საერთაშორისო მიმოხილვა. 3 დეკემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 დეკემბერი. 2024 წელი

ძალიან ნიშანდობლივი გადაწყვეტილება:

იაპონიის „ლიბერალურ - დემოკრატიულმა პარტიამ“ (ლდპ), რომელიც მცირე წყვეტებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მართავს „ამომავალი მზის ქვეყანას“, შექმნა სპეციალური საპარლამენტო კომიტეტი „აზიური NATO-ს“ ჩამოსაყალიბებლად.

კომიტეტისა და თვით პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ორგანო იქმნება პრემიერ-მინისტრის, სიგერუ ისიბის ბრძანებით.

სხვათა შორის, ლდპ-ს ყველა წევრი როდია აღფრთოვანებული ბატონ ისიბის ამ გადაწყვეტილებით: ისინი ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია პაციფისტური, მშვიდობიანი სახელმწიფოა. არ სურთ „ახალი ისტორიული შარი“, ხოლო იაპონიის შესვლა „აზიურ NATO-ში“ მოითხოვს ჯერ ერთი იაპონიის პაციფისტურ კონსტიტუციაში არსებითი ცვლილებების შეტანას, ამ ძირითადი კანონიდან რამდენიმე საკვანძო დებულების ამოღებას იაპონიის სამშვიდობო საგარეო პოლიტიკისა და ომებში არმონაწილეობის შესახებ და რაც მთავარია, ამ დეპუტატების აზრით, ამგვარი ინიციატივა და პერსპექტივა აუცილებლივ გამოიწვევს კონფრონტაციას ჩინეთთან.

რასაკვირველია გამოიწვევს.

ოღონდ აბსოლუტურად გამორიცხულია იაპონიის პრემიერს ეს გადაწყვეტილება მიეღო ამერიკელებთან შეთანხმებისა და წინასწარი კონსულტაციის გარეშე. ხსენებული კონსტიტუცია ამერიკის სამხედრო ბაზაზე და ამერიკის ავიამზიდზე დაიწერა.

ოღონდ მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა,

აშშ-ს გეოპოლიტიკური პრიორიტეტები შეიცვალა.

ამერიკის მთავარი „მეტოქე“, თანაც ძალიან სახიფათო კონკურენტი რეგიონშიც, მთელს ევრაზიაშიც და ნაწილობრივ გლობალურადაც, უკვე ჩინეთია და არა იაპონია.

ტოკიო 1930-იანი წლებიდან წყნარ ოკეანეში „ერთობლივი კეთილდღეობის სივრცის“ შექმნას ცდილობდა დასავლეთთან კონფრონტაციის კონტექსტში.

ამერიკა ახლა უკვე ცდილობს შექმნას „აზიური NATO“, რისი პირველი ეტაპიცაა AUKUS (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ) სამხედრო პაქტის შექმნა, რომელსაც, ალბათ უახლოეს მომავალში შეუერთდებიან ფილიპინები და იაპონია.

 რა თქმა უნდა, იაპონია ამ მხრივ ამერიკისთვის ასჯერ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფილიპინები ან თუნდაც ავსტრალია.

ჯერ ერთი, იაპონიის გენიალური ინდუსტრიის გამო, რომელიც, თუ საშუალება ექნება, ისე „გადაეწყობა“ სამხედრო წარმოებაზე და ისეთ ტექნოლოგიურ ნიმუშებს შექმნის უმაღლესი კვალიფიკაციის საინჟინრო და მუშა-ხელის წყალობით, რომ ჩინეთი, მისი „მეორადი“ ნაწარმით ვერ დაეწევა ვერასდროს. რაკი ეს ისტორიული უპირატესობაა.

მეორეც, არ დავივიწყოთ (და ამერიკა ამას ითვალისწინებს), რომ იაპონია, ავსტრალიისგან განსხვავებით ა ზ ი ა ა! ეთნოკულტურული თვალსაზრისით.

აზიაში კი ამერიკას სჭირდება ისეთი დასაყრდენი ჩინეთის წინააღმდეგ, რომლის ისტორიული ნარატივის განუყოფელი თეზისია: „სწორედ ჩვენ ვართ საუკეთესო აზიელები, რომლებიც ვიცავთ ჩვენი რასის ინტერესებს“.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ AUKUS ტრანსფორმაცია POTO-დ (ანუ წყნარი ოკეანის ხელშეკრულების ორგანიზაცია - Pacific Ocean Treat Organization) უკვე გარდაუვალია.

საინტერესო ნიუანსია ძალიან ასევე ისიც, რომ POTO-ს შექმნაზე ამერიკელი სტრატეგოსები სხვადასხვა Think Tank-ებიდან ჯერ კიდევ პრეზიდენტ ობამას დროს საუბრობდნენ ჩინეთის წინააღმდეგ, მაგრამ იმ ეპოქაში თეთრმა სახლმა ამაზე უარი თქვა, რაკი ირწმუნა სხვა ექსპერტების რჩევა, რომ ეს გამოიწვევდა სამხედრო-პოლიტიკურ დაახლოებას რუსეთსა და ჩინეთს შორის.

ამიტომ ობამამ ისევ „წყნარი ოკეანის საერთო ბაზრის“ შექმნა სცადა, რაც 2016 წელს დონალდ ტრამპმა ჩაშალა, როგორც კი პრეზიდენტი გახდა - ამერიკას სამუშაო ადგილებს დააკარგვინებსო.

პრეზიდენტი ტრამპი, მეორე ვადისას, აღარ იქნება „წყნარი ოკეანის“ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შექმნის წინააღმდეგი, რაკი არც მალავს, რომ მისი მთავარი მეტოქე ისევ და ისევ ჩინეთი იქნება.

ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ ვერა ახლა ის ჭკვიანი და კომპეტენტური სპეციალისტები ტრამპის გუნდში, - რომლებიც იქ ნამდვილად არიან, - დაარწმუნონ თავიანთი ბოსი, რომ როგორი „მომართულიც“ არ უნდა იყოს ტრამპი ეკონომიკაზე, ამერიკის გლობალური ეკონომიკური ინტერესების დაცვა სამხედრო-პოლიტიკური ძალის პროეცირების გარეშე არ გამოვა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსი მეცნიერები, რუსეთის სხვადასხვა ინსტიტუტიდან გაყარეს ჟენევის ბირთვულ კვლევათა ცენტრიდან.

ეს ცენტრი მსოფლიო მნიშვნელობისაა. იქ არის „ანდრონული კოლაიდერი“ სადაც უმნიშვნელოვანესი ასტროფიზიკური ექსპერიმენტები ტარდება სამყაროის წარმოშობის საწყისი „აღმძრავი“ ელემენტების დასადგენად.

რა თქმა უნდა, რუსები იქიდან გაყარეს მათი ქვეყნის აგრესიის გამო.

500 რუსი ფიზიკოსი მუშაობდა ამ ცენტრში.

90 მათგანს იმდენად არ უნდოდა ჟენევიდან წასვლა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას და ამერიკა-ევროპის შესაბამის ინსტიტუტებში გადასვლას გეგმავს.

არადა პუტინმა ბოლო 20 წლის მანძილზე მილიარდობით რუბლი დახარჯა მათ „დასაკავებლად“ რუსეთის აკადემიურ სისტემაში, რათა დასავლეთს ვერ „გადაეტყუებინა“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ბაიდენმა სრულიად მოულოდნელად და საკუთარი ადრინდელი განცხადებების საწინააღმდეგოდ შეიწყალა საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენი.

იგი დამნაშავედაა ცნობილი იარაღის ტარებისა და საგადასახადო მანიპულაციების საქმეებზე.

განაჩენის გამოტანა დაგეგმილი იყო დეკემბრის შუა რიცხვებში და სრულიად აშკარაა, რომ ჰანტერს ციხე ელოდა.

პრეზიდენტის ბრძანებულებაში ისიც ნათქვამია, რომ შეწყალება ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ პროკურატურა ჰანტერის ადვოკატებთან საპროცესო გარიგებას გააფორმებდა.

თუმცა ამ გარიგების საფუძველი შესაძლოა მხოლოდ საპატიმრო ვადის შემცირება ყოფილიყო და არა პატიმრობის სრული გაუქმება.

მანამდე ჯო ბაიდენი მუდმივად იმეორებდა, რომ შვილს არ შეიწყალებდა, რაკი ეს „იუსტიციაში ანუ მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევა იქნებოდაო“

ნოემბერში მისი პრეს-მდივანიც იგივეს ადასტურებდა: „პრეზიდენტი თავის პრეროგატივას ასე არ გამოიყენებს ოჯახის წევრისთვისო“.

თუმცა მაინც გამოიყენა და ჰანტერი შეიწყალა.

 როგორც ჩანს ეს Pardon უკავშირდება იმ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას, რაც გაიმართა რამდენიმე დღის წინ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ უყვართ ერთმანეთი, მაინც მოილაპარაკეს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის მოილაპარაკეს იმაზეც, რომ უკრაინისთვის დაერთოთ ნება გამოეყენებინა HIMARS რაკეტები რუსეთის სიღრმეში და იმაზეც, როგორი „მოდუს ვივენდი“ და მოდუს ოპერანდი“ შეერჩიათ ძალაუფლების გადაბარებისას:

ბაიდენი იწყალებს შვილს და თან იძახის: „რა ვქნა, აბა შვილს ხომ არ გავწირავ, ამიტომ პოზიცია შევიცვალეო“ (ასე თქვა ზუსტად) და მაშინ ვის მოუბრუნდება ენა, თუ პრეზიდენტი ტრამპი, ინაუგურაციის შემდეგ, ყველას შეიწყალებს ვინც 2021 წლის იანვარში კონგრესში შეიჭრა, ამერიკული დემოკრატიის ტაძარში მოისაქმა, მერე კი საკუთარ თავსაც შეიწყალებს? ამის უფლება პრეზიდენტს აქვს ანუ ...„ჯერ თავო და თავო...მერე შვილო და მერე......“ ქართული ანდაზის არ იყოს.

ერთი სიტყვით,  დაუვიწყარი აბონ ციციაშვილის პერიფრაზით: „ჯოს და დონალდს დავიწყებიათ ქართული ანდაზა.....“

მაგრამ ხუმრობის გარეშე, დონალდ ტრამპის ფენომენმა, მისმა გამოჩენამ ამერიკის ასპარეზზე უუუუამრავი დაწერილი თუ დაუწერელი კანონი, ტრადიცია, ნორმა დაარღვია.

ჯერ კიდევ 25 წლის წინ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო პრეზიდენტის შვილს, მით უმეტეს მას თავად სისხლის სამართლის დანაშაული ჩაედინა და ორზგის უმეტეს ასე გამოეყენებინა თავისი Pardon (შეწყალების) პრეროგატივა.

მაგრამ დრო ვითარდება.

ამერიკაში უკვე მართლაც ახალი ეპოქაა და რას მოუტანს ეს ეპოქა მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს, არავინ უწყის.

დონალდ ტრამპის მეორედ ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

Роскосмос-ის დირექტორმა იური ბორისოვმა განაცხადა, რომ მის საწარმოს აქვს შესაბამისი საშუალება, დიდი რაოდენობით გამოუშვას ბალისტიკური რაკეტები Орешник, რომლითაც რუსულმა არმიამ რამდენიმე დღის წინ დაბომბა ქალაქი დნეპრი.

როგორც ვწერდით, ამ რაკეტას რამდენიმე „თავაკი“ ანუ ქობინი აქვს და სტრატოსფეროდან მიწაზე დაშვებისას იყოფა.

შესაბამისად ძალიან ძნელი მოსაგერიებელია თვით Patriot-ისთვისაც კი.

პუტინი მანამდე იმუქრებოდა, რომ Орешник-ით კიევის „სამთავრობო კვარტალს“ დაარტყამდა, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის სამუშაო და საცხოვრებელი რეზიდენციაა.

პრეზიდენტის მოკვლას ვერ შეძლებს, რაკი არსებობს მიწისქვეშა საცავი, მაგრამ ნგრევა დიდი იქნება, რადგან პუტინის განცხადებაში ნახსენები იყო „მასსირებული დარტყმა“.

 ანუ ერთდროულად რამდენიმე რაკეტით Орешник და ბორისოვის განცხადებაც ზუსტად ამასთან ილინკება.

პუტინის პრობლემა ახლა მართლა ის არის, რომ მან ჯერ ერთი არ იცის რას მოიმოქმედებს ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ ანუ ტრამპი სრულიად არაპროგნოზირებადია.

და მეორე: პუტინმა, მისი სპეცსამსახურების „ყველგანშემძრომობის“ მიუხედავად არც ის შეიძლება იცოდეს, კიდევ რაზე მოილაპარაკეს ჯომ და დონალდმა ოვალურ კაბინეტში ზემოხსენებული შეხვედრის დროს და ხომ არ მოილაპარაკეს იმაზეც, რომ თუ პუტინი კიევის სამთავრობო კვარტალს დაარტყამს, პრეზიდენტი ბაიდენი ამერიკულ ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის უკრაინულ არმიას.

მაგალითად „Pershing-II“-ს.

 ეს არ არის ბალისტიკური რაკეტა, თუმცა ასევე უძლიერესი იარაღია.

ის ფინანსური პაკეტი, რომლის უკრაინის მომარაგებისთვის გამოყოფას მიაღწია ბაიდენმა „რესპუბლიკური კონგრესისგან“ ($61 მლრდ.), ჯერ ამოწურული არ არის და ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას ნამდვილად ეყოფა.