საერთაშორისო მიმოხილვა. 11 აპრილი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 11 აპრილი. 2023 წელი

მთელი მსოფლიო ელის უკრაინის შეტევას.

თავად უკრაინელები და უკრაინის მხარდამჭერები `კონტრშეტევაზე` ლაპარაკობენ, ანუ გულისხმობენ, რომ შეტევა იყო რუსული აგრესია, ხოლო უკრაინა პასუხობს; რაც, რასაკვირველია, სამართლიანი შეფასებაა, თუმცა არსი ამით არ იცვლება.

კლასიკური სამხედრო ხელოვნებითა და ტერმინოლოგიით კი, უკრაინა სწორედ შეტევისთვის ემზადება, რათა გაათავისუფლობს ოკუპირებული ტერიტორიები.

არავინ იცის ზუსტად, რომელი მიმართულებითაა დაგეგმილი მთავარი დარტყმა და რომელით - დამხმარე დარტყმები.

ამის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის გარდა სულ რამდენიმე ადამიანმა უწყის.

უკრაინელები, სარწმუნო ცნობებით, ამერიკელ მეგობრებსაც კი არ აწვდიან სრულ ინფორმაციას დაგეგმილი შეტევის შესახებ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსულმა დაზვერვამ პენტაგონიდან, ესე იგი ამერიკის სამხედრო უწყებიდან მოიპარა ზესაიდუმლო ფაილები.

ამის შესახებ რამდენჯერმე დავწერე და ეს ნამდვილად სერიოზული მარცხია, რამაც ჩვენს მეგობარ ამერიკას დიდი პრობელმები შეუქმნა:

მაგალითად ირკვევა, რომ ვაშინგტონი ცდილობდა დაერწმუნებინა სამხრეთ კორეა, მიაწოდოს იარაღი უკრაინას, თუმცა სეული ჭოჭმანონს: ჭოჭმანობს ჩრდილო კორეის, ჩინეთის და რუსეთის შიშით.

მაგრამ ამ ინფორმაციამ ხომ გამოჟონა? ესე იგი რუსული დაზვერვა მუშაობს, ხოლო ამერიკული კონტრდაზვერვა, სამწუხაროდ, ისე ვერა, როგორც ამერიკის მეგობრებს გაგვიხარდებოდა.

აქვე დავამატებ, რომ პირველად ამერიკის ისტორიაში გუშინ ჩატარდა 17 ამერიკული სპეცსამსახურის კოორდინირებული ონლაინ კომუნიკაცია ფიზიკური დასწრების და კონტაქტის გარეშე, რომელზეც განიხილეს პენტაგონიდან ინფორმაციის გაჟონვა და ერთობლივად გადაწყვიტეს, აუცილებლად იპოვონ ის `ვირთხა` (კონტდაზვერვის ტერმინია), რომელმაც პუტინს ეს ინფორმაცია გადასცა.

იპოვიან და ვაი მისი ბრალი!

 

რაც შეეხება უკრაინის მოსალოდნელ შეტევას და ამ შეტევის მიმართულებას.

ექსპერტულ დონეზე განიხილება რამდენიმე სავარაუდო ვექტორი.

ამ ვარაუდთა თანახმად, უკრაინა შეუტევს სამხრეთის მიმართულებით, ფრონტზე ზაპოროჟიედან - უგლედარამდე.

ეს არის სტეპი.

ახლა მიწა თანდათან შრება, ტალახი ნაკლებია და ტანკები, რომელთა ნაწილი უკრაინამ დასავლეთისგან მიიღო, უფრო წარმატებით `იმუშავებენ` სტეპებში.

ამ ძირითადი დარტყმის მიზანია აზოვის ზღვაზე გასვლა, მარიუპოლის გათავისუფლება, ყირიმის საზღვრამდე მისვლა და ხმელეთიდან ნახევარკუნძულის ბლოკირება, ხერსონში რუსული სამხედრო დაჯგუფების ალყა და მისი ან დატყვევება, ან განადგურება ან ყირიმში გაქცევის იძულება.

დამხმარე დარტყმები იგეგმება იმავე ხერსონის მიმართულებით დნეპრის ფორსირებით.

სვატოვოს რაიონში, ასევე ხარკოვში.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ისაა, რომ, როგორც ჩანს, უკრაინის გენერალიტეტი არ გამორიცხავს   ერთ-ერთ დამხმარე შეტევას უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე ხერსონიდან;

 ანუ რუსეთის ბელგოროდის ოლქის რაიონების დაპყრობას, რათა გამოიწვიონ დეზორგანზიაცია რუსულ არმიაში და რუსულ საზოგადოებაში.

მართლაც, თუკი უკრაინა შევა რუსეთის ტერიტორიაზე, ისედაც დაღლილ რუსულ საზოგადოებას სულ გაუცრუვდება იმედი - ``პუტინმა ხომ ოპერაციო იმისთვის დაიწყო, რათა უკრაინის სახელმწიფო გაგვენადგურებინა და ახლა ჩვენი ტერიტორიების დაცვაც კი გვიჭირს უკრაინელებისგანო``.

მაგრამ...ბელგოროდზე ან კურსკზე თუ  როსტოვზე შეტევას დიდი რისკი ახლავს თან: რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ამის ლაბათობა უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეტევისას ნაკლებია, ვიდრე საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ NATO-მ ჯერ კიდევ შარშან გამოაქვეყნა პოზიცია, რა შემთხვეაში ჩაერევა ალიანსი უშუალოდ ომში: თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს უკრაინის (!) ტერიტორიაზე.

ამ შემთხვევაში `მოკავშირეები` დაბომბავენ რუსული არმიის ქევდანაყოფებს უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე, ესე იგი დონბასზე.

ოღონდ  ამ დოქტრინალურ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი, ჩაერევა თუ არა ალიანსი საომარ მოქმედებაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ბელგოროდში ან სხვა რაიონებში შემოჭრილი უკრაინული ჯარების წინააღმდეგ.

ასე რომ.....რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა სამხედრო-პოლიტიკური-ფსიქოლოგიური ანუ მთლიანობაში საომარი თვალსაზრისით დიდი ცდუნებაა. რუსებს იქ სერიოზული სამხედრო ძალები აღარც ჰყავთ, რაკი არ ელიან, რომ უკრაინა ამას გაბედავს;

თუმცა მეორეს მხრივ ძალიან დიდი რისკიცაა, ხოლო პრეზიდენტი ზელენსკი, მთავარსარდალი ზალუჟნი და სხვა უკრაინელი გენერლები გონიერი ხალხია. ისინი ყველა შესაძლო ვარიანტს თვლიან.

 

პერიოდულად მუსირებს ინფორმაცია, რომ პუტინი აპირებს მობილიზაციის ახალი ეტაპის გამოცხადებას.

უარყოფენ თითქოს, მაგრამ ეს აზრი მაინც მუსირებს. ალბათ ობიექტურადაც შეიძლება დასჭირდეს, თუ უკრაინა შეტევის პირველ ეტაპზე წარმატებას მიაღწევს.

რუსულ კანონმდებლობაში შედის ცვლილება, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც უარს იტყვიან გაწვევაზე, ამის გამო ვეღარასოდეს დატოვებენ რუსეთის ტერიტორიას. მათ აეკრძალებათ კრედიტების აღება და ასე შემდეგ.

ზოგადად პუტინის აგრესიამ სერიოზული ცვლილებები შეიტანა სამხედრო სამსახურისადმი რუსების დამოკიდებულების თვალსაზრისით: რუსების  დიდი ნაწილი ოდესღაც სამარცხვინოდაც კი მიიჩნევდა, თუ ჯარში არ წაიყვანდნენ: გოგოები იფიქრებენ, არასრულფასოვანი მამაკაცი ვარო. მაგრამ ეს იყო ოდესღაც - ძალიან დიდი ხნის წინათ. ახლა დამოკიდებულება იცვლება - ჯარში სამსახური სულ უფრო არაპოპულარული ხდება რუსებში. ერთი სული აქვთ გაიქცნენ.

კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ საბჭოთა პერიოდში ახალგაზრდას სხვა პერსპექტივა არც ჰქონდა. ახლა კი.....ბიზნესი....უამრავი სხვა საქმე.....დრო შეიცვალა და იცვლება სოციუმიც.

ეს კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ პუტინის რუსეთი ამ ომს აუცილებლად წააგებს. გამორიცხულია მან გაიმარჯვოს!

. . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთმა კუნძულ ტაივანზე საავიაციო და სარაკეტო დარტყმის იმიტაცია განახორციელა.

ეს ძალიან სერიოზული ამბავია: ტაივანის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი

ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა (ბოლო 10 წლის განმავლობაში იგი ძალიან გაძლიერდა სი ძინპინის ინიციატივით) შაბათს დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები ტაივანის მიმდებარე წყლებში. გუშინ კი რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი აფრინდა ჩინური ავიამზიდიდან, მიუახლოვდა `რაკეტის გაშვების ზღვარს` და იმოქმედა ისე, როგორც იმოქმედებდა რეალური სარაკეტო გაშვების დროს.

ეს მანევრები სამხედროებს არ გამოეპარებათ არასდროს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ჩინეთის ვნებიანი დაინტერესება ტაივანით და აშკარა მზადება ამ კუნძულის `დასაბრუნებლად` მხოლოდ საკრალური მომენტებით კი არ არის გამოწვეული (`მშობლიური მიწა` და ა.შ) არამედ იმითაც, რომ ტაივანი მსოფლიო ლიდერია მიკრო-ჩიპების წარმოებაში და როგორც ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში მოგახსენეთ, მიკრო-ჩიპები ჩინეთის `სუსტი ადგილია`: საკმარისია ისინი მოაკლდეს, რომ გრანდიოზული ჩინური ელექტრონული მრეწველობა უბრალოდ გაჩერდება, დასავლელი ინვესტორები კი ქვეყნიდან წავლენ.

დაუჯერებელი ციფრია: მსოფლიოში გამოშვებული 100 კომპიუტერიდან 90 ჩინეთშია აწყობილი. ასევე ნებისმიერი სხვა გაჯეტი, რომელსაც კაცობრიობა ამჟამად მოიხმარს.

. . . . . . . . . . . . . . .

ამერიკულ ქალაქ ლუისვილში ბანკის თანამშრომელმა, ბანკისვე შენობაში 4 კოლეგა მოკლა და რამდენიმე დაჭრა. პოლიციელებმა იგი ადგილზე გაანადგურეს.

მიზეზი უცნობია

ამ ისტორიებს ამერიკა თანდათან ეჩვევა, როგორც სტიქიურ უბედურებებს, როცა კარგი გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. ეს უკვე ამერიკული ცივილიზაციის ნაწილია.

ერთი უცნაურობა არ შემიძლია არ აღვნიშნო: ინგლისს ხომ თითქოს იგივე ცივილიზაციური `ფესვები` აქვს?

ლონდონში პოლიციელებსაც კი ეკრძალებათ იარაღის ტარება.

ინგლიშელი პოლიციელის ხელში იარაღი (ავტომატი) შეიძლება ლონდონში ნახოთ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის რეზიდენცაისთან ანუ დაუნინგსტრიტ 10 ნომერში ან საგანგებო საპოლიციო ოპერაციის დროს, როცა ვიღაც აფრიკელი თავს მოჰკვეთს სასადილო დანით უდანაშაულო ადამიანს. ასეთი შემთხვევა ლონდონში იყო. მაშინ კი მავარდნენ იარაღით, თუმცა რაღა დროს.

. . . . . . . . . . . . . . .

ამერიკაში საარჩევნო ბატალიები მხოლოდ იწყება, თუმცა უკვე ცხადია, რომ საქმე სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა, რომელსაც სხვადასხვა წახნაგი ექნება.

გუიშინ ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ აკრძალა პრეპარატი, რომელსაც 60 წელია ამერიკელი ქალები იყენებენ ორსულობის შესაწყევტად. აბორტის ერთ-ერთი წინაპირობაა ეს პრეპარატი - `მიფოპრისტონი`.

გადაწყვეტილება ნაწილობრივ მართლდება თითქოს ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, თუმცა სინამდვილეში ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის გამოხატულება იმ მძვინვარე რეაქციისა, რაც შარშან მოჰყვა  ამერიკის უზენაესი სასამართლოს (იგი კონსტიტუციური სასამართლოს ფუინქციასაც ასრულებს) გადაწყვეტილებას, რითაც სასამართლომ დართო ნება შტატებს, აკრძალონ აბორტი, თუ ამას თვითონ ჩათვლიან გამართლებულად.

რამდენიმე შტატმა აკრძალა კიდეც.

რეაქცია მძვინვარეა.

გამორიცხულია ეს თემა მომავალ არჩევნებში ერთ-ერთი საკვანძო არ გახდეს.