«აფხაზური პოლიტიკის» გაკვეთილები

«აფხაზური პოლიტიკის» გაკვეთილები


   

    აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმ ვითარებაში იმყოფება, როდესაც მან უნდა გადადგას ან არ გადადგას ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი აფხაზეთთან დაკავშირებით.
    სეპარატისტებმა იმდენს მიაღწიეს, გალის რაიონი «საჯილდაო ქვად» აქციეს თბილისსა და სოხუმს შორის - თითქოს მხოლოდ გალის რაიონით ამოიწურებოდეს პრობლემის არსი.
    უკვე მომზადებული დოკუმენტების შესაბამისად, ლტოლვილთა დაბრუნება გალში ამა წლის დეკემბერში უნდა დაიწყოს. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ «გალის რაიონში» იგულისხმება ნამდვილი რაიონი ძველ საზღვრებში, ანუ სამურზაყანო: ენგურიდან-ღალიძგამდე. მაშინ, როდესაც სეპარატისტები «გალის რაიონად» განიხილავენ მხოლოდ ტერიტორიას ენგურიდან – გალის არხამდე, ვინაიდან ჩრდილოეთ ნაწილი სამურზაყანოს უკვე დიდი ხნის წინ «ჩამოაჭრეს» და ტყვარჩელის, აგრეთვე ოჩამჩირის რაიონს შეუერთეს.
    ამ ტერიტორიის დაყოფას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საუბარია არა თუ ათასობით კვადრატულ ჰექტარზე, არამედ ათიათასობით ადამიანზე. თუმცა, სეპარატისტები, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვატყუებენ; სინამდვილეში არხს მიღმა არავის დაბრუნებას ისინი არ აპირებენ, სამაგიეროდ სურთ სანქციები მოუხსნან თავიანთ «რესპუბლიკას» და ამ საქმეში საქართველოს ხელისუფლება დაიხმარონ.
    არძინბასა და მის ხროვას ნადირის ყნოსვა აქვთ. მათ უმალვე იგრძნეს - აფხაზეთის პრობლემა თუ საქართველოს შიდაპოლიტიკური ცხოვრების, კერძოდ საარჩევნო ბატალიების საგნად იქცა, სეპარატისტები უეჭველად მოიგებენ. ამიტომ, თავდაპირველად დიდი იმედი არც ჰქონდათ, მაგრამ რაკი ოფიციალურ თბილისსაც შეატყვეს მონდომება, მორიგი პროვოკაციული «ოქმი» მოამზადეს, რომელიც ითვალისწინებს ფსოუზე საზღვრის დაუყოვნებლივ გახსნას და ლტოლვილთა დაბრუნებას 2000 წლამდე, რაც, რასაკვირველია, ზღაპარია, ვინაიდან კვლავინდებურად არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც აიძულებს სეპარატისტებს, თავიანთი ზრახვებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედონ.
    არძინბასა და მის ბანდას ამ შემთხვევაში ორი მიზანი აქვთ: ტაქტიკური თვალსაზრისით მათთვის, ამ ეტაპზე, სავსებით საკმარისი იქნებოდა რუსეთის მთავრობამ გამოსცეს მორიგი პროვოკაციული ბრძანებულება «აფხაზეთში ციტრუსების შესყიდვის შესახებ».
    ჩერნომირდინი ყოველი წლის ნოემბერში აწერდა ხელს ასეთ დოკუმენტს, მაგრამ მას შემდეგ, რაც შარშან ამას შევარდნაძის ადეკვატური რეაქცია მოჰყვა, პრიმაკოვის მთავრობა ვითარების გამწვავებას ერიდება და ანალოგიური ბრძანებულების გამოცემას არ ჩქარობს.
    მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც თვით რუსეთის ფედერაციის ერთობასაც სერიოზული საფრთხე ემუქრება - ყალმუხეთის პრეზიდენტის განცხადებას «ფედერაციიდან» ამ რესპუბლიკის შესაძლო გასვლის შესახებ - საშინელი ისტერიკა მოჰყვა, რაც ადასტურებს ამ ე.წ. «ფედერაციის» სიმყიფესა და ხელოვნურობას.
    შექმნილ ვითარებაში, აფსუა სეპარატისტებისთვის, ბუნებრივია, იდეალური ვარიანტი იქნება, თუ საქართველო საკუთარი ხელით გამოიჭრის ყელს და დათანხმდება სანქციების გაუქმებას, ანუ სეპარატისტებს მიანიჭებს უფლებას უშუალო კონტაქტი (როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური) დაამყარონ ნებისმიერ ქვეყანასთან.
    სიტუაცია, როგორც იტყვიან, «წკიპზე დგას», - მართალია ხელმოწერა ნოემბრის ბოლოსათვის უკვე ვეღარ მოესწრება, მაგრამ დეკემბერში ეს საბედისწერო (არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც) აქტი მაინც შეიძლება შედგეს.
    თბილისში ანრი ჯერგენიას ჩამოსვლა იმის მანიშნებელია, რომ მხარეები მხოლოდ «დეტალებსღა» აზუსტებენ. საბედნიეროდ, ეს დეტალები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ისინი მასზე ვერასოდეს შეთანხმდებიან.
    თუ, რასაკვირველია, ისევ საქართველო არ წავიდა დამღუპველ დათმობაზე.
    სარწმუნო წყაროს ცნობით, თბილისში მოლაპარაკებისას, ჯერგენია და ლორთქიფანიძე ვერ შეთანხმდნენ საკვანძო მომენტებზე: როგორ უნდა მოხდეს დაბრუნებულ ლტოლვილთა უსაფრთხოების გარანტირება და შეიძლება თუ არა ლტოლვილებმა თავად აირჩიონ ადმინისტრაცია. ორივე წინადადება, რასაკვირველია თბილისიდან მოდის. მათი მეშვეობით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მიიღოს გარანტიები, რომ ლტოლვილთა დაბრუნება რეალურად დაიწყება. მაგრამ საქმე სწორედ ეს გახლავთ: რაკი «უსაფრთხოების» მექანიზმი და ხელისუფლების არჩევითობა მართლაც უზრუნველყოფს ლტოლვილთა დაბრუნებას, სეპარატისტები ამას არასდროს დათანხმდებიან. არძინბა არაფრის დიდებით არ მოაწერს ხელს დოკუმენტს, რომელშიც განსაზღვრული იქნება, რომ გალის მოსახლეობის «უსაფრთხოებაზე» პასუგისმგებლობა ეკისრება კიდევ რამდენიმე სუბიექტს, გარდა ე.წ. «აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსი», ხოლო წინადადება გალის ადმინისტრაციის არჩევითობის შესახებ არძინბას ხროვას სასაცილოდაც არ ყოფნის (ამ წინადადებას ისინი არც განიხილავენ);
    მიუხედავად ამისა, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პროპაგანდისტული თვალსაზრისით, ჩვენთვის უაღრესად ხელსაყრელი იქნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებში იმ ფაქტის დაფიქსირება, რომ საქართველო სეპარატისტებს სთავაზობს მოსახლეობის მიერ რაიონული საკრებულოს არჩევას, - ეს უკანასკნელი კი ამას არ თანხმდება.
    ბუნებრივია, არძინბა ნებაყოფლობით არ შეცვლის იმ ვითარებას, როდესაც გალის რაიონს «აფხაზური მილიცია» აკონტროლებს, ხოლო ადმინისტრაცია «აფხაზეთის პრეზიდენტის» მიერ არის ხელდასხმული. ამიტომ, თუ შევარდნაძის ადმინისტრაცია ამ საკითხში სიმტკიცეს გამოიჩენს და არაფერს დათმობს, მაშინ შეიძლება ითქვას, საქართველოსთვის დამღუპველი ე.წ. კომპრომისი ჩაიშლება, ანუ სოხუმში ედუარდ შევარდნაძის «სახელმწიფო ვიზიტი» და მორიგ კაპიტულაციაზე ხელის მოწერა აღარ შედგება.
    რაც მთავარია, შექმნილ ვითარებაში საქართველომ უნდა სცადოს, მაქსიმალური ზეწოლა განახორციელოს მოსკოვზე (ჩეჩნეთის ფაქტორის თუ სხვა ბერკეტების გამოყენებით), რათა არ დაუშვას აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსების გატანა.
    აფხაზეთის მოსახლეობა, რომელიც არძინბას უჭერდა მხარს, აშკარად დაიღალა. ფანატიზმი, სხვა რომ არაფერი, დამღლელია. გაიძვერა არძინბამ ეს იგრძნო. იგი იმასაც ხედავს, რომ რუსული საზოგადოების განწყობაც იცვლება მთლიანობაში სეპარატიზმის მიმართ, ვინაიდან რუსეთს თავისი პრობლემებისთვის (ჩეჩნეთი, თათრეთი, ყალმუხეთი), ვერ მოუვლია.
    მიუხედავად ამისა, მაინც რჩება საშიშროება, რომ წამოვეგოთ არძინბას მიერ ჩვეული გაიძვერობით გადმოგდებულ ანკესზე; რაც, სხვათა შორის, რუსეთის დაკმაყოფილებასაც ნიშნავს. ამჟამინდელი რეჟიმი რუსეთში სულს ღაფავს, - ელცინი ისევ საავადმყოფოში წევს, ვინაიდან გაუთავებელი ლოთობისაგან ადამიანური სახე დაკარგა; დასავლეთი ვალების დაბრუნებას ითხოვს, ე.წ. «რუსეთის ფედერაცია» იშლება; ამ დროს კი, საქართველოს ხელისუფლება აპირებს ისეთი დოკუმენტის პარაფირებას, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს რუსეთის პრიორიტეტს აფხაზეთში, აამაღლებს მის საერთაშორისო ავტორიტეტს, თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს სეპარატისტებს, სანაცვლოდ კი საქართველო არაფერს მიიღებს - «ბუს კვერცხების» გარდა.

მერიდიანი, 25 ნოემბერი, 1998 წელი