რისი შანსი აქვს ქართულ ოცნებას?

რისი შანსი აქვს ქართულ ოცნებას?

 

  მას შემდეგ, რაც «მთავარი ოპოზიციის» პრესტიჟული ტიტული პარლამენტის ექს–სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ დაკარგა, ეს თიკუნი ბიძინა ივანიშვილის «ქართულმა ოცნებამ» მოიპოვა. დღეს სწორედ იგი ითვლება მმართველი «ნაციონალური მოძრაობის» მთავარ ოპონენტად და საარჩევნო კონკურენტად. ნინო ბურჯანაძემდე და სახალხო კრებამდე იყო ე.წ. «გაერთიანებული ოპოზიცია» ლევან გაჩეჩილაძით სათავეში, უფრო ადრე ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი პატარკაციშვილი, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ.
      წინა ოპონენტები დამარცხდნენ. მიზეზებსა და მარცხის ტექნოლოგიას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ იქნებ «ქართული ოცნება» გახდეს ის სერიოზული ოპოზიციური ძალა, რომელიც საპნის ბუშტივით არ გასკდება? ჯერ–ჯერობით საამისო წინაპირობაც არ ჩანს. უფრო მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ «ოცნების» როლი წინასწარ განსაზღვრულია: იმდენი იძახეს საპარლამენტო ოპიოზიციურ თუ ფსევდოოპოციციურ ფრაქციებზე, «ისინი ხელისუფლებას დემოკრატიულობის იმიჯს უქმნიანო», რომ ბოლოს თვითონ შეასრულებენ ამ როლს ოქტომბერში: ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, ივანიშვილისა და მისი პარტიის რეიტინგი 20 პროცენტს არ აღემატება.
      თუ დავუშვებთ, რომ 5 პროცენტიან ბარიერს სამი–ოთხი პარტია გადალახავს («ნაციონალები», «ოცნება», «ქრისტიან–დემოკრატები» და «ლეიბორისტები») - ანუ მათი სადეპუტატო მონაგარი შეივსება იმ პარტიების პროცენტებით, რომლებიც 2–3–4 პროცენტს მოაგროვებენ, - მაშინ მომავალ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა პარტიული სიებით მიიღებს მანდატების დაახლოებით 50–60 პროცენტს, ხოლო სამი სხვა ოპოზიციური პარტია დანარჩენს გაინაწილებს.
      თანაც ეს მხოლოდ პარტიული სიებით. ნუ დავივიწყებთ, რომ გარდა პარტიული არჩევნებისა, ოქტომბერში ტარდება აგრეთვე მაჟორიტარული არჩევნებიც. აქ ნაციონალთა შანსები ბევრად მაღალია: ალბათ მანდატების 80–90 პროცენტი. მთლიანობაში კი ეს იგივე საკონსტიტუციო უმრაველესობაა, რასაც მმართველი პარტია დღესაც ფლობს.
      . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
      აუცილებელია აქვე გავითვალისწინოთ «ოცნების» შემადგენლობაც. ვერავინ დამარწმუნებს, რომ არცევნების შემდეგ იგი მონოლითურად შენარჩუნდება და ფრაქციებად არ დაიშლება, როგორც მრავალჯერ მომხდარა საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში. თანაც ისეთ ფრაქციებად, რომლებიც კარდინალურ საკითხებში სრულიად საპირისპირო პოზიციებს დაიკავებენ.
      ეს ბუნებრივიცაა: ღირებულებითი თვალსაზრისით, კობა დავითაშვილს, ლევან ბერძენიშვილს, კახა შარტავას, ირაკლი ალასანაის, გუბაზ სანიკიძეს, ზვიად ძიძიგურს და თინიკონ ხიდაშელს არც თუ ბევრი აქვთ საერთო. ამიტომ, დარწმუნებით შეიძლება იქვას, რომ პარლამენტში ფრაქციებად დაშლის შემდეგ მოულოდნელი სულაც არ იქნება სიტუაცია, როდესაც ესა თუ ის ფრაქცია (პირველ რიგში «რესპუბლიკელები») ბევრ მნიშვნელოვან საგარეო თუ საშინაო–ეკონომიკურ საკითხში პირდაპირ ან ირიბად მმართველ პარტიას დაუჭერენ მხარს.
      «სათქმელიც» ენებათ, რაკი მთლიანობაში «ოცნების» პროგრამა სრულიად ბუნდოვანია. ზოგჯერ გაუეგბარიცაა, რით განსახვავდება იგი «ნაციონალთა პროგრამისგან» გარდა ლიტონი ფრაზეოლოგიისა დემოკრატიის შესახებ. თუმცა «ნაციონალური მოძრაობაც» ხომ არანაკლებ ერთგულია ამ რიტორიკისა?!
      როცა საქმე კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე, თანამდებობების განაწილებამდე მივა, მაშინ უმალვე იჩენს თავს ღირებულებითი და იდეოლოგიური სხვაობები, რასაც დღეს თითქოსდა ყურადღება არ ექცევა.
      სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილს და მის თანაგუნდელებს ტყუილად ჰგონიათ, რომ «ხალხი ბრბოა» და ამას ვერ ამჩნევს. ანუ «ვერ ამჩნევს» ან ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ «ოცნების» ლიდერმა სრულიად განსხვავებული სტილის, ორიენტაციის, წარსულის, ღირებულებებისა და რწმენის ფიგურები შემოიკრიბა. ძალიან კარგადაც ამჩნევს!
      გავიხსენოთ, რომ ქართული პოლიტიკის ერთ–ერთი მასობრივი სლოგანია: «ესენი ხომ დაჭამენ ერთამენთს!!!». ამ სლოგანს ეკლექტური გაერთიანების ადეპტები (პრინციპით: «ყველა–ერთის წინააღმდეგ და მერე გავარკვიოთ ჩვენი სხვაობები») იმ ბრძნულ სენტენციას უპირისპირებენ, რომ თურმე «ხალხი უნდა მივაჩვიოთ კონკურენციას და გადავაჩვიოთ სიზარმაცეს: დიახ, ჩვენს შორისაც იქნება კონკურენცია მას შემდეგ, რაც მთავარ მტერს – სააკაშვილს დავამარცხებთო».
      მაგრამ ამ სენტენციის ავტორები არ თვალისწინებენ, რომ ბოლო 20–25 წლის გამოცდილებამ ხალხს, რომელსაც ისინი «ზემოდან უყურებენ», ერთი რამ ნამდვილად ასწავლა: ყველაზე მეტად დესტაბილიზაციის უნდა ეშინოდეს! სტაბილურობას კი ის ძალა ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე იწყებს «ერთმანეთის ჭამას». პირველი სიმპტომი იყო «ეროვნული ფორუმის» დემონტსტრაციული უარი, დასწრებოდა პარტია «ქართული ოცნების» ყრილობას. «ახლა ასე იქცევიან და ხომ წარმოგიდგენიათб მერე რას იზამენ, როცა დეპუტატობას გაინაღდებენ?» – მსჯელობს უბრალო ობივატელი.
      არადა, არჩვენებს სწორედ ეს «უბრალო ობივატელი» იგებს და სანამ ამ რეალობას ქართველი ოპოზიციონერები არ გაითვალისწინებენ, სანამ არ შეურიგდებიან იმ აზრს, რომ ქედმაღლობა და ინტელექტუალური სნობიზმი მათი მთავარი მტერია – მანამ დარჩებათ მხოლოდ ხელისუფლების «დემოკრატიული დეკორაციის «როლი.
      ქართული ოცნება რომ 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ თუ დღევანდელი ტემპით გაგრძელდა მისი რეიტინგის დაცემა, მაშინ მონაგარი დაახლოებით იმ მასშტაბის იქნება, რაც «ქრისტიან–დემოკარტებისა» და «ლეიბორისტების» მიერ მიღებული მანდატები. მერე აბრალონ მათ «ხელისუფლებასთან შეკვრა» და ნაციონალური მოძრაობისთვის არჩევნების «გაპრავება» თუ «დემოკრატიულობის იმიჯის შექმნა».
      ამის შემდეგ ერთადერთი გამოსავალიღა დარჩებათ: პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა და მანდატების მაკრატლით დაჭრა, როგორც ეს ოპოზიციამ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააკეთა. თუმცა, ძალზე საეჭვოა ოცნების შემადგენელმა სუბიექტებმა, თუ ისევ პარლამენტში მოხვედრა ეღირსათ, ასეთი მსხვერპლი გაიღონ, რაც მიმდინარე პოლიტიკურ კომედიას საბოლოოდ დასრულებულ სახეს შესძენს.

2012