სომხეთის ორი ნაბიჯი

სომხეთის ორი ნაბიჯი

        ბოლოდროინდელ ბობოქარ მოვლენათა ფონზე, თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვარდან ოვსკანიანის ვიზიტმა საქართველოში. არადა, ამ შეხვედრებისას ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
        უპირველესად, ვარდან ოსკანიანმა დაადასტურა, რომ სომხეთს აღარ აღელვებს თურქი სამხედროების მიერ მარნეულის აეროდრომის რეკონსტრუქციის ამბავი (საუბარია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს გრანტზე, რისი მეშვეობითაც ასაფრენი ბილიკი შეკეთდა და მაშუქები დაიდგა), ამ განცხადებას დიპლომატიური «ორმაგი ფსკერი» აქვს. სინამდვილეში სომხებს როგორც აღელვებდათ, ისევე აღელვებთ «ყურისძირში» აეროდრომის შეკეთება თურქი სამხედრო სპეციალისტების მეშვეობით. მით უმეტეს, როდესაც საქართველომ იკისრა ვალდებულება პირველი სამი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღოს თურქული თვითმფრინავები «საჭიროების» შემთხვევაში. ეს «საჭიროება» კი სომხეთისთვის შეიძლება სრულებით არასასურველი და არასასიკეთო იყოს.
        მაგრამ ვარდან ოსკანიანს იმის თქმა სურდა, რომ «მარნეულის აეროდრომის» საკითხს სომხეთი აღარ განიხილავს, როგორც ნეგატიურ ფაქტორსა და არგუმენტს საქართველოსთან ურთიერთობებში.
        მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სომხეთისადმი სახელმწიფო (სუვერენული) ვალის რესტრუქტურიზება. ვალის ოდენობა (ძირითადი თანხის გათვალისწინებით) 19 მილიონ დოლარს აღწევს. თავისთავად საინტერესოა ვალის წარმოშობის ისტორიაც: ეს გახლავთ იმ საქონლის ღირებულება, რომელიც 1992 წელს გაიძარცვა დასავლეთ საქართველოში. თბილისი იძულებული გახდა ზარალი სუვერენულ ვალად ეღიარებინა. არის აგრეთვე «უწყებრივი ვალები» (ენერგეტიკის სფეროში), რომლებიც შედარებით ნაკლებ პრობლემას ქმნის. ამრიგად, სომხეთმა ერთდროულად ორი კეთილგანწყობილი ჟესტი გააკეთა საქართველოს მიმართ. თანაც ძალიან ძნელი სათქმელია, რომელი მათგანი უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან, «მარნეულის აეროდრომის» თემა ძალზე მნიშვნელოვანი და საშიში სიმპტომი გახლდათ.
        ბუნებრივია, სომხეთის პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა განაპირობებს: სომხეთი ამჟამად ორი გზით უკავშირდება გარე სამყაროს: ირანისა და საქართველოს მეშვეობით. ირანი პერსპექტივაში მაინც არასაიმედო პარტნიორია: არავინ უწყის, როდის, რა მოუვათ თავში აიათოლებს, რომლებიც ამ ქვეყანას მართავენ. თუ არ ვცდები, ირანში ამჟამად XIV საუკუნის შუა ხანებია. და არა მხოლოდ «კალენდარული თვალსაზრისით».
        ამიტომ, რასაკვირველია, სომხეთისთვის გაცილებით უფრო ხელსაყრელი იქნებოდა ქრისტიანულ, მთლიანობაში ევროპული ცხოვრების წესის საქართველოსთან გრძელვადიანი და გარანტირებული ურთიერთობების დამყარება. მეორე ფაქტორი კი რუსეთის ბოლოდორინდელი «მოძრაობებია» კავკასიის გეოპოლიტიკურ სცენაზე.
        ერევანში არც თუ უსაფუძვლო შეშფოთება გამოიწვია ჰეიდარ ალიევის უკანასკნელმა სენსაციურმა ვიზიტმა მოსკოვში. აზერბაიჯანის «ბაბამ» იმასაც კი მიაღწია, რომ გაბალის უნიკალური რადიოსალოკაციო სადგურის რუსეთისათვის ათწლიანი იჯარით გადაცემის სანაცვლოდ (თავისთავად ეს ამ სადგურის აზერბაიჯანის საკუთრებად აღიარებას ნიშნავს), რუსეთმა იკისრა ვალდებულება, სამხედრო დახმარება გაუწიოს აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალებს (ვითომდაც გაბალის დაცვის უზრუნველსაყოფად).
        როგორც ჩანს, მოსკოვში იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ თავისთავად აზერბაიჯანი (ყველა თვალსაზრისით ნავთობიდან გეოპოლიტიკურ მდებარეობამდე) გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სომხეთი. სომხეთი კი ცდილობს რუსეთს დაუმტკიცოს, რომ სხვა ალტერნატივაც გააჩნია საქართველოს სახით, ხოლო თუ სომხები საქართველოს ტერიტორიის გავლით მყარ და სტაბილურ «კორიდორს» მოიპოვებენ, დასავლეთში მათ უმძლავრესი და ძალზე გავლენიანი დიასპორა ჰყავთ, ვისი მეშვეობითაც, «პრორუსული ორიენტაციის» მიუხედავად, ნამდვილად შეძლებენ დასავლეთის ყოველმხრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

დილის გაზეთი, 13 თებერვალი, 2002 წელი