2008 წლის კატასტროფა: რა მოხდა, როგორ და რატომ

2008 წლის კატასტროფა: რა მოხდა, როგორ და რატომ

ქვესკნელში
   
  

მე მარტო ვწურავდი ღვინოს და არავინ იყო ჩემთან.
    ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას;
    და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს
    და შევბღალე ჩემი ტალავარი

ესაია წინასწარმეტყველი; 63 (3)

«სოჭს მივტიროდით და გორი გაგვიხდა დასაბრუნებელი»

ტელემაყურებლის «სმს»-იდან
   
      

რა მოხდა

    2008 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს გულში, გორის მახლობლად, თბილისი – ქუთაისის ავტომაგისტრალზე, რუსულ ბლოკ-პოსტთან, გულგრილად მზირალი რუსი ჯარისკაცების თვალწინ, ოსურმა ფორმირებებმა გააჩერეს თბილისიდან მომავალი «სამარშრუტო ტაქსი».
    ყველა მგზავრი გადმოათრიეს მანქანიდან, სცემეს და გაძარცვეს, ხოლო 18 წლის გოგონა მოიტაცეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
    კონდახებით ნაცემი მამა და ძმა გაფითრებულნი, აცახცახებულნი, უმწეოდ, უხმოდ შეჰყურებდნენ, როგორ მიჰყავდათ კბილებამდე შეიარაღებულ ნაძირალებს საბრალო ქალწული თავიანთი ბუნაგისკენ. . . . . . . .
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

    1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. ამ სტრიქონების ავტორი მაშინ, იმ საშინელ დღეებში, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამაზე მეტი დამცირება, ამაზე საშინელი დამარცხება შესაძლებელი იყო.
    აბსოლუტურად გულწრფელად მეგონა, რომ წიგნი («ჟამი ჭეშმარიტი»), რომელიც იმ მოვლენებს მივუძღვენი, დამარცხებული ქვეყნის რეკვიემად იქცეოდა, ხოლო მომავალ თაობებს სინანულისა და განსჯის საბაბს მისცემდა მხოლოდ.
    მართლაც ვერ წარმომედგინა, რომ რეალობასთან და ბედისწერასთან შეურიგებლობა,  საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობა და ზოგადი უკულტურობა კიდევ უფრო საზარელ მარცხს უმზადებდა ამ საცოდავ ქვეყანას.

 - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

      
        სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ასეთი საზარელი მარცხი (მკითხველი მიხვდება, რომ მხოლოდ მსხვერპლსა და ტერიტორიულ დანაკარგს არ ვგულისხმობ) რაც ქართულმა არმიამ განიცადა 2008 წლის აგვისტოში, სულ რაღაც ორი-სამი დღის განმავლობაში (თანაც მთელი მსოფლიოს თვალწინ – პირდაპირ ეთერში), ძნელად მოსაძევებელია თვით კაცობრიობის მრავლისმნახველ ისტორიაშიც კი.
        ინგლისური «როიტერის» კორესპონდენტი გორიდან იტყობინებოდა: ქართველი მეომრები ქალაქიდან პანიკურად გარბოდნენ და მოსახლეობასაც მოუწოდებდნენ მათთან ერთად გაქცეულიყო. 100 წლის მოხუცმა ქალმა, ამ სურათის შემხედვარემ მითხრა: არსადაც არ გავიქცევი – რუსების არ მეშინია, მათ ჩვენთვის არასდროს არაფერი დაუშავებიათო.
        ეს კადრები მთელმა მსოფლიომ იხილა.
        ცხინვალსა და გორს შორის ტერიტორიაზე უცხოელი ჟურნალისტებიც და რუსი მეომრებიც პოულობდნენ ათასობით გადაგდებულ ავტომატს, აღჭურვილობას, სამხედრო ფორმასაც კი, რომელსაც პანიკურად გაქცეული ქართველი მეომრები ტოვებდნენ. შესაბამისად, ჩეჩენი საველე მეთაური, საკუთარი ხალხის ჯალათი და გამყიდველი, ნაძირალა იამადაევი რუს ჟურნალისტებს დაცინვით უყვებოდა: «მეგონა ამერიკელების მიერ გაწვრთნილ, ღირსეულ მტერთან გვექნებოდა საქმე, მაგრამ ქართველებმა ფორმა გაიხადეს, იარაღი გადაყარეს და ჩვენი გამოჩენისთანავე ტრუსების ამარა გარბოდნენო».
        გორის ბაზაზე სამხედრო ბრიგადის დროშაც კი დატოვეს გაქცევისას – არათუ სამხედრო ტექნიკა და იარაღი! იგივე მოხდა სენაკის ბაზაზე, სადაც მტერს ათასობით ამერიკული მ-4 დახვდა და რუსული ტელევიზია საათობით ტკბებოდა ამერიკელთა დაცინვით – ამ კურდღლებს თქვენი საამაყო ეროვნული შაშხანა როგორ მიეცითო.
        სენაკის ბაზა კი ორიოდე საათში დაიცალა მას შემდეგ, რაც რუსებმა სენაკის აეროდრომზე ბომბები ჩამოაგდეს. პირველნი, რა თქმა უნდა მესვეურები გაიპარნენ.
        რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ, ანატოლი ნაგოვიცინმა მოსკოვში, პრეს-კონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტ გოგონებს განუცხადა: ამერიკელებმა ქართულ არმიას ჰუმანიტარული დახმარების სახით ტუალეტის ქაღალდი და პარფიუმერია გამოუგზავნეს - ეს სწორედ ისაა, რაც ქართველ მეომრებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათო.
        მძვინვარე ქართველოფობი, გაგრელი სომეხი, ლავრენტი ამშენცი წერდა: კოდორის ხეობაში ქართველი მეომრები, რომლებიც ზღაპრული შეიარაღებით აფხაზურ არმიას ბევრად აღემატებოდნენ, ჩვენდა საბედნიეროდ, კურდღლების ჯოგივით მოიქცნენო.
        რუსეთის სამხედრო ბრიგადის მეთაურმა, ვიაჩესლავ ბორისოვმა (ასლან აბაშიძის დიდმა მეგობარმა) გორის ბრიგადის დათვალიერების შემდეგ რუს და უცხოელ ჟურნალისტებს დაუფარავი შოვინისტური ტკბობით განუცხადა: ქართველებმა არათუ იარაღის მთები დაგვიტოვეს ამ ბაზაზე, არამედ ისე მოკურცხლეს, რომ ჯარის მთავარი სიწმინდე – საბრძოლო დროშაც კი(!!!) არ წაუღიათ. ესე იგი, ამერიკელებმა ყველაფერი უყიდეს – საბრძოლო სულისკვეთების, ნებისყოფისა და ვაჟკაცობის გარდაო.
        თქვენ რას ეტყოდით პასუხად?
        კიდევ კარგი, ქართველ ტელემაყურებლებს იმ დღეებში არ ჰქონდა საშუალება თავად ეხილა, როგორ იღვრებოდა შხამად რუსული ტელევიზია ამ კადრებისა და ისტორიების გადმოცემისას. თუმცა ინტერნეტისა და თანამგზავრული ტელევიზიის ეპოქაში ინფორმაციას რა შეაჩერებს?
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        სწორედ იმ დღეს, როდესაც რუსები იგოეთთან დადგნენ, გორის ცენტრში ოსური ქვედანაყოფი შევიდა ოსური დროშით, ხოლო საქართველოს რეგიონთა გუბერნატორები ამა თუ იმ რუსი გენერლის მძღოლის ფუნქციას ასრულებდნენ, ერთი ნაცნობი მიმტკიცებდა: «ჩვენ გამარჯვებულები ვართო!».
        ისეთი დაბეჯითებით, რწმენით, გულითადობით მიმტკიცებდა, რომ მაშინ პირველად, მთელი ცხოვრების განმავლობაში, შემეპარა ეჭვი საკუთარ ნორმალურობაში: ეჭვმა გამკრა – ეგება მრავალი წელია შიზოფრენიით ვარ დაავადებული და ნორმალურობა მხოლოდ მეჩვენებოდა მეთქი.
        გამოგიტყდებით, იმდღევანდელი მოვლენებით გატეხილსა და დათრგუნულს, ეს ნევროზული ეჭვი კიდევ უფრო გამიძლიერდა, როდესაც დავრწმუნდი, რომ ხსენებული «გამარჯვებული განწყობა» გამონაკლისი სულაც არ იყო. გამონაკლისად უფრო ჩემი განწყობა მეჩვენა.
        თუმცა, როდესაც ამაზე ვფიქრობ, მხსნელ სალბუნად მევლინება ხოლმე ერთი თანამედროვე ქართველი მოაზროვნის სიტყვები, რომ «ჩვენ ვართ პათოლოგიური საზოგადოება!». მისი სახელი და გვარია ედუარდ კოდუა.
        ამ მოსაზრებას ისეთი მადლიერებით ვეკიდები, როგორც სტანისლავ ლემის გენიალური «სოლარისის» გმირი ეკიდებოდა ალბათ იმ მათემატიკური განტოლების ავტორს, რომლის მეშვეობითაც იგი საკუთარ ნორმალურობაში დარწმუნდა.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        იმავე დღეებში, როდესაც რუსეთის ჯარი გორიდან – თბილისისაკენ დაიძრა და დედაქალაქი საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების შიშით ცახცახებდა (ხშირად გაიგონებდი: «როგორც ჩვენ დავანგრიეთ და დავწვით ცხინვალი – ისე»), საბურთალოზე კიდევ ერთი ნაცნობი შემხვდა – იმ კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ძლიერ რომ ღელავს, მაგრამ მხსნელი გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
    -     «რას აპირებ მეთქი» - ვკითხე.
    -      ჩემი თანამშრომელია ერთი – სომეხი - ავლაბარში მასთან შევაფარებ თავს ოჯახთან ერთადო.
    -      მერე და რა? – მეთქი
   -  როგორ თუ «რა»?! - რუსები ავლაბარს არ დაბომბავენ, არ დაწვავენ და არ ააოხრებენ – მათ იციან, რომ იქ სომხები ცხოვრობენ, ხოლო სომხები მათი სტრატეგიული მოკავშირეები არიან კავკასიაში!

         აქვე შევნიშნავ, რომ ეს ჩემი ნაცნობი, ისევე, როგორც თბილისელთა დიდი ნაწილი, მანამდე სომხებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით არ გამოირჩეოდა.
        ამბავი მოგონილი ანეგდოტი არ გეგონოთ: იმ დღეს მერიაში სერიოზულად მსჯელობდნენ თბილისელი სომხებისა და რუსების დელეგაციის ჩამოყალიბებაზე, რომელიც თეთრი დროშებით დახვდებოდა რუსებს სადღაც დიღმის შემოსასვლელთან და ქალაქის დაწვა-დანგრევისაგან თავის შეკავებას შეეხვეწებოდა.
        სწორადაც იქცეოდნენ ამ თადარიგის დაჭერისას, რაკი კარგად იცოდნენ, რომ გორიდან - თავისუფლების მოედნამდე წინააღმდეგობის გამწევი და «მსროლელი» აღარავინ იყო.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        ერთი ამერიკელი სენატორი ჯერ კიდევ 1994 წელს წერდა: «ქართველებმა, როგორც მე ვაკვირდები და რა დასკვნამდეც მივედი, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის მხოლოდ დეკლარირების უნარი გამოამჟღავნეს და არა ამ ღირებულებებისათვის რეალური ბრძოლისა».
        ხშირად გვესმოდა იმ დღეებში «აი, ფინეთმა იბრძოლა 1939 წელს და დღეს აყვავებული, ბედნიერი, თავისუფალი ქვეყანააო».
        კი, რა თქმა უნდა – იმიტომ, რომ იბრძოლა და სისხლი ღვარა.
        მაგრამ ვაი დამარცხებულს!!!
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
   
        განსაკუთრებით ხშირად იმეორებდნენ ამ დღეებში რუსი შოვინისტები ტკბილი სიხარულით დიდი პოეტის სიტყვებს, რომლებმაც სხვა პოემებში უშურველად აღწერა ჩეჩენი ერის უმაგალითო ვაჟკაცობა:
И дикий крик и стон глухой
Промчались в глубине долины –
Недолго продолжался бой:
Бежали робкие грузины!

М.Ю. Лермонтов «Демон»
        საქართველოს «მწერალთა კავშირმა» ამ სიმართლის საწინააღმდეგოდ რომ ვერაფერი გააწყო, 80-იანი წლების შუახანებში ისღა მოახერხა, მცხეთაში დადგმულ ლერმონტოვის ძეგლს მხარზე ეკლესია რატომ უდგასო – შარი მოსდო.
        თვით ძეგლსაც აიღებდნენ, მაგრამ შეეშინდათ – ასტაფიევი და რასპუტინი უეჭველად იტყვიან: ქართველებს ლერმონტოვი ამ მწარე სიტყვებისთვის სძულთო.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
   
        ომის მსვლელობისას, საქართველოში ჩამოსულმა ამერიკელმა სენატორებმა თბილისში გამართულ პრეს – კონფერენციაზე «მხრების აჩეჩვით» გვითხრეს: ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ იმით, რომ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და «სტინგერები» მოგაწოდოთო.
        ამ განცხადებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია – «ჩვენ ხომ ავღანელები და ჩეჩნები არა ვართო».
        კი მაგრამ აბა რა ხარ? თუ არა ხარ, მაშინ ესოდენ უსაშველო ამბიცია რატომ გაქვს?
        რა უნდა ეთქვათ ამის ნაცვლად: «ძვირფასო ქართველებო, თქვენ თითი არ გეტკინოთ, - ამერიკელები ჩამოვლენ და სტინგერებით ისინი იბრძოლებენ, ოღონდ თქვენ არ შეწუხდეთო?».
        არადა, სენატორებმა გვითხრეს ამით, რომ ამერიკელები და ამერიკა მხოლოდ იმას უჭერენ მხარს, ვინც მზად არის გაიღოს მსხვერპლი თავისუფლებისათვის; ვინც იბრძვის და სისხლს ღვრის თავისუფლებისთვის.
        ეს სენატორები, მათი «სტილურობისა» და ელიტურობის მიუხედავად, იმათი შთამომავლები არიან – აი უკვდავ «შესანიშნავ შვიდეულში» რომ აღწერა ჯონ სტერჯესმა.
        გარეგნულად დღეს თითქოს აღარაფრით ჰგვანან, მაგრამ სინამდვილეში, მენტალურად და სოციალურად ისინი მათი წინაპრები იყვნენ. ამდენად მათთვის ბრძოლა, გამარჯვება, თავისუფლება და მსხვერპლი ერთი განუყოფელი მთლიანობაა.
        სხვაგვარი მენტალობა რომ ჰქონოდათ, ამერიკა დღეს ზესახელმწიფო ვერ იქნებოდა და ვერც გლობალურ ღირებულებებს შესთავაზებდა კაცობრიობას – დარჩებოდა პატარა ქვეყნად კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთით – «ახალი ინგლისის» ტერიტორიაზე.
        კაპიტოლიუმში, დარბაზის თავზე ამოტვიფრულია წარწერა «ყველა, ვინც დედამიწის ნებისმიერ წერტილში იბრძვის თავისუფლებისათვის, - იბრძვის ამერიკისათვის!»
        დიახ, მაგრამ «ვინც იბრძვის» და არა სხვას მოუწოდებს, იბრძოლოს მის ნაცვლად.
        «დასავლეთისა და ამერიკისგან უფრო მეტს ველოდითო». კი მაგრამ რას, რომ ამერიკელები, ფრანგები, ინგლისელები ჩამოვიდოდნენ და იბრძოლებდნენ გორთან და სენაკთან ჩვენს ნაცვლად?
        მწარედ ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, ნატოსთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა რომ ასე სწრაფად «ჩამოიშალა» მისი პოტენციური სამხედრო პარტნიორი და ასე იოლად დამარცხდა. ნატოს ისეთი მოკავშირე სჭირდება, რომელიც ორ დღეში არ გაიქცევა.
        დამოუკიდებლობა გვინდაააააა – გვესმის 20 წელია მიტინგებზე.
        კი მაგრამ ოჯახაშენებულო, იბრძოლე მაშინ თუ მართლა გინდა; აბა უბრძოლველად ვინ რას მოგცემს? ვინ რატომ არის ვალდებული შენს ნაცვლად ღვაროს სისხლი?
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
   
        ისე, ხანდახან ვფიქრობ: როგორ გგონიათ, ჩეჩნებს რომ ამდენი იარაღი ჰქონოდათ, ანუ ის იარაღის მთები, მათ შორის უახლესი საარტილერიო სისტემები, ტანკები, ჯავშნოსნები, უახლესი ნაღმსატყორცნები, ტყვია-წამლის თითქმის ულევი მარაგი და ა.შ, რომლებიც რუსებმა, აფხაზებმა და ოსებმა უბრძოლველად წაიღეს სენაკიდან და გორიდან ხითხითით, - როგორ გგონიათ, რამდენ წელს იომებდნენ კიდევ?
        ყოველ შემთხვევაში ომი ორ დღეზე მეტს რომ გაგრძელდებოდა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
   
        თითქოსდა წვრილმანია: ვინ დაარქვა ოპერაციას «წმინდა ველი» მაშინ, როდესაც ეს სახელწოდება რუს «გველ პროპაგანდისტებს» საშუალებას აძლევდა იგი ეთარგმნათ, როგორც «სუფთა ველი» და საქართველოსათვის ეთნოწმენდის მცდელობა დაებრალებინათ?
        ასეთი «წვრილმანები» კიდევ ბევრი შეიძლება გავიხსენოთ, თუმცა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე მსჯელობა ნამდვილად არ ღირს. არ ღირს, რაკი უსაგნოა.
        და მაინც: საოცარი რამ მოვისმინე და წავიკითხე: «როკის გვირაბი რომც აგვეფეთქებინა, რუსები ლარსიდან შემოვიდოდნენო»
        რაო, საიდან შემოვიდოდნენო? ლარსიდან? ხევიდან?!!!
        ძვირფასო მკითხველო, ყაზბეგიდან – ორჯონიკიძეში თუ გიმგზავრიათ? ერთი ვიწრო გზა მიდის ხევში, მანქანები გვერდს ძლივს უქცევენ ერთმანეთს - ცალ მხარეს უფსკრულია, მეორე მხარეს თვალუწვდენელი მთები.
        აქედან შემოვიდოდა ტანკების კოლონა?!!!
        იქ ტანკების შეჩერებას ნაღმმტყორცნებით შეიარაღებული ათი მეომარი ეყოფა – საკმარისია მეწინავე ააფეთქო და . . . . . . . თუ ათი მეომარიც არ მოიძებნა, მაშინ საკმარისო გზა დანაღმო.
        ამას რომ ჯარი ვერ მოახერხებს, ამას რომ მთელი გენერალური შტაბი ვერ მოახერხებს (თვეში ათიათასლარიანი ხელფასებით და განვადებით შეძენილი მერსედესებით) . . . . იქ საერთოდ უაზრობაა ლაპარაკი ყველაფერზე.
        აბსოლუტურად ყველაფერზე!!!

 

 მიხეილ სააკაშვილის მთავარი შეცდომა და ილუზია ის გამოდგა, რომ მას, როგორც ჩანს, გულწრფელად ეგონა – ჯარი ჰყავდა.
        აი, ამ ილუზიაშია მიზეზთა - მიზეზი მისი და ქვეყნის ტრაგედიისა.
        აქ კიდევ ერთი საოცარი ქართული პარადოქსია: უმაღლეს მხედართმთავარ შევარდნაძეს არ სწამდა და არ სჯეროდა საკუთარი არმიისა. და სწორედ ეს აღმოჩნდა მისი «უპირატესობა» სააკაშვილის მიმართ, რაკი ამ ურწმუნობამ და ნიჰილიზმმა იგი სწორ დასკვნამდე მიიყვანა.
        ამ დასკვნის შესაბამისად კი, ქართული არმიის პრობლემა ის არ იყო (როგორც პრეზიდენტ სააკაშვილს ეგონა აბსოლუტურად გულწრფელად), ოფიცერი 67 ლარს მიიღებდა ხელფასად თუ 479 ლარს; ჯარისკაცს მხოლოდ მოხარშული კარტოფილი ექნებოდა საკვებად თუ ქათმის ბარკალი; დახეული ჩექმა ეცმებოდა თუ ამერიკული «ყველგანმავალი»; რუსული «კალაშნიკოვით» იქნებოდა შეიარაღებული თუ ამერიკული «მ-4-ით» . . .
        შევარდნაძე ხვდებოდა, რომ ბრძოლისუნარიანობის პრობლემა უფრო ღრმა და ბევრად უფრო რთულია, ვიდრე არმიის დაფინანსების ზრდა ან თუნდაც ყველაზე თანამედროვე იარაღის შეძენაა.
        შესაბამისად, ისეთ შეცდომას, როგორიც სააკაშვილმა 7 აგვისტოს დაუშვა, ედუარდ შევარდნაძე (რომელიც პიროვნულად მშიშარა და მხდალი ნამდვილად არ ყოფილა) არაფრის დიდებით არ დაუშვებდა, რაკი მას, როგორც მხედართმთავარს, საკუთარი არმიის შესაძლებლობებისა არ სწამდა და არ სჯეროდა!
        ზოგადად, ეს ედუარდ შევარდნაძის ყველაზე დიდი უპირატესობა იყო ნებისმიერ მის ოპონენტთან შედარებით, ვისთანაც კი ძალაუფლებისათვის ბრძოლის პროცესში საქმე ჰქონია: იგი შესანიშნავად იცნობდა თავისი ერის თვისებებსა და შესაძლებლობებს და ამასთან დაკავშირებით (განსხვავებით იმავე გამსახურდიასა და სააკაშვილისაგან) არანაირი ილუზია არასდროს ჰქონია.
        იგივე «უძრაობის ხანა», რომელშიც 1995 წლიდან შევარდნაძემ ქვეყანა შეიყვანა, ყველაზე ზუსტად ესადაგებოდა ქართველის «თათქარიძეულ» მენტალობას. ანუ შევარდნაძე მიხვდა იმას, რასაც ვერ მიხვდა ვერავინ სხვა. მათ შორის მიხეილ სააკაშვილი: არაფერი, გარდა სტაბილურობის და სიმშვიდისა ქართველს არ აინტერესებდა სინამდვილეში (!) - სიტყვითა და «ლაპარაკით» მაღალი იდეალებისათვის რაოდენ თავგადაკლული მებრძოლიც არ უნდა ყოფილიყო.

    შევარდნაძე არმიაზე 60 მილიონ ლარსაც არ ხარჯავდა, ჩვენ კი მილიარდები დავხარჯეთო .
        მერედა რა – ამით?
        ის მილიარდები რომ ქვეყნის ეკონომიკას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარებოდა – დღეს საქართველო ამ თვალსაზრისით უკვე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების დონეზე იქნებოდა.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  -

        საოცარი რამ ამოვიკითხე ერთ-ერთ თბილისურ გამოცემაში. ომის დროს, თბილისში, თავდაცვის მინისტრი მისულა ბრძოლის ველიდან . . . . . წამოსული ერთ-ერთი სპეცდანიშნულების რაზმის დისლოკაციის ადგილზე და რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ დივერსიების განხორციელება უბრძანებია. მათ კი უპასუხიათ „განვახორციელებთ, თუ იქ უსაფრთხოების გარანტიები გვექნებაო!!!“. როგორია? ნორმალური ადამიანი ამას იოლად არ დაიჯერებს, ამიტომ მკითხველს ვთავაზობ ლინკს: კვირის პალიტრა № 45 10-16 ნოემბერი 2008 წელი.

    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- -  - - -

         ქართველ ჯარისკაცთა უმრავლესობას ბანკებიდან კრედიტი ჰქონდა აღებული სოფლად სახლის ასაშენებლად ან მცირე ბიზნესის დასაწყებად ანუ ამ კრედიტის დასაფარად მსახურობდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ფსიქოლოგიური განწყობა მხოლოდ იმ მოტივაციისთვისაა საკმარისი, რათა ყაზარმაში დაიძინოს და წელიწადში ორჯერ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობდეს ან წელიწადში ერთხელ - აღლუმში. ყველაზე დიდი,  - ერაყის შედარებით უსაფრრთხო რეგიონში იმსახუროს. მაგრამ ესაა მაქსიმუმი. ამ ფსიქოლოგიური განწყობისა და მოტივაციის ჯარისკაცი კი თავს ნამდვილად არ გაწირავდა. მის ბრძოლისუნარიანობაზე, უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ არმია უპირველესად სულისკვეთებაა და მხოლოდ ამის შემდეგ, ყველაფერი დანარჩენი - მატერიალურიცა და ინტელექტუალურიც.

 - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

         ქართულ საზოგადოებას დღემდე არა აქვს გაცნობიერებული, რა მოხდა 2008 წელს საქართველოში.
        2008 წლის 12 აგვისტოს საბოლოოდ დასრულდა და სავსებით ლოგიკური, თანმიმდევრული გამოხატულება ჰპოვა პროცესმა, რომელიც 1988 წლის 23 ნოემბერს დაიწყო – პირველი მასობრივი აქციით რუსთაველზე - «მთავრობის სასახლესთან».
        ეს იყო «ეროვნულ მოძრაობად» წოდებული (ჩემი ღრმა რწმენით კი ეროვნულ-გამანადგურებელი მოძრაობის!) საბოლოო შედეგი, რომელმაც არა მხოლოდ სამუდამოდ დააკარგვინა საქართველოს მისი ეთნოდემოგრაფიული სივრცის კიდევ ერთი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი – საქართველოს გულში, - საიდანაც ქართველები სამუდამოდ გამოაძევეს და ქართული კერა უკვალოდ მოაოხრეს, - არამედ ისეთი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ეროვნულ ცნობიერებას, ეროვნულ მეობას, თავმოყვარეობას, მაშასადამე, თვით ქართულ იდენტობას, რომ საერთოეროვნული ცნობიერების მატრიცაც კი ეჭვს ქვეშ დგება უკვე.
        რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მიხეილ სააკაშვილის «ტაქტიკურ შეცდომებზე», კონკრეტულად 7-8 აგვისტოს ომის დაწყების მიზეზებზე, გარემოებებზე, სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ ფაქტორებზე, სინამდვილეში ერთი უეჭველია: მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, 2004 წლიდან მოქმედებდნენ იმ პარადიგმის ჩარჩოებში, რომელიც «ეროვნულმა მოძრაობამ» ჩამოაყალიბა 1988 წლიდან და გულისხმობდა სრულ უკომპრომისობას (თანაც უძლურ, უმწეო, უღონო და უუნარო უკომპრომისობას) რამდენიმე ძირითად პოსტულატში.
        მათ შორის უმთავრესში: ერთიანი და განუყოფელი, იმავდროულად რუსეთისაგან დამოუკიდებელი საქართველო – დასავლეთის პიონერი და ფორპოსტი კავკასიაში!
        თანაც ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით რაიმე კომპრომისის კატეგორიული, ულაპარაკო გამორიცხვით!!!
        ანუ, არა მხოლოდ დასავლეთი, არა მხოლოდ რუსეთისაგან მოწყვეტა, არამედ ისე, რომ არც ერთი გოჯი მიწისა არ დავთმოთ და მთლიანობაც სრულად შევინარჩუნოთ.

        ამგვარი მაქსიმალიზმის შედეგად კი, ვაითუ ერთიც დავკარგეთ და მეორეც.
        ქვეყნის რეალური შესაძლებლობებისა და რეგიონში ძალთა ობიექტური განლაგების გათვალისწინებით, ეს «მეინსტრიმი», რომელსაც პირობითად «9 აპრილის კურსი» შეიძლება ვუწოდოთ და რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა, სხვადასხვა ტაქტიკით, სამივე პრეზიდენტი, ადრე თუ გვიან უეჭველად მიიყვანდა ქვეყანას იმ შედეგამდე, რომლამდეც მიიყვანა 2008 წელს..
        სინამდვილეში, დანაშაულებრივად ავანტიურისტული და უპასუხისმგებლო იყო არა სააკაშვილის ტაქტიკა, არამედ «ეროვნული მოძრაობის» სტრატეგია და ამ სტრატეგიის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილისთვის «ოსეთის დაკარგვის» გადაბრალება ისევე არ გამოვა, როგორც შევარდნაძისთვის – აფხაზეთის დაკარგვისა.
        ორივე ეს რეგიონი დაიკარგა იმ კურსის, იმ პარადიგმის, იმ პოლიტიკური «მეინსტრიმისა» და სტრატეგიის წყალობით, რომელიც შექმნა არა ამა თუ იმ პრეზიდენტმა, არამედ მთლიანობაში ე.წ. «ეროვნულმა მოძრაობამ» 1988-1993 წლებში და რომელიც, ყველაფერთან ერთად გულისხმობდა, რომ სწორედ საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის მთავარი მეტოქე და «მოპაექრე».
        განურჩევლად ტაქტიკისა – საბოლოო შედეგი იქნებოდა იდენტური.
        მაგალითად, 1992-2003 წლებში შევარდნაძე «სამხრეთ ოსეთთან» დაკავშირებით სულ სხვა ტაქტიკით მოქმედებდა და კონფლიქტიც «გაყინულ» მდგომარეობაში იმყოფებოდა. მაგრამ ამ ტაქტიკამ სტრატეგიული შედეგის გარდაუვალობა მხოლოდ გადაავადა, რაკი შევარდნაძის ტაქტიკა თვით სტრატეგიის ცვლას არ გულისხმობდა და ვერც იგულისხმებდა.
        სრულიად ფუჭია ახლა საუბარი იმაზე, რომ «7 აგვისტოს შეტევა არ უნდა დაწყებულიყო», «პროვოკაციაზე არ უნდა წამოვგებულიყავით» და ასე შემდეგ. ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია! ვიმეორებ: იმ კურსის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ტარდებოდა რუსეთის მიმართ 1988 წლიდან – ტრაგედია და საბოლოო კრახი იყო აბსოლუტურად გარდაუვალი! გავიხსენოთ, როდის დაიწყო რუსეთმა აფხაზეთში პასპორტების დარიგება? როდის გამოაგზავნა ცხინვალში ფანატიკოსი კოკოითი, ნაცვლად შედარებით ზომიერი ჩიბიროვისა? როდის გახსნა მთლიანად საზღვარი აფხაზეთთან და დაიწყო ორივე რეგიონის სრული ეკონომიკური ინკორპორირება? – მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძემ (არა სააკაშვილმა, არამედ სწორედ შევარდნაძემ), 2000 წელს, გამომდინარე «ეროვნული მოძრაობის» სტრატეგიიდან, ღიად განაცხადა, რომ «2005 წელს საქართველო ნატოს კარებზე დააკაკუნებს».
        ხოლო  გამანადგურებელი დარტყმა რუსეთმა მოგვაყენა სწორედ მაშინ, როდესაც სამხრეთ კავკასიაში რეალურად დაიწყო ძალთა თანაფარდობის შეცვლა – საქართველოს ეკონომიკური გაძლიერების და რეგიონისადმი დასავლეთის ინტერესის ზრდის კვალობაზე.
        ბუნებრივია იგი არ დაელოდებოდა იმ ვითარებას, როდესაც ეს ფაქტორები იმდენად შეცვლიდნენ ამ განლაგებას, რომ შემდეგ საქართველოზე დარტყმა უკვე შეუძლებელი გახდებოდა.
        კრემლმა ზუსტად შეარჩია დრო არა მხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული თვალსაზრისით.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        მაგალითად, მივყვეთ სააკაშვილის ოპონენტთა არგუმენტაციას და გავაანალიზოთ ეს «ლოგიკური ჯაჭვი»:
        პრეზიდენტ სააკაშვილის შეცდომა ის ყოფილა (თურმე), რომ ცხინვალის ომში «თავი ჩაათრევინა» რუსეთს.
        მერედა, მოდით ვიკითხოთ: რა გზით შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება? მხოლოდ ერთი გზით: თუ საქართველო შეურიგდებოდა «სამხრეთ ოსეთში» 2004 წლისათვის ჩამოყალიბებულ სტატუს-ქვოს, არ გააუქმებდა ერგნეთის ბაზრობას, არ შეწყვეტდა მუშაობას ე.წ. «შერეული საკონტროლო კომისიის» ფარგლებში, არ შეეცდებოდა სარაბუკისა და სხვა სიმაღლეებზე კონტროლის დამყარებას ანუ სამხედრო უპირატესობის მოპოვებას, არ შექმნიდა სანაკოევის ადმინისტრაციას, არ გაიყვანდა შემოვლით გზებს და ა.შ. და ა.შ.
        ერთი სიტყვით, ყველაფერს დატოვებდა ისევე, როგორც იყო 90-იან წლებში, როცა კონფლიქტის ზონაში იდილიური მშვიდობა სუფევდა, ოსი და ქართველი კონტრაბანდისტები ტკბილად ეხვეოდნენ ერთმანეთს და საქართველოს ეკონომიკის ნგრევით გემრიელად იკვებებოდნენ.
        ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ომი არ იქნებოდა, მაგრამ რეალურად ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველო უნდა შერიგებოდა «ოსური დესტაბილიზატორის» დატოვებას «გაყინული კონფლიქტის» მდგომარეობაში.
        «მერედა შერიგებოდა – რა მოხდებოდაო»!!!
        კი მაგრამ აბა დასავლური ორიენტაცია, აბა ნატო, აბა ევროკავშირი? ვინ მიიღებდა ნატოში ქვეყანას, რომელსაც «გაყინული კონფლიქტი» აქვს ქვეყნის შუაგულში? ხომ გვითხრეს ბუქარესტის სამიტზე, რომ სანამ კონფლიქტები არ გადაწყდება, მანამ «გზამკვლევსაც» კი ვერ მივიღებდით?! აბა «არშემდგარი სახელმწიფოს» იმიჯი, რომელიც საკუთარი ტერიტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილებს ვერ აკონტროლებს? და რომელსაც საზღვარი (სახელმწიფოებრიობის უპირველესი ნიშან-თვისება) არ გააჩნია?! 

            სინამდვილეში, პატიოსანი პასუხი კითხვაზე: «შეეძლო თუ არა საქართველოს ამ ომის თავიდან აცილება?» არის შემდეგი: რა თქმა უნდა შეეძლო! მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მოითხოვდა ქვეყნიდან რუსეთის ბაზებისა და სამშვიდობო ძალების გაყვანას; არ შექმნიდა სანაკოევის «ალტერნატიულ ადმინისტრაციას» და არ შეეცდებოდა 1992 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული სტატუს-კვოს დარღვევას; დემონსტრაციულად არ გამოვიდოდა «დსთ»-ს თავდაცვითი სტრუქტურებიდან; არ მიმართავდა ნატო-ს ოფიციალური(!) წერილით «მაპ»-ის თაობაზე (სხვათა შორის, ეს წერილი მხოლოდ 2007-2008 წლით თარიღდება, რაც ცოტამ თუ იცის); არ იბრძოლებდა ნატოში საქართველოს წევრობის მომხრეთა რიცხვის გასაზრდელად; ხელს მოუწერდა რუსეთს ყველა იმ შეთანხმებაზე («ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი», თავდაუსხმელობა, მესამე ქვეყნის ჯართა განლაგების კონსტიტუციური აკრძალვა), რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხედრო-სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვის პრეროგატივებს დაადასტურებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მოსკოვს არანაირი «რეზონი» არ ექნებოდა საქართველო ომში ჩაეთრია, რაც მისთვის (მოტივის არსებობის პირობებში) მხოლოდ «ტექნიკის საქმე» იყო:
        რაკი რუსეთს საქართველოში ომის პროვოცირება სჭირდებოდა, ჩვენს ხელისუფლებას  7-8 აგვისტოს შეტევის ბრძანება რომც არ გაეცა, ოსი სეპარატისტები და მათი მხარდამჭერი რუსული სპეცდანიშნულების რაზმები, მშვიდობიანი მოსახლეობისაგან წინასწარ სპეციალურად დაცლილი(!) ცხინვალიდან, დღეების, კვირეების განმავლობაში გააგრძელებდნენ ავნევის, თამარაშენის, კეხვის, ტყვიავის, ნიქოზის და სხვა ქართული სოფლების მიზანმიმართულ, მონოტონურ, განუწყვეტელ დაბომბვას მანამ, სანამ ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას არ მიაღწევდნენ ანუ ქართული მხარეს არ აიძულებდნენ განეხორციელებინა შეტევა (ან თუნდაც მხოლოდ მასირებული დაბომბვა) ცხინვალში საცეცხლე წერტილების ჩასახშობად.
          სხვაგვარად თუ ვიტყვით, თუ რუსეთს ექნებოდა მოტივი და მიზეზი (რეზონი), საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო მისთვის ხელსაყრელ (და ჩვენთვის არახელსაყრელ) დროს, მისთვის ხელსაყრელ (და ჩვენთვის არახელსაყრელ) პირობებზე ომში ჩაეთრია, იგი ამას უეჭველად მაინც მოახერხებდა და მიაღწევდა.
        მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც დასავლეთი ერთის მხრივ ნატოს წევრობას გვპირდებოდა და ამით «დათვს» აცოფებდა, ხოლო მეორეს მხრივ თითს - თითზე არ აკარებდა, რათა ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პროვოკაციის გამოსარიცხად რეალური მექანიზმები შეექმნა – ეუთოს სიმბოლური მონაწილეობის მაგიერ.
        ხოლო მიზეზების ნაცვლად შედეგებზე «კითხვების» დასმა უბრალოდ დემაგოგიაა და სხვა არაფერი.
        მაშასადამე, ამ ლოგიკური ჯაჭვიდან «შუა რგოლების» ამოგდება არ გამოვა: 8 აგვისტოს, ხელისუფლება უდიდესი ოსტატობით მოწყობილ პროვოკაციას რომც არ წამოგებოდა, - საქართველოს რადიკალური, გამომწვევი, აშკარა, დემონსტრაციული კურსი (1988 წლიდან აღებული) - დასავლურ სტრუქტურებში, ნატოში ინტეგრაციისა და რუსეთის სივრციდან მოწყვეტისკენ, მოსკოვთან ღია და საჯარო(!) დაპირისპირებისკენ აუცილებლად გამოიწვევდა იმას, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან ამ «ნაღმს» მაინც აგვიფეთქებდა და კონფლიქტს «გაყინული სტადიიდან» - «სრულმაშტაბურ ომში» გადაზრდიდა.
        ეს მით უმეტეს გარდაუვალი იყო «ვარდების რევოლუციის» შემდეგ. თუმცა ამაზე ქვემოთ.

        მაგრამ ამ დილემის აღიარება არ სურთ. ჯიუტად მისდევენ ისევ იმ ჩლუნგ პარადიგმას, რომ საქართველოს (მათი აზრით) შეეძლო ერთდროულად დამოუკიდებლობაც მოეპოვებინა და, თანაც, ტერიტორიის მისხალი არ უნდა დაეკარგა!
        არადა, მაგალითად, ჩეხეთი ნატოში და ევროკავშირში მიიღეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ პირველმა სცნო სლოვაკიის დამოუკიდებლობა. ამით თავადაც მოისვენა და სხვაც მოასვენა.
        ყველაფერს ამქვეყნად აქვს თავისი ფასი. მათ შორის დამოუკიდებლობასაც!
        კონფლიქტის თავიდან აცილება, მისი გადავადება, შესაძლებელი იყო 90-იანი წლების ტაქტიკით და შევარდნაძისეული ოსტატური «ბალანსირებით», რაც, საბოლოო მიზნის მიღწევის თვალსაზრისით ქვეყანას არანაირ პერსპექტივას არ უქადდა სინამდვილეში;
        მაგრამ შევარდნაძე ომს თავიდან იცილებდა რაღაცნაირად ისე, რომ იმავდროულად დასავლურ ორიენტაციაზე დეკლარირებულად მაინც(!) უარს არ ამბობდა.
        ოღონდ ამისთვის შევარდნაძის ეშმაკობა, მოხერხება და ოსტატობა იყო საჭირო – ახლა მაინც ხომ ცხადია.
        - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - -

        «ეს შეცდომა დაუშვა ის შეცდომა დაუშვაო» – საზარელ მარცხს ისევ და ისევ კონკრეტული გადაწყვეტილებებით ხსნიან, რომელიც აგვისტოში მიიღო პრეზიდენტმა.
        არადა ის რაც მოხდა, სწორედ გრძელვადიანი პოლიტიკის შედეგი იყო. თანაც იმ პოლიტიკისა, რომელიც სააკაშვილს არ დაუწყია და მას არ შეუმუშავებია.
        გამოდის, მისი მთავარი შეცდომა (ისევე, როგორც მთელი საზოგადოებისა) 1993 წლის შემდეგ ჩამოყალიბებულ რეალობასთან შეურიგებლობა იყო.
        პოლიტიკა ხომ მართლაც ჭადრაკის დაფას ჰგავს? თუ მოწინააღმდეგეს ლაზიერი ჰყავს და შენ მხოლოდ პაიკები, უეჭველად წააგებ.
        ჩემი წიგნის რეცენზირებისას პროფესორმა ალექსანდრე ბენდიანიშვილმა «ნიჰილიზმსა და კაპიტულანტობაში» დამდო ბრალი ჯერ კიდევ ოსეთის ომის დაწყებამდე.
        არადა, რატომ არის «კაპიტულანტობა» და «ნიჰილიზმი» რეალობის აღიარება - მისთვის თვალის გასწორება?
        ჯიუტად «თვალისგაუსწორებლები» ბეწვზე გადარჩნენ, რომ რუსულმა თვითმავალმა ქვემეხებმა, სტრატეგიულმა ავიაციამ და საშუალო სიშორის რაკეტებმა თბილისი (ვაკე-ვერა-საბურთალო) არ მოაოხრეს, თორემ იმ უბედურებს, ვინც გორში, კეხვსა და ნიქოზში ჩაიხოცა – უკვე აღარაფერი ეშველებათ.
        ისინი კი უსწორებდნენ რეალობას თვალს და იმთავითვე გუმანით გრძნობდნენ, ეჭვობდნენ, შიშობდნენ რაც ელოდათ, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერაფერს წყვეტდნენ 1988 წლიდან დაწყებული.

როგორ

        1992 წლის 24 ივნისს, სოჭთან - დაგომისში, შევარდნაძემ და ელცინმა ხელი მოაწერეს უვადო ხელშეკრულებას «სამხრეთ ოსეთის» შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტის თაობაზე.
        ამით კრემლმა ეს პრობლემა «გაყინული კონფლიქტის» მდგომარეობაში გადაიყვანა, ანუ საქართველოს ახლადშობილი «დამოუკიდებელი სახელმწიფოს» სხეულში ჩადო მართვადი ბომბი – იგივე «დესტაბილიზატორი», რომელსაც მდგომარეობის სამი სტადია ჰქონდა: «გაყინული კონფლიქტი» «მცირე ინტენსივობის ომი» და «სრულმაშტაბური ომი». ანუ, ბოლო სტადიაზე, ნაღმის სრული აფეთქება.
        ამასთანავე, ხსენებული «დესტაბილიზატორი» რუსეთისათვის იმ ერთობ საჭირო და სასარგებლო საქმესაც აკეთებდა, რომ «ერგნეთის» ხვრელიდან წამოსული კონტრაბანდის ნიაღვარი მთელი ათწლეულის განმავლობაში ქართულ სახელმწიფოს კონსოლიდაციისა და ფეხზე დადგომის საშუალებას არ აძლევდა.
        ეს მრისხანე ბომბი ამ 16 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ წიკწიკებდა – მშვიდად, მეთოდურად, ყურადღების მომადუნებლად, მიმაჩვევად . . . იმავდროულად განუხრელად და უწყვეტად.
        ქართული საზოგადოებაც და ე.წ. «პოლიტიკური ელიტაც» (სწორედ მისი უნიჭობის, უგუნურებისა და ინფანტილიზმის გამო) ამ მშვიდ წიკწიკს მიეჩვია – ყურადღებასაც აღარ აქცევდა – ამ 16 წლის განმავლობაში იყო ეპოქები, როდესაც ეს პრობლემა საერთოდ აღარავის ახსოვდა – აღარც ვინმე საუბრობდა ამაზე და პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების «დღის წესრიგში» ხომ საერთოდ აღარ იდგა.
        აი, წარმოიდგინეთ, სახლში რომ დიდი საათი გაქვთ და უწყვეტად წიკწიკებს, მაგრამ ყური ეჩვევა და აღარც გესმით – სწორედ ისე წიკწიკებდა. . . . და ისევე, როგორც კედლის საათის შემთხვევაში – სპეციალურად უნდა მიაყურადო, - მოინდომო გაგონება და მაშინვე გაიგონებ მიჩვეულსა და დავიწყებულ, მომაბეზრებელ წიკწიკს.
        «სამხრეთ ოსეთის» ბომბი წიკწიკებდა აფხაზეთის ომის დროს, ომისშემდგომ პერიოდებშიც; 1995 წლის საარჩევნო კამპანიისას, 1995-1998 წლების მშვიდ ეპოქაშიც, 1999-2000 წლების ბობოქარი საარჩევნო ციკლის დროს, შემდეგ ე.წ. «ვარდების რევოლუციის» მომწიფებისას, «რუსთავი ორის» ზეობისას, რევოლუციის დროსაც, შემდგომაც . . . . .
        მაგრამ როგორც კი ახალმა, რევოლუციურმა ხელისუფლებამ, 2004 წელს, მას ხელი შეახო (მაშინ დიდწილად მხოლოდ გამანადგურებელი კონტრაბანდის შეჩერების მოტივით) რუსეთმა მშვიდად «მოწიკწიკე» ბომბი უმალვე გადაიყვანა გამაფრთხილებელ, ანუ «მცირე ინტენსივობის ომის» სტადიაში.
        ხოლო 2008 წლის აგვისტოში., ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ქვეყნის სახელმწიფოებრივი სხეულიდან ამ ბომბის სრული ამოღება გადაწყვიტა (რათა მას ნატოში შესვლა ვეღარ შეეფერხებინა), - დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, საკუთარ შესაძლებლობათა გაუთვლელად, «მამაცურად», «რადიკალურად», «რევოლუციურად», ჩვეული რისკიანობით სტაცა ხელი და . . . . ბომბიც აფეთქდა.
        აფეთქდა გამანადგურებელი შედეგით!
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        ომამდე რამდენიმე თვით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ არც ჩვენ გამოვრიცხავთ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» აღიარებას, მაგრამ არ ვაპირებთ ისევე სწორხაზოვნად ვიმოქმედოთ, როგორც დასავლეთი მოქმედებდაო კოსოვოსა და სერბეთის შემთხვევაში».
        საკვანძო სიტყვა აქ «სწორხაზოვნებაა».
        პუტინი გულისხმობდა, რომ დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა მაშინ სცნო, როდესაც ამ რეგიონში მშვიდობა სუფევდა და არანაირი ომი არ ყოფილა.
        რუსეთს კი სჭირდებოდა იმის დაფიქსირება, რომ საქართველომ წამოიწყო აგრესია და რუსეთის გადაწყვეტილება (ყოფილ ავტონომიათა დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ) იყო პასუხი ამ აგრესიაზე. ანუ კრემლს აუცილებლად სჭირდებოდა იმ რეალობის შექმნა, რომ ომი სწორედ საქართველომ დაიწყო.
        რუსეთის მოტივი (თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით აქვე) იმაში მდგომარეობდა, რომ მას არ აძლევდა ხელს სამხრეთ კავკასიაში (ანუ ჩრდილოეთ კავკასიის მოსაზღვრე რეგიონში) სრულფასოვანი, მთლიანობაში წარმატებული, სტაბილური, ერთიანი, «შემდგარი» სახელმწიფოს არსებობა, ვინაიდან ასეთი სახელმწიფო (მით უმეტეს, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების პრეტენზიისა და შანსის მქონე) აუცილებლად შეუქმნიდა მას პრობლემებსა და მუდმივ თავის ტკივილს ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც რუსეთის «მზის წნულია».
        ეს იყო რუსეთის სტრატეგიული მოტივი, რატომაც არ აძლევდა მას ხელს საქართველოს წარმატება და წარმატებულობა.
        ზესახელმწიფოს ამ მოტივს დაემთხვა ოსების «პატარა ინტერესი» (პოლიტიკა ხომ ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა) – გაეწმინდათ «სამხრეთ ოსეთი» ქართული მოსახლეობისაგან და გაევრცელებინათ იურისდიქცია ახალგორის რაიონზე, რომელიც მუდამ «ოსეთის» განუყოფელ ნაწილად მიაჩნდათ.
        ოღონდ (ვიმეორებ) «აუცილებელი იყო» იმის დაფიქსირება, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
        ამაში მათ ქართული გენერალიტეტის მოქმედებაც უწყობდა ხელს.
        რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ქართველმა სამხედროებმა, რომ მათ «არაფერი უღონიათ პროვოცირებისთვის» – ხომ კარგად გვახსოვს ყველას ზაფხულის მოვლენათა ჯაჭვი: ცხინვალში ქართველი ჯარისკაცების დაჩოქების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის, ნოდარ ბიბილოვის აფეთქება საკუთარ ეზოში; დიმიტრი სანაკოევზე თავდასხმა; ოსების მიერ შემოვლით გზაზე ქართველი პოლიციელების მანქანის აფეთქება; შემდეგ ექვსი ოსი «ბოევიკის» ლიკვიდაცია სნაიპერების მიერ და, ბოლოს, სარაბუკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლის დაკავება, იქ საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობა, რასაც ოსები და რუსები არაფრის დიდებით არ შეურიგდებოდნენ. . . . . .
        ერთადერთი მოთხოვნა, რასაც მოსკოვი კოკოითს უყენებდა, იყო შემდეგი: აუცილებლად უნდა ეცადათ დაფიქსირება, რომ ომი სწორედ საქართველომ დაიწყო!
        ამ მიზნით, ოსურმა მხარემ განახორციელა შემდეგი ოპერაცია: ჯერ მთლიანად გაიყვანეს ცხინვალისა და ყორნისის რაიონებიდან, აგრეთვე ქალაქ ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობა (ყველა, - «ბოევიკების» და, რასაკვირველია, ქართველების გარდა) შემდეგ კი, დაახლოებით 3-4 აგვისტოდან, დაიწყეს ქართული სოფლების მეთოდური დაბომბვა.
        განსაკუთრებით თვით ცხინვალში არსებული საცეცხლე წერტილებიდან. მათ იცოდნენ, რომ ქართულ მხარეს ადრე თუ გვიან «სული წასძლევდა», მოთმინება არ ეყოფოდა და აჰყვებოდა იმ ილუზიას, რომ შეძლებდა პრობლემის ძალისმიერი გზით, ერთი დარტყმით გადაჭრას.
        თანაც, ოსებს სჭირდებოდათ არა უბრალოდ საპასუხო ცეცხლი ქართული მხრიდან, არამედ შეტევა ცხინვალზე! რატომ? იმიტომ, რომ ომის ინიციატორად ითვლება არა ის მხარე, რომელმაც პირველმა გახსნა ცეცხლი, არამედ ის, რომელმაც პირველმა განახორციელა არსებითი მცდელობა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისა!!!
        თამარაშენის დაბომბვა ამგვარ მცდელობად არ აღიქმებოდა – ასეთი არსებითი მცდელობა იქნებოდა ცხინვალის აღება ქართული არმიის მიერ!
        სწორედ ამის დაფიქსირება სჭირდებოდათ და უნდოდათ: ვისაც არ უნდა გაეხსნა ცეცხლი პირველს, სწორედ ქართულმა მხარემ, პირველმა, განახორციელა არსებითი მცდელობა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრისა, რაკი თავდაპირველად ქართულმა ჯარმა აიღო ცხინვალი და არა რუსულ-ოსურმა – თამარაშენი.
        ამ რეალობის დაფიქსირება, საუბედუროდ, შეძლეს არა მხოლოდ რუსულ, არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ თვით ქართულ საზოგადოებაშიც კი! ასიდან 99 ქართველი გეტყოდათ იმ დღეებში: «ჩვენებმა სცადეს ქვეყნის მთლიანობა ერთი დარტყმით აღედგინათ, ცხინვალიც კი ავიღეთ, მარა მერე . . . . «
        თანაც დავაკვირდეთ რა გველური ეშმაკობით იყო ეს მოფიქრებული: ევროპელი და ევროამერიკელი (ან იგივე რუსი) ობივატელისთვის, რომელიც თბილ და მყუდრო ბინაში, მშვიდ ქალაქში ცხოვრობს, ხომ შემაძრწუნებელია ამის მოსმენა: «. . . . . ქალაქის დაბომბვა, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა . . .» და ა.შ.
        მას არავინ ეტყოდა და ამას არც (ვერც) გაითვალისწინებდა ემოციური აღქმისას, რომ სეპარატისტებმა ქვეწარმავლური ეშმაკობით წინასწარ ის ქალაქი მთლიანად დაცალეს მშვიდობიანი მოსახლეობისაგან, რომ ნაღმსატყორცნები პირდაპირ მრავალსართულიანის სახლების სახურავზე ედგათ და ასე შემდეგ.
        მთავარი ისაა, რომ ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა: ომი დაიწყო ქართულმა მხარემ, რადგან განურჩევლად იმისა, თავდაპირველად ვინ გახსნა ცეცხლი, ვინ დაიწყო დაბომბვები, სწორედ ქართულმა მხარემ განახორციელა პირველმა არსებითი მცდელობა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრისა იმით, რომ აიღო ცხინვალი!
        ამ გეგმით ოსებს ცხინვალის დათმობა (ოღონდ დროებითი და «ბრძოლით დათმობა» რასაკვირველია) წინასწარ ჰქონდათ განზრახული. ძირითადი ძალები მათ ჯავაში ჰყავდათ კონცენტრირებული და (აქვე ვიტყვი) მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ეს ჩვენი ჯარი შეძლებდა (რუსული ქვედანაყოფები სახმელეთო ბრძოლებში საერთოდაც რომ არ ჩარეულიყვნენ) ჯავის აღებას და იქ კონცენტრირებული 3 000 - მდე სამხრეთელი და ჩრდილოელი ოსი ბოევიკის განადგურებას.
        რუსეთს ნამდვილად შეეძლო (თუმცა ეს დროში შედარებით გაიწელებოდა) თავად აშკარად არ ჩარეულიყო და, ისევე, როგორც აფხაზეთის ომის დროს, «სცენის მიღმა» ემოქმედა – შედეგი კი ანალოგიური მიეღო.
        მაგრამ მას ამჯერად აუცილებლად სჭირდებოდა აშკარა და პირდაპირი ჩარევა, რათა შემდეგ «სამხრეთ ოსეთისა» და «აფხაზეთის» დამოუკიდებლობა ეცნო (სამხედრო ნეიტრალიტეტის შემთხვევაში ამას ვერ შეძლებდა) და ამით საქართველო ექცია მუდმივ ხეიბარ, ტერიტორიებოკუპირებულ სახელმწიფოდ, რომლის ნატოში და ევროკავშირში სრულფასოვან წევრად მიღება (თუნდაც 50 წლის შემდეგ) აბსოლუტურად გამორიცხულია.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - --
       

        როდესაც საბედისწერო გადაწყვეტილების ახსნას ცდილობდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ «სამხედროები სულ მთავაზობდნენ, სულ მოითხოვდნენ, მათთვის საპასუხო ცეცხლის სრული ძალით გახსნის ნებართვა მიმეცა . . . . .».
        როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს, ოს სეპარატისტთა თავხედური მოქმედებებისა და ავნევში რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, ამ მოთხოვნებმა მიზანმიმართულად დაჟინებული ხასიათი შეიძინა: «ბატონო უმაღლესო მხედართმთავარო, - როდემდე უნდა ვითმინით? ჯარისკაცები და ოფიცრები გვეღუპება!!!»
        ეს ზუსტად ასეც იყო გათვლილი გველური გეგმით, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს ლაბორატორიებში შეიმუშავეს საუკეთესო სამხედრო სპეციალისტთა, ანალიტიკოსთა და ეთნოფსიქოლოგთა მონაწილეობით: ქართულ მხარეს მოთმინება და კეთილგონიერება სულ რამდენიმე საათს ეყო, მაგრამ უფრო დიდხანსაც რომ ჰყოფნოდა, ცხინვალიდან ქართული სოფლების დაბომბვა გაგრძელდებოდა მეთოდურად, მიზანმიმართულად, მონოტონურად, დაჟინებით, უწყვეტად - საათების, კვირეების განმავლობაში – იმ გათვლით, რომ ბოლოს და ბოლოს, სადღაც აგვისტოს მიწურულისთვის მაინც, ემოციურ ქართველთა მოთმინების ძაფი გაწყდებოდა.
        არადა, იგი სულ ორიოდე საათში გაწყდა.
        თუ არ გაწყდებოდა – აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის შუა რიცხვებისათვის რუსები ამ «კაზუს ბელის» გარეშეც დაიწყებდნენ ომს და თავიანთ აგრესიას «საქართველოს პროვოკაციების» პასუხად გამოაცხადებდნენ – ცხინვალი საერთოდაც რომ არ დაბომბილიყო, ერთი-ორ რუს სამშვიდობოს მკვდრად გამოაცხადებდნენ და ასე შემდეგ;
        მაგრამ კვლავ და კვლავ ვიმეორებ, რომ მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო იმის პროვოცირება და დაფიქსირება, რომ სწორედ ქართულმა მხარემ განახორციელა პირველმა არსებითი მცდელობა პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრისა - აიღო ცხინვალი; ან შეუტია ჯავასა და როკის გვირაბს – თუ ქართული გენერალიტეტი ამ ტაქტიკას აირჩევდა ცხინვალის აღების ნაცვლად. თუმცა, ამით ბევრი არაფერი შეიცვლებოდა - «არსებითი მცდელობა» მაინც არსებით მცდელობად დარჩებოდა.
        შედეგად კი, თვით საქართველოს ყველაზე ერთგული მეგობრების და მოკავშირეების განცხადებებშიც გაჩნდებოდა (გაჩნდა კიდეც) ფორმულირება «რუსეთის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება», «არაპროპორციული რეაქცია».
        არადა, რას ნიშნავს «არაპროპორციული»?
        ესე იგი, თვით რუსული ძალის გამოყენება გამართლებული იყო, მაგრამ «არაპროპორციული».
        ნიკოლა სარკოზიმ (რომელმაც, სხვათა შორის, უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს გადარჩენაში და ძეგლი თუ არა, ერთი ქუჩის გადარქმევა მაინც ეკუთვნის ჩვენს დედაქალაქში) პირდაპირ თქვა: რუსეთის მოქმედება იყო რეაქცია საქართველოს აქციაზე.
        ციტატა მისი გამოსვლიდან: «რეაქცია ნიშნავს, რომ ჯერ იყო აქცია!».
        რუსებისა და ოსებისათვის ამ «ძვირფასი» რეალობის დასაფიქსირებლად ისინი მზად იყვნენ მრავალკვირიანი დაბომბვებისათვის (თანაც ოლიმპიადის დღეებში, როდესაც «შემაწუხებელი», «აბეზარი» საქართველოს მოთქმა გოდებისა და საკითხში გარკვევისთვის არავის ეცალა), მაგრამ ვაი რომ ქართველებს მოთმინება (სხვათა შორის, სახელმწიფოებრივი კულტურის განუყოფელი შემადგენელი თვისებაა) სულ რამდენიმე საათს ეყოთ.
        ამიტომაც «. . . ბატონო უმაღლესო მხედართმთავარო, მოგვეცით ნება შეტევაზე გადავიდეთ, ბატონო უმაღლესო მხედართმთავარო., ოფიცრები გვეხოცება, ხალხი გვეხოცება, ოღონდ თქვენ გვიბრძანეთ და . . . ოღონდ თქვენ ბრძანება მოგვეცით და . . . სამ საათში როკის გვირაბთან ვიქნებით – ლომებივით ბრდღვინავენ ბიჭები ბატონო პრეზიდენტო . . .ბრდღვინავენ და ნაწყენებიც არიან, რომ ბრძანებას ვერ იღებენ თავიანთი უმაღლესი მხედართმთავრისაგან, როცა იხოცებიან ოსური საარტილერიო ცეცხლით . .» და ა.შ და ა.შ.
        აქ აზრი არა აქვს იმაზე მსჯელობას, რამდენად იყო ეს მოთხოვნა ქართულ გენერალიტეტში რუსეთის სპეცსამსახურთა მიერ ჩანერგილი «გავლენის აგენტების» გველური პროვოკაცია, თუ უბრალოდ იმის შედეგი, რომ, ისევე როგორც ყველა სტრუქტურაში, რევოლუციის შედეგად, ამ სისტემის ხელმძღვანელობაშიც იოლად აღგზნებადი «ყმაწვილები» აღმოჩნდნენ; არც ისაა აქ არსებითი, იმ «მბრდღვინავი ლომებიდან» რომელი და რამდენი გაიქცა ბრძოლის ველიდან ჩაფსმული კურდღელივით.
        მთავარი სხვაა: მიხეილ სააკაშვილს (სწორედ ეს გახდა უეჭველად კრიტიკული ფაქტორი საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებისას) სჯეროდა თავისი არმიის და მისი შესაძლებლობებისა!!!
        არადა, ვიმეორებ კითხვას: რა არის აქ გასაკვირი?
        რა არის გასაკვირი და მიუღებელი იმაში, რომ ახალგაზრდა უმაღლეს მხედართმთავარს სჯეროდეს საკუთარი, შვილივით ნაზარდი და ნალოლიავები არმიის ბრძოლისუნარიანობის, ძალის და შესაძლებლობისა – რამდენიმე საათში გადაჭრას პრობლემა, სწრაფად აიღოს ცხინვალი, ჯავა, ააფეთქოს როკის გვირაბი და რუსეთი ფაქტის წინაშე დააყენოს?
        სწორედ ამას სთავაზობდნენ «ახალგაზრდა გენერლები» და დაბეჯითებით არწმუნებდნენ, რომ შეეძლოთ.
        რეალურად კი, ქართული არმია ჯავის მისადგომებსაც ვერ მიუახლოვდა სამი დღის განმავლობაში – სანამ რუსეთი ძალთა კონცენტრაციას მოახერხებდა.
        შედეგიც თვალნათელია.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - -

        ამბობენ: „დიახ, ქართული სოფლები პროვოკაციულად იბომბებოდა, მაგრამ გამოეყვანა მოსახლეობა თამარაშენიდან, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებიდან, გაემართა პოზიციური ბრძოლები - ოღონდ ცხინვალს ნუ დაბომბავდა მასირებულად და ნუ შეუტევდაო“. კი, როგორ არა. „გამოეყვანა მოსახლეობა“. მერედა რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას თბილისში? ხომ უეჭველად იტყოდნენ „ამ ხელისუფლებას მხოლოდ საკუთარ ხალხთან აქვს „დიდი გული“ (7 ნოემბერი და ა.შ) თორემ სხვასთან მშიშარა და მთხლეაო“. ხომ იტყოდნენ? არათუ იტყოდნენ, - ამას ზუსტად ის ხალხი იტყოდა, ვინც ახლა  დემაგოგიურად წუწუნებს „გამოეყვანა ხალხი სოფლებიდან . . .ნუ  შეუტევდა ცხინვალს . . .“ 

     - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - -- - 

          სამხედრო დამარცხების მიზეზებზე დაწვრილებით მსჯელობა, როგორც მოგახსენეთ, უსაგნოდ მიმაჩნია. თუმცა ძალიან მოკლედ მაინც: მთავარი ფაქტორი გახდა არა მტრის რაოდენობა, ტექნიკური უპირატესობა (ავიაცია, ტაქტიკური რაკეტები და ასე შემდეგ); არა რუსული გენერალური შტაბის მიერ ოპერაციის ძალზე ჭკვიანურად დაგეგმვა (შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებიდან – რისთვისაც ქართული მხარე რატომღაც არ იყო მზად); არამედ ის უდავო გარემოება, რომ, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა გახდეს სიმართლე, ქართული არმია აბსოლუტურად არაბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა!
        «ბრძოლისუნარიანობა» პირველ რიგში საბრძოლო სულისკვეთებით განისაზღვრება, ხოლო არმია ამ თვალსაზრისით საზოგადოების ანარეკლია. არმია ბრძოლისუნარიანია მხოლოდ იმდენად, რამდენად ბრძოლისუნარიანიცაა ერი და საზოგადოება.
        აქვე შევნიშნავ: რა თქმა უნდა მართებულია დებულება, რომ ნებისმიერ ომს უპირველესად სარდლობა იგებს ან აგებს; მაგრამ უდიდესი დემაგოგიაა მტკიცება, თითქოს ჯარისკაცის ვაჟკაცობაზე, მის შეუპოვრობაზე, ბრძოლისა და თავშეწირვისთვის მზადყოფნაზე არაფერია დამოკიდებული.
        «ასეთ» შემთხვევაში თვით ყველაზე გენიალური სარდლობა და გენერალიტეტიც კი ვერაფერს გააწყობს.
        ნამდვილად არ მინდა ამ სიმართლით დაღუპულთა ახლობლებს გული ვატკინო. ცნობილია, რომ წაგებულ ომში ღირსებას მხოლოდ დაღუპული მეომარი ინარჩუნებს.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- -

        მაშასადამე, შევეხეთ პრობლემათა-პრობლემას, მიზეზთა - მიზეზს.
        ამ ომის დროს კვლავ გამომჟღავნდა ის ეთნოფსიქოლოგიური თვისება, რომელიც პირველად 80-90-იანი წლების მიჯნაზე გახდა საცნაური. მათ შორის აფხაზეთისა და სამოქალაქო ომების დროსაც.
        გავიხსენოთ ძალზე ნიშანდობლივი ეპიზოდი 9 აპრილის ტრაგედიიდან.

სულ რამდენიმე წამი, კათალიკოს-პატრიარქის სიტყვის დასრულებიდან - აქციის დარბევამდე, მიტინგზე შეკრებილი ხალხი მდუმარებამ მოიცვა. აი, სწორედ ეს რამდენიმე წამი იქცა «ჭეშმარიტების მომენტად».
        კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვნახოთ და დავაკვირდეთ: უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ამოქმედდება ძალა მიტინგის წინააღმდეგ. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამ ძალას ელიან, როგორც ღვთის რისხვას. შეხედეთ, ზოგმა ზეცაშიც კი აიხედა!
        ეს ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური მომენტია, რომელიც სერიოზულ შესწავლას საჭიროებს. საოცარია, მაგრამ ჩვეული ამპარტავნობის მიუხედავად («რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ») ქართველებს ძალიან გვეშინია რუსების. აფხაზებს და ჩეჩნებს არ ეშინიათ, - ჩვენ გვეშინია. ვგულისხმობ არა ფიზიკურ შიშს, კონკრეტულად, ვთქვათ «ძერჟინსკის დივიზიის» მიმართ, რომელიც იმ მომენტში მიადგა რუსთაველის გამზირს, არამედ ქართულ ცნობიერებაში რუსული ფენომენის აღქმას, მისთვის ღვთიური ყოვლისშემძლეობის ნიშან-თვისებათა მიკუთვნებას.
        ჩვენს ეროვნულ ცნობიერებაში (დღემდე) დამკვიდრებული ურყევი რწმენის თანახმად, ეს ფენომენი (რუსული ფენომენი) ყოვლისშემძლეა, უძლეველია: უნდა დაგშლის, უნდა, - გაგაერთიანებს. უნდა დაგამარცხებს, უნდა, - გაგამარჯვებინებს (ვთქვათ, იმავე აფხაზებთან ომში). ჩვენს წინააღმდეგობას, უფრო მეტიც, ქცევას, მოქმედებას - აზრი არა აქვს! მაინც დაგამარცხებს. წინააღმდეგობა უაზრობაა.
        ამგვარი დამოკიდებულება რუსული ფენომენისადმი ახასიათებთ იმათაც, ვინც «პრორუსულ» პოზიციაზე დგას და ანტირუსულად განწყობილებსაც. იმიტომ, რომ ეს ეთნოფსიქოლოგიური თვისებაა და არ არის უშუალოდ დაკავშირებული პოლიტიკურ ორიენტაციასა თუ მრწამსთან.
        კვლავ გავიხსენოთ: იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ რუსთაველზე ჯავშნოსანი მანქანები გამოჩნდებოდნენ, ათი ათასიანი მიტინგი შიშით მოინუსხა. მაგრამ ეს არ იყო შიში ფიზიკური საფრთხის წინაშე: როდესაც მტერი განსხეულდა (გასაგნდა), - ჯავშნოსან მანქანებს ქართველებმა ხელკეტები და წიხლები დაუშინეს.
        ეს იყო შიში ღვთაებრივი ძალის, გარდაუვალი, ღვთაებრივი სასჯელისა და გარდაუვალი, აუცილებელი მარცხის (მხოლოდ ფიზიკური მარცხი არ იგულისხმება) მიმართ, - გამომდინარე ეროვნული არასრულფასოვნების ღრმად ჩამარხული, ქვეცნობიერი შეგრძნებიდან.
        ამ რამდენიმე წამში იმთავითვე კოდირებულად არის ჩადებული საქართველოს შემდგომი ისტორიაც (9 აპრილიდან - 27 სექტემბრამდე) და ქართველი ერის ეთნოფსიქოლოგიური შინაარსიც.
        და საერთოდ, თუ გვინდა გავიგოთ, რამ გამოიწვია იმ წლებში საქართველოს საზარელი ეროვნული ტრაგედია, - აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ეს ეთნოფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც ყველაზე მკაფიოდ წარმოჩინდა, ყველაზე მეტად «გაშიშვლდა» სწორედ იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, როდესაც, თითქოსდა «სულიერად ამბოხებული» ერი მდუმარედ, შიშით მონუსხული ელოდა «ღვთის რისხვას».

აქვე კიდევ ერთ თემას შევეხები ძალიან ფრთხილად.
        «ფრთხილად», რაკი ეჭვი მეპარება მკითხველთა დიდმა ნაწილმა სწორად გამიგოს: გახსოვთ ალბათ, მიმდინარე ომის დროს გამართულ ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენმა რუსი რომ გადაჰკოცნა, - რასაც არავინ ავალებდა და მისგან არავინ მოითხოვდა;
        თბილისის ქუჩებში მოსეირნე რუსი ჟურნალისტები კი განცვიფრებით «იჩეჩდნენ მხრებს» თავიანთ პუბლიკაციებში: ეს ქართველები უცნაური ხალხია – მათ ქვეყანას ჩვენი სახელმწიფო ბომბავს, რას ვუშვრებით, ისინი კი გვიღიმიან, გვპატიჟობენ, მეგობრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ – ყველაფრით ჩანს, რომ ამით თავად აცნობიერებენ - მათი ქვეყანა ჩვენთან მართალი არ არის, თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობაც დიდად არ ანაღვლებთ და რუსეთთან კარგი ურთიერთობა ურჩევნიათ – ოღონდ კი ჩვენთან ღვინო-ვაშლი გაყიდონ და სხვა ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათო.
        აი, ასეთი იყო იმ პუბლიკაციათა დედააზრი. ანუ (მივაქციოთ ყურადღება) ომის დროს რუსი სტუმრებისადმი კეთილგანწყობა აღიქმებოდა არა როგორც რაიმე «კეთილშობილების», განსაკუთრებული ტოლერანტობის და რაინდობის გამოვლინება, არამედ საკუთარი სამშობლოს «ფეხებზე დაკიდების» მანიშნებელი; თორემ იმ რუსმა ჟურნალისტებმა ხომ თავად შესანიშნავად უწყიან – თვითონ როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ (და ჰქონდათ კიდეც) მტრისადმი. მით უმეტეს, მათ სამშობლოში რომ შემოჭრილიყო.
        ეს თითქოსდა უმნიშვნელო ეპიზოდი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რამდენად მართებულია უკვდავი დებულება, რომ «მტერი თუ არ გძულს, ომს ვერ მოიგებ!!!»
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

    გაცილებით ნაკლებ შეიძლება ჩაითვალოს «წვრილმანად» ის საოცარი ფენომენი, რაც რეგიონებში გამომჟღავნდა ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ.
        უტყუარად დადასტურებულია, რომ საოკუპაციო ჯარის მებრძოლებს ხაჭაპურებს უცხობდნენ, სახლებში პატიჟობდნენ, უმასპინძლდებოდნენ და ასე შემდეგ.
        ამ მარაზმს ზოგიერთმა ასეთივე გულისამრევი ახსნა მოუძებნა: აქაოდა «ქართველ დედას ეცოდებოდა ის რუსი ჯარისკაცი (ალბათ ოფიცერიც-ავტ) ვინც პოსტზე იდგა, - თავის შვილს წარმოიდგენდა ბეჩავს მის ადგილას და რაკი ეცოდებოდა – ხაჭაპურსაც იმიტომ უცხობდაო».
        ეს იგივეა, ლამაზად შეთხზული პოემის, - «ლექსი ვეფხისა და მოყმისა» - პერსონაჟი შვილის მკვლელს გამასპინძლებოდა და არა «ვეფხის დედაის».
        აქ სწორედ საზოგადოებრივ ღირებულებებთან პერსონალურ მიმართებაზე გვაქვს საუბარი.
        მართლაც გულისამრევია, როდესაც უკულტურობას, სიმხდალეს, გამყიდველობას, ეროვნული თვითშეგნების არარსებობას და ელემენტარულ მთხლეობა-ნაძირლობას ასეთ ახსნას უძებნიან ზოგიერთები, თორემ როგორ შეიძლება ჯანსაღ ქვეყანაში, ჯანსაღი ფსიქოლოგიის მატარებელი საზოგადოება ასე მოიქცეს (კარგი, წინააღმდეგობის შნო-უნარი არა გაქვს, მაგრამ ხაჭაპურებს რატომღა უცხობ? – იმან ხომ არც იცის რა არის ხაჭაპური და არც უთხოვია) და ამგვარი «ახსნა-გამართლებაც» მოუძებნოს ამ მარაზმს!
        ისტორიკოსმა ალექსანდრე ბენდიანიშვილმა ჩემი წიგნი მკაცრად გააკრიტიკა – აქაოდა, როგორ დაწერე ქართველებისთვის «ეროვნული დამოუკიდებლობის» ღირებულება სინამდვილეში არ არსებობს და ის, რაც 1988-1993 წლებში განვითარდა, ეროვნული მოძრაობა არ იყოო.
        ახლაც გავიმეორებ და სწორედ ამ მაგალითს მოვიტან: ქართველისთვის ჭეშმარიტი ღირებულება აღმოჩნდა მხოლოდ მისი პიროვნული კეთილდღეობა, პიროვნული ღირსება და მისი ოჯახი, ხოლო ეროვნული ღირსება და ეროვნული ინტერესები – მეათეხარისხოვანი: ნაძირალა ოკუპანტებისთვის, მისი სამშობლოს გამაბახებელთათვის რომ ხაჭაპურებს აცხობინებდა ცოლს – ეს იმიტომ, რომ სახლში არ შევარდნოდა ის რუსი და ცოლ-შვილი არ გაეუპატიურებინა, თორემ სამშობლო რომ გაუუპატიურა – ეს ნაკლებ ბოროტებად მიაჩნდა, რაკი კონკრეტულად მას და მის ოჯახს არ ერჩოდა.
        ამ საოცარი და ამაზრზენი ფენომენის სხვაგვარი ახსნა უბრალოდ არ არსებობს. თანაც, მრავალი ცნობით, ეს არა ერთეული, არამედ მასობრივი მოვლენა იყო ქართლის, სამეგრელოს, იმერეთის იმ რეგიონებში, სადაც ოკუპანტები ჩადგნენ.
        რუსულ «ბლოკ-პოსტებთან» გამართული საპროტესტო აქციებიც უეჭველად ხელისუფლების მიერ იყო ნაკარნახევი და ორგანიზებული, ანუ ნამდვილად არ ყოფილა მასობრივი პროტესტის სტიქიური გამოვლინება – როგორც იქნებოდა ლიტვაში, ჩეჩნეთში, ჩეხეთში და ნებისმიერ სხვა ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ეროვნული ღირსება ნამდვილი და არა დეკორაციული ღირებულებაა.
        რუსები თბილისში რომ შემოსულიყვნენ, აქაც ანალოგიური ვითარება იქნებოდა და იყო კიდეც, - 1989 წლის აპრილში, - როცა «დედაქალაქში» ქუთაისის სადესანტო ბრიგადის ქვედანაყოფები განლაგდნენ.
        «აბა სახელმწიფომ არ დაიცვა და რა ექნათო».
        აი, სწორედ ამ მენტალობაში მჟღავნდება სახელმწიფოებრივი უკულტურობა და ისიც, რა განსხვავებაა ჭეშმარიტ და ყალბ ღირებულებებს, პასიონარულ და არაპასიონარულ ერს შორის.
        ქართული ანდაზაა ერთი: მძინარე გლეხი რომ გაქურდეს და მეფე ერეკლეს უსაყვედურა: «მე მეგონა შენ გეღვიძაო». ესე იგი ჩვენ უნდა გვეძინოს ყურთბალიშზე ტკბილად, სამაგიეროდ არსებობს რაღაც აბსტრაქტული «სახელმწიფო», რომელიც უნდა ფიქრობდეს, ზრუნავდეს, იბრძოდეს, სისხლს ღვრიდეს, რისკზე მიდიოდეს . . . ამ სახელმწიფოს მოქალაქეს კი არაფერი ევალება – ტკბილი, უშფოთველი ძილის და მტრისთვის ხაჭაპურის გამოცხობით საკუთარი ოჯახის ნამუსის შენახვის გარდა - ოღონდ კი მას არ შეეხონ.
        ამ მენტალობის მატარებელი რომ იყო საზოგადოება, - იმიტომაც გამოიქცა ამ საზოგადოების არმია ორიოდე დღეში ბრძოლის ველიდან.
        არმია არის სისხლი-სისხლთაგანი და ხორცი-ხორცთაგანი საზოგადოებისა. იგი მისი თვისებრიობის მატარებელია და სხვაგვარი ან განსხვავებული ნამდვილად ვერ იქნება.

        როდესაც, 1968 წელს, პრაღაში რუსული ტანკები შევიდნენ – ჩეხო-სლოვაკიის 200 ათასიანი არმია ყაზარმებში დარჩა, - არანაირი წინააღმდეგობა მტერს არ გაუწია და «შორიდან» აკვირდებოდა მიმდინარე მოვლენებს.
        ამის მიუხედავად, უბრალო ჩეხები ოკუპანტთა ტანკებს საწვავიანი ბოთლებით ცეცხლს უკიდებდნენ და ქვებს ესროდნენ – ასეულობით მშვიდობიანი, უიარაღო ჩეხი დაიღუპა, ხოლო სტუდენტმა იან პალახმა საჯაროდ თავი დაიწვა პრაღის მოედანზე მტრისა და თანამემამულეთა თვალწინ: «არ შედრკეთ ჩეხებო – გაუმარჯოს თავისუფლებას!» - ასეთი იყო მისი უკანასკნელი სიტყვები, სანამ ცეცხლს მისცემდა თავს.
        იმ ახალგაზრდა კაცმა ჩეხეთის დღევანდელ ბედნიერებასა და ღირსეულ(!) თავისუფლებაში იმაზე მეტი წვლილი შეიტანა, ვიდრე ვაცლავ ჰაველმა ან რონალდ რეიგანმა.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

            რას გვთავაზობდა რუსეთი?
        რატომღაც ითვლება, თითქოს რუსეთი არაფერს გვთავაზობდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ასე არ არის. სინამდვილეში, 1994 წლიდან დაწყებული, ანუ მას შემდეგ, რაც მისივე მონაწილეობით გარკვეულწილად მდგრადი რეალობა და სტატუს-კვო ჩამოყალიბდა ორივე კონფლიქტურ რეგიონში, მოსკოვს ჰქონდა კონკრეტული პროექტი, რომელსაც დაჟინებით გვთავაზობდა.
        სხვა საქმეა, რომ ეს პროექტი, რასაკვირველია, კატეგორიულად მიუღებელი იყო ქართული «პოლიტიკური ელიტისათვის».
        მაშ რას გვთავაზობდა კრემლი? გვთავაზობდა შემდეგს: «თქვენ წააგეთ ომი; აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მე ვაკონტროლებ სეპარტისტებთან ერთად; თავი დავანებოთ სტატუსისა და ლტოლვილების საკითხს, რაც აბსოლუტურად არარეალურია; დავიწყოთ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი და ჩავითრიოთ ამ პროცესში აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც; მაგალითად, ავამოქმედოთ რკინიგზა, რომელიც რუსეთს - აფხაზეთისა და საქართველოს გავლით - სომხეთთან აკავშირებს;
        რას მიიღებს სანაცვლოდ საქართველო ლტოლვილთა დაბრუნებისა და აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის თვალსაზრისით? – არაფერს! სამაგიეროდ თანდათანობით აღდგება ის ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც არსებობდა სსრკ-ს დროს, როცა არ არსებობდა საზღვრები, როცა ვერავინ იტყოდა, სად იწყება საქართველო, სად – აფხაზეთი და სად – რუსეთი; რასაკვირველია, ამას წლები და წლები დასჭირდება, მაგრამ თანდათანობით, რუსეთთან ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას მოჰყვება როგორც აფხაზეთის, ასევე საქართველოს ჩვენს ერთიან სამართლებრივ, ცნობიერ, სამოქალაქო, კულტურულ სივრცეში ინტეგრაცია – ისევე, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს, როცა არ არსებობდა საქართველოს სახელმწიფო. მაგრამ ხომ არც აფხაზური სახელმწიფო არსებობდა?!
        იყო ერთიანი დიდი სახელმწიფო – ერთიანი ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ცნობიერი სივრცით; არავინ გთხოვთ ამის იურიდიულ გაფორმებას (ჯერ-ჯერობით) - მთავარია, რომ გალის რაიონში 60-70 ათასი ქართველი მშვიდობიანად იცხოვრებს; ჩვენ შევეცდებით აფხაზები დავარწმუნოთ, არ დაემუქრონ მათ ეთნიკურ იდენტობას ანუ არ სცადონ მათი ჯერ «გამეგრელება», შემდეგ «გააფსუება» (რასაც ახლა ცდილობენ), რაკი ეს ჩვენ თვითონ არ გვაწყობს – არც თუ ბოლომდე ვენდობით აფხაზებს და აფხაზეთშიც გვჭირდება ბალანსი – ეთნიკური ქართველების სახით; მართალია დანარჩენი ლტოლვილები ვერ დაბრუნდებიან ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრასა და ლესელიძეში, თუმცა სხვა ქართველები თავისუფლად იმოგზაურებენ აფხაზეთში, აფხაზეთიდან – რუსეთში, რუსეთიდან – საქართველოში; გაგიხსნით ჩემს უზარმაზარ ბაზარს; განვახორციელებ ინვესტიციებს საქართველოსა და აფხაზეთის ეკონომიკის ყველა დარგში; მივაბავ მათ ერთმანეთთან იმდენად, რამდენადაც ორივე ჩემზე იქნება მიბმული; იძახონ აფხაზებმა, რომ არიან დამოუკიდებელნი – თქვენ კი იძახეთ, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია; ჩვენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ ვცნობთ. თანდათანობით საქართველოცა და აფხაზეთიც მოშლიან საზღვრებს; რუსული ენა კვლავ შეასრულებს კომუნიკაციის ფუნქციას; აღდგება ნდობა საზოგადოებებს შორის; ერთი სიტყვით, ისევე როგორც წინათ - ერთიანი მოსკოვური სახელმწიფოს არსებობის დროს, თანდათანობით დაიკარგება სახელმწიფოებრივი სხვაობები და იქნება ერთიანი, დიდი სახელმწიფოებრივი სივრცე, რომელიც პერსპექტივაში, თანდათანობით, ძალადობის გარეშე აღიდგენს სტრუქტურულ სრულყოფილებას.
        კვლავ და კვლავ თქვენ მეკითხებით რას გაძლევთ ეს ყოველივე საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით? არაფერს! მაგრამ ქართველებს, როგორც ერს, ეს გაძლევთ იმას, რომ მაგალითად, გალელ ქართველებს აღარ დასჭირდებათ ტვირთის ურიკებით თრევა ენგურის ხიდზე ზუგდიდიდან – გალამდე და გალიდან - ზუგდიდამდე: სარკინიგზო ექსპრესებთან ერთად, ივლის თბილისი – მოსკოვის ნელი მატარებელი, რომელიც ზუგდიდშიც გაჩერდება, გალშიც და სოჭშიც; შესრულდება თბილისი-სოხუმი-თბილისის ავიარეისები; არავინ შეგიმოწმებთ პასპორტებს ენგურზე გადასვლისას; სამურზაყანოს ქართველობას არავინ გამოაძევებს, არავინ აუკრძალავს ქართულად სწავლას; დამყარდება მტკიცე მშვიდობა და სტაბილურობა; დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ექნება საშუალება ციტრუსი პირდაპირ გაიტანოს და გაყიდოს სოჭში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

       

             იგივე სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით 1994 წლიდან: «სამხრეთ ოსეთის» ტერიტორიის ნახევარზე მეტს ქართველები აკონტროლებთ; კეთილი და პატიოსანი, მე (მოსკოვი) მზად ვარ ამ რეალობას შევურიგდე; დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის ხეობებში, ახალგორის რაიონში დგას ქართული სამშვიდობო კონტინგენტი, ქართული პოლიცია, ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია; კეთილი და პატიოსანი - არ ვაპირებ ამ რეალობის შეცვლას მიუხედავად იმისა, რომ ოსებს ეს მდგომარეობა სულაც არ ეპიტნავებათ, - მათ სურთ სამხრეთ ოსეთი საერთოდ გაწმინდონ ქართველებისაგან და ისეთივე მკაფიო საზღვარი გაავლონ «სამხრეთ ოსეთსა» და საქართველოს შორის, როგორიც არსებობს ენგურზე აფხაზეთსა და საქართველოს შორის; მაგრამ თუ ჭკვიანად იქნებით, მე ამას არ დავუშვებ. აქედან გამომდინარე, მოდით ამ რეგიონშიც გავაკეთოთ იგივე: დაე იმუშაოს ერგნეთის დიდმა ბაზრობამ! იგი ხომ სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ მოიშალოს საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის და საქართველომ ვერ შეძლოს რუსეთისაგან დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი სივრცის ჩამოყალიბება; მართალია მისი მეშვეობით ინგრევა საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცე, არ გეძლევათ ქართველებს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი სივრცის «შემოსაზღვრის», ბიუჯეტის შევსების, ნორმალური დამოუკიდებელი(!) ბიზნეს-გარემოს შექმნის საშუალება; სამაგიეროდ, ყველა ის ოსი და ქართველი, რომელიც ძმურად ვაჭრობს ერგნეთში, საუბრობენ რუსულად, საქმდება ათეულობით ათასი ადამიანი; გორიდან – ვლადიკავკაზში გააქვთ ვაშლი და იქედან შემოაქვთ ბენზინი – ყოველგვარი «ქართული საბაჟოს» გარეშე, ამით ხელს უწყობენ როგორც საქართველოს, ასევე «სამხრეთ ოსეთის» შემოსვლას ისევ ერთიანი მოსკოვურის სახელმწიფოს სივრცეში, როდესაც არ არსებობდა «საქართველოს სახელმწიფო», მაგრამ ხომ არ არსებობდა არც «სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო»?!!!
        არსებობდა და რაკი არსებობდა, აღვადგინოთ ეს ერთიანი, - დიდი სივრცე. ქართველებსა და ოსებს მეტი შანსი აქვთ ურთიერთმიტევების და შერიგებისა, ვიდრე ქართველებსა და აფხაზებს; - ივაჭრეთ, იმეგობრეთ, იურთიერთობეთ, - ვიზის გარეშე ჩამოდით ქართველები ვლადიკავკაზში და ოსები – თბილისში . . . . მერე ორივენი ერთად – მოსკოვში - ბიზნეს-კონტრაქტების გასაფორმებლად. . . სამაგიეროდ მე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ქართულ მოსახლეობას ლიახვის ხეობებში უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემს; ამ ხეობებში და ახალგორში თქვენი იურისდიქცია შენარჩუნებული იქნება; ისტორიული ჭრილობები მოშუშდება: მას რუსეთის ერთიანი, დიდი სახელმწიფოებრივი სივრცის აღდგენა მოაშუშებს, - როდესაც განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ქართველებიც, ოსებიც, აფხაზებიც და რუსებიც ამ ერთიანი სივრცის ნაწილაკი სუბიექტები იყვნენ, ამ ერთიან დიდ სახელმწიფოებრივ სივრეცში წყვეტდნენ თავიანთ პიროვნულ პრობლემებს და ამ სივრცეში ახორციელებდნენ თავიანთ ადამიანურ თუ ოჯახურ პროექტებს – პირადი კეთილდღეობისა და ბავშვების მომავლისათვის.
        მართალია ორივე (როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის) შემთხვევაში ამას ყოველივეს წლები დასჭირდება და მხოლოდ იმის შენარჩუნების გარანტიას გაძლევთ, რაც 1992-1993 წლის მარცხის შემდეგ რეალურად არ დაგიკარგავთ, მაგრამ თუ ამას არ მიიღებთ, ამასაც დაკარგავთ და უარეს დღეში ჩავარდებით!
        ნუ გამოეკიდებით სტატუსის საკითხებს, - იზრუნეთ ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესებისათვის. მე ამაში დაგეხმარებით ისე, რომ არც აფხაზებთან და ოსებთან გავიფუჭებ ურთიერთობებს, მაგრამ ნუ მოითხოვთ ჩემგან იმას, რასაც მე არ დავუშვებ: დაგეხმაროთ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში იმით, რომ გაავრცელოთ თქვენი იურისდიქცია ამ ტერიტორიებზე და საბოლოოდ მოწყვიტოთ სამხრეთ კავკასია, მათ შორის საქართველო, რუსეთის ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეს. ასეთ შემთხვევაში ხომ საქართველო «შედგება» როგორც სახელმწიფო, ადრე თუ გვიან გაწევრდება ნატოში, ევროკავშირში, რაც ჩემთვის სასიკვდილო საფრთხის შემცველია ჩრდილოეთ კავკასიაში!
        ამიტომ თავი დაანებეთ «ნატოს», თავი დაანებეთ ე.წ. «ევროინტეგრაციას», ნუ აუქმებთ ერგნეთის ბაზრობას და ნუ ცდილობთ საკუთარი სახელმწიფოებრივი სივრცის, საზღვრების ჩამოყალიბებას, მით უმეტეს აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დაბრუნებას და თქვენი სახელმწიფოს «ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას» - მოდით, გადავწყვიტოთ კონკრეტული ადამიანების პრობლემები, სადაც ეს შესაძლებელია – მაგალითად იმ ადამიანისა, ვისაც უნდა ენგურის ხიდი ავტობუსით (და არა ფეხით) გადაკვეთოს გალში ჩასაღწევად, ან ოჯახისა და პატარა შვილების სარჩო – გორული ვაშლი გაყიდოს ვლადიკავკაზში; აღვადგინოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცე, ანუ შემოდით მოსკოვური სახელმწიფოს ერთიან სივრცეში და მოისვენეთ!
        სხვა გზა და გამოსავალი თქვენ არ გაქვთ. მე რასაც გთავაზობთ, ეს ერთადერთი შესაძლო გზაა – ძალთა რეალური განლაგების გათვალისწინებით. სულ ერთია, არც ნატოს და არც ევროკავშირის შემოსვლას სამხრეთ კავკასიაში მე არ დავუშვებ!!! საამისო ძალაც მაქვს და ბევრად უარეს დღეში ჩავარდებით, ვიდრე ამჟამად ხართ – ისე, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა სანატრელი გაგიხდებათ, მაგრამ მაშინ უკვე უკვე ძალიან გვიან იქნება.

          სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთი, 90-იანი წლების დამდეგიდან – 2008 წლამდე დაჟინებით გვთავაზობდა შემდეგ «გეშეფთს»: იმ დროისათვის არსებული ეთნოდემოგრაფიული სივრცის შენარჩუნება და ამ ტერიტორიების ქცევა რუსეთთან ხელსაყრელი ეკონომიკური ინტეგრაციის ფაქტორებად – სტატუს კვოსთან შერიგებისა და რუსეთისაგან დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაზე უარის თქმის სანაცვლოდ.
        1998 წლამდე, ედუარდ შევარდნაძე, რა თქმა უნდა არადეკლარირებულად, უჩუმრად, მაგრამ ამას, ფაქტობრივად ეთანხმებოდა!
        თუმცა მთლიანობაში, «ეროვნული მოძრაობის» ეპოქაში ჩამოყალიბებულმა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და იმავე «მოძრაობის» მიერ შექმნილი საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტების ზეგავლენის ქვეშ მყოფმა საზოგადოებამ ამ «გეშეფთტზე», რა თქმა უნდა, უარი თქვა და ასეც უნდა მოქცეულიყო იმ კურსის, იმ პროექტის პირობებში, რომელიც 9 აპრილის შემდეგ და შედეგად ჩამოყალიბდა.
        ზემოთაღწერილი რუსულ-ქართული გეშეფტი რეალური იქნებოდა, ვთქვათ, ასლან აბაშიძის ან იგორ გიორგაძის ტიპის ხელისუფლებათა და შესაბამისი ელიტების არსებობისა და ლეგიტიმურობის პირობებში, მაგრამ ეს ელიტები და მოღვაწენი 90-იან წლებისთვის უკვე დელეგიტიმიზებულნი იყვნენ. მით უმეტეს ახლადშობილი, ვესტერნიზებული ელიტებისა და შესაბამისი «პროდასავლური» პროექტის (სხვა საკითხია, რამდენად რეალურისა და არაილუზორულის) არსებობის პირობებში.

            ახლა ავტორს ნუ დააბრალებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას (რუსეთთან ზემოთაღწერილ «გეშეფტზე» უარის თქმას) იზიარებს ან არ იზიარებს. მე შეფასებას აქ არ ვაკეთებ, არამედ მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ: უდავო ფაქტია, რომ ასე გამოვიდა, - ამ უარის შედეგად ერთიც დავკარგეთ და მეორეც!
        ანუ, ვერც სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ (რა სახელმწიფოა, რომლის მესამედს, აგრეთვე ტერიტორიულ წყლებს, საჰაერო სივრცეს თუ საკვანძო საგზაო-სარკინიგზო კომუნიკაციებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰიდროელექტროსადგურს მტერი აკონტროლებს?) და ეთნოდემოგრაფიული სივრცეც კიდევ უფრო დაგვივიწროვდა – მისი აღდგენის ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე - კოდორის თუ ლიახვის ხეობებში, სადაც ქართული სოფლების დიდი ნაწილი გადამწვარი და დაცარიელებულია.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        ამჟამად მაინც ხომ ნათელია, რამდენად ბრიყვული იყო წარმოდგენა: შევარდნაძის მიერ გატარებულმა «ბალანსირების» პოლიტიკამ და «დაჭაობება-უძრაობამ» რა შედეგი მოგვცაო.
        «რა მოგვცა» და ის, რომ ქვეყანა იმ უბედურებას იცილებდა თავიდან, რაც 2008 წელს მოხდა!
        მოგვცა ლიახვის ხეობების, ახალგორისა და კოდორის შენარჩუნება და გალში თითქმის დაუბრკოლებლად მიმოსვლა.
        ცოტაა?
        მაშინ შევადაროთ იმას, რაც ახლა გვაქვს!
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთსა და რუსეთს შორის მოხდა არაფორმალური შეთანხმება, რომლის ინიციატორები იყვნენ დასავლური სამყაროს იმდროინდელი დიდი ლიდერები: ჯორჯ ბუშ უფროსი, ბილ კლინტონი, ჯონ მეიჯერი, ჰელმუტ კოლი და ფრანსუა მიტერანი.
        ამ შეთანხმების შესაბამისად, პოსტსაბჭოური სივრცე (გარდა ბალტიის სამი ქვეყნისა, რომლებიც იმთავითვე სხვა სივრცეში განიხილებოდნენ), ანუ დსთ-ს სამყარო, დასავლეთს უნდა ემართა არა უშუალოდ, არამედ რუსეთის ხელით, - მისი მეშვეობით.
        ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავდა მოსკოვისათვის სრული კარტ-ბლანშის მიცემას, მაგრამ ნამდვილად გულისხმობდა მისი პრეროგატივისა და პრიორიტეტის აღიარებას ამ სივრცეში – ყოველ შემთხვევაში სამხედრო სტრატეგიული (ესე იგი, მათ შორის, კონფლიქტების რეგულირების) თვალსაზრისით – ნამდვილად!
        შეთანხმების შესაბამისად, დასავლეთს შეეძლო «სავალუტო ფონდისა» და «მსოფლიო ბანკის» მეშვეობით შემოსულიყო ამ სივრცეში, ამ ინსტრუმენტების გამოყენებით ემოქმედა ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ შინაარსზე, მათ შინაგან სტრუქტურაზე, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო-სტრატეგიულ კონსტანტას – ეს სახელმწიფოები უნდა დარჩენილიყვნენ რუსეთის გეოპოლიტიკურ კოორდინატთა სისტემაში.
        ჯორჯ ბუშ – უმცროსმა (ჩემი აზრით, ერთ-ერთმა ყველაზე უნიჭო და აგრესიულად ავანტიურისტმა პრეზიდენტმა ამ დიადი ქვეყნის ისტორიაში), მისი ავანტიურიზმისა და სიჩლუნგის წყალობით, ზემოთაღწერილი პარადიგმის შეცვლა გადაწყვიტა, რაც ბუქარესტის სამიტის შედეგში გამოიხატა, რომლის უმთავრესი დებულება იყო უკრაინისა და საქართველოს «აუცილებლად მიღება» ნატოში ანუ რუსეთის გეოპოლიტიკურ კოორდინატთა სისტემიდან მათი გამოსვლა.
        ბუნებრივია, კრემლი სსრკ დაშლის, ანუ «მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის» შედეგად ჩამოყალიბებული რეალობის შეცვლას არ შეურიგდებოდა. მისმა რეაქციამაც არ დააყოვნა (ოღონდ, ისევ, მაინცდამაინც ჩვენზე «გადატყდა ჯოხი») და ძველი პარადიგმის აღდგენა დადასტურდა სარკოზი-მედვედევის შეთანხმებით.
        ჯორჯ ბუშ უმცროსმა ჯერ შექმნა «მოლოდინები» და სიტყვიერი დაპირებებით (ნატოში «აუცილებლად გაწევრების» პირობით) კვლავ აცდუნა საქართველო, მაგრამ როცა საქმე - საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის გამოგზავნის გარდა, რეალურად არაფერი შეეძლო.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        ზოგადად კი, პოსტსაბჭოურ სივრცეზე (გარდა ბალტიის ქვეყნებისა) დასავლეთის მრავალმხრივ «შემოსვლას» თან არ სდევდა უსაფრთხოების დასავლურ სისტემათა და გარანტიათა გავრცელება ამ სივრცეზე.
        ანუ დასავლეთი დსთ-ს სივრცეში შემოდიოდა მრავალი სხვა სისტემით (ფინანსურად, ეკონომიკურად, ინფორმაციულად, ელიტებზე ზემოქმედების მექანიზმებით და ა.შ) და, იმავდროულად, ვერ შემოდიოდა სამხედრო-სტრატეგიული, უსაფრთხოების სისტემებით.
        სწორედ ამ «ფანჯრით» ისარგებლა რუსეთმა საქართველოში.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        გარდა ამისა, საქართველოს საჯარო დასჯა და გვემა რუსეთმა გამოიყენა დასავლეთზე შურის საძიებლად. დავაკვირდეთ ანალოგიებს სერბეთსა და კოსოვოსთან: 1999 წელს, როდესაც ნატო (პირველ რიგში ამერიკა) სერბეთს ბომბავდა, რუსეთი იძულებული გახდა უმწეოდ ეცქირა თავისი «სულიერი მოკავშირის» ამგვარი ეგზეკუციისათვის და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება გაეგზავნა.
        აბა სხვა რა შეეძლო?
        ასევე, 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს საჯაროდ სცემდა, გაქცეული ჯარისკაცების მიერ გადაყრილ და მიტოვებულ ამერიკულ «მ-4» შაშხანებს ტელეეთერში საცინლად იგდებდა, ამერიკული «ჰამერების» ექსპროპრიაციას ახდენდა, ამერიკა უმწეოდ, ბრაზიანად, მაგრამ უმოქმედოდ უყურებდა მის შეურაცხყოფას და მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარების გამოგზავნა თუ შეეძლო.
        აქ საკითხავი ის კი არ არის, ვინ მართალი იყო და ვინ - მტყუანი, არამედ ის კითხვა რომელიც უკვე ათწლეულების განმავლობაში პასუხგაუცემელია საქართველოში: კი მაგრამ, რაღა მაინცდამაინც ეს ჩვენი უბედური ქვეყანა უნდა გვექცია ყველგან და ყოველთვის ამგვარი «სამაგიეროს მიზღვის» ობიექტად?», რაღა მაინცდამაინც საქართველო უნდა გადაგვექცია რუსული დერჟავის «აღორძინების» და «იმპერიული ერის» სიამაყის აღდგენის დამადასტურებელ ფაქტორად, არგუმენტად და ობიექტად?

        რაც შეეხება იმ გაიძვერულ თეზისს, რომლის კულტივირებას უკვე ათწლეულებია ცდილობს ქართული ელიტა-ინტელიგენცია (რომელმაც საკუთარი ერი მრავალი სამარცხვინო დამარცხებისთვის გაწირა,) რომ თურმე «რას ვიზამთ, ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს, ისეთ «შარიან მიწაზე» ვცხოვრობთ, რომ არა და არ გვეშვებიანო» - ეს არის უზნეო დემაგოგია, რომლის მთავარი დანიშნულებაა საკუთარი მატრაკვეცობის, უპასუხისმგებლობისა და ავანტიურიზმის დაფარვა-გამართლება!
        ბევრ სხვა ერს არანაკლებ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მაგრამ ასეთ უბედურებაში და სრამ-სირცხვილში არ ჩავარდნილა სწორედ იმის გამო, რომ ბრძენი, შორსმჭვრეტელი, პასუხისმგებელი ელიტა ჰყავს.
        - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
       
       

        რუს შოვინისტსა და იმპერიალისტს, ქართველთმოძულე კონსტანტინე ზატულინს ეკუთვნის საოცარი გამონათქვამი: «Амбиция – единственный враг Грузии».
        იძულებული ვარ ვაღიარო, რომ სრული ჭეშმარიტებაა!!!
        2008 წლის ტრაგედია პირველ რიგში იმან გამოიწვია, რომ ქართული საზოგადოების გადამწყვეტ ნაწილს (არა უმრავლესობას, არამედ სწორედ «გადამწყვეტ ნაწილს», რაც ერთი და იგივე არ გეგონოთ) არ სურდა შერიგებოდა 1988-1993 წლების შედეგად ჩამოყალიბებულ სტატუს-კვოს. და ამ «შეურიგებლობის» პროცესში რეალურ შესაძლებლობებსა და თვისებებს არ ითვალისწინებდა ჯიუტად.
        ხოლო როდესაც რეალობას «ჯიუტად» არ ურიგდები, ეს უკანასკნელიც ჯიუტად გაიძულებს უარესს შეურიგდე.

 

 ომის დაწყებისას არათუ უბრალოდ არსებითი, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ ატმოსფეროს, რომელიც, რასაკვირველია, უმალვე ტრანსლირდება შეიარაღებულ ძალებზე.
        გავიხსენოთ, ამ თვალსაზრისით, რა ატმოსფერო სუფევდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში - 2007 წლისა და შემდგომი ბობოქარი მოვლენების: ორი არჩევნების, დაპირისპირების შემდეგ?
        ეს იყო საერთო ატმოსფერო გადაქანცულობის, გადაღლილობის, ხელჩაქნეულობის, მოყირჭებისა და «მოსვენების» სურვილის.
        1992 წლის აგვისტოში, ანალოგიურ ატმოსფეროში დაიწყო ომი აფხაზეთში და ასეთივე საზარელი შედეგით დასრულდა.
        სინამდვილეში ომს საზოგადოება იგებს და არა არმია. არმია მხოლოდ მისი სულისკვეთების და პასიონარულობის გამომხატველია!
        ომში გამარჯვების აბსოლუტურად აუცილებელი, უმთავრესი პირობაა საზოგადოების მზადყოფნა – იბრძოლოს, ყველაფერი აიტანოს, გაიღოს მსხვერპლი გამარჯვებისთვის.
        ქართულ საზოგადოებას კი ეს არ სურდა არც 1992 და არც 2008 წლებში. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ყველაფრის მიუხედავად, «ომი ოსეთში» საზოგადოებისათვის სრული და არასასურველი მოულოდნელობა იყო.
        «აბა რა გვექნა – თბილისს დაბომბავდნენ რომ არ დავნებებულიყავითო» - არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოებაში მოარული თეზისია.
        დალოცვილნო, აბა უმსხვერპლოდ გამარჯვება სად გაგონილა? ასეთ შემთხვევაში საერთოდ რატომ იწყებ ომს ან რატომ მოგყავს ხელისუფლებაში ის გუნდი (არჩევნებით თუ რევოლუციით) რომელიც «ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის» მართლაც (უეჭველად) კეთილშობილური მოტივით ომის დამწყებია?
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        ქართული საზოგადოების რეალური განწყობა და ომისათვის მისი მზადყოფნის დონე შესანიშნავად იცოდა მიხეილ სააკაშვილმა.
        ვერ დავეთანხმები აზრს, თითქოს მას ამ თვალსაზრისით რაიმე ილუზია ჰქონდა. მას ილუზიები ჰქონდა ჯარის შესაძლებლობებსა და ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ არა იმ საკითხში, რამდენად სურდა და მზად იყო საზოგადოება რეალური მსხვერპლისათვის ქვეყნის უზენაესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის.
        დავაკვირდეთ, რა იყო მიხეილ სააკაშვილის მთავარი მესიჯი 2008 წლის არჩევნების დროს? იქნებ «მთლიანი საქართველო» იქნებ «ტერიტორიების დაბრუნება»«სამშობლოს გამთლიანება?»
        არამც და არამც: «საქართველო – სიღარიბის გარეშე!!!»
        და ისევე, როგორც რევოლუციის დროს, რომლის გამარჯვებამდე მას «აფხაზეთისა» და «ტერიტორიული მთლიანობის» პრობლემა არც უხსენებია (უფრო კორუფციაზე ანუ სოციალურ პრობლემებზე საუბრობდა) მხოლოდ მას შემდეგ, რაც კვლავ გაიმარჯვა არჩევნებში და განიმტკიცა ხელისუფლება, დაიწყო ისევ საუბარი არა იმაზე, რაც «ხალხს» მიაჩნდა პრიორიტეტულად (მაძღარი და მშვიდი ცხოვრება), არამედ იმაზე რასაც თვითონ თვლიდა უმთავრესად და პრიორიტეტულად ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, ისტორიული ინტერესების თვალსაზრისით.
        დავით აღმაშენებლის საფლავზე «ქვეყნის გამთლიანების ფიცი» მიხეილ სააკაშვილმა დადო არა რევოლუციამდე, არა არჩევნებამდე (რაკი იცოდა, რომ ხალხს სინამდვილეში ამ ღირებულებებისთვის თავის შეწუხება და რეალური მსხვერპლის გაღება სულაც არ სურდა, ანუ ამით ობივატელს დააფრთხობდა), არამედ უკვე ინაუგურაციის დღეს – რაკი მიაჩნდა (შეედავებით ამაში?!) რომ რა განწყობაც არ უნდა ჰქონდეს «ხალხს», იგი ვალდებულია ხალხიც აიძულოს(!) იბრძოლოს იმ მიზნებისთვის, რაც სინამდვილეში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 70 ლარიანი ან თუნდაც 100 დოლარიანი პენსია.
        ვიმეორებ კითხვას: დასაძრახია ამისთვის პრეზიდენტი? რა თქმა უნდა არა!!! რა არის არაბუნებრივი, დასაძრახი, უმართებულო ან გასაკვირი იმაში, რომ ახალგაზრდა, ამბიციურ, მეოცნებე პრეზიდენტს სურდეს ისტორიაში შესვლა «სამშობლოს გამამთლიანებლის» თიკუნით ანუ ისტორიული დიდება, მშობელი ერის საუკუნო სიყვარული და თაყვანისცემა მოიპოვოს?
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        ერთ - ერთი ამერიკელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში, ომამდე მცირე ხნით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა თქვა: «სიცოცხლე ისე ხანმოკლეა . . . . !»
        «სიცოცხლე ხანმოკლეა!!!» - აი აქ, ამ დებულებაშია «რევოლუციონერი პოლიტიკოსის» მენტალური კონსტიტუცია, მისი ფსიქოლოგიის გასაღები, მისი «ეგოს» კვინტესენცია!
        «ცხოვრება ხანმოკლეა», - მაშასადამე უნდა მოასწრო და შენი ქვეყნისთვის გააკეთო რაღაც დიადი, რაღაც «მართლა მნიშვნელოვანი». მერედა, განა შეიძლება ასეთად ჩაითვალოს პენსიის თუნდაც 100 დოლარამდე გაზრდა, თბილისი - ფოთის ავტობანის აგება, ბათუმში ლამაზი სანაპირო ბულვარის მოწყობა? «ამას ხომ ორდინალური, მეტ-ნაკლებად წარმატებული პრეზიდენტიც შეძლებს?»
        არა, «დავით აღმაშენებლობა» ამას არ გულისხმობს – საამისოდ ქვეყნის გამთლიანებაა საჭირო!
        ერთი მოსწრებული და მრავალმხრივ ძალიან ზუსტი განსაზღვრებით «მიხეილ სააკაშვილს სურდა საქართველოს ისტორიაში შესულიყო როგორც გმირი და არა როგორც მხოლოდ რეფორმატორი!»
        ისევ და ისევ ვიმეორებ: რა არის აქ დასაძრახი? – თითქოსდა მხოლოდ რეალობისა და ალბათობის, სასურველისა და შესაძლებლის ცდომილება.
        მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, რომ აქ ნება, მოქმედების უნარი, გონიერება და პასუხისმგებლობა იმ საზოგადოებას მართებს, რომელსაც ამ ინტენციის პოლიტიკოსი ქვეყნის სათავეში მოჰყავს, ან ხელისუფლებაში მის მოსვლას გულგრილად, შორიდან აკვირდება.
        სწორედ საზოგადოებამ, მისმა «გადამწყვეტმა ნაწილმა» უნდა გამოამჟღავნოს კოლექტიური ინტელექტი და პასიონარულობა; შესაბამისად, უნდა განსაზღვროს, უნდა მიხვდეს, უნდა შეამჩნიოს, წინასწარ უნდა შენიშნოს, უნდა დააკვირდეს, უნდა ამოიცნოს, სინამდვილეში (!!!) რა ინტენცია აქვს პოლიტიკოსს – როგორც არ უნდა ცდილობდეს იგი ამ ინტენციის დაფარვას («დრომდე»), შენიღბვას და სხვა პრიორიტეტების დეკლარირებას.
        მხოლოდ და მხოლოდ ის საზოგადოები იცილებენ თავიდან მათთვის არასასურველ მსხვერპლსა და კატაკლიზმებს, რომელთაც ამის შნო, უნარი და ნება აქვთ.

        სწორედ ამ თემით მივადექით განსახილველი ტრაგედიის მიზეზთა კიდევ ერთ ასპექტს.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        დიდი «შეშფოთება» გამოიწვია წიგნში გამოთქმულმა მოსაზრებამ იმის თაობაზე, რომ ის პროცესი, რომელიც 1988-1993 წლებში წარიმართა საქართველოში, სინამდვილეში არ იყო ეროვნული მოძრაობა ანუ მოძრაობა, რომელიც ერის შინაგან, სიღრმისეულ, ჭეშმარიტ მისწრაფებებსა და ინტენციას გამოხატავდა.
        ჩემი არგუმენტაცია (დაწურული სახით) ასეთი იყო: ეს პროცესი რომ ეროვნული მოძრაობა ყოფილიყო, იგი სხვაგვარად წარიმართებოდა და სხვაგვარად დასრულდებოდა, ვიდრე წარიმართა და დასრულდა.
        2008 წლის ტრაგედიის შემდეგ კი, იმავე დისკურსში შეიძლება უკვე დაბეჯითებით ითქვას, რომ როგორც დადასტურდა, არც ე.წ. «ვარდების რევოლუცია» გამოხატავდა ერისა და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს.
        ამ იდეის მატარებელი იყო ერის, საზოგადოების «პასიონარული უმცირესობა», მისი «გადამწყვეტი ნაწილი», მაგრამ არა მთელი საზოგადოება და მთელი ერი.
        ეს უმალვე დადასტურდა, როგორც კი საქმე-საქმეზე მიდგა: აღმოჩნდა, რომ ერსა და საზოგადოებას სულაც არ სურდა გაეღო რეალური მსხვერპლი იმ ღირებულებებისათვის, რომელთაც ვითომდაც ერთსულოვნად დაუჭირა მხარი 2003 წლის ნოემბერში. ეს კი გამოიხატება არა მხოლოდ ბრძოლის ველიდან გამოქცეულ ათასობით ოფიცერსა და ჯარისკაცში, არამედ დამპყრობელი მტრის ჯარისკაცებისათვის გამოცხობილ ხაჭაპურებში – ხაშურსა თუ ფოთში.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        მოდით გავიხსენოთ ამ თვალსაზრისით 2003 წლის მოვლენები და ის, რაც წინ უძღოდა «ვარდების რევოლუციას». გადამწყვეტი და განმსაზღვრელი (აგრეთვე ყველაზე მეტად ნიშანდობლივი) მოვლენა იყო 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები.
        განვლილ წლებში «ჩაქუჩით გვიჭედავდნენ» თავში, რომ ის არჩევნები «ტოტალურად გაყალბდა».
        ესე იგი, გამოდის, «ტოტალურად გაყალბებული» იყო ის არჩევნები, რომლის შედეგადაც 7 პროცენტიანი(!) საარჩევნო ბარიერი ექვსმა პოლიტიკურმა ბლოკმა და თორმეტმა პარტიამ გადალახა. თანაც ისე, რომ არც ერთ მათგანს პარლამენტში არათუ საკონსტიტუციო, არამედ უბრალო უმრავლესობაც არ ექნებოდა – რაც დადგენილების მისაღებადაა საჭირო; ხოლო «დემოკრატიული» და «გაუყალბებელი» ის არჩევნები ყოფილა, რის შედეგადაც პარლამენტში იქმნება ერთპარტიული სისტემა – კონსტიტუციის ნებისმიერ დროს ჭრა-კერვის უნარით.
        თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ 2 ნოემბრის «ტოტალურად გაყალბებულ» არჩევნებს. იმ არჩევნების შედეგად, ქვეყნის მომავალმა მესამე პრეზიდენტმა და მისმა პარტიამ ოფიციალური მონაცემებით მიიღო 17-18 პროცენტი, ხოლო (როგორც თავად აცხადებდნენ) «სინამდვილეში 25 პროცენტი».
        ესეც იმ შემთხვევაში, თუ (მათი მოთხოვნით) «გაუქმდებოდა არჩევნების შედეგები ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, სადაც არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.».
        აქვე დავაკვირდეთ: ეს არგუმენტი «რატომღაც» არ გახსენებიათ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც აღშფოთებას ვერ მალავდნენ ოპოზიციის განცხადებათა გამო: «სააკაშვილმა 50 პროცენტზე მეტი ხმა «მხოლოდ ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის ხმებით დააგროვაო» - «რა, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან?» კი მაგრამ, მაშინ (2003 წელს) არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები?
        თუმცა, დავუშვათ, «ნაციონალურმა მოძრაობამ» მართლაც 25 პროცენტი მიიღო 2 ნოემბრის არჩევნებში. რას ნიშნავს ეს ციფრი? უეჭველად ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის 75 პროცენტმა მის რადიკალურ პროექტს მხარი არ დაუჭირა! მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (რომელიც, მრავალრიცხოვნების მიუხედავად, საზოგადოების «გადამწყვეტი ნაწილი» არ აღმოჩნდა) ხმა მისცა ნაკლებ რადიკალურ, უფრო პროგნოზირებად, უფრო ზომიერ ლიდერებს, რაკი უცთომელი გუმანით(!!!) მიხვდა, იგრძნო, რომ რადიკალის მოსვლა ქვეყნის სათავეში საბოლოოდ უარეს დღეში ჩააგდებდა, რომ აუცილებლად დაურღვევდა 1988-1993 წლების საზარელი მარცხის შემდეგ, საძულველი შევარდნაძის მიერ ჩამოყალიბებულ, მაგრამ ტკბილად სასურველ მშვიდობასა და სტაბილურობას.
        კვლავ დავაკვირდეთ ერთ ასეთ უცნაურობას: 2003 წლის შემოდგომით, ანუ 2 ნოემბრის არჩევნებამდე და რევოლუციამდე, მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო პროცესში «აფხაზეთი» «სამხრეთ ოსეთი», «ტერიტორიული მთლიანობა» არც ერთხელ არ უხსენებია! ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით!!! ძირითადი თემები იყო «კორუფცია», «მდიდრისთვის წართმევა და ღარიბისთვის მიცემა» «სრა-სასახლეების დანგრევა», «მოპარული ქონების ჩამორთმევა» და ასე შემდეგ.
        მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციის შემდეგ, როდესაც ძალაუფლება მოიპოვა და 4 იანვრის ე.წ. «არჩევნებით» გაიფორმა (იმ არჩევნებში მოსახლეობის შოკირებულ ნახევარს მონაწილეობა არ მიუღია და 96 პროცენტიანი შედეგიც ამით აიხსნება) დაიწყო სააკაშვილმა ლაპარაკი «ქვეყნის გამთლიანებაზე» და «ტერიტორიების დაბრუნებაზე.»
        რით აიხსნება ეს უცნაურობა? აიხსნება ძალიან მარტივად: მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ თუ 2 ნოემბრის არჩევნებამდე დაიწყებდა ამ პრობლემებზე ლაპარაკს, მაშინ იმ ხმების დიდ ნაწილსაც დაკარგავდა, რაც 2 ნოემბერს მიიღო, რადგან შესანიშნავად ხვდებოდა მთავარს: მოსახლეობის დიდ ნაწილს, შევარდნაძისადმი სიძულვილის მიუხედავად, სულაც არ ეპიტნავებოდა ისევ ომსა და უბედურებაში დაბრუნება, ამიტომ თუ ამას მაშინ იტყოდა, მოსახლეობა მიხვდებოდა, რაც ელოდა რადიკალთა ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში!
        ამის მიუხედავად, როგორც მოგახსენეთ, უმრავლესობა (75 პროცენტი) მაინც მიხვდა მთავარს;
        თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, ის ყბადაღებული მეოთხედიც კი, დროულად რომ ეგრძნო რა იყო ახალი პროექტის დედააზრი, 2 ნოემბრის არჩევნებზე, დიდწილად, «ნაციონალურ მოძრაობას» ხმას არ მისცემდა და უფრო ზომიერ პარტიებს არჩევდა - თუნდაც იგივე «ბურჯანაძე-ჟვანიას» სახით, რომლებმაც, კაცმა რომ თქვას, 7 პროცენტიანი ბარიერიც ძლივს გადალახეს – თუ გადალახეს საერთოდ.
        2003 წლის ნოემბრისთვის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება შევარდნაძის მიმართ იყო გულგრილი ზიზღი. მაგრამ ამ უმრავლესობას, რომელსაც სძულდა შევარდნაძე, არ უნდოდა მიხეილ სააკაშვილი და მისი რადიკალური პროექტი!!! რადგან არაფერი სურდა (სინამდვილეში) სიმშვიდის, სიწყნარის, ევოლუციის, თანდათანობითობის, არარადიკალურობის, მოსვენების გარდა.
        ახლა მოდით ვიკითხოთ: ვინმემ თუ მისცა ხმა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში შევარდნაძის «მოქალაქეთა კავშირს?». უჰ, «მაგათ ხმას ვინ მისცემდაო» – არადა ასეთი კატეგორიულობა იმთავითვე სიბრიყვისა და პრიმიტივიზმის გამოვლინებაა.
        რეალობა ყოველთვის ბევრად უფრო რთულია და მრავალწახნაგოვანი. მაგალითად, თქვენ წარმოიდგინეთ, შევარდნაძისადმი ზიზღის მიუხედავად, თბილისისა და არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მაინც ხმა მისცა იმ არჩევნებში «მოქალაქეთა კავშირს». ოღონდ ხმას აძლევდა უკვე არა იმდენად შევარდნაძეს, რამდენადაც (ვთქვათ) «პირველ ნომრად» დასახელებულ ვაჟა ლორთქიფანიძეს და მის მიღმა მდგომ ბადრი პატარკაციშვილს, რომლებიც ბევრად უფრო პროგნოზირებადი, მშვიდი, გაწონასწორებული ჩანდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი და მისი რადიკალური გუნდი.
        ანუ, ამ კატეგორიამ ხმა მისცა «შეჩვეულ ჭირს» - «შეუჩვეველი ლხინის ნაცვლად» და, როგორც ამჟამად ვხედავთ, ამაში არც შემცდარა, ვინაიდან ის «შეუჩვეველი ლხინი», სინამდვილეში, მისთვის (სიმშვიდისა და ოჯახური მყუდროების მოყვარული ობივატელისათვის) ბევრად უფრო დიდი და საზარელი «ჭირი» და უბედურება აღმოჩნდა, ვიდრე შევარდნაძისდროინდელი.
        რეალურად, როგორც გაირკვა, სწორედ ეს იყო ყველაზე ფრთხილი და შორსმჭვრეტელი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა (ანუ ის 75 პროცენტი, ვინც რადიკალებს მხარი არ დაუჭირა მაშინ) – განსხვავებით იმ «პასიონარული უმცირესობისგან», საზოგადოების იმ «გადამწყვეტი ნაწილისგან», რომელმაც რევოლუციური გზით მოახვია თავისი ნება მშვიდობის მოსურნე, «ობივატელურ», «რეტროგრად» და «კონფორმისტ» უმრავლესობას.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        არადა, განა ნებისმიერი ელემენტარულად გონიერი და განსჯის უნარის მქონე ადამიანისთვის ნათელი არ უნდა ყოფილიყო, რომ ახალგაზრდა, ენერგიული, ამბიციური, პასიონარული ვნებით ანთებული პოლიტიკოსისა და მისი ასეთივე «მხურვალედ ქმედითი» გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია-გარდაქმნის პროცესში, იგი (ისინი) აუცილებლად, უეჭველად(!!!) ადრე თუ გვიან მიადგებოდნენ იმ პრობლემას, რომელიც ძველი «ეროვნულ-სახელმწიფოებრივი» პარადიგმის ფარგლებში ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიდა. ანუ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს!
        ეს აბსოლუტურად ნათელი უნდა ყოფილიყო იმთავითვე და ესმოდა (გუმანით გრძნობდა) კიდეც იმ უმრავლესობას, რომელსაც «მიშა» 2003 წლის ნოემბრამდე თვალში არ მოსდიოდა, რაკი სწორედ ამის ეშინოდა ყველაზე მეტად – მშვიდობისა და «შეჩვეული ჭირის» დარღვევის.
        თუმცა, ვიმეორებ, საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით, ეს უმრავლესობა არ იყო «გადამწყვეტი» - განსხვავებით დემოკრატიული ქვეყნებისაგან. თუმცა საფრთხეს ეს «რეტროგრადი» უმრავლესობა უფრო გრძნობდა.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        მაშინდელი (2001-2003 წლების) გულამოსკვნილი, დარდიანი, უიმედო, ხელჩაქნეული, «ბეთან შერიგების» ატმოსფერო, როგორც მინიმუმ, რუსეთის მიმართ მაინც უფრო ფრთხილი და მოზომილი პოლიტიკის გარანტიას ქმნიდა; გარდა ამისა დაფიქრების, 1988-1993 წლების «ეროვნული მოძრაობის» პროცესში დაშვებული უმძიმესი შეცდომების გაანალიზებისა და მონანიების, საკუთარი ძალებისა თუ შესაძლებლობების სწორად შეფასების განწყობასაც აძლიერებდა. მაგრამ ეს ნამდვილად არ აძლევდათ ხელს «მოძრაობის» ყოფილ ლიდერებს; ამიტომაც გამოჩნდა 2003 წლის ნოემბრის მიტინგებზე ირაკლი წერეთელი.
        არადა, იმდროინდელი ფრთხილი, «ხელჩაქნეული პესიმისტები», «რეტროგრადები». «კონფორმისტები» და «ნიჰილისტები» მართლაც უფრო ფრთხილნი, წინდახედულნი, ჭკვიანნი, შორსმჭვრეტელნი და რეალისტურად მოაზროვნენი აღმოჩნდნენ, ვიდრე რწმენითა და იმედით აღსავსე ის თვალებანთებული პასიონარები, რომლებმაც სწორედ ამ რწმენით, ამ გულმხურვალებით, რეალობასთან ამ შეურიგებლობით, ამაყად თავაწეულებმა, - ზეაღმართული, ფართოდ გაშლილი, მოფრიალე ხუთჯვრიანი დროშებით, - საბოლოოდ გადაჩეხეს ქვეყანა უფსკრულში!
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        გეხსომებათ – ქართული მულტფილმია ერთი ასეთი: პატარა წიწილა რომ დინჯ გლეხკაცს უკიჟინებს მუშაობისას «აბა ჩქარა . . . აგური . . . ტალახი . . . . აგური . . . ტალახი . . . .».
        ზრდასრული, დინჯი გლეხკაცი კი მშვიდად ირჯება – სვენებ-სვენებით, მერე თუნგულასაც მოიყუდებს, დაისვენებს, ისევ დინჯად შეუდგება საქმეს, მაგრამ წიწილა არ ასვენებს «აბე ჰე . . . აგური . . . . ტალახი . . . აბა მარდად მიდი . . . . .ქიცი ვიცი ქიცმაცურიც ვიცი ჰე . . . «.
        ამ მულტფილმს განსაკუთრებით ხშირად უჩვენებდნენ რევოლუციის შემდეგ «სახელისუფლებო არხებზე» – აქაოდა, ქართველებს რეფორმირება არ გსურთ, განვითარება გეზარებათ, ჩვენი ხელისუფლება კი გაიძულებთ გაინძრეთ, დროს ფეხი აუწყოთ, ამიტომაც გძულთ, რაკი ზანტები და მენტალურად მოუქნელები ხართ» და ა.შ.
        არადა, როგორც ახლა დავრწმუნდით, ის დინჯი გლეხკაცი ბევრად უფრო ჭკვიანი და გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე  წიწილა, რომლის სულსწრაფობა და «ვითომ ენერგია» ბავშვების მიერ ქვიშაზე სახლების შენებისთვის თუ გამოდგებოდა.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        მით უმეტეს, რომ ამ ჩვენს «ახალგაზრდა რეფორმატორებს» და «გულანთებულ მოდერნიზატორებს», როდესაც ქვეყნის მოდერნიზების, მისი განახლების პროექტის განხორციელებას შეუდგნენ, არ ეყოთ არც ინტელექტი, არც პასუხისმგებლობა და არც მოქალაქეობრივი სიმამაცე-სიქველე, რათა სწორედ იმ მთავარი დილემიდან ეპოვათ გამოსავალი, რომ ობიექტურად შეუძლებელი იყო საქართველოს ერთდროულად დამოუკიდებლობაც მოეპოვებინა და ტერიტორიული მთლიანობაც შეენარჩუნებინა.
        მრავალ სფეროში განხორციელებული მართლაც რადიკალური რეფორმების მიუხედავად, მათ ვერ მოახერხეს შეემუშავებინათ ახალი ეროვნულ -სახელმწიფოებრივი პარადიგმა და ერისთვის პირდაპირ, ნათლად, მკაფიოდ, ვაჟკაცურად ეთქვათ, რომ ტერიტორიას აქვს მხოლოდ ფუნქციონალური და არა სულიერ-ზნეობრივი მნიშვნელობა; რომ ტერიტორიებზე უარის თქმა, ბოლოს და ბოლოს, არ არის ეროვნული კატასტროფა და რომ თანდათან უნდა შევურიგდეთ მტკივნეულ აზრს: საქართველო ვერ შეძლებს ერთდროულად ტერიტორიების სრულად შენარჩუნებას და სრულყოფილი დამოუკიდებლობის მოპოვებას, - დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებას.
        აი, ეს მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც აბსოლუტურად ლოგიკურად გამომდინარეობდა მათივე «მოდერნიზაციული პროექტიდან» - ამ ახალგაზრდებისათვის მაინც ტაბუირებული აღმოჩნდა.
        თანაც, არა მხოლოდ ხელისუფლებისა და პოლიტიკოსებისათვის, არამედ მოდერნიზაციის ისეთი «წინწასული», «არასტერეოტიპულად მოაზროვნე», «იდეურად ნოვატორი» მოაზროვნე-იდეოლოგებისთვისაც კი, როგორებიც იყვნენ ლევან რამიშვილი და «თავისუფლების ინსტიტუტი». მათთვისაც კი, «ტერიტორიული მთლიანობა» და «არც ერთი გოჯის არდათმობის» შეურიგებელი თეზისი აბსოლუტურად უეჭველი და შიშნარევად ტაბუირებული იყო.
        შედეგად კი, ამ საკითხში უკომპრომისობაზე რუსეთმა ოსტატურად ითამაშა: აქ ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე ისეთივე შეურიგებელნი და სიახლისადმი, არატრივიალურისადმი, არასტერეოტიპულისადმი ისეთივე უუნარონი აღმოჩნდნენ, როგორც ნოდარ ნათაძე, მუხრან მაჭავარიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი და გურამ პეტრიაშვილი.
        რა თქმა უნდა, ძნელი იყო ძველი ცნობიერი სქემებით უმძიმესად დაავადებული ერისთვის ასეთი რამის თქმა, - «სამხრეთ ოსეთისა» და «აფხაზეთის» შესაძლო გამოყოფისა და დაკარგვის ღიად დეკლარირება, ამის გარდაუვალობისა და არაკატასტროფულობის ახსნა.
        მაგრამ დალოცვილებო, თუკი ქვეყნისა და ერის მოდერნიზება განიზრახეთ და მრავალი სხვა მიმართულებით გულადად ახორციელებდით, აქაც უნდა გაგებედათ – ეს იყო სწორედ ის მთავარი ხუნდი, რითაც რუსეთს საქართველო ჰყავდა და ჰყავს შებორკილი.
        მაგრამ მიხელ სააკაშვილის «ნაციონალური პროექტი», როგორც აღმოჩნდა, ახალი იდენტობის შექმნას ვერ ბედავდა – ისევ ძველ, ძირმომპალ საფუძველზე სურდა ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სისტემის აგება, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა - «არ შთაისხმების ღვინო ახალი თხიერთა ძველსა . . .»
        სამწუხაროდ, 2003 წლის რევოლუციის შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულ «რეფორმატორებში» არ აღმოჩნდა ვაცლავ ჰაველი, რომლის სიდიადე უპირველესად იმაში მდგომარეობს, რომ მან ერს აუხსნა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ «ჩეხეთ-სლოვაკეთის» დაშლის აუცილებლობა და გარდაუვალობა – ჩეხეთმა პირველმა სცნო სლოვაკეთის დამოუკიდებლობა. სხვაც მოასვენა და თავადაც მოისვენა.

  მაინც რატომ იყო რუსეთი ასეთი აგრესიული და ეჭვიანი მაინცდამაინც საქართველოს მიმართ? რა უნდოდა და რა აფრთხობდა რუსეთს? მოვიყვან ნაწყვეტს  წიგნიდან, რომელიც 2004 წელს გამოქვეყნდა.

         როგორი პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს საქართველომ, ვინც არ უნდა მოვიდეს ჩვენი ქვეყნის სათავეში, რუსეთი ამიერიდან ყოველთვის შეეცდება, დამოუკიდებელი საქართველო იყოს რაც შეიძლება სუსტი, ღარიბ-ღატაკი, დაგლახავებული და არასტაბილური ქვეყანა. იმიტომ კი არა, რომ რუსეთი «ბოროტია». უბრალოდ, დამოუკიდებელი, მდიდარი და სტაბილური საქართველო, განურჩევლად მისი საგარეოპოლიტიკური კურსისა, განურჩევლად რუსეთისადმი კონკრეტული ხელისუფლების განწყობისა, ობიექტურად (თვით არსებობის ფაქტით) შეუქმნის პრობლემას რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც რუსეთის «მზის წნულია». ეს გახლავთ საზარელი გეოპოლიტიკური რეალობა, რომლის შეცვლა საქართველოს არ შეუძლია და ვერც ოდესმე შეძლებს.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, სინამდვილეში, სტრატეგიული თვალსაზრისით, რუსეთს ის კი არ აღელვებს, რომ საქართველოდან – ჩრდილოეთ კავკასიაში ექსტრემისტები არ გადადიოდნენ და იარაღი არ შედიოდეს, არამედ საქართველო იმდენად არ განვითარდეს, იმდენად აყვავებულ, სტაბილურ, მიმზიდველ ქვეყნად არ იქცეს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ჩვეულებრივ მაცხოვრებელს (არა ვაჰაბიტს, ისლამისტს, ექსტრემისტს, არამედ ნორმალურ ობივატელს) არ გაუჩნდეს სურვილი, თბილისში (და არა როსტოვში) ჩამოვიდეს პიროვნულ მისწრაფებათა დასაკმაყოფილებლად. ვთქვათ, თბილისის «დინამოსა» და მადრიდის «რეალის» მატჩზე დასასწრებად; თბილისის უნივერსიტეტში სასწავლებლად, რომლის დიპლომი საერთოევროპული რანგის იქნება; თბილისიდან – ნიუ-იორკში გადასაფრენად; ბიზნესის დასაწყებად საერთოევროპულ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობით; საქართველოში სამუშაო ვიზის მისაღებად, რაკი ანაზღაურება რუსეთზე მაღალი იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
    ამას რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს და ყოველნაირად შეეწინააღმდეგება აშკარად თუ ფარულად - როგორი ლოიალური პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს მის მიმართ დამოუკიდებელმა საქართველომ.
    პოლიტიკას მრისხანე, უმოწყალო კანონები აქვს. ამ კანონების იგნორირებას, უპასუხისმგებლობასა და გულარხეინობას იგი არავის აპატიებს.

   ამასთანავე, თუ რუსეთის მიმართ საქართველოს გრძელვადიან პოლიტიკას გავაანალიზებთ, შეუძლებელია არ ვაღიაროთ, რომ თვით პარადიგმა ქართული ეროვნული მოძრაობისა, ობიექტურად ქმნიდა რუსეთთან კატასტროფული დაპირისპირების საფუძველს.
        მაშ ასე, განვიხილოთ ეს პარადიგმა დინამიკაში, ასე ვთქვათ პერსონიფიცირებულად. ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ სამივე პრეზიდენტი, მენტალური თუ ცნობიერი თვალსაზრისით, იყო ქართული საზოგადოების, ქართული, თუ გნებავთ, ეთნოფსიქოლოგიის სისხლი-სისხლთაგანი და ხორცი-ხორცთაგანი.
        მიუხედავად სხვა მრავალი სხვაობისა, ისინი არ განსხვავდებოდნენ «მენტალურ მოცემულობათა» თვალსაზრისით.

        საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას «ზეიდეა» იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს უნდა აღესრულებინა თავისი «სულიერი მისია» - შეექმნა ე.წ. «კავკასიური სახლი», გაეთავისუფლებინა ჩეჩენი ხალხი და სხვა ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხები რუსეთის იმპერიისაგან; მაშასადამე, ხელი შეეწყო რუსეთისგან იმ რეგიონის მოწყვეტისთვის (თანამდევი გარდაუვალი ომებითა და სისხლისღვრით რასაკვირველია), რომელიც, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის «მზის წნულია».
        ამ რეგიონის დაკარგვა რუსეთისათვის სასიკვდილოა, რაკი ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინეთშიც კი ეს პროცესი არ შეჩერდებოდა და ნგრევა გაგრძელდებოდა ვოლგისპირეთის მიმართულებით, ანუ რუსეთის გულისკენ.
        აქ «იმპერიულ პრესტიჟზე» კი აღარ გვაქვს საუბარი, არამედ რუსეთის სახელმწიფოს სრულ ნგრევასა და ანარქიაზე რაც, ჩრდილოეთ კავკასიის თავისებურებათა გათვალისწინებით, შეუჩერებლად გაგრძელდებოდა და რუსეთის თვით არსებობას დააყენებდა ეჭვქვეშ.

        მეორე პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ შეიმუშავა და მრავალგზის გამოაქვეყნა (ნაწილობრივ აღასრულა კიდეც) ე.წ. «ევრაზიული ხიდისა» და «ახალი აბრეშუმის გზის» იდეა, რომლის არსი მდგომარეობდა შემდეგში: რაკი რუსეთისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიიდან, კასპიის აუზიდან ევროპაში ენერგომატარებელთა ტრანსპორტირების გზებზე კონტროლის შენარჩუნება, რაკი სხვა რესურსი (გარდა ენერგომატარებლებისა) თვით რუსეთს აღარც აქვს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად, მაშასადამე საჭიროა საქართველო იქცეს მთავარ პროვოკატორად თუ «არქიტექტორად» იმგვარი საკომუნიკაციო სისტემისა, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით კასპიის აუზიდან ენერგომატარებელთა ტრანსპორტირების საშუალებას შექმნის!
        მაშასადამე, კასპიის აუზიდან ყველა სტრატეგიულმა გაზსადენმა, ყველა ნავთობსადენმა თუ სხვა კომუნიკაციებმა რუსეთის გვერდის ავლით საქართველოზე უნდა გაიაროს.
        მერე რა, თუ თვით საქართველოს ამ გაზისა და ნავთობის მიზერი დარჩება. მთავარია «სამსოფლიო მისია» და გეოპოლიტიკური ფუნქცია (ჭაბუა ამირეჯიბის «კონცეფციის» შესაბამისად); მთავარია საქართველო იქცეს იმ «გეოპოლიტიკურ ხიდად», რომელიც ცენტრალური აზიის ტანჯულ ერებს თავისუფალი ევროპის ენერგომოწყურებულ ქვეყნებთან უშუალოდ, რუსეთის გვერდის ავლით დააკავშირებს.
        იკითხავენ: განა ეს მხოლოდ შევარდნაძის იდეა იყო? რა თქმა უნდა არა! სინამდვილეში ეს იყო არა საქართველოს მეორე პრეზიდენტის, არამედ იმავე ცენტრალური აზიის ელიტების, იმავე თურქეთის, იმავე აზერბაიჯანისა და რასაკვირველია დასავლეთის, - ამერიკისა და ევროპის იდეა.
        მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ არავინ საქართველოს (მისი პრეზიდენტის) გარდა ხმამაღლა, ღიად, დაუფარავად, აშკარად(!) არ ამბობდა, არ ყვიროდა, ლამის ყოველდღე განცხადებებს არ აკეთებდა, რომ ამ იდეის არსი რუსეთის ალტერნატიული დერეფნის შექმნაა, რომ სწორედ ამ ფუნქციის, ამ გეოპოლიტიკური ამოცანის გადაწყვეტას ისახავს მიზნად ეს «ახალი აბრეშუმის გზა», «ევრაზიული ხიდი», «ტრანსკასპიურ-ტრანსკავკასიური დერეფანი»; და რომ რუსეთი ვალდებულია უდრტვინველად შეურიგდეს ალტერნატიული მარშრუტების შექმნასა და მისი ისტორიული პრეროგატივების დათმობას, რაკი რუსეთის ბატონობისაგან ცენტრალური აზიის გათავისუფლება და «ბოროტების იმპერიაზე» ევროპის დამოკიდებულების შემცირება კეთილშობილი, საშვილიშვილო საქმეა.
        ისევე, როგორც ბერლინის კედლის დანგრევა, აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლება იმ წყეული კრემლის კლანჭებისგან, რომელმაც მისი მომავალი დამანგრეველი და პყრობილ ერთა მომავალი განმათავისუფლებელი საკუთარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.

        მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა არაერთგზის განაცხადა, რომ საქართველოში მის მიერ განხორციელებული «ვარდების რევოლუციით» დაიწყო «ევროპის გათავისუფლების მესამე ტალღა».
        ვისგან გათავისუფლების? რა თქმა უნდა რუსეთისგან! ანუ, თუკი პირველმა და მეორე ტალღამ, «ბერლინის კედლის დამანგრევლის» ძალისხმევით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა გაათავისუფლა «ბოროტების იმპერიისგან», მესამე ტალღის ფუნქცია (შესაბამისად, საქართველოს, ქართველი ერისა და მისი ლიდერის მისია) იმაში მდგომარეობდა, რომ ახლა უკვე პოსტსაბჭოური სივრცე, ანუ უკრაინა, ბელორუსი, ყირგიზეთი და ა.შ გაეთავისუფლებინა კრემლის მარწუხებისგან.
        რაც ყველაზე ნიშანდობლივია, სამივე პრეზიდენტმა გარკვეულწილად წარმატებას მიაღწია თავის ძალისხმევაში: ზვიად გამსახურდიას ფაქტორმა სერიოზული როლი შეასრულა ჩეჩნეთის «აფეთქებაში»; ედუარდ შევარდნაძემ მართლაც ააგო რუსეთის «გვერდამავალი» ევრაზიული ხიდის პირველი, მნიშვნელოვანი კონსტრუქციები; ხოლო მიხეილ სააკაშვილის «ვარდების რევოლუციამ» სათავე დაუდო და მაგალითი მისცა რუსეთისათვის სასიცოცხლოდ საშიში პროცესების განვითარებას უპირველესად უკრაინაში, სადაც «ნარინჯისფერი რევოლუციის» შედეგად ანტირუსული ძალები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში.
        მათ ეს ვეებერთელა, არაერთგვაროვანი ქვეყანა ერთმნიშვნელოვნად შეატრიალეს სახით ევროპისკენ და ზურგით – რუსეთისკენ.
        მერედა, მოდით ვიკითხოთ: რას ნიშნავს და რა არის უკრაინა რუსეთისთვის? ეს არის რუსული ეთნოგენეზისა და სახელმწიფოებრიობის აკვანი; მისი მართლმადიდებლობის წყარო; ეს არის მისი არსისა და იდენტობის (არა უბრალოდ სახელმწიფოებრივი, არამედ თვით ეროვნული იდენტობის!!!) განუყოფელი, სისხლხორცეული ნაწილი; ეს არის ყირიმი, რომელიც, კაცმა რომ თქვას, უკრაინული არასდროს ყოფილა და რუსული ეროვნული თვითშეგნებისათვის იმაზე ბევრად მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე კავკასია; ეს არის 20 მილიონი ეთნიკური რუსი; ეს არის 30 მილიონი რუსულენოვანი ანუ კულტურულად და ცნობიერად რუსი; ეს არის დნეპრისპირეთი და აღმოსავლეთ უკრაინა; ეს არის სსრკ მრეწველობისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნახევარი; ეს არის 55 მილიონიანი სახელმწიფო მოსკოვიდან 400-იოდე კილომეტრში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        აი, ამ ფენომენზე ამბობდა ჩვენი მესამე პრეზიდენტი, რომ თავისი და საკუთარი ერის მისიად უკრაინის (და ბელორუსეთის) რუსეთისაგან გათავისუფლებას რაცხდა და რომ საქართველოს დანიშნულებად მიაჩნდა, მაგალითი მიეცა მათთვის, - ყოველნაირად შეეწყო ხელი (ნარინჯისფერი ჰალსტუხიდან – კიევსა თუ მინსკში «რუსთავი-2»-ისა და «კრუხის წესით» გამოჩეკილი, საგანგებოდ დაგეშილი «ენ-ჯი-ოუ»-შნიკების გაგზავნამდე), რათა ბოლოს და ბოლოს გადაეგდოთ კრემლის უღელი და გათავისუფლებულიყვნენ რუსეთისგან - საქართველოს მიერ ევროპაში აგორებული «მესამე ტალღის» წყალობით.

        დავამატოთ ყოველივე ზემოთთქმულს ზოგიერთი «წვრილმანი», როგორიცაა, მაგალითად, 1989 წლის მიტინგზე გამოტანილი უნიკალური ლოზუნგი (სხვას ამის მსგავსი არსად არაფერი გამოუტანია) «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია»; ან რუსი ერის მიერ «ნებისმიერი ფეკალური მასის შესმის მზადყოფნა», რაც სინამდვილეში «წვრილმანი» სულაც არა.
        მაშასადამე, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, საქართველო რუსეთს უქმნიდა (ან, ყოველ შემთხვევაში, არ მალავდა, რომ ცდილობდა შეექმნა) არა უბრალოდ პოლიტიკურ პრობლემებს, არამედ ეგზისტენციურ პრობლემებს! ესე იგი იმგვარ პრობლემებს, რომლებიც რუსეთის როგორც სახელმწიფოსა და რუსეთის, როგორც ქვეყნის, როგორც ისტორიული ცივილიზაციურ-კულტურული ფენომენის თვით არსებობას აყენებდა ეჭვქვეშ!!!
        მოკლედ და «თბილისურად» თუ ვიტყვით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ რუსებს «გავუ…. . . . თ საქმე» - ძალზე არარაფინირებული, არააკადემიური, უცენზურო, მაგრამ შინაარსობრივად საოცრად ზუსტი და ღრმა გამოთქმაა!
        ჰოდა ახლა კი, მე თქვენ გეკითხებით, პატივცემულო მკითხველო: ამ ყოველივეს გათვალისწინებით, არ გიკვირთ, რომ საერთოდ დედაწულიანად არ ამოგვწყვიტეს და თბილისი დედაბუდიანად არ გადაწვეს როგორც კი საბაბი მიეცათ?!!!

  იქნებ გახსოვთ – 2004 წელს, მიხეილ სააკაშვილმა, რუსეთთან «ახალი ურთიერთობების» აღდგენის მცდელობისას, რუს ჟურნალისტებს რამდენჯერმე განუცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძე (მისგან განსხვავებით) «Недоговороспособный» პოლიტიკოსია.
        გაზეთ «კომერსანტისთვის» მიცემულ ინტერვიუში კი, 2004 წელს, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა-სიტყვით თქვა: «რუსეთისადმი შევარდნაძის კონფრონტაციული პოლიტიკისაგან განსხვავებით, ჩვენ რუსეთ-დასავლეთთან მიმართებაში ნეიტრალურნი ვიქნებითო».
        გარდა ამისა, გავიხსენოთ მისი შემდეგი განცხადებაც: «მომწონს ის მეთოდები, რომლითაც პუტინმა მოახერხა საზოგადოების კონსოლიდაცია».
 
       და, ამავე კონტექსტში: ხშირად გაიგონებ - «სააკაშვილს ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა, როგორც აკეთებდა, რადიკალური რეფორმები გაეტარებინა, ოღონდ რუსეთს არ დაპირისპირებოდა, ოღონდ ომი არ დაეწყო – დანარჩენს ყველაფერს სწორად აკეთებდაო».
        ნურას უკაცრავად! სინამდვილეში, ქვეყნის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებისას, რუსეთთან დაპირისპირებაც და ომიც იყო აბსოლუტურად გარდაუვალი და აი, რატომ:

        ერთდროულად რამდენიმე სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგთა შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, კითხვაზე, «პრეზიდენტის მთავარ შეცდომად და წარუმატებლობად» რას მიიჩნევთო, ერთმნიშვნელოვნად პასუხობს: «რუსეთთან დაპირისპირებას».
        კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ ანალოგიურად პასუხობს კითხვას ქართველ ექსპერტთა და პოლიტოლოგთა უმრავლესობაც. თანაც მრავალი მათგანი მხარს უჭერს, მთლიანობაში, პრეზიდენტის საგარეო და საშინაო კურსს, მაგრამ მაინც მიაჩნიათ, რომ «ამ კურსის გატარება რუსეთთან დაპირისპირების გარეშეც შეიძლებოდა».
        ამ აზრს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. პირიქით, არანაკლები დარწმუნებით ვიტყვი, რომ ჩემი ღრმა რწმენით, რუსეთთან მწვავე დაპირისპირება აბსოლუტურად გარდაუვალი იყო სწორედ იმ პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, რომელიც «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ქვეყნის მრავლმხრივ მოდერნიზაციასა და მტკივნეული რეფორმების გატარებას გულისხმობდა.

        თავი რომ დავანებოთ რუსეთის ობიექტურად არსებულ (და არა სააკაშვილის მოგონილ, როგორც ზოგიერთებს მიაჩნიათ) აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და კრემლის თვისებრივ დაინტერესებას ჩრდილო კავკასიასთან მოსაზღვრე საქართველოს სახელმწიფოს მუდმივი სისუსტით, დავრდომილობით, განუვითარებლობით (რაც რუსეთის გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს) რუსეთთან სააკაშვილის დაპირისპირებას სხვა, შიდაპოლიტიკური ხასიათის წინამძღვრებიც ჰქონდა:
    საქმე ის გახლავთ, რომ ქართული საზოგადოება არსობრივად არ იყო მზად იმ უმძიმესი, უაღრესად მტკივნეული და შემაწუხებელი «ტრანსფორმაციისთვის», რომელიც სააკაშვილმა წამოიწყო «ვარდების რევოლუციის» გამარჯვებისთანავე.
        მრავალი იმათგანი, ვისაც შევარდნაძე ჭირის დღესავით სძულდა და ერთმნიშვნელოვნად მონაწილეობდა «ვარდების რევოლუციაში», მაშინ ვერ მიხვდა (ხოლო როცა მიხვდა, უკვე გვიან იყო), რომ «ჭაობად» წოდებული შევარდნაძის რეჟიმის ალტერნატივა უეჭველად ის მოდერნიზაცია იქნებოდა, რომელიც სააკაშვილმა შეიმუშავა და (სამართლიანობა მოითხოვს ითქვას) არც მალავდა 2003 წლის ნოემბრამდეც. მაგრამ მისი იმდროინდელი მომხრენი და მომავალი თავგადაკლული ოპონენტები მაშინ ამას ვერ ხედავდნენ, ვერ ხვდებოდნენ ან, შევარდნაძისადმი ირაციონალური სიძულვილით დაბრმავებულნი, არც აქცევდნენ ყურადღებას.
        შესაბამისად, როცა მიხვდნენ და დაინახეს, რომ შევარდნაძის რეჟიმისაგან და «ჭაობიდან» (რასაც დღეს უკვე «სიმშვიდედ» და «სტაბილურობად“ იხსენებენ) განთავისუფლება გულისხმობდა არა უბრალოდ ერთი პრეზიდენტის (შევარდნაძის) წასვლას და მეორე პრეზიდენტის (სააკაშვილის) მოსვლას, არამედ «თავის შეწუხებას», მტკივნეულ რეფორმებს, შევარდნაძის დროს ეჭვმიუტანელი ღირებულებების უარყოფას და ახლის დამკვიდრებას, ქვეყნის ინტერესებისათვის ბრძოლის, სისხლისღვრის, მრავალგვარი პრობლემის მოთმენისა და ატანის აუცილებლობას, ანუ, მთლიანობაში იმ ფასის გადახდას, რასაც შევარდნაძის რეჟიმის თვისებრივი, სისტემური და არა მხოლოდ პერსონალური ტრანსფორმაცია აუცილებლად მოითხოვდა - რეაქცია ძალზე მტკივნეული და აგრესიულიც აღმოჩნდა.
    შესაბამისად, მოდერნიზაციის პროცესში (და ეს უეჭველად მოსალოდნელიც იყო) ხელისუფლებას სჭირდებოდა «სამობილიზაციო რესურსი», რომელიც აიძულებდა საზოგადოებას, მიეღო და ეღიარებინა ამჟამინდელი ხელისუფლების არსებობა-შენარჩუნების მიზანშეწონილება და აუცილებლობა. აქვე დავაზუსტებ: ეს მიზანშეწონილობა უკმაყოფილო სოციუმის დიდ ნაწილს შეიძლება სულაც არ ეპიტნავებოდეს, მაგრამ ამის ღიად თქმა «უხერხულია» - აბა ღიად ვინ გაბედავს და ამოიღებს ხმას ქვეყნის მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის აუცილებლობის წინააღმდეგ?
    სწორედ ამგვარ «სამობილიზაციო რესურსად» იქცა ყურადღების აქცენტირება იმ პრობლემებზე, რომლებიც რუსეთმა შეუქმნა საქართველოს. მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.
    მაშასადამე, მტკივნეული ტრანსფორმაციისა და რეფორმირების პერიოდში რუსეთის აგრესიაზე ყურადღების აქცენტირება იმდენად გარდაუვალი იყო, რომ ეს ობიექტურ მოცემულობად უნდა ჩაითვალოს (რათა საქართველოს ელემენტარული სახელმწიფოებრივი მდგრადობა შეენარჩუნებინა და ტრანსფორმაციით გამწარებულ სოციუმს არ წაელეკა) და არა მიხეილ სააკაშვილის რაღაც პირად ახირებად. მით უმეტეს «შეცდომად» და «წარუმატებლობად».
    საქართველოს მოდერნიზაცია რუსეთთან დაპირისპირების გარეშე შეუძლებელია. ისევე, როგორც რუსეთთან დაპირისპირება – საქართველოს მოდერნიზაციის გარეშე.
       

 - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        გარწმუნებთ, ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს საშუალება და უნარი, აიძულოს საზოგადოება იომოს უზენაესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის მაშინაც კი, როდესაც, ეს ომი არავის სურს და მასში წარმატებისა არავის სჯერა.
        სწორედ ასეთი ატმოსფერო იყო საქართველოში 2008 წლის ზაფხულში.
        ხელისუფლებას ყოველთვის ძალუძს, გამოძებნოს ისეთი არგუმენტები, რომლის წინააღმდეგ ღიად(!) გამოსვლა შეუძლებელი იქნება.
        გავიხსენოთ, რა იყო მიხეილ სააკაშვილის პირველივე განცხადება (8 აგვისტოს დილით) - «თქვენ ხომ ხმა მიეცით საქართველოს დამოუკიდებლობას, ჭეშმარიტ თავისუფლებას . . .»
        და რომ ჯარი ქვეყანას სჭირდება ომისთვის და არა სამხედრო აღლუმებისთვის!
        რას უპასუხებთ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის გამთლიანებისთვის (ანუ უეჭველი, უზენაესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის!) იბრძვის, რაკი თავად მოიყვანეთ ხელისუფლებაში ან უდარდელობა-გულგრილობით დაუშვით მისი ხელისუფლებაში მოსვლა?
        ანუ ყველაფრის მიზეზი ისევ და ისევ საზოგადოების სისუსტეა.
        ხელისუფლებამ დაიწყო ომი უმალვე მას შემდეგ, რაც იგრძნო, რომ მისი «საერთონაციონალური პროექტის» ცვეთამ საშიშ ზღვარს მიაღწია, გაოპოზიციონერებული ბურჯანაძის სახით ელიტაში სერიოზული ოპონენტი და ლეგიტიმური ალტერნატიული პროექტის მატარებელი სუბიექტი გაჩნდა, ამიტომ უპირატესობის მისაღწევად პრეზიდენტს ისევ უნდა გაერისკა.
        დაბეჯითებით ვიტყვი, რომ 2008 წლის ომის წამოწყების ერთ-ერთი (არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი) ფაქტორი უდავოდ გახდა ნინო ბურჯანაძის გადასვლა ოპოზიციაში.
        ამის შემდეგ, ნატოს დეკემბრის სამიტზე, ყბადაღებული «MAP»-ის მიღება-არმიღება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის უკვე იქცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად (არგუმენტად) - ახლადწარმოქმნილი სერიოზული კონკურენტის, ნინო ბურჯანაძისა და მისი ახალი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლაში.
        ესე იგი «MAP»-ი უკვე განიხილებოდა, როგორც «მიშას საერთონაციონალური პროექტის» კონკრეტული წარმატება-წარუმატებლობა. პრეზიდენტმაც გადაწყვიტა გაერისკა, «სამხრეთ ოსეთი» დაებრუნებინა – დასავლეთი და რუსეთი ფაქტის წინაშე დაეყენებინა და თუ სისხლისღვრის გამო «მაპ»-ს ვერ მიიღებდა («არმიღება» კი ბურჯანაძის არგუმენტი გახდებოდა), - ყოველ შემთხვევაში საკუთარი პოზიციები ქვეყნის შიგნით წარმოუდგენლად გაეძლიერებინა – ერთი დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებით.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
       

            ამ დისკურსში, პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი «სამაჩაბლოს დაბრუნებას» დაახლოებით ისეთივე მოცემულობად აღიქვამდა და ისეთივე «მენტალური ინსტრუმენტალით» უდგებოდა ამ ურთულესი, სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემის გადაწყვეტას, როგორც, მაგალითად პენსიის გაზრდას 55 ლარიდან – 76 ლარამდე 1 ოქტომბრისთვის; ან 1 სექტემბრისთვის მასწავლებლებისათვის ხელფასის მესამედით მომატებას; შემოდგომამდე სიღნაღის განაშენიანების დასრულებას, ხოლო გაზაფხულზე – ქუთაისის ცენტრისას; «ორ თვეში» თბილისი - გორის ახალი ავტობანის დამთავრებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ;
        ანუ ეს პრობლემა განიხილებოდა იმავე დისკურსში, რაც ხელისუფლების ქმედითობისა და წარმატებულობის სხვა დამადასტურებელი ან უარმყოფელი ფაქტორები.
        არადა ასეთ დისკურსში ამ ურთულესი, სამკვდრო-სასიცოცხლო, ისტორიული, სახელმწიფოებრივად თვისებრივი, მრავალწახნაგოვანი (მძლავრი ბომბივით მრავალწახნაგოვან) პრობლემის განხილვა იმთავითვე შეცდომა იყო!
        თუმცა, ნებისმიერ რევოლუციურ ხელისუფლებას (ამაზე ქვემოთ) სხვაგვარ დისკურსში, სხვაგვარ მენტალურ კონსტრუქტსა და მოცემულობაში პრობლემათა განხილვა იმთავითვე არ ძალუძს – ეს მისი (რევოლუციური ხელისუფლებისა, როგორც ასეთის) თვისებრიობაა. ანუ «რევოლუციის საყმაწვილო სენია», რომელიც საქართველოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        ხომ არ გვეპარება არავის ეჭვი, რომ «სამაჩაბლოს დაბრუნების» შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის პოზიციები განუზომლად გაძლიერდებოდა – იმავე ბურჯანაძესთან თუ სხვა პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით?
        რა თქმა უნდა ყოყმანობდა, მაგრამ ბოლო წამს, ავნევის დაბომბვისა და იქ პოლიციელების დაღუპვის შემდეგ, მის მიერ გაცემული ბრძანება «კარგით, რაკი ასეა – მიდით, დაარტყით, დავიწყოთ!» უეჭველად ამ მოტივითაც იყო ნაკარნახევი.
        ჰოდა გარისკა.
        ისე, მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე გარისკა სერიოზულად; უფრო მეტიც, - სამკვდრო-სასიცოცლოდ.
        პირველად, - 2003 წლის 22 ნოემბერს; მეორედ – 2004 წლის 6 მაისს (აჭარაში), მესამედ – 2007 წლის 7 ნოემბერს . . . . . სამივე შემთხვევაში მოიგო – უდიდესი რისკის მიუხედავად.
        ამან ახალგაზრდა ლიდერი ერთგვარად დაათრო, რეალობასა და არარეალურს, შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის ზღვარის გარჩევის უნარი დაუბლაგვა და . . . . სასიკვდილო რისკმაც არ დააყოვნა, რომელიც ამჯერად «გაუცუდდა».
        მასაც და ქვეყანასაც.
        მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ნებისმიერი რევოლუციური ხელისუფლების თვისებაა: რაკი რევოლუცია «ნებელობითი აქტია» - ამ გზით ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკოსს ყოველთვის თან სდევს ცდუნება, ძალაუფლების მოპოვების შემდეგაც რთული პრობლემები ასეთივე «ნებელობითი აქტებით», «ერთი დარტყმით» «მტკიცე და გაბედული მოქმედებებით» გადაჭრას.
        ეს მას ისეთივე ბუნებრივად და თვისებრივად მიაჩნია, როგორც (პოსტფაქტუმ) მიაჩნია ბუნებრივად და გარდაუვალად თვით რევოლუცია და მისი შედეგი.
        ფსიქოლოგიურად იგი რასაკვირველია (გამარჯვების შემდეგ) ვეღარ უშვებს სხვაგვარი შედეგის შესაძლებლობას და ამგვარ შედეგს სხვა შემთხვევაშიც კანონზომიერად და უალტერნატივოდ მიიჩნევს.
        ეს ერთგვარი «რევოლუციური მენტალობაა» და მას ვერსად გაექცეოდა ის ხალხი  ის «გადამწყვეტი, პასიონარული უმცირესობა», რომელმაც 2003 წლის ნოემბერში რთული პრობლემების იოლად, ერთი დარტყმით გადაჭრის გზა აირჩია.
        შესაბამისად, რევოლუციურმა ხელისუფლებამაც «ერთი დარტყმით» პრობლემების გადაჭრა დაიწყო (სალარო აპარატებიდან – ინვესტორებისთვის საჭირო ტერიტორიებზე აგებული სახლების უპარდონო დანგრევამდე), რამაც უკმაყოფილო სოციუმის ზრდას შეუწყო ხელი; საზოგადოებაში უკმაყოფილო მუხტის დაგროვებას კი მოჰყვა 7 ნოემბრის აფეთქება; მის ჩახშობასა და ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის იძულებით ჩატარებულ «არჩევნებს» - საერთონაციონალური პროექტის ცვეთის პროცესის დაჩქარება და საზოგადოებაში აპათიის ზრდა, რაც სააკაშვილს თანდათანობით აახლოვებდა გვიანშევარდანძისეული «უიმედობის ატმოსფეროსთან» და «დაჭაობებასთან», რისიც მას სიკვდილივით ეშინოდა!
        სიკვდილივით, ფანატიკურად ეშინოდა «დაჭაობების!!!»
        ხოლო, შესაბამისად, «ცვეთას» თან სდევდა უკმაყოფილებისა და შიშნარევი იჭვნეულობის ზრდა მმართველ ისტებლიშმენტში, პოლიტიკურ ელიტაში, რამაც თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძის სახით ლეგიტიმური (სერიოზული) ალტერნატივის წარმოშობას დაუდო სათავე, ხოლო ამ ალტერნატივის გაძლიერების შიშმა კი სააკაშვილს სამკვდრო-სასიცოცხლო რისკისკენ უბიძგა «ახალი სუნთქვის», «ახალი საწყისის», მუდმივი გამარჯვებების წყების გასაგრძელებლად და . . . . .
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        2008 წლის ზაფხულისათვის პრეზიდენტი სააკაშვილი მიხვდა მთავარს: რამდენი ფასადიც არ უნდა შეეღება, რამდენი ცათამბჯენიც არ უნდა აეშენებინა, რამდენი შადრევანიც არ უნდა მოეწყო, - ამით «საერთონაციონალური პროექტის» ცვეთას ვეღარ შეაჩერებდა და მისი მმართველობის სიმბოლო იქნებოდა არა შადრევნები, არამედ ცხინვალში დაჩოქილი ქართველები, რასაც იგი (რევოლუციის ტალღაზე მოსული პოლიტიკოსი) არასგზით არ შეურიგდებოდა!
        - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - -

            აი, ასეთი მიზეზ-შედეგობრიობის «ჯაჭვი» ყალიბდება იმ გაცისკროვნებული «ვარდების რევოლუციიდან», - ახლადშობილი ბოჩოლასავით აღტკინებით მოჟრიამულე გოგო-ბიჭებიდან - 5 დღიან გამანადგურებელ ომამდე.
        და ეს კიდევ ერთი გაკვეთილია ნებისმიერი რევოლუციის საწინააღმდეგოდ, რაკი უკლებლივ ყველა რევოლუცია რთული პრობლემების იოლად გადაჭრის ილუზიას ეფუძნება, რაც სინამდვილეში უდიდეს სისხლსა თუ სხვაგვარ მსხვერპლს მოითხოვს.

დიდ ერებს (ფრანგებს, რუსებს და ა.შ) აქვთ საშუალება და რესურსი ამგვარ «გადაძაბვას» გაუძლონ, პატარა ერისთვის კი ეს უბრალოდ მომაკვდინებელია.
        წიგნში «ჟამი ჭეშმარიტი» ვწერდი «სისტემური უკმარისობის» ფენომენზე და შესაბამის რესურსთა უყაირათოდ ხარჯვის თუ მათი უკმარობის გამო სისტემის გადაძაბვაზე.
        მიხეილ სააკაშვილის რევოლუციამ და მისმა «მოდერნიზაციულმა პროექტმა» იმდენი და იმდენნაირი სხვადასხვა რესურსი მოითხოვა, იმდენად გადაძაბა ეს ჩვენი ისედაც მყიფე და სუსტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სისტემა, რომ ამ გადაძაბვას მან უბრალოდ ვეღარ გაუძლო და ერთბაშად დაინგრა - 2008 წლის 6-12 აგვისტოს.
        ანუ, ისევ და ისევ ცნობილი გამონათქვამის შესაბამისად, «სადაც ვიწრო იყო, იქ გაწყდა!».
        არავითარი პრეტენზია იმ ხალხის მხრიდან, ვინც 2003 წლის რევოლუციას (ანუ რთული პრობლემების ერთი დარტყმით გადაჭრის ილუზიასა და «მოცემულობას») მხარი დაუჭირა – აქ არ მიიღება;
        «უფრო ფაქიზად და დიპლომატიურად უნდა ემოქმედაო»
        ვერ იმოქმედებს ბატონებო რევოლუციური გზით მოსული ხელისუფლება «ფაქიზად». ვერ იმოქმედებს!!!
        ასეთია ხელისუფლების ბუნება – მას ყოველთვის თან სდევს მეთოდი, რომლითაც იგი შედგა.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლება ყოველთვის იძულებულია «უკანა რიცხვით» უმტკიცოს ხალხს, რომ აუცილებელი იყო ხელისუფლებაში მისი მოსვლა; იგი სულ იმის ცდაში იქნება, თავისი «ქმედითობის» და «უკეთესობის», «პატრიოტულობის» დემონსტრირება მოახდინოს – ამ სინდრომის გამოვლინებაა («რევოლუციას» დავარქმევთ თუ გადატრიალებას, აქ არსი არ იცვლება) 1992 წლის ხელისუფლების მოქმედება აფხაზეთში და 2003 წლის ხელისუფლების მოქმედება ოსეთში.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        «აქ სწორედ მოიქცა, მაგრამ იქ არასწორადო» - ასე არ გამოვა.
        ვერ იქნება, ბატონებო, სხვაგვარი რევოლუციონერი პოლიტიკოსი! ვერ მოიქცევა იგი «სხვაგვარად – სხვა ვითარებაში», - ნებელობითი მოქმედებით პრობლემათა გადაჭრა ისეთი ნარკოტიკია (რაკი ერთხელ გაუვიდა, როცა ამ გზით ხელისუფლებაში მოვიდა), რომ უყალიბებს მას განსაკუთრებულ მენტალობას, განსაკუთრებულ მოცემულობას, რომლის ფარგლებში იგი სხვაგვარად (სხვა მენტალური მოცემულობებით) ანუ უფრო ფრთხილად, უფრო მოზომილად, უფრო დინჯად ვეღარ იმოქმედებს!
        ეს მისი ბრალი არ არის. ეს იმ სისტემის მოქმედების შედეგია, რომელიც რევოლუციით იქმნება და ვერ შეიქმნება რევოლუციის გარეშე.
        ამ აზრით, ომი ცხინვალში დაიწყო 2003 წლის 22 ნოემბერს.
        - - - - - - - - - -- - - - - - - - - -- - - - - - -

        გარდა ამისა, თვით ქართულ საზოგადოებასაც არ სურდა იმ აზრთან შერიგება, რომ რევოლუციის ფერად ბუშტებს და ლამაზ კარნავალს არ შეეძლო შეეცვალა მრისხანე გეოპოლიტიკური რეალიები
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
       
                ამავდროულად, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ 2003 წლის რევოლუციაც, არა იმდენად მიხეილ სააკაშვილის პირადი შემოქმედება ან ედუარდ შევარდნაძის ბოლოდროინდელი მარაზმატული მმართველობის შედეგი, არამედ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან დაწყებული ძირითადი ტრენდის ლოგიკური გაგრძელება იყო.
       

        ჯერ კიდევ 1989 წელს, ერთმა პუბლიცისტმა დაწერა, რომ საქართველოში ყალიბდება «კრიზისული ტიპის ადამიანი», რომელიც სათავეში ექცევა საზოგადოებრივ და ცნობიერ პროცესებს.
        პუბლიცისტის თქმით (სამწუხაროდ მისი ვინაობა აღარ მახსოვს) ადამიანის ეს ტიპი ქვეყანასაც დაღუპავს  და ერსაც.
        «კრიზისული ტიპის ადამიანში» იგულისხმებოდა არა ხელისუფლება (ან ხელისუფალი), არამედ საზოგადოებრივი, სოციალური, მენტალური ტიპი. ეს არის სუბიექტი, რომელიც რეალობაში, ნებისმიერ პროცესში, საგანსა თუ სუბსტანციაში მხოლოდ მათ პრობლემურ მოცემულობას ხედავს და მხოლოდ მას, მხოლოდ ასე  აღიქვამს - სხვაგვარი (სხვაგვარად)  აღქმა კი უბრალოდ არ ძალუძს, რაკი ეს მისი მენტალური თვისებაა. თანაც (რაც ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივია), ჩვენში ეს გახლავთ არა ინტელექტუალური, არამედ ფსიქოლოგიური ფენომენი. სწორედ ამიტომ, საქართველო ალბათ მსოფლიო ჩემპიონია „განათლებული იდიოტების“ ოდენობით. ამ ქვეყანაში ეს სოციალური ტიპი საზოგადოების მთელ კლასს, მთელ კატეგორიას შეადგენს. თანაც უმეტესად და მეტადრე (თუმცა არა მხოლოდ)  იმ ფენაში, - ე.წ. „ინტელიგენციაში,  - რომელიც საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ დომინანტებს ქმნის და სოციალურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
       

        საქართველოს შემდგომმა ისტორიამ ეს გენიალური მიგნება და პროგნოზი მთლიანად დაადასტურა. სწორედ «კრიზისული ტიპის» სოციალურ ფენომენზე დაყრდნობით შეძლეს პოლიტიკოსებმა იმ პროცესების პროვოცირება (9 აპრილიდან დაწყებული), რომელმაც საბოლოოდ მიგვიყვანა იქ, სადაც მიგვიყვანა ანუ იგოეთთან გახსნილ რუსულ-ოსურ «ჩექ-ფოინტამდე».
        «კრიზისული ტიპის» ადამიანმა მოახერხა საკუთარი ავადმყოფური წარმოდგენებით, ფანტომებითა და შესაბამისი მისწრაფებებით დაეავადებინა მთელი ერი და ექცია იგი «კრიზისული ტიპის ერად»;
        ოღონდ არა იმ აზრით, რომ ეს ერი კრიზისულ პერიოდებში ამჟღავნებდეს საუკეთესო თვისებებს, არამედ პირიქით – ისტორიული კრიზისებისკენ ისწრაფოდეს მუდმივად, რათა ყველაზე ცუდი და ბნელი თვისებები გამოამჟღავნოს – არაკონსოლიდირებულობა, დაქსაქსულობა, ურთიერთგაუტანლობა, არაბრძოლისუნარიანობა და ყველაფერი ის, რაც დიდმა ილია ჭავჭავაძემ აღწერა «ბედნიერ ერში».
        მორიგი მარცხის შემდეგ იწყება არა მარცხის მიზეზთა გაცნობიერება, არა საკუთარ მანკიერებათა გააზრება (რომლებმაც მტერს გაამარჯვებინა), არამედ ამბივალენტური, მაზოხისტური, ბრმა, ინსტიქტური სწრაფვა ახალი კრიზისისა და ახალი მარცხისაკენ, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაც რეალობასთან შეურიგებლობა და ისტორიის მოტყუების მუდმივი მცდელობაა.

რა ვქნათ?

        საქართველოს ბოლო 20 წლის ისტორიის არსი ისაა, რომ დამოუკიდებლობას შევწირეთ არა მხოლოდ ძირითადი ეროვნული ინტერესი (ეთნოდემოგრაფიული სივრცის მთლიანობა), არამედ, პიროვნული თვალსაზრისით, ეროვნული თავმოყვარეობაც, ანუ იდენტობა, რომლის საფუძველი სწორედ ღირსების შეგრძნება და სიამაყეა.
        მაგრამ ახლა ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ რაკი «არმოსახდენი» მოხდა, რაკი ამას აღარაფერი ეშველება, ახლა უკან დაბრუნება შეუძლებელია!
        ამ ქვეყანას უკანდასახევი გზა აღარ აქვს!
        იმ სივრცეში (რუსულ სივრცეში), რომლიდან თავის დაღწევასაც, 20 წლის განმავლობაში, ესოდენი მსხვერპლით ვცდილობდით, საქართველო ცხადი ცნობიერებით ვეღარ დაბრუნდება!!!
        მას შემდეგ რაც მოხდა (ყველაფერს ერთად ვგულისხმობ 20 წლის განმავლობაში) იქ მხოლოდ მტანჯველი დამცირება და დაკარგული იდენტობის ჭმუნვაა – სხვა აღარაფერი.
        ამიტომ ერთადერთი გამოსავალი (უფრო ზუსტად, ერთადერთი გზა) არის ახალი (ევროპული) სივრცისაკენ სწრაფვა, რასაც ალბათ ათწლეულები, შესაძლოა საუკუნეებიც დასჭირდება და ახალი იდენტობის ძიებასაც გულისხმობს, - იმ ძველი იდენტობის ნაცვლად, რომელიც სისხლითა და ცრემლით, უდიდესი პიროვნული და ეროვნული დანაკარგის ფასად ამოვიგლიჯეთ საკუთარი არსისა და სულიერების დიდ ნაწილთან ერთად.

        ეს ახალი იდენტობა კი, რეალობისათვის თვალის გასწორების პირობით, იმ სივრცით განსაზღვრულობას უნდა დაეფუძნოს, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით შეგვრჩა ჩვენ და ჩვენს შთამომავლობას.
        იმედი ვიქონიოთ, ერს საამისო ძალა და ნებისყოფა ეყოფა.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

          ამის ალტერნატივა საზარელია.
        «დამოუკიდებლობის დაკარგვასა» და სხვა ამგვარ სისულელეზე როდი მოგახსენებთ.
        ალტერნატივა ისაა, რომ . . . . ერი კვლავ დაიძინებს, - ვერ შეურიგდება ამ დამცირებასა და შერცხვენას, ვერ გაუსწორებს თვალს რეალობას, ვერ გამონახავს შემოქმედებით ძალას ახალი იდენტობის შესაძენად;
        ამიტომ ისევ დაიძინებს, რაკი ძილი ტკბილი ილუზიებისა და წარმოსახვითი ძლიერების სამყაროა, - სადაც იგი არ დამარცხებულა, არ დაუმცირებიათ, სადაც ყველა აღიარებს მის ღირებულებებს და საკუთარი თავისადმი პატივისცემასაც გრძნობს.
        სადაც გაიმარჯვა! იგი გამარჯვებულია – არ დამარცხებულა – მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული იყო მისი გამარჯვებით . . . .

        ასეთ შემთხვევაში კი, ნურმც გამოჩნდება ნურავინ, ვინც გააღვიძებს, ვინც კვლავ იტყვის «როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება» - გამოღვიძება და რეალობაში დაბრუნება, მწარე მარცხისა და გამანადგურებელი დანაკარგის გაცნობიერება ისეთივე მტკივნეული, მტანჯველი აღმოჩნდება, როგორც წარსული საუკუნისა და ათასწლეულის ბოლოს, ხანმოკლე სიცხადისას იყო.

ლონდონი
        2008 წლის 27 ოქტომბერი