საერთაშორისო მიმოხილვა. 1 მარტი. 2024 წელი
გუშინ პუტინი რუსეთის ფედერალური კრების ორივე პალატის ერთობლივი სხდომაზე გამოვიდა სფიჩით „ქვეყნის მდგომარეობის“ შესახებ.
მოხსენება დაიწყო დასავლეთისადმი მუქარით: როგორც ჩანს პრეზიდენტ მაკრონის განცხადებამ, რომ საფრანგეთმა შესაძლოა სახმელეთო ჯარები გააგზავნოს უკრაინაში, კრემლის ბინადარი ძალიან დაძაბა და შეაშინა კიდეც: „არავის დაავიწყდეს როგორ მთავრდებოდა ხოლმე რუსეთის (!) ტერიტორიაზე ევროპული არმიების შემოჭრა. ჩვენ გვაქვს უზუსტესი იარაღი, რათა ევროპის სიღრმეში განვახორციელოთ დარტყმებიო“ -იმუქრებოდა რუსეთის ავტოკრატი მმართველი. გულისხმობდა ნაპოლეონსა და ჰიტლერს.
ახსენა ჰიპერბგერითი რაკეტები „ცირკონი“, „კინჟალი“ და ა.შ. თუმცა ეს რაკეტები რუსულმა არმიამ უკვე გამოიყენა უკრაინაში და არც თუ რაიმე განსაკუთრებული წარმატებით: აღმოჩნდა, რომ მათი „ჰიპერბგერითობის“ და პუტინის ადრინდელი ტრაბახის მიუხედავად, ამერიკული „პეტრიოტ“-ის საზენიტო სისტემა ამ რაკეტებს წარმატებით ანადგურებს სანამ მიზანს მიაღწევენ.
არაფერი მოულოდნელი პუტინის ანტიდასავლურ რიტორიკაში, ასევე ბირთვული იარაღით შანტაჟში („ჩვენი ბირთვული ძალები სრულ მზადყოფნაში აირიანო“) ნამდვილად არ ყოფილა. ბევრად ნიშანდობლივი ამ გამოსვლაში სხვაა: პუტინმა 2 საათიანი მოხსენების მხოლოდ 20 წუთი დაუთმო ომს უკრაინაში, დასავლეთის ლანძღვას, მუქარას და მთელი დანარჩენი დრო კი - ე.წ. „სოციალურ პროექტებს“, რომელთა განხორციელებას რუსეთში აპირებს. მათ შორის საგადასახადო რეფორმას, სტუდენტების დახმარებას, დედების დახმარებას, ბიზნესის მხარდაჭერას (ე.წ. „საგადასახადო არდადეგები“)და ა.შ და ა.შ.
ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინის მიზანია, რუსულმა საზოგადოებამ არ იგრძნოს ომის სუსხი, განაგრძოს ცხოვრება „ვითომც აქ არაფერი“ - უკრაინის საზარელი სასაკლაოს ფონზე და 17 მარტს (სულ რამდენიმე დღეში) პუტინი უკვე მეხუთედ აირჩიონ პრეზიდენტად 2030 წლამდე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბაიდენმა და ტრამპმა ერთდროულად მოინახულეს ამერიკა-მექსიკის საზღვარი.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე იმყოფებოდნენ და დაახლოებით 400 კილომეტრი აშორებდათ ერთმანეთისგან, ეს საოცარი „ერთდროული ვიზიტი“ ტეხასში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ „საზღვარი მექსიკასთან“ მიმდინარე საარჩევნო კამპანიის საკვანძო თემა ხდება და სულ უფრო გამწვავდება, რაც მოახლოვდება 5 ნოემბრის კენჭისყრა.
არც ერთი მხარე დათმობას არ აპირებს: „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ კონგრესში კვლავინდებურად ვერ თანხმდებიან, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მექსიკასთან საზღვრის გასაკონტროლებლად იმდენად მაინც, რომ თუნდაც შემცირდეს უკანონო ემიგრანტთა ნაკადი, რომელიც On the ground სულ უფრო იზრდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩიენთმა დაიწყო ამ ნაკადის წახალისება.
ეს ღირებულებითი წინააღმდეგობაა. „დემოკრატთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ გამოხატა ყველაზე სრულყოფილად ამ ღირებულებითი „კლინჩის“ არსი: „ამერიკის სიმბოლო „მისის ლიბერთის“ ქანდაკება უნდა იყოს და არა უზარმაზარი კედელი მექსიკის საზღვარზე“.
ოღონდ ეს შეურიგებელი (!) იდეური დაპირისპირება ახლა იმდენად მწვავეა, ამერიკის სახელმწიფო რისკავს წააგოს პუტინის რუსეთთან არაპირდაპირი ომი უკრაინაში.
უკრაინა ვერ იღებს ამერიკისგან იმ იარაღს, რაც უკვე არა შეტევისთვის, არამედ ელემენტარულად რუსული არმიის შეკავებისთვის ესაჭიროება.
ვერ იღებს იარაღს (პირველ რიგში საარტილერიო ჭურვებს) იმიტომ, რომ კონგრესმა არ დაამტკიცა მანამდე სენატის მიერ დამტკიცებული 60 მილიარდიანი დახმარება კიევისთვის, რაც გულისხმობდა იარაღის, უპირველესად, ისევ და ისევ საარტილერიო ჭურვების გადაცემას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის რეჟიმმა მარაზმის ფსკერი გახვრიტა: ნავალნის ოჯახმა კატაფალკი ვერ იშოვა, რათა ცხედარი გადაასვენოს სამოქალაქო პანაშვიდის ადგილზე; ყველა რიტუალურ კომპანიას დაემუქრნენ პუტინის სპეცსამსახურები.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დრეზდენის მოსახლეობასთან შეხვედრისას პირდაპირ, დაუფარავად, დიპლომატიური მიკიბ-მოკიბვის გარეშე განაცხადა გუშინ, თუ რატომ არ აწვდის გერმანია უკრაინას Taurus შორსმწვდომ რაკეტებს: „იმიტომ, რომ ამ რაკეტებით შეიძლება დაიბომბოს მოსკოვი, მათი სიშორე 500 კილომეტრია“ - თქვა შოლცმა.
ანუ გერმანელებს კვლავინდებურად ძალიან ეშინიათ, რომ უკრაინა, რუსეთის მხრიდან მისი ქალაქების ბარბაროსული დაბომბვის პასუხად, გადაწყვეტს დაბომბოს მოსკოვი და ამით სასტიკად გააბრაზებს პუტინს.
შოლცმა დასძინა, რომ გერმანული რაკეტების გამოყენების გაკონტროლება გერმანიის მთავრობას შეეძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Taurus რაკეტებს თან მიჰყვებიან გერმანელი სამხედროები, თუმცა ეს გამორიცხულია, რადგან კონფლიქტში გერმანიის უშუალო სამხედრო ჩარევა გამოვა.
Taurus უფრო შორსმწდომია, ვიდრე ბრიტანული Storm shadow და მისი ფრანგული ანალოგი Scalp. თუმცა როდესაც უკრაინელები გერმანელ კოლეგებს სთხოვენ Taurus მიწოდებას და თან ჰპირდებიან, რომ მოსკოვს არ დაბომბავენ, საპასუხოდ იღებენ ეჭვიან კითხვას: `თუკი მოსკოვის და პეტერბურგის დაბომბვას არ აპირებთ, რაში გჭირდებათ 500 კილომეტრის შორსმწვდომობის რაკეტა, როდესაც დონბასზე რუსული სამხედრო „ზურგის“ ობიექტთა დასაბომბად სრულიად საკმარისია ბრიტანული და ფრანგული რაკეტები, რაც უკვე დიდი რაოდენობით გაქვთ?„
აქვე აღსანიშნავია, რომ ფრანგულ-ბრიტანული რაკეტა უკრაინელებმა რამდენჯერმე ძალიან წარმატებით გამოიყენეს უშუალოდ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმში.
ეს რაკეტები (Storm shadow და Scalp) მოსკოვსაც მისწვდებიან, თუ მათი გაშვება მოხდება სტრატოსფეროდან, F-16 თვითმფრინავების მეშვეობით! ექსპერტთა აზრით, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომ არ აწვდის დასავლეთი უკრაინას სამხედრო თვითმფრინავებს.
იმიზეზებს მფრინავთა მომზადების გაჭიანურებას. სინამდვილეში ეშინია მოსკოვის დაბომბვისა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ თავდაცვის მდივანმა (მინისტრმა) ლოიდ ოსტინმა კონგრესის შეიარაღების კომიტეტში გამართული Hearing-ისას განაცხადა, რომ თუ უკრაინა დაეცემა „NATO იომებს რუსეთთან“
ოსტინი აშკარად გულისხმობდა, რომ უკრაინის სრული დაპყრობის შემდეგ რუსეთი თავს დაესხმება ალიანსის წევრ ქვეყნებს და ამიტომ იომებს NATO;
თუ უკრაინას იგულისხმებდა, მაშინ იტყოდა, რომ ალიანსი არ დაუშვებს უკრაინის დაცემას.
ეს განცხადება ძალზედ ნიშანდობლივია, რაკი ცხადყოფს მთავარს: დასავლურ ელიტებში თანდათან მკვიდრდება სრულყოფილი გაგება მრისხანე მოცემულობისა: ევრო-ატლანტიკურმა ცივილიზაციამ, მისივე სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა დაუშვას პუტინის გამარჯვება უკრაინაში!
ეს არ არის მხოლოდ ღირებულებითი საკითხი. ეს დასავლეთისთვის ეგზისტენციალური გამოწვევაა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ზოგჯერ რა უმწეოა დასავლური, დემოკრატიული სახელმწიფო, როცა საქმე აქვს ისეთ მონსტრთან, როგორიც პუტინის რუსეთია: ნიდერლანდის მთავრობამ განაცხადა, რომ იგი მოსთხოვს რუსეთს კომპენსაციას 2014 წლის ტრაგედიის გამოძიებისა და სასამართლო ხარჯებისთვის.
იგულისხმება ამსტერდამიდან მალაიზიაში გაფრენილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება (რეისი MH17) პრორუსი დონბასელი სეპარატისტების მიერ, რის შედეგადაც 300 ადამიანი დაიღუპა.
საოცარი შედეგი „დადო“ ნიდერლანდურმა გამოძიებამ: დონბასელ სეპარატისტთა იმდროინდელი ლიდერი, გირკინია დამნაშავე, თორემ რუსეთის დანაშაულის მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთო.....
როგორ მოიპოვებდნენ, როდესაც მოსკოვი რა თქმა უნდა არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან? ან კი რა მტკიცებულებები უნდა მოეპოვებინათ? პუტინის ბრძანება? რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებულება?
რა საოცარი დასკვნაა, რომ რაკი ხელთ არ აქვთ მტკიცებულება, როგორ და რა დოკუმენტის საფუძველზე გადასცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დონბასელ სეპარატისტებს საზენიტო სისტემა БУК, რითაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მაშასადამე რუსეთის დანაშაული იურიდიულად ცხადი არ ყოფილა.
აბა რუსმა „თოვლის ბაბუამ“ ჩამოუტანა გირკინს და მის სეპარატისტულ ხროვას ეს უძვირესი იარაღი?
ან კი სეპარატისტებს სად ჰქონდათ იმის საშუალება, ესოდენ რთული სისტემა ემართათ დამოუკიდებლად?
რასაკვირველია, როდესაც რუსეთის არმიამ სეპარატისტულ ფორმირებას გადასცა საზენიტო სისტემა, მას „მიაყოლა“ სამხედრო სპეციალისტები და სწორედ მათ ჩამოაგდეს ნიდერლანდური „ბოინგი“.
თუმცა ნიდერლანდის სასამართლომ გირკინს მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა, ხოლო „რუსეთის უშუალო მონაწილეობა ვერ დავადგინეთო“.
შესაბამისად ნიდერლანდი ახლა რუსეთისგან კომპენსაციას ითხოვს არა 300 ადამიანის მკვლელობისა და თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის, არამედ...... სასამართლო და გამოძიების ხარჯების ასანაზღაურებლად.
რა თქმა უნდა მოსკოვი არაფერს აუნაზღაურებთ და იტყვის: „თუ ჩვენი ბრალეულობა არ გამოკვეთილა, ჩვენ რატომ და რა უნდა აგინაზღაუროთო“.
ეს ვითარება სრულიად ბუნებრივია და მისი ალტერნატივა მხოლოდ პუტინის რეჟიმია, რომელსაც მტკიცებულებები არ სჭირდება: დასავლურ ცივილიზაციაში კი დანაშაული ჩადენილად ითვლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს „წყალგაუვალი“ მტკიცებულებანი.
როგორც ჩანს ასე დამთავრდა ეს საზარელი ისტორია, როცა საბრალო ადამიანები 11 კილომეტრის სიმაღლიდან ცვიოდნენ და ბევრი მათგანი მიწაზე დანარცხებამდე ცოცხალი იყო! ეს ექსპერტიზამ დაადგინა.
რაც შეეხება გარეწარ იგორ გირკინს, გამორიცხულია იგი რუსეთმა ნიდერლანდს გადასცეს სასჯელის მოსახდელად.