ნუგზარ საჯაიას საგანგებო მისია

ნუგზარ საჯაიას საგანგებო მისია

               გუშინ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის (უშიშროების საკითხებში) და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის - ნუგზარ საჯაიას ორდღიანი ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში. ვიზიტი შედგა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის - სერგეი ივანოვის მიწვევით, რომელიც, სხვათა შორის, პრეზიდენტ პუტინის უახლოეს თანამებრძოლად და თანამოაზრედ ითვლება.
        ივანოვი რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა თბილისში - ნუგზარ საჯაიას მოწვევით. მათი შეხვედრა შედგა ბათუმთან რუსული თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ. სერგეი ივანოვმა მაშინვე მიიწვია ნუგზარ საჯაია მოსკოვში საპასუხო ვიზიტით.
        ეს ვიზიტი საკმაოდ ლოგიკურიც იყო, რადგან კავკასიაში ბოლოდროინდელ მოვლენათა ფონზე, მხედველობაში გვაქვს ვლადიმირ პუტინის გახმაურებული (თუმცა, რეალური შედეგის თვალსაზრისით, სრულიად უსარგებლო) სტუმრობა ბაქოში და ნატოს გენერალური მდივნის - ჯორჯ რობერტსონის ვოიაჟი სომხეთსა და აზერბაიჯანში.
        გარდა ამისა, ყურადსაღებია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გართულება, რასაც ერთგვარი «ინვენტარიზაცია და დაზუსტება» სჭირდება. ეს მისია ედუარდ შევარდნაძემ სწორედ ნუგზარ საჯაიას დააკისრა.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი პრეზიდენტ შევარდნაძის უახლოესი გარემოცვის უხმაურო, არაანგაჟირებული, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, ფრთხილი და გავლენიანი ფიგურაა.
        პრეზიდენტი, ფაქტობრივად, არ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ეროვნული უშიშროების აპარატში საკითხის გამოწვლილვით შესწავლის გარეშე. საჯაიას «საკადრო რეკომენდაციები» იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა (მაგალითად, სულხან მოლაშვილი, კობა ნარჩემაშვილი და სხვა) - პრეზიდენტი ამ ორგანოს ერთგვარ საკადრო რეზერვად განიხილავს.
        ნუგზარ საჯაია მოსკოვში შეხვდა არა მხოლოდ კოლეგას (სერგეი ივანოვს), არამედ სპეცსამსახურთა ხელმძღვანელებს. რუსულმა მედიამ ამ ვიზიტს მნიშვნელოვანი ყურადღება მიაქცია. საუბარი, ძირითადად, შეეხო ჩეჩნეთისა და აფხაზეთის პრობლემას (თანაც გარკვეული ურთიერთკავშირით), აგრეთვე, სავიზრო რეჟიმსა და ბაზების გატანის საკითხს.
        ზოგიერთი ცნობით, რუსული მხარე კვლავინდებურად მოითხოვს პანკისის ხეობაში «ერთობლივი სპეცოპერაციის» ჩატარებას ადგილობრივი ჩეჩნებისა და ლტოლვილების წინააღმდეგ, რაც უაღრესად გაამწვავებს პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში. ამდენად, ოფიციალური თბილისი ამ ინიციატივას არასდროს დაეთანხმება, თუნდაც «სავიზრო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ». როგორც ჩანს, ნუგზარ საჯაიამ მასპინძლებს ეს რეალობა მკაფიოდ აგრძნობინა.
        ნიშანდობლივია, რომ სწორედ საჯაიას მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის სასაზღვრო ჯართა ჩრდილოკავკასიური დაჯგუფების მეთაურმა, გენერალმა ბოლხოვიტინმა განაცხადა: რუსმა მესაზღვრეებმა მთლიანად ჩაკეტეს საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარი,სადაც «აღარა დარჩა არც ერთი უკონტროლო კილომეტრი». ეს განცხადება უეჭველად ეხება პანკისის მონაკვეთსაც. თუმცა, სერგეი ივანოვმა ჯერ კიდევ შარშან განაცხადა პრეზიდენტს შევარდნაძესთან შეხვედრისას «ტერიტორია ისეა დანაღმული, სრულიად გაუვალია უახლოესი 50 წლის განმავლობაში».
        რაც შეეხება სამხედრო ბაზებს, მოსკოვი 12-15 წელს ითხოვს ბაზების გასატანად. თუმცა, საბოლოოდ, 5-6 წელსაც დაეთანხმება, ოღონდ თბილისი უეჭველად მოითხოვს გაყვანის გრაფიკის შედგენას. ამ საკითხს მეტ-ნაკლები ნათელი მოეფინება მხოლოდ თებერვალ-მარტში, როდესაც სამხედრო საკითხებში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართება.
        ნუგზარ საჯაია მოსკოვში დარწმუნდებოდა, რომ აქ კიდევ დიდი პოლიტიკური «ომია» გადასატანი - შესაბამისი ენერგეტიკული გართულებებით.
        უმთავრესი კომპრომისი მხოლოდ აფხაზეთთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს. რუსული პრესა ბუნდოვან ქარაგმებს ავრცელებდა გუშინ, თითქოს ნუგზარ საჯაიას რუსმა კოლეგებმა აფხაზეთის მიმართ მოსკოვის პოზიციათა გარკვეულ შესაძლო გამკაცრებაზე მიუთითეს, თუ თბილისი ანალოგიურად გაამკაცრებდა პოზიციას ჩეჩნეთის მიმართ, მაგრამ ამ საკითხშიც რუსეთის ცალმხრივი ნდობა უდიდესი «გულუბრყვილობა» იქნებოდა - კიდევ ერთხელ მოგვატყუებენ და ყველაფერს ჩვენვე გადმოგვაბრალებენ.
        ამდენად, რუსეთს რჩება «პირველი ნაბიჯის» პრიორიტეტი, რასაც იგი არ გადადგამს, ვინაიდან ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრებ აფსუათა მონათესავე ტომების განაწყენებას მოერიდება ჩეჩნეთის ომის დროს.
        სინამდვილეში, ნუგზარ საჯაიასთან შეხვედრისას, რუსული მხარის «კეთილგანწყობილი» სიგნალები, უპირველესად, იმითაა განპირობებული, რომ მოსკოვისთვის მოულოდნელად, დასავლეთმა საკმოად აქტიურად დაუჭირა მხარი საქართველოს - ეს ევროპარლამენტის სენსაციურმა განცხადებამაც ნათელყო.
        «პუტინის დოქტრინა» ჯერ არ მუშაობს. თუმცა, მისი შეცვლა ინტერესთა თანხვედრის დოქტრინით (სეპარატიზმის წინააღმდეგ) მაინც არ სურთ.

დილის გაზეთი, 20 იანვარი, 2001 წელი