საერთაშორისო მიმოხილვა. 26 ივნისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 ივნისი. 2023 წელი

სად იმყოფება ამჟამად ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მოსკოვისკენ დაიძრა 24 ივნისს, ზუსტად არავინ იცის.

 მისი `კერძო არმიის` მეთაურებიც ვეღარ პოულობენ.

უკრაინის ტერიტორიაზე არ არის. შესაძლოა ნამდვილად გადაცხოვრდა ბელორუსში.

ირკვევა, რომ ბელორუსის დიქტატორ ლუკაშენკოს 20 წლის ნაცნობ-მეგობრობა აკავშირებს პრიგოჟინთან და ალბათ სწორედ ამან განაპირობა, რომ პუტინმა ლუკაშენკოს სთხოვა, ჩარეულიყო, როდესაც `ვაგნერელებს` რუსეთის დედაქალაქიდან სულ რაღაც 200 კილომეტრი აშორებდათ.

თანაც, ერთდროულად რამდენიმე ოფიციალური, რესპექტაბელური თუ არაოფიციალური წყარო ამტკიცებს, რომ `მსროლელი` და წინააღდმეგობის გამწევი ცოტა თუ  იყო.

შესაძლოა პუტინის პირადი დაცვის გარდა, რადგან პირადი დაცვა, როგორც წესი, ფანატიკოსებისგან შედგება.

თუმცა პუტინი, იმავე წყაროთა ცნობით, უკვე პეტერბურგში იყო იმ დროს და არა კრემლში.

გუშინ ლუკაშენკო კვლავ ესაუბრა ტელეფონით ვლადიმერ პუტინს და....ნურსულთან ნაზარბაევს.

ნაზარბაევი მაინც რა შუაშია?

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი გაქცეულია გაერთიანებულ ემირატებში, სადაც სასახლე აქვს.

შესაძლოა ამ სატელეფონო საუბრით ლუკაშენკოს იმის ხაზგასმა სურდა, რომ ის პოსტსაბჭოური სივრცის ბრძენი ლიდერია და ყველაზე ზრუნავს.

 

რაც შეეხება პრიგოჟინის პუტჩს, შედეგად 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ყველა - ოფიციალური არმიის მხრიდან. ყველა მათგანი სამხედრო მფრინავია.

პუტინმა კი პრიგოჟინი გაუშვა......

არმია და სამხედრო ელიტები მას ამას არასდროს აპატიებენ: არმიას თავისი სოლიდარობის კოდექსი და, პირობითად თუ ვიტყვით `გაგება` აქვს. სამხედრო მფრინავები არმიის ელიტაა.

შესაბამისად, პუტინის ავტორიტეტი და რენომე სამხედრო ელიტებში იმდენად დაეცა, ამას არ შეიძლება შედეგი არ მოჰყვეს. დღესვე თუ `ხვალ` - სხვა საქმეა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პრიგოჟინი კი გაუშვეს, მაგრამ მის პეტერბურგულ ოფისებში და პეტერბურგულ სასახლეში ჩხრეკა ჩაატარეს. მილიონობით დოლარი და მილიარდობით რუბლი იპოვეს. ასევე ოქროს ზოდებ`ი.

საინტერესოა, რომ ჩხრეკა ჩატარდა, მერე კი დაიხურა პრიგოჟინის ის ოფისი, სადაც მისი `კიბერ-პროვოკატორები` ისხდნენ და ამერიკა/ევროპაში პროვოკაციებს აწყობდნენ.

მაგალითად, იმ დროს, როცა ამერიკაში გაიშალა მძვინვარე მოძრაობა Black lives matter (BLM) პრიგოჟინის კიბერ-არმია ყველანაირად ცდილობდა `ცეცხლზე ნავთის დასხმას`: სხვადასხვა სოციალურ ქსელებში რეგისტრირდებოდნენ `ვითომ ამერიკელი ბლოგერები`, ვითომ ევროპელები, აქვეყნებდნენ პროვოკაციულ პოსტებს და კომენტარებს, ასევე ვიდეოებს.

 

. . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელში უკრაინის ელჩს დღეს გამოიძახებენ ისრაელის `საგარეოში` მკაცრი პროტესტის სათქმელად იმის გამო, რომ უკრაინელმა ელჩმა მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომში.

კერძოდ, კიევი უკმაყოფილოა იმით, რომ ისრაელი სულ უარს ეუბნება იარაღის, უპირველესად ჰაერსაწინააღდმეგო სისტემების მიწოდებაზე. არადა ეს სუფთად თავდაცვითი საშუალებებია.

ისრაელი სიტყვით თითქოს აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა თავდაცვით იარაღს არ აწვდის.

უკრაინა კი ამჟამად ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც აქვს იმის რესურსი, `არამეგობრულად` ჩათვალოს არა მხოლოდ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება (ისრაელი იარაღს ნამდვილად არ აწვდის რუსეთს) არამედ უკრაინისთვის იარაღის არმიწოდებაც. მით უმეტეს თავდაცვითი იარაღისა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

BBC აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების შედეგს რუსეთის დანაკარგის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განმავლობაში. არ არის შეტანილი ივნისის მონაცემები მას შემდეგ, რაც უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. ამ მონაცემების გარეშეც კი, დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მოკლულების სახით რუსეთმა დაკარგა 52 000 სამხედრო მოსამსახურე.

ეს არის კოლოსალური ციფრი. შედარებისათვის: ავღანეთში თითქმის 10 წლიანი ომის მანძილზე (1979-1988) საბჭოთა კავშირმა დაკარგა 15 000 მეომარი.

ხოლო დაჭრილები, დასახიჩრებულები, რუსულ ძალებს შორის  ბევრად მეტია უკრაინაში: 235 000.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ კვლავ მოითხოვა რუსეთის გარიცხვა FIFA/UEFA-დან.

ამ ორგანიზაციებმა უკვე შეუჩერეს რუსეთს ტურნირებში მონაწილეობა, ამიტომაც რუსეთმა ვერ მიიღო მონაწილეობა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატში, ხოლო რუსული კლუბები არ მონაწილეობენ ევროპულ ტურნირებში.

ამჯერად სრული გარიცხვის მოთხოვნა უკრაინამ იმიტომ დააყენა, რომ საერთაშორისო საფეხბურთო წესების სრული დარღვევით, ყირიმის კლუბები `სევასტოპოლი` და `რუბინი` (იალტა) ჩაირიცხნენ რუსეთის საფეხბურთო მეორე ლიგაში.

მოსკოვში ადრე განიხილავდნენ აზიის საფეხბურთო ასოციაციაში გადასვლას, თუმცა პუტინმა ეს ზედმეტად მიიჩნია.

პუტინი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან დასავლეთი შეურიგდება უკრაინის ოკუპაციას ანუ რუსეთის ნაკრებს დააბრუნებს მსოფლიო ჩემპიონატზე და ევროპულ ტურნირებზე.

. . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც იქნა ევროკავშირის ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ ე.წ. `სამხრეთ ოსეთი` - ეს არის სიმსივნე, რომელიც წამლავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, წამლავს მთელს ევროპასაც.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-11 პაკეტში გაჩნდა ჩანაწერი `ცხინვალის ბანკის` წინააღმდეგ სანქციათა შემოღების თაობაზე.

`ცინვალის ბანკი` პუტინმა შექმნა იმ მიზნით, რათა ამ ბანკში` გაეტარებინა` ფინანსური გადარიცხვები დონეცკის რესპუბლიკაში და ლუგანსკის რესპუბლიკაში. ისე, რომ რუსული ბანკები `არ გამოჩენილიყვნენ` და არ დასანქცირებულიყვნენ.

ევროპელი `სასარგებლო იდიოტები` კი, `ოღონდ არ გაბრაზდეს პუტინი` პოლიტიკის ფარგლებში, თვალს ხუჭავდნენ ამ თაღლითურ სქემაზე მიუხედავად იმისა, რომ სრული ინფორმაცია ჰქონდათ  `ცხინვალის ბანკის` საქმიანობის შესახებ. მათ შორის თბილისიდან და ამერიკიდანაც ჰქონდათ ეს ინფორმაცია

ახლა `ცხინვალის ბანკი` დაასანქცირეს მას შემდეგ, რაც მან ანალოგიური თაღლითური ფინანსური ოპერაციების განხორციელება და გადარიცხვები დაიწყო უკვე არა მხოლოდ ყირიმში, დონეცკში, ლუგანსკში, არამედ ხერსონში, ზაპოროჟიეში.....

ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` რესპუბლიკა უფორმებდა პუტინს ასევე ქვანახშირისა და სხვა მადნის ექსპორტს ევროპაში მიუხედავად სანქციებისა.

მაგალითად, 2018 წელს რუსეთმა ჯერ აღმოსავლეთ უკრაინიდან გამოზიდა 6 მილიონი ტონა (!!!) ანტრაციტის მადანი. შემდეგ ევროპაში გაყიდა საბუთებით, თითქოს ეს მადანი რუსეთის ტერიტორიაზე იყო მოპოვებული `სამხრეთ ოსეთის` სამთო-გადამამუშავებელი კომპანიების მიერ. მიდით და დაასანქცირეთ - აბა რუსეთი რა შუაშიაო?

ევროპელი ბიუროკრატები კი ამას ყოველივეს `მიირთმევდნენ` არა იმიტომ, რომ ყველანი ასეთი იდიოტები არიან არამედ....`ოღონდ პუტინი არ გაბრაზდეს`.

და რა შედეგი გამოიღო პუტინის `არგაბრაზებამ` 2008 წლიდან - ვხედავთ.

ახლა დაასანქცირეს `ცხინვალის ბანკი`, დაასანქცირებენ იმ კომპანიებსაც, რომლებიც მადანს სტაცებდნენ უკრაინას და....რა ამით? ცხინვალში ბევრს იდარდებენ ამის გამო? ან მოსკოვში?

 `ცხინვალის ბანკმა` უკვე დიდი საქმე გაუკეთა პუტინს 2015 წლიდან და ახლა დაასანქცირებენ თუ არა დიდად არ ანაღვლებთ.

რაც მთავარია, ევროპული სტრუქტურები დღემდე თვალს ხუჭავენ (ანუ ახლაც კი თვალს ხუჭავენ) იმაზე, რომ `ცხინვალის ბანკის` საკორესპონდენტო ანგარიში გახსნილი იყო რუსულ Сбербанк-ში. ფაქტობრივად, ამ კლოუნურ/ტაკიმასხარული         `ცხინვალის ბანკის` ზურგს უკან უდიდესი რუსული ბანკები იმალებოდნენ, თუმცა....ჰოი საოცრებავ, ეს ბანკები დღემდე არ არიან სანქცირებულნი.

ბევრი დიდი რუსული ბანკი SWIFT-ის საბანკო გადარიცხვათა ვერიფიკაციის სისტემიდანაც კი არ ჩაუხსნიათ დღემდე.

საოცრებაა მაგრამ ფაქტია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში მორიგი ინციდენტი მოხდა `შავი იუმორის` ჟანრიდან: სოხუმის სასამართლოში პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ დარბაზში შევარდა ადგილობრივი კრიმინალური მილიციის (იქ `მილიცია` ქვია კვლავ) უფროსი ალფრედ ნარმანია შეიარაღებულ პირებთან ერთად და იარაღის მუქარით განსასჯელი წაიყვანა - `ჩემი მეგობარიაო`.

არავინ წინააღმდეგობა არ გაუწია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ბიჭვინთის ყველაზე სახელგანთქმული (ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან) სანატორიუმი «Самшитовая роща» აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს გადაეცა - СГБ Абхазии.

ვრცელდება ცნობები, რომ ამ სანატორიუმის პრივატიზება რუსულ ბიზნესს სურდა და ამის შესახებ აფხაზეთის ხელისუფლებას სთხოვეს სანკტ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.

მაგრამ აფხაზეთის ხელისუფლება არაფრის პრივატიზებას არ აპირებს. უშიშროებას ეს სანატორიუმი იმ მიზნით გადასცეს, რომ როცა `პრეზიდენტი ბჟანია` მორიგჯერ გაემგზავრება მოსკოვში და იქ უსაყვედურებენ, რატომ არ შეასრულე დაპირება ამ სანატორიუმის პრივატიზების შესახებო, ისიც უპასუხებს: `ეს სანატორიუმი საბჭოთა პერიოდში ხომ КГБ-მ ააშენა, ახლა ჩვენ აფხაზეთის СГБ-ს გადავეცით წარსულისადმი პატივისცემის ნიშნად და აბა ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს შეურაცხყოფა როგორ შეიძლება - NATO კარზე გვიკაკუნებს მტრული საქართველოს მხრიდანო`.