ოპერაცია `ციხის კადრები`

ოპერაცია `ციხის კადრები`

„პოლიტიკა მურტალი საქმეა" - ამბობს ხალხი. ეს ყველაზე თავანკარად „ხალხური" გამონათქვამია, რაც ბოლო ათწლეულთა განმავლობაში იშვა ფოლკლორის სახით. მისი მართებულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ციხის კადრების", ანუ „ბედუკაძის" საქმემ.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრის სენსაციურმა მიმართვამ მთავარი პროკურორისადმი და მომდევნო სიტყვა-პასუხმა (პრეს-კონფერენცია - ბრიფინგების ჩათვლით), ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ხელისუფლებას. ნებისმიერი მმართველი ძალისთვის (მით უმეტეს საქართველოში) ყველაზე საშიში გაურკვევლობა და შიდა წინააღმდეგობაა, რასაც იგივე ფოლკლორულ ენაზე „ერთმანეთის ჭამა" ეწოდება. რა თქმა უნდა, სიტუაციის „არაევროპული" აღქმაა, მაგრამ მეტისმეტს ნუ მოვთხოვთ ჩვენს ხალხს, თუკი მისთვის მიუღებელი და გაუგებარია ქვეყნის ლიდერი გენერალურ პროკურორს რაღაც გაუგებარი „ფეისბუკის" მეშვეობით ეკონტაქტებოდეს.

ყველაზე საცოდავად კი „ქართული ოცნების" ელიტა წარმოჩინდა: საბრალონი, „ნემსის ყუნწში ძვრებოდნენ", აღარ იცოდნენ რა დიპლომატიური ფრაზეოლოგია მოეშველიებინათ, რათა ერთროულად არც ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ეთქვათ რაიმე და არც იმ უეჭველ დებულებას დაპირისპირებოდნენ, რომ ლადო ბედუკაძის ციხეში ჩასმა „პოლიტიკურად არ გამოდიოდა".

თუ რატომ არ გამოდიოდა, ამის თაობაზე, როგორც ყოველთვის, გულწრფელი და პირდაპირი განცხადება კობა დავითაშვილმა გააკეთა: „სწორედ ციხის კადრებმა გამოიწვია ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში. და ამ ხელისუფლების მხრიდან ბედუკაძის გათავისუფლების კრიტიკა, - იქნება ეს ჩემთვის საპატივცემულო ადამიანები: თინა ხიდაშელი თუ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი - მე პოლიტიკური კეკლუცობა მგონია" - აცხადებს დავითაშვილი. მისი თქმით, „რომ არა ბედუკაძე, არც ეს მთავარი პროკურორი იქნებოდა, არც ეს პრემიერ-მინისტრი და არც თინა ხიდაშელი მოხვდებოდა საპარლამენტო უმრავლესობაში. და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს".

აი ასე, პირდაპირ და პატიოსნად, ანუ არადიპლომატიურად და არაპოლიტიკურად. სამაგიეროდ გულწრფელად და სამართლიანად.

რაც შეეხება ბედუკაძესთან გაფორმებულ საპროცესო გარიგებას, არჩილ კბილაშვილმა პრეს-კონფერენციაზე „თითქმის ღიად" უთხრა დამსწრე ჟურნალისტებს, რასაც ისინი, რასაკვირველია, თავად ვერ მიხვდებოდნენ და ისიც კი ვერ გაიგეს, რაც პროკურორმა „გააჟღერა", რაკი არც ერთი არ ჩაეკითხა მთავარს: „მაინც რა მუხლით ასამართლებდნენ ბედუკაძეს და სასჯელაღსრულების სამინისტროს 17 თანამშრომელს?!".

პროკურორ კბილაშვილის თქმით, ბედუკაძისთვის ან 7 წელი უნდა მიესაჯათ, ან პირობითი სასჯელი, ან ფულადი ჯარიმა. აქ ყველაზე ნიშანდობლივი მაინც „7 წლის" ხსენებაა, რადგან ეს არის ქვედა ზღვარი სისხლის სამართლის კოდექსის საზარელი მუხლით („წამება") გათვალისწინებული სასჯელისა, რომელიც შვიდიდან - ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანუ „1-2 წელს" ვერ მიუსჯიდნენ. ლოგიკურად ისმის კითხვა: მაშ სხვებს როგორღა მიუსაჯეს? როგორ და . . . . . სხვა მუხლებით! ხოლო წამებისთვის, ანუ „ცოცხით გაუპატიურებისთვის", რამაც ვითომდაც ასე აღაშფოთა ეს ჩვენი საზოგადოება, სინამდვილეში, საერთოდ არავინ გაუსამართლებიათ!!!

გასაგებია რატომ და როგორ: მთავრი ფიგურანტი დაკითხვაზე (რომლის მასალები, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებულია) აუცილებლად იტყოდა, რომ „ცოცხის ტარი არ შეეტეოდა", ანუ, რეალურად არავითარი „ცოცხით გაუპატიურება" არ მომხდარა და ეს სცენა იდიოტებისათვის დადგმული სპექტაკლი იყო - გლდანის ციხის ერთი საბრალო, ყველასათვის ცნობილი, სულიერად ავადმყოფი პატიმრის მონაწილეობით.

„რა ამოძრავებდა ავტორს?". აკი „შაჰიდის ქამარი შემოირტყაო"- პროკურორმა ბრძანა. წინა ხელისუფლება გვიმტკიცებდა, თითქოს „2 მილიონი დოლარის" ხიბლმა შეიპყრო. მაგრამ ეს არაფრით დასტურდება. დავსვათ კითხვა: რა ამორავებდა ედ სნოუდენს, რომელმაც ამას წინათ პლანეტარული საინფორმაციო ბომბი ააფეთქა? რა ამოძრავებდა ჯულიან ასანჟს? დიახაც, არსებობს ასეთი ფსიქოტიპი, რომლის მოტივაცია ფულზე არ დაიყვანება.

უეჭველია, რომ ეს ყოველივე წინასაარჩევნოდ განხორციელებული, კარგად მოფიქრებული და ზუსტად გათვლილი ოპერაცია იყო. ვინ მონაწილობდა და ვინ მხოლოდ იცოდა, ვინ ხელი შეუწყო და ვინ გადაიხადა რამდენიმე ათასი დოლარი ბედუკაძის ევროპაში გასამგზავრებლად და იქ სარჩენად, - მეორეხარისხოვანი საკითხია. ფაქტია, რომ საქმე გვაქვს კონსოლიდირებული ჯგუფის მიერ განხორციელებულ ოპერაციასთან, რომლის მიზანი ამ შემთხვევაში არა იმდენად ძალაუფლების მოპოვება, რამდენადაც არსებული ხელისუფლების დამხობა იყო.

მაგრამ განა ეს სიახლე უნდა გამხდარიყო ეშმაკური PR-პროვოკაციით დამხობილი ხელისუფლებისთვის? გავისხენოთ: 12 წლის წინ, „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ" (გხტ) ეთერში გაუშვა უპრეცედენტოდ ბინძური პასკვილი, რომლის ავტორი იმდროინდელ კულტურის მინისტრს ბრალად სდებდა, თითქოს ავადმყოფი შვილის განსაკურნებლად რიტუალური მკვლელობა ჩაიდინა! ეს ტელე-პასკვილი „გხტ"-ს ეთერში ვერ გავიდოდა, მაშინდელ იუსტიციის მინისტრს (მიხეილ სააკაშვილს) რომ მისი ავტორისათვის ციხეში შესვლისა და ორი უდანაშაულო ადამიანის მკვლელთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერის საშუალება არ მიეცა.

ასე რომ მიშა ახლა თვითონაც ბევრს ნუ იწუწუნებს: „საზიზღარი PR-პროვოკაცია მომიწყვესო". თავადაც ამგვარი ხერხებით ანგრევდა შევარდნაძის ხელისულებას, როცა თვითონ სჭირდებოდა და „სხვა დრონი მეფობდნენ" ამ ჩვენს ცოდვილ ქვეყანაში.