ამერიკელი სენატორი მადლიერია «დილის გაზეთის», როგორც მთელი საქართველოსი

ამერიკელი სენატორი მადლიერია «დილის გაზეთის», როგორც მთელი საქართველოსი

 

    ვაშინგტონში ყოფნისას ზურაბ ჟვანიამ ცნობილ ამერიკელ სენატორ სემ ბრაუნბეკს აჩუქა «დილის გაზეთის» ის ნომერი, რომელშიც გამოქვეყნებული იყო ბრაუნბეკის სიტყვა სენატში გამოსვლისას - «ევრაზიული დერეფნისა» და კავკასიისათვის ამერიკის დახმარების გაზრდის აუცილებლობის თაობაზე.
    ბრაუნბეკმა «ევრაზიულ დერეფანს» - «თავისუფლების დერეფანი» უწოდა. ზურაბ ჟვანიამ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ამ გამოსვლას საქართველოში უდიდესი რეზონანსი მოჰყვა, რაც სენატორ ბრაუნბეკს აშკარად ესიამოვნა, ვინაიდან თავის პოლიტიკურ კარიერას ძირითადად გეოპოლიტიკურ პრობლემებს უკავშირებს. ამიტომ მან მადლობა გადაუხადა როგორც ზურაბ ჟვანიას, ასევე «დილის გაზეთს».
    ამერიკელთათვის მედიის ყურადღება ტრადიციულად ძალზე მნიშვნელოვანია. ალბათ, ამიტომაც შესთავაზა ბრაუნბეკმა ქართველ სტუმრებს საქართველოში უდიდესი ამერიკული გაზეთების («უოლ სტრიტ ჯორნალის», «ვაშინგტონ პოსტის», «ნიუ-იორკ ტაიმსის») კორესპონდენტების გამოგზავნა. თუმცა ბრაუნბეკი თავადაც აპირებს ეწვიოს საქართველოს - იგი ღრმად მორწმუნე ქრისტიანია და ქართული ეკლესია-მონასტრების მონახულება აინტერესებს. ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ აუცილებლად მიმართავს მოკრძალებული თხოვნით უწმინდესსა და უნეტარესს, რათა საპატრიარქომ ამერიკელი სენატორების ინტერესი ქართული ქრისტიანული კულტურის მიმართ სრულიად დააკმაყოფილოს.
    ბრაუნბეკმა ჟვანიასთან შეხვედრისას ამერიკა-საქართველოს, ისევე როგორც ამერიკა-კავკასიის ურთიერთობათა გაღრმავების საინტერესო წინადადებები გაახმოვანა. მისი თქმით, მოვიდა დრო, ამერიკამ უფრო აქტიურად იმოქმედოს: «სამწუხაროდ, თეთრი სახლის პოზიცია ამ საკითხში უფრო ფრთხილია რუსეთის მიმართ, ვიდრე კონგრესისა. ჩვენ ჯერჯერობით გაგვაჩნია მექანიზმები, რათა ვაიძულოთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უფრო აქტიური პოლიტიკა აწარმოოს საქართველოს მიმართ». ამაზე ზურაბ ჟვანიამ მიუგო, რომ ქართველი ხალხი მადლიერია ამერიკის შეერთებული შტატების, რომელმაც 1992-1993 წლებში ათიათასობით ადამიანი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა.
    ეკონომიკური დახმარება ახლაც გრძელდება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პოლიტიკური მხარდაჭერა, ვინაიდან ამერიკის მკაფიო პოზიციას ნებისმიერი გეოპოლიტიკური პრობლემის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს; ამიტომ ვაშინგტონმა უნდა აგრძნობინოს მოსკოვს, რომ იგი არ შეურიგდება ახლადშექმნილი დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვას. სანამ ასეთი მტკიცე «მესიჯი» კრემლში თეთრი სახლიდან არ მიუღიათ - მანამ არსებობს ილუზია რუს რეაქციონერებსა და იმპერიალისტებში, რომ «ყველაფერი დაკარგული არ არის». ანუ ჯერ კიდევ შესაძლებელია წარსულის დაბრუნება, იმპერიის აღდგენა და ასე შემდეგ.
    იმავდროულად, ზოგიერთი აშკარა შეშლილის გარდა, აღარავინ ოცნებობს იმაზე, რომ დაიპყროს ბალტიის ქვეყნები, ვინაიდან ამ საკითხში ამერიკის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. ასევე ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს მისი პოზიცია საქართველოსა და კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობის მიმართაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეაქციონერთა გავლენა კრემლში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ძალზე საშიშია თვით რუსეთის ფედერაციისათვის.
    სენატორმა ბრაუნბეკმა ზურაბ ჟვანიას დაწვრილებით გამოჰკითხა პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ორი თავდასხმის გარემოებები. სტუმარმა მას სრული ინფორმაცია მიაწოდა, შესაბამისი სქემები და ვიდეომასალაც გადასცა. ბრაუნბეკი აღშფოთებას ვერ მალავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი პრიმაკოვის თავხედური განცხადების გამო, რომელიც მან ბოსნიაში გააკეთა რუს სამხედროებთან შეხვედრისას: «შეძლებს თუ არა ხელის ყუმბარმტყორცნი ჯავშნიანი მანქანის გახვრეტას?»
    დიახ, ეს განცხადება იყო და არა ხუმრობა, თუნდაც ცინიკური ხუმრობა - თქვა სემ ბრაუნბეკმა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავი საქართველოს მეგობრად და გულშემატკივრად მიაჩნია. ამიტომ ძალიან სთხოვს საქართველოს პრეზიდენს, ეწვიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიზიტით, რათა ამერიკულმა საზოგადოებამ, კონგრესმა და თეთრმა სახლმა პირველი პირისგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.
    შესაძლოა, სემ ბრაუნბეკი და კიდევ რამდენიმე ცნობილი სენატორი გამოვიდნენ ინიციატივით ვაშინგტონში (კონგრესის ეგიდით) საერთაშორისო კონფერენცია მოიწვიონ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები. სახელმწიფოთა მეთაურთა საჯარო მოსმენების ამგვარი ფორმა უკვე აპრობირებულია. მაგალითად, 90-იანი წლების დასაწყისში, კაპიტოლიუმის ბორცვზე იწვევდნენ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერებს. მაშინ გამართულმა «ფაბლიკ ჰიერინგებმა» კონგრესის კომიტეტებში მცირე წვლილი როდი შეიტანა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენაში.
    თუ ასეთივე მოსმენები კავკასიის პრობლემატიკაზეც მოეწყობა, საქართველოსათვის ამან შეიძლება სასიკეთო შედეგი გამოიღოს. თუმცა, ჯერ ერთი, სენატორ ბრაუნბეკს, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნა თეთრ სახლთან ურთიერთობაში, რომელიც საქართველოს «უხმაუროდ» ეხმარება, მაგრამ კრემლის აშკარად გაღიზიანების ეშინია.
    გარდა ამისა, ჯერ კიდევ საკითხავია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამგვარ ღონისძიებებში რობერტ ქოჩარიანი - სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი, რომლის პირველივე განცხადებები ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების იმედს საერთოდ არ იძლევა.
    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ამერიკაში ყოფნისას სომხური ლობის უდიდესი გავლენა თითქმის ყველა ნაბიჯზე იგრძნობოდა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან არ ყოფილა არც ერთი შეხვედრა, სადაც არ დაესვათ კითხვა საქართველო-სომხეთის ურთიერთობებზე, სომხეთის პოზიციაზე რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით და ასე შემდეგ.
    ცოტა არ იყოს გაუგებარია, ეს სომხები რანაირად ახერხებენ, ერთი მხრივ, «პრორუსული» პოლიტიკა გაატარონ, ფაქტობრივად, რუსეთის «ჩაუძირავ სამხედრო ბაზად» იქცნენ, ხოლო, მეორე მხრივ, ამერიკული ისტებლიშმენტი მხარდაჭერა და სიმპათიაც შეინარჩუნონ? და ეს მაშინ, როცა თურქეთი (სომხეთის მოსისხლე მტერი) - რეგიონში ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეა. ამის მოხერხებას, ალბათ, სომხური ჭკუა და ამ ერისათვის დამახასიათებელი სხვა თვისებები სჭირდება. ქართველი კი ამას ვერ ახერხებს.
    თუ კონგრესის ეგიდით გაიმართება კონფერენცია კავკასიის პრობლემატიკაზე, რუსეთი ამას უეჭველად აღიქვამს, როგორც უხეშ ჩარევას მის «შინაურ გეოპოლიტიკურ საქმეებში», ვინაიდან მოსკოვში კავკასია კვლავ განსაკუთრებული გავლენის სფეროდ მიაჩნიათ. არ არის გამორიცხული დერჟიმორდა პრიმაკოვმა მორიგი განცხადებაც გააკეთოს; თუმცა, საბედნიეროდ, სენატორებს ამის არ ეშინიათ; ისევე, როგორც მთლიანობაში კონგრესს, სადაც უმრავლესობას რესპულიკელები შეადგენენ.
    ამიტომაც, ზურაბ ჟვანია ძირითადად რესპუბლიკელ სენატორებს ხვდებოდა. თუმცა «დემოკრატებმა» მისი ვიზიტის მიმართ არანაკლები ინტერესი გამოამჟღავნეს. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ედვარდ კენედის - პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმას, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს სენატში. როგორც აღმოჩნდა, კენედიმ ედუარდ შევარდნაძე ჯერ კიდევ 1976 წელს გაიცნო საქართველოში ყოფნისას და შოთა რუსთაველის შემოქმედებითაც ძალზე დაინტერესებულია.
    ზოგადად, ზურაბ ჟვანიას შეხვედრებს სენატში (თავი რომ დავანებოთ უამრავ შეხვედრას ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, გამოსვლებს საზოგადოებრიობის, სხვადასხვა ფონდების, ინტელექტუალური ცენტრების წინაშე) დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ვინაიდან ამერიკის სენატი ქმნის უმთავრესს - პოლიტიკურ ატმოსფეროს, ისტებლიშმენტის განწყობას საქართველოს მიმართ. თუნდაც ერთი ამერიკელი სენატორის გამოსვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმავე ბრაუნბეკის სიტყვამ - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ბევრს აგრძნობინა, რომ აუცილებელია პოლიტიკის გააქტიურება კავკასიისა და საქართველოს მიმართ.
    მისი ტერმინი «თავისუფლების დერეფანი» კი უკვე ქმნის შესაბამის იდეოლოგიას, რომლითაც საქართველო შეიძლება შეეგებოს 21-ე საუკუნეს. ისე არავინ გაიგოს, თითქოს სტრატეგიული ხასიათის სხვაობა არსებობს საქართველოს მიმართ თეთრი სახლისა და კაპიტოლიუმის პოზიციაში. რა თქმა უნდა, არა, - უბრალოდ, თეთრი სახლი სხვა ტაქტიკას ირჩევს; თორემ წარმოუდგენელია, ამერიკას სტრატეგიული თვალსაზრისით ხელს აძლევდეს ახალი იმპერიის აღდგენა. სენატორმა ბრაუნბეკმა თქვა კიდეც ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრისას: როცა მე ვეკითხები პიროვნებას თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ან კონგრესში, რატომ არ ეხმარებით პოლიტიკურად საქართველოს, ისინი მპასუხობენ - პოლიტიკურადაც ვეხმარებით, ოღონდ კულისებს მიღმა.
    ამერიკაში 10-15 სენატორის ერთობლივ დემარშს (ასეთი დემარში შესაძლებელია ქართველ პარლამენტარებთან მათი შეხვედრების შემდეგ) ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ექნება საქართველოსათვის და რუსეთშიც ჩააფიქრებს იმ ძალებს, რომელთაც ჯერ არ გადაწურვიათ მოდერნიზებულ იმპერიაში ჩვენი ქვეყნის დაბრუნების იმედი.
    სენატორი ბრაუნბეკი, ისევე, როგორც სხვა სენატორები და მთელი ამერიკა, შეძრული იყო ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი საზარელი მკვლელობით, როდესაც 9-13 წლის ბავშვებმა თანატოლები დახოცეს; მიუხედავად ამისა, ისინი უდიდეს ინტერესს ამჟღავნებენ საქართველოს პრობლემატიკის მიმართ, ინფორმაციაც ჰქონდათ და ყოველნაირად ცდილობდნენ აღენიშნათ, რომ საქართველოს ამერიკა არ მიატოვებს გასაჭირში.
   

ვაშინგტონი

დილის გაზეთი, 6 აპრილი 1998 წ.