სად მიდიოდა თენგიზ კიტოვანი?

სად მიდიოდა თენგიზ კიტოვანი?

 

    პარლამენტის ბოლო სხდომაზე ფრაქცია «აფხაზეთის» თავმჯდომარემ, გერმანე ფაცაციამ დეპუტატებს (ტელევიზიის მეშვეობით მთელ საქართველოს) ამცნო, რომ გულისამაჩუყებელი წერილი მიიღო თენგიზ კიტოვანისაგან, რომელიც, სასამართლოს განაჩენის შესაბამისად, ამჟამად სასჯელს იხდის უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებისათვის.
    ყველას კარგად გვახსოვს, რომ 1995 წლის იანვარში, თენგიზ კიტოვანის «ძმაბიჭებისაგან» შემდგარი რაზმი «აფხაზეთის გასათავისუფლებლად» გაემართა. ეს კეთილშობილი «ლაშქრობა» იმთავითვე ძარცვა-გლეჯითა და ბაზრებში მოვაჭრე იმავე უმწეო ლტოლვილების დაწიოკებით დაიწყო, თუმცა არც ესაა ყველაზე მთავარი: გერმანე ფაცაციას თქმით, თენგიზ კიტოვანს თავი «აფხაზეთის დაბრუნების მცდელობისათვის დასჯილ პატრიოტად» მიაჩნია და საზოგადოებას მოუწოდებს დაიხსნას იგი «შევარდნაძის სპეცსამსახურთა აგენტებისაგან», რომლებიც მოკვლას უპირებენ.
    თენგიზ კიტოვანის ჯანმრთელობას რაც შეეხება, არა მგონია შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნავდეს ისეთი ყურადღებითა და რუდუნებით, როგორითაც 8 წელ მისჯილ ყოფილ «თავდაცვის მინისტრს» ევლებიან თავს.
    აქ, რასაკვირველია, წმინდა მერკანტილური ინტერესიც არის: «რა იცი, ხვალ რა ხდება», ეგება კიდევ «აყირავდეს ქვეყანა» და «მრისხანე სარდალთან» თავს იმით მაინც იმართლებენ: «ექიმები ხომ დაგახვიეთ, გული რომ წამოგტკივდაო». ასეა თუ ისე, ციხის ადმინისტრაცია ნამდვილად სწორად ირჯება, _ პატიმარიც ადამიანია და მის ჯანმრთელობას ყურადღება არ უნდა მოაკლდეს. რაც შეეხება «სპეცსამსახურებს» _ მათი ძალისხმევით (თუ «შევარდნაძის სპეცსამსახურები» იგულისხმება) თენგიზ კიტოვანს თავიდან ღერი თმაც არ უნდა ჩამოუვარდეს, რადგან პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას დაეკისრება.
    ყველაზე საინტერესო კი ის პასაჟია, რომლითაც კიტოვანი საკუთარ თავს «აფხაზეთის დაბრუნების მცდელობისათვის დასჯილად» აცხადებს. გავიხსენოთ იმდროინდელი ვითარება: ოდესღაც ყოვლისშემძლე მინისტრი და მთავარსარდალი 1995 წლის იანვრისათვის «თამაშგარე მდგომარეობაში» აღმოჩნდა; იგი დღითი დღე კარგავდა ძალასა და გავლენას; ბევრი თანამოაზრეც შემოეცალა. ბუნებრივია, რაღაც უნდა ეღონა საზოგადოებისა და ხელისუფლებისათვის თავის შესახსენებლად, _ «აფხაზეთის დაბრუნება» კი (მაშინაც და დღესაც) ერთობ პოპულარული თემა იყო. ოღონდ, დაკვირვებული თვალი იმთავითვე შეამჩნევდა რამდენიმე უცნაურობას: ჯერ ერთი, კიტოვანის წამოწყებას მისივე «ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის» გარდა, მხარი ფაქტობრივად არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ დაუჭირა მიუხედავად იმისა, რომ ექსთავდაცვის მინისტრი «ლაშქრობამდე» ერთი დღით ადრე შეხვდა იმ დროს «პოლიტიკურ კლუბში» შემავალ პარტიათა ლიდერებს.
    გარდა ამისა, თვით კიტოვანის მაშინდელ (და შემდგომდროინდელ) განცხადებაში ერთგვარი წინააღმდეგობა შეიმჩნეოდა. მაგალითად, იგი აცხადებდა, რომ «მიემართება დასავლეთ საქართველოში, რათა დაელოდოს ხელისუფლების ბრძანებას და დაიწყოს ბრძოლა აფხაზეთის განთავისუფლებისათვის». მაშასადამე, კიტოვანი მაშინვე კი არ აპირებდა გალის რაიონში შეჭრას და რუსეთის ჯარებთან ომის დაწყებას (აბა, რომელი იდიოტი დაიჯერებს, რომ მთელი მსოფლიოს თვალწინ რუსეთი ასე აშკარად, ასე დაუფარავად იტყოდა უარს «სამშვიდობო მისიაზე» და კიტოვანის «ლაშქარს» აფხაზეთში შეუშვებდა), არამედ ჯერ სენაკში უნდა დაბანაკებულიყო, გამაგრებულიყო, «ლაშქარი» გაეზარდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრებოდა... საით დაიძრებოდა, კიდევ საკითხავია, _ ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის არც ერთ ბრძანებას (მაგალითად განიარაღების თაობაზე) გარდა «აფხაზეთში შეჭრის» ბრძანებისა _ კიტოვანი არ შეასრულებდა. სახელმწიფოს მეთაური კი მას, რა თქმა უნდა, არ უბრძანებდა «აფხაზეთში შეჭრას» და რუსეთთან ომის დაწყებას.
    ამდენად, მითი კიტოვანის მიერ ვითომდაც აფხაზეთის განთავისუფლებისათვის წამოწყებული ჯვაროსნული «ლაშქრობის» თაობაზე სწორედაც რომ მითია და რეალობასთან არაფერი საერთო არა აქვს. უფრო სწორად, მას ბევრი რამ საერთო აქვს იმ რეალობასთან, რომ ძალაუფლება დაკარგულ «მეამბოხეს» ძალაუფლების დაბრუნება სურდა, ამ მიზნით დიდ რისკზე წავიდა, წააგო და ახლა აღარც ის უნდა, პასუხი აგოს კანონის წინაშე.

მოქალაქე, 21 თებერვალი, 1997 წ.