემა, არაფერი გამოუვიდა.
    საქართველოს პრეზიდენტმა არც ერთი სიტყვა არ თქვა სომხეთის საწინააღმდეგოდ. ეს მხოლოდ იმით არ იყო განპირობებული, რომ ერევანში ოფიციალური ვიზიტის წინ ამგვარი განცხადების გაკეთება წინდაუხედაობა იქნებოდა, - საქართველოს პრეზიდენტს არ სურს ურთიერთობათა გაფუჭება ლევონ ტერ-პეტროსიანთან: სომხეთი საქართველოს ხელისუფალს (მიუხედავად ყველაფრისა) მაინც სტრატეგიულ პარტნიორად და პოტენციურ მოკავშირედ მიაჩნია. ყოველ შემთხვევაში, «ნავთობსადენის» გამო სომხებთან დაპირისპირება უდიდესი შეცდომა იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს ნავთობსადენი საქართველოზე იმიტომ კი არ გაივლის, რომ ჰეიდარ ალიევს მზე და მთვარე ქართველებზე ამოსდის, არამედ იმ უბრალო მიზეზით, რომ სხვა გზა მაინც არ არის - სხვაგვარად ნავთობსადენი თურქეთში ვერ მოხვდება და «რუსული მარშრუტი» გაიმარჯვებს.
    სომხეთის გეოპოლიტიკური დაინტერესება - შეინარჩუნოს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, ამ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებითაა განპირობებული.
    მტკნარი სისულელეა, თითქოს სომხეთი ჯავახეთის გამო ურთიერთობებს გაიფუჭებს საქართველოსთან, - რატომ გადაიკეტავს ერთადერთ გზას (საქართველოს გავლით) იმ რეგიონის გამო, რომლის სომხურ მოსახლეობას ისედაც არავინ ავიწროებს? მიუხედავად «ჩრდილოური ორიენტაციისა», სომხეთს ნამდვილად არ სურს საქართველოს მომდურება.
    თუ ჩვენ თავად არ მოვიქცევით ბრიყვულად და აქაოდა, აზერბაიჯანელებსა და თურქებს არ ვაწყენინოთო, - სომხეთს ომს არ გამოვუცხადებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველომ მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს, სხვათა ინტერესებს კი ჩვენთვის თანამდევი ხასიათი უნდა ჰქონდეს.
    სომხეთიდან საქართველომ შეიძლება მიიღოს იარაღიც და სხვა სახის დახმარებაც. სომხური დიასპორის განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში საქართველოს ხატის შესაქმნელად. არ არის შემთხვევითი, რომ თითქმის ყველა მოღვაწე, რომელიც დასავლეთიდან კავკასიაში ჩამოდის, თავის ვიზიტს იწყებს ან ამთავრებს სომხეთში.

დილის გაზეთი, 5 მაისი, 1997 წ.