აფხაზეთი: საქართველოსათვის - უდიდესი პრობლემა, გაეროსათვის - მცირე პოლიტიკური კაზუსი

   აფხაზეთი: საქართველოსათვის - უდიდესი პრობლემა, გაეროსათვის - მცირე პოლიტიკური კაზუსი

გაერო - «ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად, მტკიცედ...»
 

    ჟენევაში დასრულდა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი «რაუნდი» - რუსეთის მონაწილეობით, გაეროს შუამავლობითა და ევროთათბირის მეთვალყურეობით.
    როგორც ამ გრადაციიდან ჩანს, მოლაპარაკებების მიმდინარეობითა და შედეგით დაინტერესებულ მხარეებს, - თითოეულს, თავისი ფუნქცია აქვს - ერთი უშუალოდ მონაწილეობს, მეორე - შუამავლობს, ხოლო მესამე - მეთვალყურეობს.
    ამდენი «კეთილმოსურნეს» უშუალო ჩარევის მიუხედავად, აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის პროცესი ნამდვილად «დაიძრა».
    ოღონდ საქმე ის არის, რომ პროცესი კი დაიძრა, მაგრამ, რატომღაც, საქართველოსთვის სასურველის საპირისპირო მიმართულებით - ჩვენს ხელისუფლებას რატომღაც სჯეროდა, რომ თუ პროცესი ბოლოს და ბოლოს «დაიძვრებოდა», მისი ვექტორი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ იქნებოდა მიმართული - აბა სხვას როგორ წარმოიდგენდნენ, თუკი რუსეთიც, გაეროც, ევროთათბირიც - «ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად, მტკიცედ, ურყევად» - სცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას? მაგრამ... (ასეთი «მაგრამ» ძალიან ბევრი იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიაში), ჟენევიდან დაბრუნებულმა ლევან ალექსიძემ მოულოდნელად განაცხადა, რომ «რუსეთის, ევროთათბირის, გაეროს მიერ შემუშავებული აფხაზეთის სტატუსის პროექტი ძალზე მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის». რა იგულისხმება ამ «სიმძიმეში» - მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, - თუ გავითვალისწინებთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბუტროს გალის მიერ გამოქვეყნებულ იდეას «ყოფილი საქართველოს სსრ საზღვრებში სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის» შესახებ.
    როგორც ჩანს, ამ იდეამ რეალური ხორცშესხმა ჰპოვა და მოპასუხე ამ სამი პროკურორის (გაეროს, ევროთათბირისა და რუსეთის) წინაშე კვლავ, რატომღაც, საქართველო აღმოჩნდა და არა აფხაზეთი - ვგულისხმობ იმას, რომ სწორედ საქართველოს (და არა აფხაზეთს) სთავაზობენ მისთვის მიუღებელ პროექტს, სწორედ საქართველო (და არა აფხაზეთი) ხდება იძულებული, ყველა მოლაპარაკებაზე თავი იმართლოს, მიზეზები და არგუმენტები ეძიოს, ოფლში გაიწუროს, ეხვეწოს, ემუდაროს, იჩხუბოს, იყვიროს - აფხაზები კი ამ დროს მშვიდად სხედან და მხრებს იჩეჩენ: ისინი ყოველთვის მოასწრებენ უარის თქმას მას შემდეგ, რაც საქართველო იტყვის უარს. უფრო სწორად, მათი უარი საჭირო აღარ იქნება, - ამ გზით კვლავ შეინარჩუნებენ «სიმპათიური პარტნიორის» იმიჯს.

    და მაინც, რა არის ამ მდგომარეობის მიზეზი, რატომ ხდება, რომ სწორედ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც თითქოს ვალდებულნი არიან, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი წევრი ქვეყნის (საქართველოს) ინტერესები დაიცვან, რატომღაც არა თუ არ იცავენ ამ ინტერესებს, რამედ ობიექტურად არძინბას წისქვილზე ასხამენ წყალს.
    ყოვლად წარმოუდგენელია, ედუარდ ბრუნერმა და გაეროს ექსპერტებმა არ იცოდნენ, რა განსხვავებაა რეალურ იურისიდიქციასა და ამ ნორმის მხოლოდ ფორმალურ დაფიქსირებას შორის. ყოვლად წარმოუდგენელია, მათ არ ესმოდეთ, რომ შეუძლებელია არსებობდეს ერთიანი სახელმწიფო ერთიანი არმიის, ერთიანი ფინანსური სისტემის, ერთიანი საკანონმდებლო ბაზის, ერთიანი მოქალაქეობის გარეშე. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ და კვლავ ჯიუტად სთავაზობენ საქართველოს არა თუ კონფედერაციის, არამედ რაღაც უცნაური ასოციაციის მოდელს, რომლის სახელწოდებაც (სახელწოდებაც კი!!!) «დამატებითი მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს».
   

    ჩემი ღრმა რწმენით, მთელი ამ ტრაგიკომიკური სიტუაციის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ ძალზე არასწორად შეაფასა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი და შესაძლებლობანი თანამედროვე მსოფლიოში.
    ძალიან მოკლედ თუ ვიტყვით: ეს ორგანიზაცია, თავის დროზე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოების მიერ შეიქმნა, როგორც მათთვის სასურველი მსოფლიო წესრიგის იურიდიულად გაფორმებისა და უზრუნველყოფის მექანიზმი.
    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსებობის პერიოდში, მას არასოდეს მიუღია არც ერთი იურიდიული აქტი, არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ხუთი დამფუძნებელი ზესახელმწიფოს (ამერიკის, საბჭოთა კავშირის, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის) ინტერესებს.
    უფრო მეტიც: «გაერო» ყოველთვის იცავდა და კვლავაც დაიცავს ამ სახელმწიფოთა უფლებებს, - თუნდაც სხვა წევრი ქვეყნების ინტერესთა ხარჯზე.
    მსოფლიოში უკვე დასრულდა გავლენის სფეროთა მესამე დიდი გადანაწილება. ამ გადანაწილების შედეგად, საქართველო (კავკასია) რუსეთს ერგო. ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემა - აფხაზეთი - მსოფლიოსათვის მხოლოდ და მხოლოდ მცირე «პოლიტიკური კაზუსია», რომელსაც სწრაფი და უმტკივნეულო გადაწყვეტა სჭირდება.
    მთავარია, პრობლემა დღის წესრიგიდან მოიხსნას. სწორედ ეს არის მთავარი და არა «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება»; მით უმეტეს - «აღდგენა».
    მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური კურსით დიდად შეუწყო ხელი კორპორაციული, ბიუროკრატიული სულით გაჟღენთილ ამ ორგანიზაციას - მიეჩუმათებინა პრობლემა.
    ომი ჩვენ სოხუმის დაკარგვით არ წაგვიგია - ომი წავაგეთ მაშინ, როცა ჟენევაში, მთელი მსოფლიოს თვალწინ «რუსეთის მონაწილეობით, გაეროს შუამავლობით, ევროთათბირის მეთვალყურეობით» დავიწყეთ მოლაპარაკება გუდაუთის დანაშაულებრივ ხროვასთან, რითაც დავაფიქსირეთ იგი, როგორც მხარე, როგორც სუბიექტი. და რაკი აფხაზეთი დაფიქსირდა, როგორც მოლაპარაკებათა სუბიექტი (და არა ობიექტი) მასზე უმალვე გავრცელდა ყველა ის ხერხი და მეთოდი, რომელსაც გაეროს ექსპერტები იყენებენ «შეურიგებელთა შესარიგებლად».
    მაგალითად: აფხაზეთი მოითხოვს დამოუკიდებლობას, ხოლო საქართველო თანახმაა (უკვე თანახმაა), დადოს მასთან ფედერაციული ხელშეკრულება.
    როგორ მოიქცა გაერო? ძალიან მარტივად - შეიმუშავა «რბილი კონფედერაციის» მოდელი. ანუ, როგორც რუსები იტყვიან - იპოვა «ოქროს შუაგული».
    მართლაც - თუ ერთი მხარე დამოუკიდებლობას მოითხოვს, მეორე კი - ფედერაციას, ბრიყვიც კი მიხვდება, რომ ამ ორ პოზიციას შორის შუალედური არის კონფედერაციის პროექტი, რომელიც კიდეც შეიმუშავეს.
    გარწმუნებთ, აფხაზებს ენგური რომ გადმოელახათ და საქართველოს სხვა ტერიტორიების დასაკუთრებაც მოენდომებინათ, გაეროს წარმომადგენელი ბრუნერი ამ შემთხვევაშიც იმავე «ბრძნულ» გამოსავალს მოძებნიდა: გაყოფდა იმ ტერიტორიას შუაზე - მორჩა და მოსვენება! ეს იქნებოდა მისი «შუამავლობაც» და მისი «დიპლომატიაც». სამაგიეროდ, გაერო შეინარჩუნებდა «მუნდირის ღირსებას». რაც მთავარია, მოლაპარაკება ხომ მიმდინარეობს! მართალია, მხარეები «ვერ თანხმდებიან», მართალია, საქართველოს გამუდმებით ატყუებენ, მართალია, ლტოლვილები ვერ ბრუნდებიან, მაგრამ მოლაპარაკება ხომ გრძელდება, მშვიდობა ხომ შენარჩუნებულია - ეს არის მათთვის მთავარი.
    მთელს ამ ტრაგიკომედიას კი მისი ნამდვილი რეჟისორები - რუსი დიპლომატები - ანდრეი კოზირევი, იური ვორონცოვი და ბორის პასტუხოვი ირონიული ღიმილით ადევნებენ თვალს.
    მათ შესანიშნავად იციან გაეროს რეალური შესაძლებლობანი, შესანიშნავად ესმით საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზის უპერსპექტივობა. ამიტომ, დიდად არც იწუხებენ თავს პროცესში ჩარევით, - პროცესი ისედაც თავისი გზით მიდის.

    არსებობდა თუ არა გამოსავალი? რასაკვირველია არსებობდა.
    ჯერ ერთი, არ უნდა გამართულიყო არავითარი მოლაპარაკება (მით უმეტეს, ჟენევაში და გაეროს ეგიდით) გუდაუთის კრიმინალურ ხროვასთან; საქართველოს ხელისუფლებას პრობლემის ინტერნაციონალიზაციის ნაცვლად, უნდა ეცადა მისი გადაწყვეტა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში (საქართველო-რუსეთის; საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების და ა.შ.).
    ყოველ შემთხვევაში, ეს გაცილებით უფრო პერსპექტიული გზა იყო, ვიდრე ესოდენ უკანმოუხედავი მინდობა გაეროსა და მისი ბიუროკრატიული სტრუქტურებისადმი, რამაც ზიანის მეტი არაფერი მოგვიტანა.

«7 დღე», 9-15 სექტემბერი, 1994 წელი.