წყლის ნაყვა მოსკოვში

წყლის ნაყვა მოსკოვში

მოსკოვში, გაეროს ეგიდითა და რუსეთის შუამავლობით გრძელდება ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. როგორც ცნობილია, წინა რაუნდი შეწყდა მას შემდეგ, რაც რუსეთის გემებმა გადაკეტეს სოხუმის აკვატორია და აფხაზურ ხომალდებს თურქეთში თავისუფლად ვაჭრობის საშუალება მოუსპეს. ვლადისლავ არძინბა მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა კვლავ მიჯდომოდა მოლაპარაკებათა მაგიდას, რაც ბლოკადა მოიხსნა.
    რუსეთმა, კი როგორც ჩანს, მორიგი ფარსი გაითამაშა - საზღვაო ბლოკადის დაწესებაცა და მოხსნაც წინასწარ იყო დაგეგმილი. სამაგიეროდ, საქართველოს ხელისუფლებას კვლავ შეუქმნეს ყალბი შთაბეჭდილება, თითქოს რუსეთი გულწრფელად ცდილობს პრობლემის გადაწყვეტას. თუმცა, კრემლმა არძინბასაც «დაუქნია თითი» - იმ შემთხვევისთვის, თუ ეს უკანასკნელი მეტისმეტად გათამამდება და მოსკოვის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს.
    მოსკოვის მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში - ვაჟა ლორთქიფანიძე, ხოლო აფხაზურ მხარეს - სეპარატისტთა პარლამენტის თავმჯდომარე, სოკრატ ჯინჯოლია და საგარეო საქმეთა მინისტრი, ლეონიდ ლაკერბაია.
    დამკვირვებელთა ერთსულოვანი აზრით, საეჭვოა ამ მოლაპარაკებებმა რაიმე კონკრეტული შედეგი გამოიღონ, ვინაიდან მხარეთა პოზიციები იოტისოდენად არ შეცვლილა - საქართველო აფხაზეთს სთავაზობს ფედერაციის სუბიექტის სტატუსს: ვაჟა ლორთქიფანიძის მიერ წარდგენილი პროექტით, აფხაზეთი უნდა იქცეს საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთ ავტონომიურ მხარედ, რომელსაც «რესპუბლიკის» სტატუსი ექნება და რომლის მმართველ ორგანოთა უფლებამოსილებაც განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის კანონით.
    აფხაზეთს, ამ პროექტით, უფრო მეტი უფლება ექნება, ვიდრე აჭარასა და «სამხრეთ ოსეთს»; განუზომლად მეტი, ვიდრე იმერეთსა და კახეთს, მაგრამ ეს პროექტი მაინც ერთიანი (თუნდაც ფედერაციული) საქართველოს შემადგენლობაში აფიქსირებს აფხაზეთს.
    აფხაზური მხარისათვის ამგვარი პროექტი კატეგორიულად მიუღებელია - იგი მოითხოვს საქართველოსთან ე.წ. «სამოკავშირეო ხელშეკრულების» გაფორმებას, რომელიც მართალია ფორმალურად დააფუძნებს ყოფილი ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავს უნიატურ სახელმწიფოს, მაგრამ რეალურად პირველად დააფიქსირებს აფხაზეთს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს.
    არძინბა და მისი ხროვა, რა თქმა უნდა, ამაზეც არ წავიდოდა, მაგრამ იგი იძულებულია ანგარიში გაუწიოს საერთაშორისო - სამართლებრივ რეალობას.
    ამჟამად, აფხაზური დელეგაციის უმთავრესი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად «გააბუნდოვანოს» სიტუაცია და გაუგებარი გახადოს, თუ სინამდვილეში ვინ «შლის» მოლაპარაკებას.

«მიმომხილველი», 17 ნოემბერი, 1995 წელი.