ოსური ფაქტორი

ოსური ფაქტორი - ეროვნული მოძრაობა

ოსური ფაქტორი

1989 წლის შემოდგომაზე, საქართველოში არსებული დაძაბულობა ერთბაშად გამოვლინდა «ოსური ფაქტორის» აფეთქებით. ამ ფაქტორს მნიშვნელოვანი ისტორიული, ეთნოფსიქოლოგიური და პოლიტიკური წინამძღვრები ჰქონდა.
    ქართულ სახელმწიფოში «ოსური ელემენტი» ასწლეულების განმავლობაში არსებობდა და ნორმალურადაც უთავსდებოდა საერთოქართულ სახელმწიფოებრივ რეალიებს.
    XVI-XVII საუკუნეებში ჩრდილოეთ კავკასიიდან - შიდა ქართლში იმიგრირებული ოსები, გარკვეულ პერიოდში, პირობითად რომ ვთქვათ, «საქართველოს მოქალაქეები» იყვნენ ანუ მჭიდროდ იყვნენ ინტეგრირებულნი და აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ სისტემებში.
    ამ თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რას წარმოადგენდა, ვთქვათ, XVII საუკუნეში ქართული სახელმწიფო და წარმოადგენდა თუ არა იგი საერთოდ რაიმეს სინამდვილეში. რა თქმა უნდა, იგი არ იყო ერთიანი, მაგრამ არსებობდა «მიკროდონეზე» და ასე თუ ისე ინარჩუნებდა (თუნდაც შეკვეცილი სახით, თუნდაც მხოლოდ ამა თუ იმ რეგიონში) ეროვნულ-სახელმწიფოებრივ სისტემებს.
    მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ საერთოდ მოსპო საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის შიდა ქართლში) ყოველგვარი ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, შიდა ქართლში მცხოვრებმა ოსებმა ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ ყოველგვარი პასუხისმგებლობა დაკარგეს.
    რაც შეეხება ბატონყმობას, მე-19 საუკუნეში (ვთქვათ) სამაჩაბლოელი ოსი, სოციალური თვალსაზრისით, უკვე, უმრავლეს შემთხვევაში, ქართულგვაროვანი რუსი თავადაზნაურის ყმა იყო. ისიც მხოლოდ ბატონყმობის გაუქმებამდე.
    ბუნებრივია, რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ, ახლადშობილმა ქართულმა სახელმწიფომ (საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ) მოინდომა, აღედგინა შიდა ქართლის ტერიტორიაზე თავისი ისტორიული სუვერენიტეტი და შესაბამისი სახელმწიფოებრივი სისტემაც გაევრცელებინა ამ რეგიონში, მაგრამ იმ დროს შიდაქართლელმა ოსებმა ეს უკვე ასეთნაირად აღიქვეს: «ჩვენ ვცხოვრობდით რუსეთში (საქართველოში ცხოვრება ამ თაობას აღარ ახსოვდა, ვინაიდან ეს იყო მეოთხე თაობა რომელიც ცხოვრობდა რუსეთში, რუსეთის იმპერიაში და არა საქართველოს სახელმწიფოში - ქართლში, საერისთავოში, სამაჩაბლოში და ა.შ.) ახლა კი საქართველოს სურს გვაიძულოს ვიცხოვროთ ქართულ სახელმწიფოში - საქართველოს  რესპუბლიკაში».
    ოსები ამას არ დაეთანხმნენ და მიიჩნიეს, რომ ჰქონდათ არჩევანის უფლება. არჩევანი კი მაშინაც (1917-1918 წწ) რუსეთის სასარგებლოდ გააკეთეს. ეს იყო მათი მხრიდან სავსებით ბუნებრივი არჩევანი, ვინაიდან რუსეთში თავიანთი «ჩრდილოელი რჯულოსანნი» ეგულებოდათ. ხოლო რამდენად სამართლიანი იყო მათი არჩევანი საქართველოს მიმართ (შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის ისტორიული უფლების გათვალისწინებით), - სულაც არ აინტერესებდათ.
    აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელსაც რატომღაც დღემდე არ ექცევა ყურადღება ქართულ ისტორიოგრაფიაში. ნიჭიერი ქართველი პუბლიცისტი და ისტორიკოსი, ლოვარდ ტუხაშვილი, 1918-1922 წლების მოვლენათა ანალიზისას აღნიშნავდა: «რა უბედურებაა, როგორც კი ბოლშევიკები მოადგნენ კავკასიას, ყველა ოსი და ყველა აფხაზი ბოლშევიკი გახდა». არადა, სწორედ ამაშია საქმე!  ბოლშევიკურ მოძრაობას ძალიან ბევრ შემთხვევაში ნაციონალისტური საფუძველი ჰქონდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შიდა ქართლელი ოსებისათვის ბოლშევიზაცია საქართველოსაგან «გათავისუფლების» საშუალება იყო. ამიტომ იქცა «ყველა ოსი - ბოლშევიკად». ბოლშევიკებმა ოსთა ნაციონალისტური მისწრაფება დააკმაყოფილეს. იგივე შეიძლება ითქვას აფხაზეთზეც. ბოლშევიკური მოძრაობა ამ რეგიონშიც შინაარსობრივად «აფხაზური სეპარატიზმის» გამოვლინება იყო, თუმცა ფორმით თითქოს ნაციონალიზმთან საერთო არაფერი ჰქონდა.
    არც იმას აქცევს ყურადღებას ქართული ისტორიოგრაფია, რომ საკუთრივ საქართველოს ბოლშევიზაციის ერთ-ერთი პირობა შეიძლებოდა ყოფილიყო გარიგება ქართველ და რუს ბოლშევიკთა შორის - საქართველოს ბოლშევიზაცია, მისთვის «სამხრეთ ოსეთისა» და აფხაზეთის დაბრუნების პირობით.
    ყოველ შემთხვევაში, თუ იმდროინდელ მოვლენებს ყურადღებით გავაანალიზებთ, უეჭველად შევამჩნევთ, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ (და ამ პირობით) გარკვეული კომპრომისი მართლაც შედგა: მოსკოვმა აღარ დააკმაყოფილა ოსი ბოლშევიკების თხოვნა საბჭოთა კავშირში უშუალო «შესვლის» თაობაზე და მათ მიაკუთვნა მხოლოდ ავტონომია საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში.
    რამდენიმე წლის შემდეგ ისტორიული სამართლიანობა აფხაზეთის მიმართაც აღდგა და ეს ტერიტორია საქართველოს დაუბრუნდა. რამდენიც უნდა იწუწუნონ აფსუა და ოსმა სეპარატისტებმა («ქართველმა ბოლშევიკებმა - სტალინმა, ბერიამ, ორჯონიკიძემ, - ქართველობის გამო, ჩვენს ხარჯზე საქართველოს პროტექცია გაუწიესო), მათი არგუმენტები რეალურ საფუძველს მოკლებულია: სინამდვილეში ეს ლენინის (სხვათა შორის, დიდი ძაღლთაპირის, მაგრამ უდავოდ გენიალური პოლიტიკოსის - ავტ.) სახელმწიფოებრივი კონცეფციის გამოვლინება და ხორცშესხმა გახლდათ.
    ლენინის კონცეფცია ითვალისწინებდა რუსეთის ახალი იმპერიის შექმნას არა მხოლოდ ძალის, არამედ ნაციონალურ ელიტათა ინტერესების გარკვეული ბალანსის საფუძველზეც.
    განსახილველ შემთხვევაში: საქართველო «გასაბჭოვდა», დაკარგა დამოუკიდებლობა, სამაგიეროდ მას დაუბრუნეს «სამხრეთ ოსეთი». ოსებმა ვერ მიაღწიეს საწადელს და ვერ შეუერთდნენ რუსეთს (ჩრდილო ოსეთს), სამაგიეროდ მათ მიეკუთვნათ ავტონომია და დაუკანონდათ სახელწოდება «სამხრეთ ოსეთი».
    საბჭოთა კავშირის ისტორიიდან ასეულობით ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ვიმეორებ: სახელმწიფო, რომელშიც 1922 წლიდან 1991 წლამდე ვცხოვრობდით, ეფუძნებოდა არა მხოლოდ ძალას, არამედ ნაციონალურ ინტერესთა გარკვეულ ბალანსსაც.
    ამ სახელმწიფოს რღვევით, რა თქმა უნდა, დაირღვა ეს ბალანსიც.

    ყოველივე ზემოთთქმული ეროვნული მოძრაობისათვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო. 1988-1990 წლებში რაიმე მსგავსი რომ გეთქვა ან დაგეწერა, - საცინლად აგიგდებდნენ ან ელემენტარულად ყურადღებას არ მოგაქცევდნენ, რადგან მათთვის ეს იქნებოდა «ჩვეულებრივი კომუნისტური მონაჩმახი».
    გარკვეულწილად ამგვარი რეაქცია ბუნებრივიც იყო, ვინაიდან ბოლშევიკურ-ქართულ სახელმწიფოებრივ კონცეფციას დაუპირისპირდა სრულიად სხვა კონცეფცია, რომლის თანახმად, 1918-1921 წლებში არსებული ქართული სახელმწიფო («მის შემადგენლობაში შედიოდა როგორც აფხაზეთი, აგრეთვე შიდა ქართლი მთლიანად»), დაამხო და დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა. შემდეგ მოახდინა საქართველოს ანექსია და მისი «ინკორპორაცია» საბჭოთა კავშირში ანუ «რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიაში». ხოლო ბოლშევიკური აგრესიის საბაბად იქცა მის მიერვე პროვოცირებული (სეპარატისტული) აჯანყებები აფხაზეთში, შიდა ქართლსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
    ეს კონცეფცია რასაკვირველია სავსებით სამართლიანია (წმინდა თეორიული თვალსაზრისით) და ავტორი მას სრულებით არ აყენებს ეჭქვეშ. მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ იგი კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა აფსუათა და ოსებისათვის, რაც გარდაუვალს ხდიდა ინტერესთა კონფლიქტს: ოსები და აფსუები კარგავდნენ იმას, რაც მიიღეს ზემოთხსენებული «კომპრომისის» შედეგად.
    ამდენად, ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორიულ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია იმთავითვე გულისხმობდა, გარდაუვალს ხდიდა უმწვავეს დაპირისპირებას ოსებთან და აფსუებთან.
    დღეს ზოგიერთი «გვიან დაბრძენებული» მოღვაწე საყვედურობს ეროვნულ მოძრაობას: იმთავითვე რატომ არ შესთავაზეთო «ახალი კომპრომისი» ოსებს და აფხაზებს. მაგრამ ეს პირწმინდა დემაგოგიაა! არავითარ კომპრომისზე ამ კონცეფციის ფარგლებში ოსები და აფხაზები არ წამოვიდოდნენ.
    მით უმეტეს, რომ მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა «უძლეველად მიჩნეული» საბჭოთა კავშირი და ისინიც უეჭველად ეცდებოდნენ მისი მოდერნიზაციის პროცესში მიეღოთ ის, რაც დაკარგეს ქართველ და რუს ბოლშევიკთა გარიგების შედეგად. მათი მხრიდან ეს უფრო ბუნებრივი იყო, ვიდრე ცდილიყვნენ, მიეღწიათ ახალი კომპრომისისათვის ქართულ სახელმწიფოსთან.
    ამრიგად, ქართული ეროვნული მოძრაობის ინტერესთა შეჯახება ოსებისა და აფსუების ინტერესებთან იყო აბსოლუტურად გარდაუვალი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარდაუვალი იყო თვით კონფლიქტი, ანუ ომი, სისხლისღვრა და უბედურება.

    ალან ჩოჩიევის ცნობილი პროვოკაციული წერილის შემდეგ, რომელმაც 9 აპრილით დაძაბული და შეურაცხყოფილი ქართული საზოგადოების უდიდესი აღშფოთება გამოიწვია, დაიწყო «ოსური თემის» მუსირება ქართულ პრესაში. ეს აღიქმებოდა, როგორც «საპასუხო რეაქცია ოს სეპარატისტთა ქმედებაზე».
    ცენზურა მაშინ უკვე ფაქტიურად აღარ არსებობდა. ანუ ყველა წერდა ყველაფერს, რაც სურდა და «თავში მოუვიდოდა». კომუნისტური ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, შეეზღუდა «სიტყვის თავისუფლება», აღიქმებოდა «ცალმხრივ ტერორად» - «რატომ არ აღკვეთთ ოსი და აფხაზი სეპარატისტების მოქმედებას, რომლებიც რასაც სურთ იმას წერენ?».
    ამიტომ გივი გუმბარიძემ ყოველივე თვითდინებაზე მიუშვა, რაკი არანაირი შესაძლებლობა პროცესების რაიმენაირი მართვისა აღარ გააჩნდა. ბუნებრივია, გაზეთები ბეჭდავდნენ არა მხოლოდ ფაქტებსა და შეფასებებს, არამედ იმავე 9 აპრილით დამფრთხალი და განადგურებული ქართული ეთნოფსიქოლოგიის ნაშობ ჭორებსა და ფანტომებს: ვიღაცამ «ქართულ სოფელში ქართული დროშა დაწვა და ფეხქვეშ გათელა; ქაქუცა ჩოლოყაშვილს (თურმე ნუ იტყვით) «ბანდიტი» უწოდეს და მისი სურათი დახიეს; სადღაც ოსებმა ქართველი ქალი გააუპატიურეს; ცხინვალელი ქართველები დაბეჩავებული ჰყავთ; ატარებენ მიტინგებს საქართველოდან გამოყოფისა და ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების მოთხოვნით» და ა.შ.
    საქმე სამარცხვინო ინციდენტებამდე მიდიოდა - აჩიკო გოგელიამ ტელევიზიიდან პანღურისკვრით დაიფრინა ვინმე ლიახვის ხეობელი ჯეელი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მითითებით მოითხოვდა: «ტელევიზორში გამომიყვანეთ, უნდა მოვყვე ოსმა როგორ მცემაო».

    ერთი სიტყვით, ეს იყო მთელი ის თაიგული სტერეოტიპებისა, რომელიც ზოგადად დამახასიათებელია მასობრივი ნაციონალური ცნობიერებისათვის კრიზისულ პერიოდებში.
    ანალოგიური რამ მეორე მხარეს: «ქართველებს ჩვენი გასახლება უნდათ; საქართველოს სახალხო ფრონტი ამზადებს თავდასხმას ცხინვალზე; თბილისიდან ცხინვალში მოწამლული ხორცი შემოიტანეს - არ შეჭამოთ!; ქართველებმა თბილისში ოსების გენოციდი მოაწყვეს» და ა.შ.
    ეს პროცესები აბსოლუტურად უმართავია - თუ მასობრივი ცნობიერება «აირია», მერე უკვე ბევრის აღარაფრის გაკეთება შეიძლება.
    საერთო ფსიქოზს აჰყვა ინტელიგენციაც, რომლის ზოგიერთ წარმომადგენელს «წითელი წარსულის» გამო საკუთარი ერის მიმართ «დანაშაულის სინდრომი» ჩამოუყალიბდა და ამის კომპენსირებას ისტერიული ნაციონალიზმით ცდილობდა.
    ერთ-ერთ მიტინგზე ჯანსუღ ჩარკვიანი აცხადებდა: «ეს რა გველი მოგვითბია გულზე».
    აკაკი ბაქრაძე: «უნდა გავაუქმოთ ოსური ავტონომია. სხვა გზა არა გვაქვს».
    არავინ ეკითხებოდა და ბაქრაძეც არ პასუხობდა, რატომ არ გვქონდა სხვა გზა ან რას მოგვცემდა ეს ნაბიჯი – ოსური ავტონომიის გაუქმება? «არ გვაქვს სხვა გზა» - მორჩა და გათავდა!
    ინტელიგენცია რომ ასე აჰყვებოდა ემოციებს და ასეთ დონეზე იმსჯელებდა, უბრალო ხალხისათვის რა უნდა მოგეთხოვა?
    «სტუმარი» - იმდროინდელი ქართული ცნობიერებისათვის საკვანძო სიტყვა. «სტუმარი» - «სტუმრები». სად გაგონილა სტუმარი - მასპინძელს უფლებებს სთხოვდეს ან კარნახობდეს? ჩვენ მასპინძლები ვართ. ისინი (ოსები, აფხაზები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ბერძნები) სტუმრები არიან. რაღა თქმა უნდა, სტუმარი იმის სტუმარია, რომ თუ უზრდელად მოიქცევა, მასპინძელს აქვს უფლება ქეჩოში ხელი წაავლოს და თავისი სახლიდან მიაბრძანოს.
    ეროვნული მოძრაობა ამ ისტერიის პირობებში უსწრაფესად იძენდა ვიწროეთნიკურ ხასიათს და იქცეოდა მხოლოდ ეთნიკურ ქართველთა მოძრაობად. თანაც, ზოგიერთების აღქმით, მხოლოდ «ორივე მშობლით ქართველთა».
    «მოძრაობა» გარსშემორტყმულია მტრებით ანუ არაქართველებით!
    კვლავ შევადაროთ ეს იმას, თუ როგორ ვითარდებოდა ანალოგიური მოძრაობა ბალტიის ქვეყნებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და თუ არსებობდა კრემლში შეთითხნილი «ინტერნაციონალურ ფრონტები», დაპირისპირება მაინც არ ატარებდა ეთნიკურ ხასიათს.

    «ეროვნული ხსნის მთავარმა კომიტეტმა» დაგეგმა ფართომასშტაბიანი აქცია ცხინვალში. პირწმინდა ტყუილია, თითქოს აქცია ჩაფიქრებული იყო, როგორც «მეგობრობის მიტინგი» - იგი დიახაც დაშინებისა და ძალის დემონსტრირების აქცია იყო, რომელიც სავსებით პასუხობდა იმდროინდელი ქართული საზოგადოების განწყობას. ეს განწყობა კი გამორიცხავდა ყოველგვარ დათმობას «ნაძირალა ოსებისადმი», რომლებმაც (როგორც მაშინ ამბობდნენ), «9 აპრილს ზეიმი მოაწყვეს».
    «როგორ, მე ვიღაც ჩამოთრეულ გადამთიელს უნდა დავეკითხო, რათა ჩემს მიწაზე მიტინგი ჩავატარო?»
    აქციის მომზადებისას მოხდა უმწვავესი კონფლიქტი (დედის გინებამდე) გია ჭანტურიასა და ზვიად გამსახურდიას შორის, რომლებიც სამუდამოდ დაშორდნენ ერთმანეთს და მოსისხლე მტრებად იქცნენ. ედპ-ს ლიდერი «ცხინვალზე ლაშქრობის» კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ვინაიდან ამგვარი რამ ეწინააღმდეგებოდა მის კონცეფციას «ეთნოკრიზისის პოლიტიკურ კრიზისში გადაზრდის» შესახებ.
    თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აქვე ითქვას, რომ ეს კონცეფციაც ზოგჯერ აბსურდამდე მიდიოდა. გავიხსენოთ ზემოთ აღწერილი სურათი, როდესაც სოხუმში ქართველებს ხოცავდნენ და ამ დროს თბილისში რამდენიმე ბრგე ვაჟკაცი «შიმშილობას» აცხადებდა.
    პოლიტიკურად ალბათ სწორიც იყო, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, მთავარი ისაა, რომ ასეთი რამ კარდინალურად ეწინააღმდეგებოდა და ანგრევდა ქართულ ეთნოფსიქოლოგიას. ყოველ შემთხვევაში (ვიმეორებ) საქართველოსა და კავკასიაში ამგვარი რამ სასაცილოდ და აბსურდად აღიქმებოდა - გამომდინარე ჩვენი ეროვნული მენტალიტეტის თავისებურებებიდან.
    ასეა თუ ისე, გია ჭანტურია ცხინვალში აქციის კატეგორიული წინააღმდეგი იყო (მან ეს უთანხმოება საკმაოდ ოსტატურად გამოიყენა გამსახურდიასთან და წერეთელთან საბოლოოდ გასამიჯნად, რის აუცილებლობასაც უფრო ადრე მიხვდა და ადრევე ჩაიფიქრა), ხოლო წერეთელი და გამხახურდია ასეთივე დაჟინებით მოითხოვდნენ «ლაშქრობას».

    აქცია კი მაინც გაიმართა. გუმბარიძის დედალმაშო ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ვერ გაბედა მას წინ აღდგომოდა. უფრო მეტიც, - თავად გამოუყო ათეულობით ავტობუსი «მოლაშქრეებს». დაახლოებით 40-50 ათასი კაცი დაიძრა «მრისხანე მსვლელობით» ცხინვალისაკენ გიორგობას - 23 ნოემბერს.
    როგორც მოსალოდნელი იყო, «ლაშქრობა» სამარცხვინო შედეგით დასრულდა. ცხინვალის შესასვლელთან სულ რამოდენიმე ათეულმა ოსმა გზა გადაუკეტა ათი ათასობით ქართველს. არადა ჩვენ ხომ ასე ვამაყობდით ყოველთვის, რომ «ერთი ქართველი რამდენიმე მტერს უდრიდა».
    ოსების წინ იდგა სსრკ შინაგანი ჯარის ქვედანაყოფი, რომელმაც (როგორც რუსი დისიდენტები წერდნენ) «ამ აქციით აღიდგინა 9 აპრილს დაკარგული ღირსება, რაკი დაიცვა მცირერიცხოვანი ხალხი «ქართველი ფაშისტების შემოსევისაგან».
    რამდენიმესაათიანი «ჯოგად დგომის» შემდეგ, ათიათასობით ქართველი ნახირივით შემოტრიალდა და ისევ უკან გამოემგზავრა. ოსმა სეპარატისტებმა მიიღეს შესანიშნავი საბაბი მთელს მსოფლიოში თავიანთი «სიმართლის» პროპაგანდისათვის. ნებისმიერი ევროპელი, ვინც ამ საკითხებით იყო დაინტერესებული, გეტყოდათ, რომ აგრესია ქართველებმა ჩაიდინეს, ხოლო ოსები თავს იცავდნენ. ამ შეფასებას იოტისოდენად ვერ შეცვლიდა ის გარემოება (რაც ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია), რომ «ოსებს ხელში ლენინის სურათები ეკავათ».
    აქვე აუცილებლად კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1988 წლიდან, საქართველოს კომუნისტურ ხელისუფლებასაც «სტალინ-ბერიას კომპლექსი» არ აძლევდა საშუალებას თავად გამოეყენებინა ძალა, რათა არ დაეშვა აშკარად დამღუპველი პროცესების განვითარება. მით უმეტეს, რომ სტალინისა და ბერიას სისასტიკე რუსულმა პრესამ «ქართულ მოვლენად» გამოაცხადა.
    უდიდესი უსინდისობა იქნებოდა «ცხინვალზე ლაშქრობა» მხოლოდ ზვიად გამსახურდიასთვის, ირაკლი წერეთლისთვის ან მთლიანად მხოლოდ «მოძრაობისათვის» დაგვებრალებინა.
    ეს სამარცხვინო აქცია გამოხატავდა მთელი ქართული საზოგადოების განწყობას, მასში მონაწილეობდა «ელიტარული ინტელიგენციის» მრავალი წარმომადგენელი (აბა თავიანთ ხალხს როგორ ჩამორჩებოდნენ - არ ეყოთ რაც «თავი არიდეს» კომუნისტურ პერიოდში?) და თვით გივი გუმბარიძეც. თუმცა ამ უკანასკნელს არაფერი მოეკითხება - იგი მხოლოდ ნომინალურად ფლობდა ხელისუფლებას.
    ცხინვალიდან «ლაშქრის გაბრუნების» შემდეგ, მიმდებარე ქართულ სოფლებში დარჩნენ ჯაბა იოსელიანისა და ვაჟა ადამიას მებრძოლები. დაიწყო მცირე შეტაკებები, რომლებიც მოგვიანებით ნამდვილ ომში გადაიზარდა. შესაბამისად ამოქმედდა იმპერიის «საინფორმაციო იარაღი».
   
   
       იმ დროს, როდესაც შიდა ქართლსა და სრულიად საქართველოში მთელი ეს მარაზმი ტრიალებდა, ევროპაში საოცარი მოვლენები განვითარდა: 9 ნოემბერს დაემხო ბერლინის კედელი, გაცამტვერდა «რკინის ფარდა», გათავისუფლდა აღმოსავლეთ ევროპა, დგებოდა დემოკრატიისა და პიროვნული თავისუფლების ეპოქა, ინგრეოდა ოდესღაც მრისხანე და უძლეველი იმპერია

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა