საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ოქტომბერი. 2024 წელი
რუსმა სენატორმა დიმიტრი როგოზინმა დაადასტურა: რუსული სამხედრო ფლოტი მთლიანად გაყვანილია სევასტოპოლიდან!
გაიქცა ნოვოროსიისკში.
ეს ისტორიული მოვლენაა. პირველად ხდება ისტორიაში.
როგოზინმა მიზეზიც დაასახელა: უკრაინის უპილოტო საზღვაო დრონებს ვერაფერი მოვუხერხეთო.
როგორც ცნობილია, ამ დრონებით უკრაინამ ჩაძირა ან მწყობრიდან გამოიყვანა რუსული სამხედრო ფლოტის თითქმის ნახევარი. მათ შორის ფლოტის ფლაგმანი: Москва.
მნიშვნელოვანია ამას ვინ აღიარებს: Дмитрий Рогозин პუტინის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული იმპერიალისტია. საქართველოს დაუძინებელი მტერი. 2008 წლის რუსული აგრესიის დროს რუსეთის ელჩი იყო NATO-ში.
როგოზინი წლების განმავლობაში „როსკოსმოსს“ ხელმძღვანელობდა და რუსი კოსმონავტის გაშვებას გეგმავდა მარსზე: „ამერიკელებს უნდა დავასწროთო“.
გუშინ რუსეთმა საავიაციო დარტყმით სცადა იმ ქარხნის განადგურება მდინარე დნეპრის სანაპიროზე, სადაც ამ წყალზედა უპილოტო აპარატებს ამზადებენ. თუმცა, საბედნიეროდ, უშედეგოდ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის ექს-პრემიერი, ნიკოლაი აზაროვი, რომელიც 2022 წლის რუსული აგრესიის დაწყებისთანავე რუსეთში გაიქცა, გამოეხმაურა ბოლო დროს გააქტიურებულ თემას უკრაინაში ბირთვული იარაღის დამზადების შესახებ და განაცხადა, რომ უკრაინას არა აქვს საშუალება, დაამზადოს სრულფასოვანი ბირთვული ბომბი, მაგრამ ე.წ. „ჭუჭყიანი ატომური ბომბის“ დამზადება შეუძლია ატომურ ელექტროსადგურთა ბირთვული საწვავის ნარჩენთა გამოყენებითო.
საინტერესოა აზაროვის აღიარება, თუ რატომ არ შეუძლია უკრაინას ატომური იარაღის დამზადება მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მის ტერიტორიაზე ნამდვილად არსებობდა წარმოების საშუალებებიც და იქ იყო კიდეც დისლოცირებული ბირთვული იარაღი: „იმიტომ, რომ კიევი საბჭოთა კავშირის დროს არაფერს აკონტროლებდა საკუთარ ტერიტორიაზე და ყველა ეს ტექნოლოგია, ყველა „გასაღები“, ყველა „მართვის ბერკეტი“ და ყველა პულტი მოსკოვში მდებარეობდაო“ - ამბობს აზაროვი.
მანამდე პუტინმა ილაპარაკა უკრაინის გეგმებზე შექმნას სრულფასოვანი ბირთვული ბომბი და დაიმუქრა: „რუსეთი ამას არ დაუშვებსო“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
მოლდოვაში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ (42%) უსწრებს ოპოზიციის კანდიდატ სტოიანოგლოს (27%)
ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა რეფერენდუმმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ.
უფრო ზუსტად, რეფერემდუმის კითხვა ასეთნაირად იყო ფორმულირებული: მხარს უჭერთ თუ არა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს მოლდოვას პრიორიტეტი, გახდეს ევროკავშირის წევრი?
შინაარსობრივად იგივეა.
მაგრამ შედეგია საოცარი/ ჯერ ბოლომდე დათვლილი არ არის ხმები, თუმცა მომხრეა 50% და მოწინააღმდეგეც 50%. სულ რამდენიმე ათეული ხმაა განსხვავება.
მაგალითად დილის 6 საათისთვის მომხრე იყო 721 760 ადამიანი, ხოლო მოწინააღმდეგე - 721 672.
საქართველოში რომ ასეთი რეფერენდუმი ჩაატარო, 80% მომხრე იქნება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე The wall street journal აქვეყნებს სენსაციურ ინტერვიუს დონალდ ტრამპთან, რომელშიც ამერიკის 45-ე პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი იკვეხნის, რა „მაგარი“ იყო საგარეო პოლიტიკაში.
მაგალითად, ჰყვება, რომ პუტინს დაემუქრა: „თუ უკრაინას თავს დაესხმები, იცოდე, მაგ შენ .........ლ მოსკოვს დავარტყამ შიგ ცენტრში; მეგობრები ვართ და არ მინდა ამის გაკეთება, თუმცა მომიწევსო“.
„პუტინმა მიპასუხა: არა, რას ამბობ, მაგას არც ვაპირებო“.
ეს იყო უკვე მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიპყრო ყირიმი.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ყირიმის უპრობლემოდა დაპყრობა 100%-ით „ობამას დამსახურებაა“ და არა ტრამპის.
დონალდი რომ გახდა პრეზიდენტი, ყირიმი პუტინს უკვე ანექსირებული და მიერთებული ჰქონდა.
ტრამპი ჰყვება, რომ იმავე სტილში ემუქრებოდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსაც: „თუ ტაივანს თავს დაესხმები, ომს არ დაგიწყებ, თუმცა იცოდე, ჩინურ საქონელზე საბაჟო ტარიფებს 200%-ით გავზრდიო“.
ეს საუბარი სი-სთან შედგა პრეზიდენტ ტრამპის მარ ა ლაგოს ფლორიდას რეზიდენციაში: „ამ დროს შოკოლადის ტორტს მივირთმევდით დესერტადო“ - ჰყვება დონალდ ტრამპი.
ზოგადად, ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა ისაა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს „ვერც პუტინი და ვერც ვინმე სხვა „ვერ გაბედავდა“ იმას, რასაც ახლა ბედავენ“
ამის შემოწმება ძნელია.
ყოველ შემთხვევაში, უკრაინელები უფრთხიან ტრამპის პრეზიდენტობას, რაკი არსებობს იმის სიმპტომები, რომ მან სცადოს პუტინთან რაღაც მოდალობით გარიგება უკრაინის ხარჯზე.
ან ისეთი სამშვიდობო პროექტის დადება მაგიდაზე, რაც გულისხმობს ფაქტობრივად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და უკრაინაში ისეთივე გამყოფი ხაზის წარმოშობას, როგორიც არსებობს კორეაში.
დონალდ ტრამპმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში McDonald,s-ში წაიმუშავა ნახევარი საათი. პენსილვანიის შტატში. რამდენიმე პორცია კარტოფილი ფრი მოამზადა და მათი საფასურიც თვითონ გადაუხადა მომხმარებლებს.
რომ დაამთავრა და წინსაფარი გაიხადა, კამალას დასცინა: „კი ამბობს სტუდენტობისას McDonald-ში ვმუშაობდი, ოღონდ ამის შესახებ არანაირი ჩანაწერები არ არსებობს, მე კი აგერ ვარ - ხომ მხედავთო“.
რაში დასჭირდებოდა კამალას ასეთი ტყუილი? სტუდენტობისას მილიონობით ამერიკელი ახალგაზრდა საქმდებოდა ამ რესტორანთა კლასტერში და ეს გასაკვირი არ არის.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ეწევა კამალა ჰარისს, ხოლო ზოგიერთ გადამწყვეტ შტატში უსწრებს კიდეც. აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი არჩევნებია, რადგან + - 2-3% სტატისტიკური ცდომილებაა. ამიტომ შეიძლება ითქვას, კამალა და დონალდი ამჟამად 50-50%-ით მიდიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან ცუდი ნიშანია, რომ ამერიკულმა გიგანტმა Boeing გადაწყვიტა 10%-ით შეამციროს წარმოება. თვითმფრინავებზე
შეკვეთებმა იკლოო - აცხადებს კორპორაციის გენერალური დირექტორი კელი ორტბერგი.
მართლაც იკლო შეკვეთებმა.
განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალ თვითმფრინავს 737Max, კონსტრუქციული ცდომილების (და არა ცუდად დამზადების, რაც იგივე არ არის - დ) მიზეზით, გასასვლელი კარები მოძვრა ფრენისას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მწვავდება კონფლიქტი საფრანგეთსა და ისრაელს შორის. საფრანგეთმა აუკრძალა ისრაელის კომპანიებს სამხედრო ნაწარმთა გამოფენაში მონაწილეობა. დიპლომატიური ფორმა ასეთი იყო: „კომპანიები, რომლებიც ისრაელის არმიას აწვდიან იარაღს და შემდეგ ეს იარაღი ღაზაში გამოიყენება, ფრანგულ გამოფენაში მონაწილეობას ვერ მიიღებენო“.
არადა აბსოლუტურად ყველა კომპანია, რაც ისრაელში მოქმედებს, ამა თუ იმ ფორმით ეხმარება არმიას.
აბა სხვა როგორ იქნება?
ამჟამად პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილება ეხება სამხედრო-საზღვაო ნაწარმის გამოფენას, მანამდე სახმელეთო შეიარაღების გამოფენას. ისრაელის ხელისუფლება მზარდ უკმაყოფილებას გამოთქვამს მაკრონის ქმედებების გამო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ირანის ახალ პრეზიდენტ პეშეზკიანს. საუბარი ეხებოდა ლიბანში შექმნილ ვითარებას მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ ამ ქვეყნის სამხრეთი დაიკავა ბუფერული ზონის“ შექმნის მიზნით.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზურ „ფაბლიკებში“ დიდი ყურადღება მიაქციეს ინციდენტს, რომელიც რუსეთში მოხდა: სამხედრო კომისარიატში გამოუცხადებლობის გამო, ათეულობით რუსს მოქალაქეობა ჩამოართვეს.
თურმე ამის საშუალებას იძლევა რუსული კანონმდებლობა!
აფხაზებს ახლა ეშინიათ: ხომ შეიძლება გაბრაზებულმა პუტინმა, ვინც ვერ მიაღწია აფხაზეთში თავის მიზნებს და ვერ მიაღებინა აფხაზურ ელიტებს რამდენიმე გადაწყვეტილება, ახლა ბრძანოს აფხაზი ახალგაზრდების (რუსეთის მოქალაქეების) რუსულ ჯარში გაწვევა? და თუ არ გაიწვევიან, თუ არ გამოცხადდებიან რუსულ „ვაინკომეტებში“ მათაც ჩამოართვას რუსული პასპორტები?
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხვალ ლონდონში გამოიცემა ალექსეი ნავალნის მემუარები „პატრიოტი“, რომელსაც ის წერდა რუსულ კოლონიაში. მათ შორის დღიურები ანუ ყოველდღიური ჩანაწერები - სიკვდილამდე, რომლის ოფიციალური მიზეზი თითქოს თრომბი გახდა.
ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ გეგმავს მომავალში რუსეთში დაბრუნებას და საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის ელჩმა ლონდონში, ანდრეი კელინმა განაცხადა, რომ პუტინი არ ჩავა ინგლისში და არ წარსდგება ბრიტანული სასამართლოს წინაშე დონ სტერდჟესის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის საქმეზე, რასაც ქალბატონ სტერდჟესის ნათესავები მოითხოვენ.
პუტინის ბრძანებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვა ГРУ-ს აგენტებმა ბრიტანულ სოლსბერიში მოწამლეს „ნოვიჩოკით“ იმ ბინის სახელური, სადაც ცხოვრობდნენ მამა-შვილი სკრიპალები.
სკრიპალს შპიონაჟი ედებოდა ბრალად რუსეთში.
სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი გადარჩნენ, მაგრამ ქალბატონმა სტერდჟესმა ნარჩენების ურნაში იპოვა ის ფლაკონი პულვერიზატორით (შიგ „ნოვიჩოკით“), რომელიც გამოიყენეს აგენტებმა.
ქალს სუნამო ეგონა, შეისხურა და საშინელი ტანჯვით მოკვდა.