საერთაშორისო მიმოხილვა. 22 ივნისი 2022 წელი
ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსები, რა თქმა უნდა გამოწვლილვით აანალიზებენ რუსეთ-უკრაინის ომს და მათი დასკვნით, ომის პირველ ფაზაზე, როდესაც მოსკოვმა უშედეგოდ სცადა ბლიც-კრიგის განხორციელება, უცბად კიევის დაპყრობა და ხელისუფლების შეცვლა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი დიდი მარცხი განიცადეს, რაზეც ნაკლებად ლაპარაკობენ. ესაა მარცხი კიბერ-ომში.
ყველა ელოდა, რომ რუსეთის `საინფორმაციო ჯარები`, რომლებიც შეიარაღებულ ძალთა ცალკე სახეობაა (როგორც სახმელეთო ჯარები..ფლოტი...საჰაერო ძალები...) უცბად მწყობრიდან გამოიყვანდნენ მასირებული შეტევით უკრაინის ინფრასტრუქტურას.
ნამდვილად სცადეს, ზოგან წარმატებას მიაღწიეს, ფაილები გაანადგურეს, ორგანიზაციები და ინსტიტუტები და სტრუქტურები გარკვეული ვადით გააჩერეს, მაგრამ მხოლოდ ხანმოკლედ და მთლიანობაში, ეს შეჭრა წარუმატებელი აღმოჩნდა.
`ჩვენ მეტისმეტად მაღალი წარმოდგენა გვქონია რუსულ კიბერ-ჯარებზეო`- ამბობენ უმაღლესი კლასის დასავლელი ექსპერტები.
თუმცა რეალურად, რუსული კიბერ-შტურმის მოგერიება მხოლოდ იმიტომ მოხერხდა, რომ ჯერ ერთი უკრაინა მოემზადა ამისთვის ძალიან კარგად და რაც მთავარია, მის გვერდით იყვნენ უდიდესი ამერიკული კორპორაციები - მაიკროსოფტით დაწყებული, რომლებმაც მიაწოდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყოველნაირი `სოფტი`, ყველანაირი კოდი, პროგრამა, რაც რუსული დივერსიული პროგრამების კონტრ-გასატეხად იყო საჭირო.
ბოლოს და ბოლოს ამ გენიალური პროგრამების და ტექნოლოგიის ავტორი, მისი სამშობლო და გამომგონებელი ამერიკაა და...როგორ შეიძლება ტექნოლოგიურმა `ჯუჯამ`, `ქურდმა` რუსეთმა, მხოლოდ მოპარული სისტემებით ამ ინტერნეტ-ომში გაიმარჯვოს?
ეს ხომ ფიზიკის კანონებს ეწინააღდმეგება.
დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ასევე აზუსტებენ, რომ უკრაინაში ახლა რუსული არმია დღეში 50 000 გასროლას ახორციელებს მაგრამ (ციტატა) `ამ გასროლათა სიზუსტე სუვოროვის დროინდელი ქვემეხების (XVIII საუკუნის ბოლო) შედეგიანობაზე უკეთესი არ არისო`.
თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც რუსებს ასჯერ მეტი შორსმსროლელი ჰაუბიცა აქვთ ვიდრე უკრაინელებს, დასავლური ანალოგები კი იგვიანებს, ან ცოტაა, ან ჭურვებია არასაკმარისი, ან პერსონალია მოუმზადებელი, რუსები მაინც იგებენ საარტილერიო ომს ასეთი მეთოდით: უბრალოდ ანადგურებენ, სპობენ, მიწასთან ასწორებენ ქალაქებს, სადაც უკრაინელი სამხედროები არიან გამაგრებულნი.
. . . . . . . . . .
მომავალ კვირას სტამბულში გაიმართება მორიგი შეხვედრა უკრაინასა და რუსეთს შორის გაეროს გენერალური მდივნის (!) და თურქეთის პრეზიდენტის მონაწილეობით. მთავარი თემა კვლავინდებურად ოდესის პორტიდან ხორბლის გატანა იქნება.
ჩვენც და სხვასაც ბევრჯერ გვითქვამს, რომ ამ ომში რუსეთის მიზანია უკრაინის მოწყვეტა შავი ზღვიდან და მისი ქცევა მხოლოდ `სახმელეთო სახელმწიფოდ ზღვაზე გასასვლელის გარეშე. ისევე, როგორც მაგალითად სომხეთს არა აქვს ზღვაზე გასასვლელი. უკრაინისთვის ეს ისტორიული კატასტროფა იქნებაო.
თუმცა, სამწუხაროდ, განა უკვე არ მოგლიჯა რუსეთმა უკრაინა ზღვას? - მის შავიზღვისპირეთს ზღვის მხრიდან, სწორედ რუსეთის ფლოტი აკონტროლებს, მარიუპოლი აიღო, ოდესიდან და ილიჩოვსკიდან არაფერს უშვებს და იქაც არავის შეუშვებს, ანუ ამ მხრივ უკრაინა უკვე მოწყვეტილია საზღვაო კომუნიკაციებს და საამისოდ რუსეთს სულაც აღარ სჭირდება ოდესის ხმელეთიდან დაპყრობა.
. . . . . . . . . .
ამერიკის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების დარგში მრჩევლის აპარატის PR-მა (სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა) ჯონ კირბიმ (მანამდე პენტაგონის სფოუქსპერსონი იყო) განაცხადა, რომ თეთრი სახლი შეძრულია პუტინის პრეს-მდივნის, პესკოვის მუქარით: ის ამერიკელი მოხალისეები, ვინც ტყვედ ჩაიგდეს დონბასელმა სეპარატისტებმა საომარი მოქმედებების დროს, შესაძლოა დახვრიტონ ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებითო.
კირბის განცხადება იმას ნიშნავს, რომ ამერიკელები ალბათ ამ დახვრეტას (თუ რუსებმა გაბედეს) არ გაატარებენ
თუმცა გაატარებენ თუ არ გაატარებენ, პუტინი ყველაფერზე წამსვლელია.
ოღონდ აუცილებლად დაელოდება ხელსაყრელ მომენტუმს: როდესაც კონგრესში ტრამპის საწინააღდმეგო Hearing-ი, ასევე საარჩევნო კამპანია იმ სტადიას მიაღწევს, რომ ამერიკელების დახვრეტა ტრამპისთვის და მისი მომხრეებისთვის იქცევა `მომაკვდინებელ` არგუმენტად ბაიდენისა და ამერიკელი დემოკრატების წინააღმდეგ. ხოლო დაპირისპირება `ცხელ` სტადიაში გადავა.
პუტინი ოცნებობს ამერიკაში სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ეს არის მისი `ოქროს` ოცნება. არ დაგვავიწყდეს, რომ ამერიკაში 500 მილიონი ერთეული ლეგალური თუ არალეგალური იარაღი ბრუნავს.
. . . . . . . . . .
საშიში ინციდენტი ტაივანთან: 29 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა ამერიკის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში და სახიფათო მანევრები მოაწყო.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ამ თვითმფრინავთა ჯგუფის შემადგენლობა. მასში შედიოდნენ არა მხოლოდ გამანადგურებლები, არამედ რადიო-ეელქტრონული ბრძოლის თვითმფრინავები, ბენზინმზიდები და ბომბდამშენები. ესე იგი სრული შემადგენლობა, რაც მასშტაბური შეტევის წინ დაიძვრება ხოლმე ჩინური სამხედრო დოქტრინის შესაბამისად.
ამერიკელებმა ახლომდებარე ავიამზიდებზე და იაპონიაში ამერიკულ ბაზებზე სამხედრო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს.
როგორც სჩანს, ჩინელები უკვე `წვრილ პროვოკაციებზე` გადავიდნენ იმ რეგიონში, რასაც `გამოცდის` ფუნქცია აქვს - რეაქციის შესამოწმებლად.
ჯერ ჯერ-ჯერობით ამერიკელები ადეკვატურად და სწრაფად რეაგირებენ. ამერიკას იქ უკანდასახევი გზა არა აქვს: თუ სისუსტეს გამოამჟღავნებს, წყნარი ოკეანის პატარა სახელმწიფოები ჩათვლიან, რომ ზესახელმწიფო დასუსტდა, ხოლო წყნარი ოკეანე `უკვე ჩინეთისაა`. ეს გაუადვილებს პეკინს ამ უზარმაზარ რეგიონში ექსპანსიას.
`გამოცდის` შინაარსი კი ისაა, რომ როგორც ჩინელ ლიდერებს ეიმედებათ, უკრაინის გამო ახლა ამერიკას არ სცალია.
. . . . . . . . . .
ხუთშაბათს, ხვალ, პუტინი მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაცია BRICS ვირტუალურ სამიტში, რომელიც პეკინის ინიციატივით იმართება.
ეს პირველი შემთხვევაა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როდესაც პუტინს, სამწუხაროდ, იწვევენ დიდ საერთაშორისო სამიტზე (თუნდაც ვირტუალურზე) და მასთან ერთად ამ სამიტში მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ ჩინეთი, არამედ ორგანიზაცია BRICS წევრ სახელმწიფოთა სხვა ლიდერები. ეს სახელმწიფოებია: ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.
ერთობლიობაში დიდი პოტენციალია უდავოდ. მათ შორის ეკონომიკურადაც. თუნდაც მოსახლეობის რაოდენობას თუ მივიღებთ მხედველობაში
პუტინი ამით ცდილობს დემონსტრირებას, რომ მარტო არ არის, ხოლო დასავლეთის ზეწოლა უშედეგოა.
. . . . . . . . . .
ტეხასში, სკოლის მერხებთან, 18 წლის მანიაკის მიერ მასზე უმცროსი ბავშვების ხოცვა-ჟლეტის გამოძიებამ საშინელი არაპროფესიონალიზმის სურათი დაადგინა: პოლიცია და შტატის სპეცდანი, რომელმაც სკოლას ალყა შემოარტყა, ელოდა რკინის ტყვიაგაუმტარ ფარებს, მერე ელოდა რაღაც გასაღებს, მერე ელოდა ბრძანებას შტატის გუბერნატორის ოფისიდან და...ამასობაში რამდენიმე ბავშვის გადარჩენა მაინც შეიძლებოდა - სპეცდანი პირდაპირ იმ კლასში რომ შეჭრილიყო, სადაც სასაკლაო გაიმართა.
ახლა იარაღის ყიდვა-გაყიდვაზე ყოველგვარი აკრძალვის მოწინააღდმეგეები სვამენ კითხვას: რა მნიშვნელობა აქვს იარაღის გაყიდვის შეზღუდვას, თუკი პოლიცია ასეთი არაპროფესიონალური იქნებაო?
ერთადერთი კომპრომისი, რასაც მიაღწიეს, იქნება შაშხანების (არა ყოველგვარი იარაღის არამედ მხოლოდ საშტურმო სწრაფმსროლელი შაშხანების) გაყიდვის აკრძალვა 21 წლის ასაკამდე. ახლა 18 წლის ყმაწვილსაც შეუძლია იყიდოს.
`მსროლელთა ასოციაცია` კი ამბობს, რომ ამასაც არა აქვს აზრი: `კლავს ადამიანი და არა იარაღი`.
იარაღისგან იცავს იარაღი! ასევე პოლიციის პროფესიონალიზმი და უსაფრთხოების ზომები.
ეს `ამერიკული დისკურსია`, რომელიც ალბათ უსასრულოდ გაგრძელდება.
იმ ქვეყანაში იარაღის აკრძალვა ან თუნდაც არსებიოთად შეზღუდვა შეუძლებელია.
ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ იარაღი ჩაგვრისგან თავდაცვის საშაულებაა. არა მხოლოდ სახელმწიფოსგან ჩაგვრის, არამედ სხვა ადამიანისაგან ჩაგვრის
სუფთად ამერიკული ნარატივია, რომ კლავს ჩაგრული და არა მჩაგვრელი.
მჩაგვრელი მხოლოდ ჩაგვარს.
ეს გამონათქვამი ამერიკელების გარდა თითქმის არავის ესმის მსოფლიოში: `იარაღი არა ჩაგვრის, არამედ ჩაგვრის წინააღმდეგ ამბოხის ინსტრუმენტია: ჩაგრული კლავს...მჩაგვრელი მხოლოდ ჩაგრავს`.
შინაარსობრივად ეს იგივეა, რომ პატიოსანი ადამიანი არავის კლავს. იარაღით ის მხოლოდ თავს იცავს და მჩაგვრელს, ბანდიტს, თავდამსხმელს კი მაინც ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება იარაღი, თუ პატიოსან მოქალაქეს წაართმევენ ან შეუზღუდავენ
. . . . . . . . . .
ინფორმაცია ხშირად ბირთვული ბომბია: გლაზგოს (შოტლანდიის) უნივერსიტეტის პროფესორმა, ტონი პოლარდმა, რომელიც ცნობილია, როგორც შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრე, გამოაქვეყნა სენსაციური ნაშრომი, რომლითაც ამტკიცებს, რომ 1815 წლის `ვატერლოოს` ბრძოლის შემდეგ საფრანგეთსა და ევროპის გაერთიანებულ ჯარს შორის, რომელშიც ფრანგები სასტიკად დამარცხდნენ, ინგლისელებმა ფრანგი მეომრების გვამები ბრიტანეთში წაიღეს, გადაფქვეს (!) და სასუქებად გამოიყენესო.
გასაგებია, რომ `ბევრი დრო გავიდა` და `ის სხვა დრო იყო`, მაგრამ საინფორმაციო დივერსიის პროვოკაციული ბუნებაც ხომ ესაა: არა მგონია ნებისმიერ ფრანგს ეს ამბავი მოეწონოს და რაღაც ხინჯი მაინც არ გაუჩნდეს (თუნდაც მცირე) ინგლისელების მიმართ.
გათვლა ასეთია, ყოველ შემთხვევაში.
თუმცა იმ პროფესორს თუ ჰკითხავ, უეჭველად გეტყვის: მეცნიერი ვარ და ისტორიას ვიკვლევ, პოლიტიკა და ევროკავშირი ან შოტლანდიის ინგლისისგან დამოუკიდებლობა (იქ რეფერემდუმი არ მოხსნილა დღის წესრიგიდან) ჩემი საქმე არ არისო.