საერთაშორისო მიმოხილვა. 4 ნოემბერი. 2021 წელი.
რუსეთში კოვიდ-კატასტროფა ძლიერდება. მასთან ერთად ძლიერდება პოლიტიკური მარაზმიც. მოსკოვში და სხვა დიდ ქალაქებში შემოღებულმა დროებითმა ლოკ-დაუნმა საქმეს დიდად ვერ უშველა. ამიტომ ძველი, გამოცდილი მეთოდები გაიხსენეს: დასმენა და სექსოტობა, ანონიმკობა და ენის მიტანა.
როსმედნადზორის ადგილობრივმა განყოფილებებმა მიიღეს მოსკოვიდან დირექტივა, ფინანსურად წაახალისონ ის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს მიაწვდიან ინფორმაციას ანტივაქსერების შესახებ, რომლებიც (ციტატა) `ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ ვაქცინების მავნეობაზეო`.
რუსეთის კანონმდებლობით, თუ ადამიანი, მაგალითად, სამეზობლოში ილაპარაკებს თუნდაც სისულელეს, რომ ვაქცინა ბლუთუსს იჭერს, შეიძლება ციხეშიც ჩასვან `საზოგადო ჯანდაცვისთვის მიყენებული ზიანის` ბრალდებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მსოფლიო ექსპერტულ თანამეგობრობაში თანდათან მკვიდრდება აზრი, რომ დღეს პლანეტაზე `სამი ძალის წყაროა`სინამდვილეში: ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი. ანუ ვაშინგტონი, პეკინი და მოსკოვი. . . . . . . . . ბაიდენი, სი ზინ პინი და პუტინი.
ზოგიერთი პროგნოზირებდა, რომ G3 ანუ ``დიდი სამეულის`` შეხვედრა უნდა გაიმართოს სულ მალე, თუმცა ეს ფანტაზიებია რასაკვირველია. ყოველ შემთხვევაში......ჯერ-ჯერობით მაინც.
ევროკავშირი ამ `დალაგებაში` არ შედის ჯერ ერთი `Brexit`-ის, მეორეც არაკონსოლიდირებულობის გამო. ევროკავშირი ერთიანი სუბიექტი ჯერ არ არის - შიდა წინააღდმეგობათა მიზეზით.
ამერიკასა და ჩინეთს შორის ანტაგონიზმი კი სულ უფრო იზრდება. ეს ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრამპის დროს დაიწყო. რასაკვირველია, ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიისა ამერიკას არ ეშინია. ამ ექსპანსიას იოლად მოევლება მარტივი პროტექციონიზმით, იუანის კურსის ხელოვნურ დამდაბლებაზე უარის იძულებით (პეკინი ამით აიაფებს თავის საქონელს) და ამერიკულ საწარმოთა მოტივირებით, გადმოვიდნენ ამერიკის ტერიტორიაზე ან ამერიკის რეალურად მოკავშირე ქვეყნებში იმავე წყნარი-ოკეანის რეგიონში. მაგალითად ვიეტნამში, რომელსაც ამერიკა უსასტიკესად ეომებოდა 60 წლის წინათ, მაგრამ დღეს ამერიკის ლამის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია რეგიონში იმიტომ, რომ....ვიეტნამი ჩინეთის მეგობარი არასდროს ყოფილა. უფრო პირიქით.
სინამდვილეში კი, ამერიკელებს ყველაზე მეტად ჩინეთის მზარდი სამხედრო და ბირთვული ამბიციები აღელვებს. ჩინეთი გამალებით აშენებს მსოფლიოში უდიდეს საზღვაო ფლოტს, რომელიც წყნარ ოკეანეში თავისი ძლევამოსილებით და პოტენციალით ჯერ ჩამორჩება ამერიკულ ფლოტს (ისევ და ისევ `ჯერ-ჯერობით`!) მაგრამ უკევ შესადარია. თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკას პლანეტის სხვა რეგიონებშიც უწევს თავისი გრანდიოზული ფლოტის `გადანაწილება`, ჩინელებს კი ისტორიის ამ ეტაპზე მხოლოდ წყნარი ოკეანის აუზი აინტერესებთ და მიმდებარე ტერიტორიები. ყოველ შემთხვევაში, სამხედრო ძალის პროექცირების მხრივ.
ყველაზე საგანგაშო კი პენტაგონის ბოლო `რიფორთი` აღმოჩნდა: ამერიკის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ ჩინეთი უსწარფესად ზრდის ბირთვულ არსენალს და გეგმავს 2030 წლისთვის ათასი ბირთვული ქობინის, ბირთვული ბომბის და მათი `მიტანის` საშუალებათა მზადყოფნაში მოყვანას. ეს რაოდენობა ჯერ არ არის იმდენი, რამდენიც აქვს ამერიკას და აქვს რუსეთს (3-4 ათასი ბირთვული მოწყობილობა), თუმცა უკვე მაინც შ ე ს ა დ ა რ ი ა.
და პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩინეთი ხდება მეორე სახელმწიფო დედამიწაზე, რომელსაც თეორიულად, ბირთვული იარაღის გამოყენებით, შეუძლია ამერიკის ფიზიკურად გადანდგურება. მანამდე ჩინეთს სულ 100-150 ბირთვული ჭურვი ჰქონდა (არასაკმარისი), ხოლო ამერიკის განადგურება მხოლოდ სსრკ-რუსეთს შეეძლო.
ამასობაში, კუნძულ ტაივანის ხელისუფლებამ დაადასტურა (პირველად), რომ კუნძულზე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები იმყოფებიან უკვე რამდენიმე კვირაა. ამ აღიარებამ საშინლად გააბრაზა ჩინეთი, რომელიც თვლის, რომ ტაივანი მისი დროებით სეპარირებული ნაწილია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პრეზიდენტმა ბაიდენმა და მთელმა დემოკრატიულმა პარტიამ მწარე დამარცხება იწვნია ვირჯინიის შტატში, სადაც, გუბერნატორის არჩევნებზე, რესპუბლიკელთა კანდიდატმა Glenn Youngkin, რომელსაც დონალდ ტრამპი უჭერდა მხარს, დაამარცხა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, მოქმედი გუბერნატორი(!) Terry McAuliffe, ვისაც აქტიურად ეხმარებოდა პირადად პრეზიდენტი ბაიდენი. ასევე ეხმარებოდა ყოფილი პრეზიდენტი ობამა, რომელიც ინარჩუნებს ძლიერ პოზიციებს დემოკარტიულ პარტიაში.
თანაც ამ შტატში (ვირჯინიაში), შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ბაიდენმა ტრამპს დიდი უპირატესობით (10%) აჯობა. იანგკინს ამერიკელები უწოდებენ Trump Light.
ზოგადად, ვირჯინია `დემოკრატიულ შტატად` ითვლება. ბუნებრივია, ვირჯინიის შედეგი იმის ნიშნად გამოცხადდა, რომ დემოკრატები მალე დამარცხდებიან რესპუბლიკელებთან (თუნდაც 2022 წელს, კონგრესის საშაულედო არჩევნებზე), ხოლო ტრამპი დაამარცხებს მათ კანდიდატს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ეს ჯერ ძალიან ადრეა და ნაჩქარევი დასკვნებია, თუმცა ტენდენციას მართლა აჩვენებს და ზრდის შიდა გაურკვევლობას ამერიკის ელიტებში.
გამორიცხულია ეს კარგი და სასარგებლო იყოს მთელს მსოფლიოში ამერიკის იმ მეგობრებისთვის, ვისაც ამერიკის იმედი გვაქვს. ჩვენ ამერიკაში სტაბილური, თავდაჯერებული ადმინისტრაცია გვჭირდება.
ნიუ იორკის მერის არჩევნებში კი აფროამერიკელმა, დემოკარტმა დერიკ ადამსმა გაიმარჯვა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის `ბალანსირება` მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ზოგჯერ იუმორისტულ კონტურებსაც იძენს. ერთდროულად რამდენიმე თურქულმა რესურსმა დაწერა, რომ თურქეთის არმია აპირებს რუსული საზენიტო კომპლექსი С-400 განათავსოს ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე. ეს ბაზა არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ამერიკის შეიარაღებულ ჯართა ბაზაა. უფრო ფართოდ- NATO-ს ბაზა, სადაც ამერიკელებთან ერთად დისლოცირებულნი არიან ასევე იტალიელი, ინგლისელი და ალიანსის სხვა წევრ სახელმწიფოთა სამხედროები.
რუსული С-400-ის იქ განთავსება არის უბრალოდ დაცინვა! მინიმუმ ირონია.
თურქი და დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ ამგვარი ხერხით ერდორანი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ვაშინგტონზე, რომელმაც შეაჩერა ანკარასათვის F-35 და F-16 ავიაგამანადგურებლების მიყიდვა მას შემდეგ, რაც ერდოღანმა პუტინისგან С-400 შეიძინა ნაცვლად ამერიკული `პეტრიოტის` საზენიტო სისტემისა.
ამერიკელებს ყველაზე მეტად ის აღელვებთ მაინც, რომ პუტინი ერდოღანს შეპირდა თუქრეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას. ატომური ტექნოლოგიები სახიფათოა ისეთი ლიდერის ხელში, როგორიც თუნდაც `ზომიერი ისლამისტი`რეჯეფ ერდოღანია.
С-400-ის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ხელისუფლებამ მალევე უარყო, თუმცა ამ` საინფორმაციო დივერსიამ` თავისი საქმე უკვე შეასრულა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთი აგრძელებს ტანკების კონცენტრაციას უკრაინის სიახლოვეს. რუსულ ქალაქ ელნასთან. იქ უზარმაზარი სამხედრო ბაზაა. უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კლიმკინი პრეზიდენტ ზელენსკის ურჩევს, ემზადოს გარდაუვალი ომისთვის.
პუტინისთვის ახლა დგება `ჭეშმარიტების მომენტუმი`. ასეთი შანსი უკრაინის სახელმწიფოს დასანგრევად მას შეიძლება მომავალში აღარც მიეცეს: დასავლეთი ჩაფლულია კოვიდ-პანდემიაში და შიდა წინააღმდეგობებში. გარდა ამისა, მოდის ცივი ზამთარი და ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე.
თუმცა არის საიმედო სიმპტომებიც: შავ ზღვაში შემოდიან ამერიკული სამხედრო გემები (მათ შორის ხმელთაშუა ზღვის მეექვსე ამერიკული ფლოტის ფლაგმანი მაუნტ უითნი), რომლებიც აქტიურად კურსირებენ რუსეთის და უკრაინის საზღვრების მახლობლად. ოღონდ მონტრეს 1933 წლის შეთანხმებით მათ არა აქვთ უფლება დიდხანს იყონ შავ ზღვაში. ამიტომ ერთმანეთს ჩაენაცვლებიან.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, პუტინს ახლა `კალკულატორი უჭირავს ხელში` და თვლის, რათა არ შეცდეს: რამდენი სიმპტომია იმისა, რომ დასავლეთი კიდევ ერთხელ `გაატარებს` მის აგრესიას, როგორც ყირიმის გადაყლაპვა გაატარა 2014 წელს და რამდენი მეტყველებს იმაზე, რომ ამჯერად `არ გაატარებს` და რუსეთს რეალური `ფასის` გადახდა მოუწევს ანუ ნამდვილ სანქციებს შემოიღებენ, რომელთა შორისაა რუსულ ნავთობზე ემბარგო. ასევე საბანკო გადარიცხვათა სისტემა SWIFT დაბლოკვა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ომანის ყურეში კინაღამ სამხედრო შეტაკება მოხდა ირანულ და ამერიკულ საბრძოლო გემებს შორის მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა სცადეს დაეპატიმრებინათ ირანული ნავთობ-ტანკერი იმ სანქციების კონტექსტში, რაც ირანს დაადო გაერომ და თვით ამერიკამ `ბირთვული დოსიეს` ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ სანქციათა ეს ორი პაკეტი ყოველთვის და ყველაფერში არ ემთხვევა ერთმანეთს. ამერიკული სანქციები ირანის წინაარმდეგ უფრო ფართოა, ვიდრე გაეროს სანქციები, რაც `ვეტოს` უფლების მქონე დიდი ხუთეულის კონსენსუსს მოითხოვდა.
სროლამდე საქმე არ მივიდა. ირანის არმიის ქვედანაყოფმა, რომელსაც `ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი` ეწოდება, შეძლო ტანკერი ირანის სანაპიროსკენ გაექცია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საოცრად სიმბოლური რამ მოხდა შოტლანდიაში, სადაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა ეკოლოგიური სამიტი. გლაზგოს სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილებები `გლობალური დათბობის` შესაჩერებლად. ზუსტად ამ დროს, ძალიან უცნაური დამთხვევით, შოტლანდიის ეროვნულ პარკში `კერნგორნმს` დადნა ყინულის ფენა (ე.წ. `ყინულის სფიქნსი`) სულ რამდენიმე მეტრი დიამეტრში, რომელიც `დაუდნობადად` ითვლებოდა მრავალი ათწლეულის მანძილზე.
ასეთი ილუსტრაცია შექმნა ბუნებამ გლაზგოს სამიტისთვის. თითქოსდა იმის დასადასტურებლად, რომ ოზონის ატმოსფერული შრის შეთხელების პარალელურად გლობალური დათბობა რეალობაა და არა ფეიკი.