რა უნდა პუტინს?

რა უნდა პუტინს?

დასავლეთმა პუტინს უთხრა ფოლადის `არა` მთავარ მოთხოვნაზე: იურიდიულად გაეუქმებინა NATO-ს ფუნდამენტური პრინციპი, `ღია კარის პოლიტიკა` და ხელი მოეწერა უკრაინა-საქართველოს Never-Ever არმიღებაზე ალიანსში

ახლა რას იზამს?

ამ კითხვაზე პასუხის კვლევას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ დავადგენთ რა მიზანი ჰქონდა, როცა ამ ულტიმატუმს უყენებდა დასავლეთს.

თუ პუტინის მიზანი (რეალურად) იყო `გამოღმა შემრჩესო` (ყირიმი, დონბასი, აფხაზეთი, ცხინვალი), სამწუხაროდ, მიზანს აღწევს! ანუ დასავლეთი იურიდიული გაფორმების გარეშეც ფრთხილი იქნება, რათა სტატუს-კვოს დანგრევა არ დააპროვოციროს რაიმე მკვეთრი მოძრაობით.

მაშასადამე, არ არის გამორიცხული, სამხედრო სწავლებების ინტენსივობა და ყოველგვარი კომუნიკაცია შემცირდეს. ასევე იარაღის მიწოდება იმის მიღმა, რაც საკმარისია ახლა არსებული სტატუს-ქვოს შესანარჩუნებალდ.

ანუ ეს ულტიმატუმი ყირიმის, ასევე სხვა ტერიტორიათა საბოლოოდ `შეტყაპუნების` და ამისთვის `ყურზე ხახვის ვერდაჭრის`, ასევე სანქციათა არგამკაცრების ტექნოლოგია ყოფილა.

იმიტომ, რომ როცა კრემლის ბინადარს ეუბნები: `თუ (თუ!) კიდევ შეუტევ, თუ (!) უფრო მეტს მოინდომებ, მაშინ (მხოლოდ მაშინ და ამ შემთხვევაში!) შემოვიღებ ნამდვილ სანქციებსო, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა რაც არის, იმას გემრიელად ირგებს სერიოზული სანქციების გარეშე.

და იმასაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობა უკრაინის მხრიდან დონბასის, მით უმეტეს ოკუპირებული ყირიმის დასაბრუნებლად აუცილებლად წააწყდება დასავლეთის მკვეთრ მიუღებლობას: ``რატომ აპროვოციორებთ რუსეთსო``.

თუ ეს ვერსია სწორია, მაშინ პუტინის ულტიმატუმი მიზანს ნამდვილად აღწევს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ თუ პუტინის მიზანი რეალურად იყო უკრაინის და მთელი პოსტსაბჭოური სივრცის (მინუს ბალტია) `შემომტკიცება` (ქართული ისტორიული ტერმინია), მაშინ ის მკვეთრ მოძრაობებს გააკეთებს;

ოღონდ, შესაძლოა არა მყისიერად, არამედ `მცოცავად` - დროში გაწელილად.

თან საქართველოს მიმართ უფრო (აქ ნაკლებ წინააღმდეგობას ელის დასავლეთისგან სამწუხაროდ) ვიდრე უკრაინის.

ცხინვალელ იმპერიალისტებს (დიახ, დიახ) უარი არ უთქვამთ პრეტენზიებზე თრუსოს ხეობის, ყაზბეგის და გუდაურის მიმართ ისე, რომ მყინვარწვერი მათი `ალანური იმპერიის` ცენტრში აღმოჩნდეს.

საფრთხე რეალურია.

იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ესოდენ ხმამაღალ ულტიმატუმს საერთოდ აღარაფერი მოჰყვება სტატუს-კვოს განმტკიცების გარდა, ქვეყნის შიგნით პუტინის ლეგიტიმურობა შესუსტდება.

არადა ის სამარადჟამოდ აპირებს იქ `პრეზიდენტობას`.

დათო

2022 წლის 13 იანვარი