შევარდნაძე: ქონება და მართვა

შევარდნაძე: ქონება და მართვა

      

        მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქონების მართვის მინისტრი მიხეილ უკლება. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ უკლებამ წინამორბედის, ავთანდილ სილაგაძის ბედი გაიზიარა, რომელიც 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა «ქონების მართვის» სამინისტროს.
        ამ სამინისტროს სხვაგვარად «პრივატიზების სამინისტროს» უწოდებენ, რაც შინაარსობრივად უფრო ზუსტია, ვიდრე «ქონების მართვა», თუმცა, სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია (პრივატიზებასთან ერთად) საწარმოებში სახელმწიფოს კუთვნილი წილის (აქციათა შესაბამისი პაკეტის) მართვაც არის.
        ავთანდილ სილაგაძე პრეზიდენტმა 1998 წელს გაათავისუფლა თანამდებობიოდან, ოღონდ უფრო რბილი ფორმით: თუ გახსოვთ მაშინ, სახელმწიფო მინისტრის - ნიკო ლეკიშვილის წინადადებით, ყველა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და მათ შესაბამისი განცხადებებითაც მიმართეს პრეზიდენტს.
        ედუარდ შევარდნაძემ რამდენიმე მინისტრის თხოვნა დააკმაყოფილა, მათ შორის, - ავთანდილ სილაგაძის. უკმაყოფილების მიზეზი გახდა სკანდალი უცხოელ ინვესტორებსა და ადგილობრივ მეწარმეებს შორის, რამაც ასახვა ჰპოვა სოლიდურ დასავლურ საფინანსო გამოცემებში.
        სტატიის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში გაუარესდა საინვესტიციო გარემო და ასე შემდეგ.
        მიხეილ უკლებაზე პრეზიდენტმა არჩევანი სწორედ ამ ნიშნით გააკეთა, რათა მას მოეწესრიგებინა ურთიერთობა ინვესტორებთან და ხელსაყრელად გაეყიდა (მაქსიმალური მოგებით) პრივატიზებისთვის განკუთვნილი საწარმოები.
        მიხეილ უკლებას დიპლომატიური გამოცდილება, უცხო ენის ცოდნა და გათვითცნობიერებულობა დასავლურ «თამაშის წესებში» აქ დადებით ფაქტორებად აღიქმებოდა.
        მაგრამ რამდენიმე რთული პრობლემის გადაწყვეტა მიიხეილ უკლებამ ვერ შეძლო: უპირველეს ყოვლისა, კვლავ გრძელდებოდა გაუთავებელი დაპირისპირება ადგილობრივ მეწარმეებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ «ქონების მართვის სამინისტრო» აქ მედიატორი უნდა იყოს და საქმე საერთაშორისო სკანდალებამდე არ მიიყვანოს. სკანდალი კი სკანდალს მოსდევდა. მიშა უკლებამ ისე «იმინისტრა», რომ მის პატიოსნებაში ეჭვი არავის შეჰპარვია, მაგრამ ამ ურთულეს პრობლემას იგი ვერ მოერია - რაც იმას არ ნიშნავს, თითქოს რომელიმე სხვა მინისტრი შეძლებდა პრობლემის «აწევას» დღევანდელ ვითარებაში.
        აქედან გამომდინარე, ქონების მართვის მინისტრი საქართველოში ისევე «სწრაფად ცვლადი» თანამდებობა იქნება, როგორიც, მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრი. ჯერ არ ყოფილა ინვესტორი, ვისაც ედუარდ შევარდნაძისთვის არ შეეჩივლოს, რომ არც ერთ ქვეყანაში ისეთი პრობლემები არ შექმნია, როგორიც საქართველოში.
        იყო ქონების მართვის მინისტრის შერისხვისა კონკრეტული მიზეზებიც. უპირველეს ყოვლისა, ტელეკომუნიკაციათა სექტორის პრივატიზება, რაც (მიუხედავად «კომერცბანკის» შუამავლობისა) უსაშველოდ გაჭიანურდა. ამან სერიოზული საბიუჯეტო პრობლემები შექმნა, როგორც 2000, ასევე 2001 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას.
        მეორე კონკრეტული მიზეზი «აზოტთან» დაკავშირებული დავიდარაბაა. ვითარება იმდენად დაიძაბა, იმდენად შემძლე ძალები (ფინანსურ-სამრეწველო დაჯგუფებები) «შეასკდნენ ერთმანეთს», რომ ვითარებიდან უმტკივნეულო გამოსავალი აღარ არსებობს.
        მიხეილ უკლება იყო და არის შესანიშნავი დიპლომატი, ოღონდ ჯგუფებთან «საომრად» ძალა არ ეყო. როგორც ჩანს, ახალ მინისტრს (ვინც უნდა იყოს) სწორედ ამ ორი პრობლემის (ტელეკომუნიკაციებისა და აზოტის) გადაწყვეტა მოეთხოვება, უპირველეს ყოვლისა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი მინისტრი არც ავთო სილაგაძის, არც მიხეილ უკელებას ყაიდის ფიგურა არ იქნება.
        ედუარდ შევარდნაძე შეარჩევს ისეთ პიროვნებას, ვინც შეეცდება ნებისმიერი ბერკეტის გამოყენებით დაამყაროს წესრიგი ამ სფეროში, მოაშოროს დაპირისპირება ორივე მხარეზე ძალდატანებით და უზრუნველყოს საინვესტიციო კლიმატისა და რეჟიმის განმტკიცება.
        რამდენად იქნება ეს შესაძლებელი, თეორიულადაც კი - სხვა საქმეა, მაგრამ პრეზიდენტი ამ თანამდებობას «არ მოეშვება» იმ აზრით, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეის პოსტია სახელისფლებო სისტემაში.

დილის გაზეთი, 23 მარტი, 2001 წელი