პოლიციამ აიშვა!

პოლიციამ აიშვა!

აიშვეს!
   

    თბილისში «საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება» პოლიციის «პირად შემადგენლობასა» და ამ უწყების ზოგიერთ ბობოლა თანამშრომელს ყოველთვის უხაროდა, ვინაიდან მათ შესაძლებლობებს აფართოებდა. ასე იყო 1992-93 წლების სამოქალაქო ომის დროიდან მოყოლებული. პოლიცია იღებდა საშუალებას, გზები გადაეკეტა, გაეკონტროლებინა საქონლის ნაკადი და ა.შ. ელემენტარული მაგალითის შესაბამისად, «საგანგებო მდგომარეობის» დროს დაკავებული პიროვნება შეიძლებოდა ათ დღემდე მეტხანს ჰყოლოდათ «კპზ»-ში, უფრო დიდხანს «დაემუშავებინათ», რათა საბოლოოდ «გაეტეხათ».
    თბილისის ძალისმიერი კონტროლი იმ დროს (პირველადი დაგროვების ხანაში) ძალიან ბევრს ნიშნავდა.
    დაახლოებით იგივე მეორდება ამჟამადაც. ზუგდიდში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, აქაოდა თბილისშიც ექსცესებია მოსალოდნელიო, აივსო ქალაქი «სადესანტო ავტომატებით» შეიარაღებული პოლიციელებით. ღიპმოშვებული, არც თუ «გახამებულ» ფორმაში გამოძონძილი «წესრიგის დამცველები» ავტომფლობელებს სისხლს უშრობენ. «ტეხასმოტრის» გარდა, უმოწმებენ ლიცენზიას, მარკირებას, ჩხრეკენ არა მხოლოდ მანქანას, არამედ მგზავრებსაც და ა.შ.
    ბუნებრივია, მცირე დარღვევის აღმოჩენისთანავე საქმე «ჩვეულებრივად» რიგდება. «არატერორისტულ» პერიოდებში ხშირი რეიდები საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს; ამიტომ შესაძლებლობა, გარკვეულწილად, შეზღუდულია, მაგრამ დღეს საბაბი აშკარაა - «ქვეყანაში ტერორი მძვინვარებს, ზუგდიდის აქციას შეიძლება სხვა შესაბამისი აქციები მოჰყვეს» და ა.შ.
    ჭკუათმყოფელ ადამიანს არ შეიძლება რამე ჰქონდეს საწინააღმდეგო სამართალდამცავი ორგანოების გააქტიურებისა. მით უმეტეს, როდესაც ტერორისტული ომი საქართველოს წინააღმდეგ ნამდვილად მიმდინარეობს, მაგრამ ყველაფერს წყვეტს ფორმა, რომლითაც ყოველივე ხორციელდება.
    ჯერ ერთი, პოლიციელი პოლიციელს უნდა ჰგავდეს. რა გახდა ბოლოს და ბოლოს ერთი ნორმალური ფორმის შეკერვა? ქართველ პოლიციელებს კვლავინდებურად «მილიციის ფორმა» აცვიათ. ეს ფორმა კი თავისთავად, ფარისევლური იყო. არ შეიძლება პოლიციის თანამშრომელს «შარვალ-კოსტუმი» ეცვას. მით უმეტეს, დალაქავებული და დაჭმუჭნილი. ახლა ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ პოლიციელი ქვეყნის სახეა და ა.შ. ეს ფუფუნებად და აბეზარ მიკერძოებად აღიქმება - «რა დროს ეგ არის, როცა ქვეყანა გვენგრევა თავზე?»
    კარგით, დავანებოთ თავი ფორმას, ქცევის კულტურას, პროფესიონალიზმის დონეს. ავიღოთ კლანურობა პოლიციაში და კორუფციის უმაღლესი დონე. მსოფლიო ექსპერტთა გამოკითხვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სამართალდამცავი ორგანოები საქართველოში პირველ ადგილზე არიან კორუფციის დონით. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პიროვნების (ვთქვათ, მინისტრის) ბრალი, - მანკიერება თვით სისტემაშია ჩაბუდებული.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო რჩება შეუზღუდავი უფლებამოსილების მონსტრად, რომელიც, ფაქტობრივად, არავის ემორჩილება, ან ემორჩილება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს შეესაბამება მის ინტერესებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პოსტსაბჭოურ ეპოქაში იქცა დამოუკიდებელ კორპორაციად. მას გააჩნია კორპორაციული ინტერესები და, რა თქმა უნდა, აქვს ამ ინტერესთა დაცვის შესაბამისი მექანიზმები თუ ძალისმიერი ბერკეტები.
    იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ყველაზე მძლავრი და «შემძლე» სახელმწიფოებრივი სტრუქტურაა.
    მითუმეტეს საქართველოში და ათგზის უმეტეს, დღევანდელ «ახალ ვითარებაში», როცა ნაპერწკალიც კი საკმარისია აფეთქების პროვოცირებისთვის.
    ასეთ პირობებში კი, თუ სახელმწიფო ურიგდება კორუფციას იმ სისტემაში, რომელიც მის უპირველეს დასაყრდენს უნდა წარმოადგენდეს ყოველგვარი დესტაბილიზაციის საწინააღმდეგოდ - ეს სასიკვდილო რისკის ტოლფასია.
    განურჩევლად იმისა, ვინ იქნება მინისტრი, ვითარება ამ სფეროში არ შეიცვლება თვისებრივი რეფორმების გარეშე. პრობლემის პერსონიფიცირება იმით არის საშიში, რომ მავანმა შეიძლება, სცადოს ყველაფერი კონკრეტულ პიროვნებას, კონკრეტულ მინისტრს გადააბრალოს, მაშინ როცა პრობლემა გაცილებით რთული და მრავლისმომცველია.
    მინისტრის თუნდაც წელიწადში ათჯერ შეცვლით თვით სისტემაში ბევრი არაფერი შეიცვლება. პოლიციელს ორმოცი ლარი თუ აქვს ხელფასი და იმავდროულად, ავტომატი უჭირავს ხელში, იგი აუცილებლად იყაჩაღებს. სწორედ ყაჩაღობაა ის, რაც ხშირად ხდება თბილისში რეიდების დროს. მაგრამ არც ისე მარტივად არის საქმე, თითქოს პოლიციელს ხელფასი უნდა გაეზარდოს და მეორე დღესვე, საერთაშორისო ექსპერტთა გამოკითხვების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანასკნელ ადგილზე აღმოჩნდება კორუფციის დონით.
    რა თქმა უნდა, ასე არ იქნება. კორუფციას საქართველოში არა მხოლოდ მატერიალური სიდუხჭირე განსაზღვრავს, არამედ საზოგადოებრივი შეგნებისა და კულტურის დაბალი დონეც. პოლიცია საზოგადოების ნაწილია და მასზე უკეთესი ვერ იქნება. ოღონდ ბევრი რამ მაინც თვით სისტემის ორგანიზაციაზეა დამოკიდებული.
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რჩება კომუნისტურ მონსტრად, ვეებერთელა ორგანიზაციად, რომელსაც მრავალი განშტოება და ქვესისტემა გააჩნია. ეს არის რეპრესიული აპარატი, რომლის რეორგანიზაცია ვერ ხერხდება, ვინაიდან მსგავსი კორპორაციებისგან განსხვავებით, პოლიცია შეიარაღებული ორგანიზაციაა!
    ინტერესთა კონფლიქტი ამ სფეროში გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე ნებისმიერ სხვა სისტემაში. ხელისუფლებას კი რისკზე წასვლა არ სურს. მით უმეტეს, რომ არარეფორმირებული პოლიციის საქმიანობას მეტწილად მაინც ადამიანის უფლებები ეწირება და არა ხელისუფლების მდგრადობა.
    ერთი შეხედვით თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ დღევანდელ პირობებში კვლავინდებურად მოქმედებს ყველა სტრუქტურა, რაც ძველ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო საჭირო და აუცილებელი კომუნისტურ ხანაში. თვით «ობხსს»-ის ჩათვლითაც კი. სხვა სახელი ჰქვია, თორემ შინაარსი (მკითხველი მიხვდება თუ რა შინაარსზეა საუბარი) იგივე დარჩა. მილიციაში სამუშაოდ მიდიან «კარგი ცხოვრებისთვის», ვინაიდან ამ სფეროში «მეტი საშუალებაა» ვიდრე სხვაგან.
    შეგნების დონით ქართველი პოლიციელები ჩამოუვარდებიან თავიანთ კოლეგებს ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში. თუმცა, რიგით პოლიციელებზე საუბარი სისულელეა. პრობლემის არსი თვით სისტემაშია საძიებელი და სანამ საზოგადოებაში პოლიციელს ეძახიან . . . .  იმას რასაც ეძახიან, მანამ საქართველო ცივილიზებულ სახელმწიფოდ ვერ მიიჩნევა. კორუფცია პოლიციაში ცივილიზებულ ქვეყნებშიც არსებობს. მხოლოდ დაბალ დონეზე. უმთავრესად, რიგით პოლიციელის დონეზე, ვინაიდან სწორედ ის მუშაობს ოპერატიულად. სისტემური კორუფცია, ვთქვათ, ავსტრიაში ან გერმანიაში გამორიცხულია.
    სწორედ ეს განასხვავებს არაკორუმპირებულ ორგანიზაციას - კორუმპირებულისგან.

7 დღე, 28 აგვისტო 1998. წელი