საერთაშორისო მიმოხილვა. 5 აპრილი. 2024 წელი
დღეს მთავარი თემაა, „დაარტყამს თუ არა“ ირანი ისრაელს მას შემდეგ, რაც ისრაელმა, სირიის ტერიტორიაზე (ირანის საკონსულოში ანუ საელჩოში) რამდენიმე მაღალი რანგის ირანელი გენერალი გაანადგურა საჰაერო დარტყმით.
ეს იმდენად მწარე შეურაცხყოფაა ირანელი აიათოლებისთვის და მთლიანობაში ირანული ელიტებისთვის (უპირველესად გენერალიტეტისთვის), რომ ერთის მხრივ კი ეშინიათ პირდაპირ ომის გამოცხადება, თუმცა მეორეს მხრივ რაღაც რეაგირების გარეშე მეტწილად დამცირდებიან საკუთარი მოსახლეობის თვალში.
ირანის ხელისუფლება ახლა ყვირის,: „ჩვენ ისრაელს არ დავსხმივართ თავს და არაპროვოცირებული თავდასხმა იყო ისრაელის მხრიდანო“. თითქოსდა ჰეზბოლა ლიბანში და ჰუსიტები იემენში, რომლებიც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით რაკეტებს ესვრიან ისრაელს, ირანის გარეშე მოქმედებენ.
სინამდვილეში ისინი ირანის Proxy army არიან.
შესაძლოა ირანის პასუხი იყოს უფრო სიმბოლური მაგრამ ვერ მოუფიქრებიათ ჯერ, რა „სიმბოლური პასუხი“ გასცენ.
ბალისტიკური რაკეტები ნამდვილად აქვს ირანს, ოღონდ როგორც დამკვირვებლები და სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომც ესროლოს ირანმა ისრაელს ახლა 100 ბალისტიკური რაკეტა, მათგან 80 რაკეტას ჩამოაგდებენ გენიალური ამერიკული Patriot-ები, 20 მიაღწევს მზიანს, მოკლავს, დავუშვათ 100 ისრაელელს და....რა ამით?
სამაგიეროდ, ამერიკის ფლოტი ხმელთაშუა ზღვაში და ისრაელის ავიაცია მასირებულად დაარტყამს ირანს.
ანუ, სპეციალისტები, სუფთად პრაგმატული ანალიზის შედეგად, იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ბალისტიკური რაკეტები, თავისთავად, ბევრს არაფერს ნიშნავს თუ.....მათი საბრძოლო ნაწილი ბირთვული მუხტით არ იქნებაო აღჭურვილი.
ირანი აგრძელებს ურანის გამდიდრებას იმ დონემდე, როცა შესაძლებელი გახდება ბირთვული მუხტების დამზადება.
აი ამის შემდეგ უკვე ირანული ბალისტიკური რაკეტები ნამდვილად სახიფათო გახდება ისრაელისთვისაც და ამერიკისთვისაც.
. . . . . . . . . . . . . . . . .
NATO-ს ბოლო სამიტზე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება გამოვიდა უძლიერესი სპიჩით.
მან ჯერ ბოდიში მოუხადა კოლეგებს იმის გამო, რომ იძულებულია „ჩაუშხამოს“ მათ ალიანსის შექმნის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, თუმცა მაინც მკაცრად გააკრიტიკა ისინი უკრაინის დახმარების შეფერხების გამო.
კულებამ აქცენტი გააკეთა ამერიკულ საზენიტო სისტემაზე Patriot, რომელიც უკრაინას მიაწოდეს, თუმცა მცირე რაოდენობით და არ ჰყოფნის უკრაინის ენერგეტიკული და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის დასაცავად.
უკრაინელმა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი ციფრები დაასახელა. მისი თქმით, NATO-ს ქვეყნებს აქვთ 100 სისტემა Patriot ევროპაში და მთელს მსოფლიოში (ამერიკას წყნარი ოკეანის აუზში და იაპონიაში) ხოლო უკრაინა ითხოვს დამატებით სულ რაღაც 5 ან 7 ამგვარ სისტემას.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აგრძელებს პარანოიდულ განცხადებებს.
მისი თქმით, თუ NATO-ს წევრი სახელმწიფოების, მაგალითად საფრანგეთის ჯარისკაცები გამოჩნდებიან უკრაინის ტერიტორიაზე, ისინი „რუსმა ჯარისკაცებმა ტყვედ კი არ უნდა აიყვანოს, არამედ იქვე დახოცონ და გვამებიც არ უნდა დაუბრუნონ“.
ყოველი მოკლული უცხოელი ჯარისკაცისთვის, მედვედევი რუს ჯარისკაცებს პრემიის გადახდას ჰპირდება რუსეთის ბიუჯეტიდან.
NATO-ს ჯარისკაცებს, რომლებიც შესაძლოა უკრაინის დასახმარებლად გადაისროლოს ალიანსმა (ალბათ მაშინ, თუ რუსული არმია ოდესას მიუახლოვდება და შეიქმნება იმის საფრთხე, რომ უკრაინა კრემლმა შავ ზღვას მოგლიჯოს), მედვედევი უწოდებს „Закордонные гниды“ (საზღვარსიქითა ნაძირლები)
ეს ადამიანი, ისევე როგორც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ანუ მისი მეპატრონე პუტინი ხშირად ამჟღავნებს ფსიქიკური აშლილობის ნიშნებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინამ დაარტყა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას თათრეთის რესპუბლიკაში - რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 1300 კილომეტრის სიშორეზე!
უკრაინულმა არმიამ ამ შემთხვევაში გამოიყენა თვითმფრინავის ტიპის დრონები, რომლებსაც აქვთ საშუალება დაბლა იფრინონ და ძნელად აღმოსაჩენნი არიან რადიო-ელექტრონული სისტემებით.
სამაგიეროდ ნელა დაფრინავენ - დიდი ზიანიც არ მიუყენებიათ თათრეთის ტერიტორიაზე მდებარე ენერგეტიკული და სხვა ობიექტებისთვის.
ოღონდ....აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის რეაქცია: ამ რესპუბლიკის მეთაურმა მინიხანოვმა განაცხადა: „ჩვენ ვერავინ დაგვიცავს თვითონ უნდა დავიცვათ თავიო“.
ანუ „რუსეთი თათრეთს ვერ იცავსო.....„
არ არის გამორიცხული, უკრაინელები მოსკოვსა და ყაზანს შორის დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობდნენ ამ დარტყმებით უფრო მეტადაც კი, ვიდრე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას.
ამ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც.
თათრეთის რესპუბლიკა ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი ავტონომიაა რუსეთის ტერიტორიაზე.
1992 წელს ელცინმა თათრეთი ძლივს-ძლივობით აიძულა დარჩენილიყო რუსეთის შემადგენლობაში და გაეფორმებინა რუსეთთან ფედერაციული ხელშეკრულება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
პრეს-კონფერენციაზე, სამიტის დასრულების შემდეგ, გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინული ომის შემდგომი განვითარების მხოლოდ ორი სცენარი არსებობს: ან უკრაინა დაიბრუნებს მეტ ტერიტორიას, ან რუსეთი დაიპყრობს მეტ ტერიტორიას.
ანუ....იენს სტოლტენბერგმა გამორიცხა სიტუაციის „გაყინვა“ ნებისმიერ შემთხვევაში.
უფრო ზუსტად, ამით თქვა, რომ თუ უკრაინა ვერ განაგრძობს შეტევებს და ტერიტორიების გათავისუფლებას, მაშინ რუსეთი განაგრძობს შეტევებს და მეტ უკრაინულ ტერიტორიას დაიპყრობს..... ოდესამდე.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გამოვიდა სენსაციური განცხადებით ბუნდესვერის (გერმანული არმიის) ყველაზე ღრმა რეფორმის შესახებ ბოლო 35 წლის განმავლობაში.
მისი თქმით, გერმანია მიიღებს სკანდინავიურ მოდელს, როდესაც არმია და მასში გაწვევა გახდება „გენდერ-ნეიტრალური“ ანუ ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, თანაბრად იმსახურებენ ოღონდ ნებაყოფლობით და არა სავალდებულო საფუძველზე. სამაგიეროდ გათვალისწინებული იქნება დიდი პრივილეგიები მათთვის, ვინც ჯარში ვადიან სამსახურს დათანხმდება.
ამჟამად გერმანიის არმია თითქმის მთლიანად კომპლექტდება სავალდებულო გაწვევის საფუძველზე.
ეს სისტემაც ნაწილობრივ დარჩება
დღეს გერმანული არმია დაახლოებით 180 ათასი სამხედრო მოსამსახურეა და სპეციალისტები თვლიან, რომ ამ ახალი რეფორმის შედეგად მისი რაოდენობა გაიზრდება.
გერმანული არმია რიცხოვნობით მესამეა NATO-ში: რა თქმა უნდა ამერიკის და თურქეთის შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ დანიამ დროებით დაკეტა „დიდი ბელტის“ სრუტე, რაც ერთადერთი შესასვლელია ბალტიის ზღვაში მსოფლიო ოკეანიდან ისევე, როგორც ბოსფორის სრუტეა ერთადერთი შესასვლელი შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვიდან.
დანიელები იმიზეზებენ იმ გარემოებას, რომ ამ სრუტესთან დანიური ფლოტის სწავლებების დროს, ერთ-ერთი რაკეტა „ჰარპუნი“ (ამგვარი რაკეტები ინგლისმა მიაწოდა უკრაინას) არ გავარდა გამშვები დანადგარიდან და მისი გაუვნებლება (დეაქტივაცია) ვერ მოხერხდაო.
სულაც არ არის გამორიცხული, დანია და NATO ამ ინციდენტს საბაბად იყენებდენ საიმისოდ, რათა რუსეთს უჩვენონ, რამდენად იოლია ბალტიის ზღვის მთლიანად დაკეტვა რუსული როგორც კომერციული, ასევე სამხედრო გემებისთვის.
ამ ეჭვს ზრდის ის გარემოება, რომ „გამშვები დანადგარის დეაქტივაცია ვერ მოვახერხეთ, ამიტომ 150 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების მქონე რაკეტა შესაძლოა გაგვივარდესო“ ამბობენ, თუმცა......საავტომობილო ხიდი სრუტის თავზე არ დაუკეტავთ. მხოლოდ გემებისთვის დაკეტეს არადა...ეს როგორ? იმ ხიდზე ხომ ათი ათასობით მანქანა მოძრაობს ყოველ დღე?!
„დიდი ბელტის“ სრუტეს ჩაკეტვა დანიასა და შვედეთს შორის, NATO-ს სტრატეგიული იარაღია რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თუ გამოიყენებს.
ამჯერად „მესიჯს“ უგზავნის ჯერ.
აქვე შევნიშნავ, რომ ეს „მესიჯი“ სულაც არ ნიშნავს, თითქოს ინციდენტი არ მომხდარა და გამშვებ დანადგარს მართლა არ შეჰქმნია პრობლემა რაკეტა „ჰარპუნის“ გაშვებისას.
არაფერი გამოუგონიათ: „გამოიყენეს“ მესიჯის გასაგზავნად მოსკოვში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ფინეთმა განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვარი დაკეტილი დარჩება 15 აპრილის შემდეგაც.
2 თვის წინ როცა დაკეტეს საზღვარი, აცხადებდნენ, რომ მხოლოდ დროებითი ზომა იყო, თუმცა ახლა ნათელყვეს, რომ ცნობილი გამონათქვამის შესაბამისად „არ არსებობს არაფერი იმაზე მუდმივი, რაც დროებითია“.
ამ პარადოქსული გამონათქვამის მაგალითია სწორედ ეს ისტორია: ფინეთის მიერ საზღვრის ჩაკეტვა, რაც წარმოუდგენელი იყო ფინეთის NATO-ში გაწევრებამდე.
ჰელსინკი ამას ვერ გაბედავდა უბრალოდ.