ჩამოიშლება თუ არა ამერიკა?

ჩამოიშლება თუ არა ამერიკა?

რატომ უნდა გვაშინებდეს ყველას ობამას სოციალისტური ექსპერიმენტი?

    ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ვერ შეძლო მომავალი ფინანსური წლის (იქ იგი 1 ოქტომბრიდან იწყება) ბიუჯეტის მიღება. შედეგად, ყველა სახელმწიფო მოხელე უხელფასოდ დარჩა და უვადო შვებულებაში გაუშვეს. რა თქმა უნდა, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა, თუმცა პრეზიდენტ ობამას საგანგებო მიმართვა დასჭირდა მათ დასამშვიდებლად: «არც ერთი დოლარი არ დაგეკარგებათო». მაგრამ თეთრ სახლს ამ მიმართულებითაც კი გაუჭირდება გამოსავალის მოძებნა, რაკი მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაცია ერთ ცენტსაც ვერ დახარჯავს კონგრესის ნებართვის გარეშე, ხოლო სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდი უშუალოდ «თეთრ სახლში» ავეჯის გადაადგილებისთვის თუ გამოდგება.
    ამერიკაში დაიკეტა ყველა პარკი, ყველა მუზეუმი, ყველა მონუმენტი. მონუმენტის დაკეტვა რაღა ბედენაა თითქოს? არადა, აემრიკული მონუმენტები იგივე მუზეუმებია, ხოლო თავისუფლების ქანდაკების სანახავად შორეული შტატებიდანაც ჩამოდიან, რათა მანჰეტენის ყურეში მდებარე პატარა კუნძულამდე მისცურონ გემით.
    ანალოგიური სიტუაცია ბოლოს 1995 წელს შეიქმნა, მაგრამ მაშინ იგი საშობაო არდადეგებს დაემთხვა, როდესაც მოხელეთა უმრავლესობა ისედაც შვებულებაში გადის, ამიტომ განსაკუთრებული ვნებათა ღელვა არ გამოუწვევია.
    და იმ დროსაც დაპირისპირების მიზეზი პრეზიდენტ კლინტონის მემარცხენე ინიციატივები იყო.
    ამჟამინდელი კრიზისის გამო, შესაძლებელია გრძელვადიანი პროგრამებიც შეფერხდეს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. მაგალითად, 2013 წლის ნოემბერ –დეკემბერში უნდა დაწყებულიყო მარსზე ადამიანის გაფრენის პროგრამა MAVEN–ის დროის ათვლა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2014 ან 2015 წლებში შედგებოდა გაფრენა. მაგრამ სადღაც 2025 წლისათვის კი დადგებოდა დღე, როდესაც ჩაირთვებოდა წამზომი: «სტარტამდე დარჩა 10 წამი, ცხრა, რვა . . .» და ა.შ.
    ოღონდ ამგვარი პროგრამები და მათი დაფინანსების მექანიზმი ისეთნაირადაა შედგენილი, რომ თუ ახლავე არ დაიწყო, შემდეგი «ფანჯარა» უკვე არა 2013, არამედ მხოლოდ 2015–2016 წლებში იქნება. სოციალურ პროგრამათა განხორციელებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
    თუმცა, არც ესაა ყველაზე საშიში: ბევრად უფრო მრისხანე საფრთხეა, რომ თუკი ბიუჯეტი არ დაუმტკიცა კონგრესმა პრეზიდენტს, მაშინ სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის აწევის თხოვნას მით უმეტეს არ დაეთანხმება. ეს კი უკვე არა უბრალოდ სახელმწიფო მოხელეთა დროებით დათხოვნას, არამედ მთელი ქვეყნის გაკოტრებას ნიშნავს! ანუ ფინანსური სისტემის სრულ ჩამოშლასა და კრახს.
    ამერიკა რამდენჯერმე იდგა ამ საშიშროების წინაშე, თუმცა, უკანასკნელ მომენტში (ხშირად პირდაპირი გაგებით, – საბედისწერო ვადამდე ერთი ან ორი საათით ადრე) «რესპუბლიკელებსა» და «დემოკრატებს» ჰყოფნიათ გონიერება, კომპრომისისთვის მიეღწიათ. ამჟამად ვითარება ბევრად უფრო მძიმეა: კონგრესის ქვედა პალატას «რესპუბლიკელები» აკონტროლებენ, სენატს, ანუ ზედა პალატას კი პრეზიდენტ ობამას თანაპარტიელი «დემოკარტები». კონგრესმენებმა, თავდაპირველად, ბიუჯეტის პროექტი კი არ ჩააგდეს, არამედ იქედან მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების «სოციალისტური» მუხლი ამოიღეს. არადა, ეს პროგრამა ბარაქ ობამას მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამიტომ სენატორმა–დემოკარტებმა, ბუნებრივია, ბიუჯეტი ქვედა პალატას დაუბრუნეს და მისი პირვანდელი სახით აღდგენა მოითხოვეს. რესპუბლიკელი–კონგრესმენები კი გაჯიქდნენ და მისხალის დათმობას არ აპირებენ. მათი მთავარი პრეტენზია ისევ და ისევ «ობამაქეაა» ანუ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ერთ–ერთი ავტორი, ჯერ კიდევ პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, იმდროინდელი პირველი ლედი და პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი, ჰილარი კლინტონი გახლდათ.
    მაშასადამე,, ეს «სოციალისტური პროგრამა» არა უშუალოდ ბარაქ ობამას ახირება, არამედ დემოკრატიული ისტებლიშმენტის ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია და ხსენებული ისტებლიშმენტი მასზე უარს ვერ იტყვის სერიოზული დანაკარგების გარეშე იმიჯის და ავტორიტეტის თვალსაზრისით. მეორეს მხრივ, რესპუბლიკელებმაც უკვე იმდენად შორს «შეტოპეს», რომ ახლა უკან დახევა და ბიუჯეტის პირვანდელი სახით დამტკიცება, ან სახელმწიფო ვალის დასაშავები ზღვრის გაზრდა მათ ავტორიტეტს კიდევ უფრო შეამცირებდა. მით უმეტეს, რომ ამერიკელთა უმრავლესობა, ბოლოდროინდელი გამოკითხვებით, სწორედ რესპუბლიკელებს და არა დემოკრატებს ადანაშაულებს შექმნილ კრიზისში.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თუმცა, მთავარი კითხვა მთელს ამ ისტორიაში მაინც ისაა, რა ღირებულებითი კონფლიქტი უდევს საფუძვლად დაპირისპირებას. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსური გათვლები ან თუნდაც ამერიკელთა ჯანმრთელობის დასაცავად შერჩეული პროგრამა. საქმე ის გახლავთ, რომ «რესპუბლიკელები» ამ შემთხვევაში იცავენ იმ ღირებულებებს, რომელმაც შექმნა და რომელთაც ეფუძნება ამერიკული ცივილიზაცია: ესაა პიროვნული პასუხისმგებლობა და პიროვნული თავისუფლება, სახელმწიფოს მინიმალური როლი და თავისუფალი ბაზრის სტიქიაში ჩაურევლობა. «რესპუბლიკელებსა» და მათ იდეოლოგებს არც თუ უსაფუძვლოდ მიაჩნიათ, რომ როგორც კი სახელმწიფო იწყებს ჩარევას იქ, სადაც არ უნდა ერეოდეს და როგორც კი, თუნდაც სოციალური ჰუმანიზმის მოსაზრებებით, იგი ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან ცალკეულ პიროვნებას, ვისაც არ სურს ან არ ძალუძს (ლიბერტარიანელთა აღქმით, ეს ერთი და იგივეა) საკუთარი ჯანმრთელობა დააზღვიოს, უმალვე იქმნება ვითარება, როდესაც გაწყდება სასიცოცხლო «ბმა» პირად პასუხისმგებლობასა და პიროვნულ თავისუფლებას შორის!
    სწორედ ესაა სოციალისტური ექსპერიმენტი: ტრადიციულ ამერიკაში ადამიანი პიროვნულად თავისუფალი იყო, მაგრამ პიროვნული თავისუფლება პასუხისმგებლობასაც გულისხმობს: «არავის იმედი არ უნდა გქონდეს, უფლისა და საკუთარი თავის გარდა». სწორედ ეს პურიტანული ფილოსოფია დაედო საფუძვლად ამერიკის სასწაულს და ამერიკულ ფენომენს, როცა ადამიანები ჯოჯოხეთურად შრომობდნენ, დილის 5 საათზე დგებოდნენ, ცივ შხაპს იღებდნენ და საქმის გარდა არაფერი აინტერესებდათ, რაკი მიაჩნდათ, რომ მათზე სხვა არავინ იზრუნებს და დაიღუპებიან, ხოლო წარმატებული ბიზნესითა და «დაგროვებით» უფალს ემსახურებიან.
    ამ ფილოსოფიასა და მსოფლგაგებას მთლიანად ანგრევს სახელმწიფო პატერნალიზმის იდეა, რომელიც ობამამ და დემოკრატთა ნაწილმა ძველი ევროპიდან ამოიღო. რასაკვირველია, იგი ძალზე შორსაა სოციალიზმის რუსულ–კომუნისტური, მარქსისტული გაგებისაგან, მაგრამ მაინც საშიშია იმ იდეისათვის, რომელიც თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას განუყოფლად მიიჩნევს: თუ შემცირდება პერსონალური პასუხისმგებლობა, შემცირდება პიროვნული თავისუფლებაც, ხოლო სახელმწიფოს ზრუნვა მოქალაქეზე აუცილებლად გამოიწვევს საბოლოოდ მის მიერ მოქალაქის კონტროლისა და მისი თავისუფლების, – თავისუფალი არჩევანის შეზღუდვას. ესე იგი ამერიკის ფუნდამენტური ღირებულებებისა. სწორედ ამიტომ, რესპუბლიკელები თვლიან, რომ «ობამას სოციალიზმი» ღუპავს ამერიკას და უსპობს მას განვითარების უმძლავრეს ინერციას, რაც ამ ცივილიზაციას ლიბერალიზმმა შესძინა მე XIX საუკუნეში.
    სხვათა შორის, დასკვნაში ამერიკელ «რესპუბლიკელებს» ვერ შეედავები, მაგრამ ავისმომასწავებელი ტრაგედია სწორედაც ისაა, რომ «ლიბერალური ფუნდამენტალიზმი» ეწინააღმდეგება თანამედროვე საზოგადოების რაობას. მაგალითად, ასეთი ლოგიკით, სახელმწიფო არც 2008 წელს გაკოტრებულ დიდ კომპანიებს უნდა დახმარებოდა: გაკოტრებულიყვნენ, მომკვდარიყო ვინც სასიკვდილოა, დაღუპულიყო ვინც დასაღუპია, ჩაძირულიყო სუსტი და გადარჩენილიყო ძლიერი, მაგრამ რეალურად ეს ნიშნავდა მილიონობით ადამიანის უმუშევრობას, ქუჩაში გამოსულ ბრბოს, რომელიც ყველაფერს წვავს და ანადგურებს. ამიტომ «რესპუბლიკელებმა», რომლებიც მაშინაც წინააღმდეგნი იყვნენ სახელმწიფოს ჩარევისა, აქ დათმობა არჩიეს. თუმცა დღეს ღირებულებითმა კონფლიქტმა კვლავ იჩინა თავი, თანაც არანაკლებ სერიოზულად და საბედისწეროდ:
    რა მოხდება, თუ კონგრესმა არათუ ბიუჯეტი, არამედ სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის აწევა არ დაამტკიცა? იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ჩვენ – უბრალო ქართველებს არ შეგვეხება? სინამდვილეში, შეგვეხება კი არა გამანადგურებელი დარტყმა იქნება, რადგან ამერიკის დეფოლტს მოჰყვება დოლარის ჩამოშლა, ესე იგი ბანკების (მათ შორის ქართული ბანკების!) გაკოტრება და სრული ფინანსურ–ეკონომიკური კატასტროფა.
    ამდენად, ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ, რათა ამჟამინდელი დაპირისპირება «რესპუბლიკელებსა» და «დემოკრატებს» შორის კომპრომისით დასრულდეს, ხოლო ამერიკის მომავალი პერზიდენტი საკმარისად ბრძენი და ძლიერი აღმოჩნდეს, რათა ბევრად უფრო საშიში და საზარელი ღირებულებითი კონფლიქტიდანაც იპოვოს რაიმე გამოსავალი.
    მსოფლიო ამერიკის ლიდერობის გარეშე სულ სხვა იქნება. დაახლოებით, როგორც ევროპა რომის იმპერიის დაცემის შემდეგ. ხოლო ახალი ცივილიზაციისა და განვითარების ახალი იდეის მიგნებას (ისევე, როგორც მაშინ) რამდენიმე ბნელი და სისხლიანი საუკუნე დასჭირდება.

2013