აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ?

აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ?

დღეს დილით (თბილისის დროით) გამოქვეყნდა ამერიკული Secret service-ის (საიდუმლო სამსახურის) მასალები, რომლითაც აბსოლუტურად უეჭველად დასტურდება, რომ პრეზიდენტი ტრამპი გეგმავდა და აორგანიზებდა ხალხის მისვლას კაპიტოლიუმზე, რაც შემდეგ ბრბოს კონგრესში შეჭრით დასრულდა.

ის, რომ ტრამპი ბოლო მომენტში თვითონ აღარ მივიდა მიტინგზე, ვეღარაფერს ცვლის: ეს მასალები `წყალგაუვალ` საფუძველს ქმნის ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად.

არანაირი იმუნიტეტი მას არ იცავს ახლა.

თანაც Secret service - ის მასალები ითვლება `პირველხარისხოვან მტკიცებულებად`, რაკი ეს სამსახური იგივეა ამერიკაში, რაც ჩვენში `სამთავრობო დაცვა`! მათ შორის პრეზიდენტის პირადი დაცვის სამსახური, რომელსაც უშუალოდ პრეზიდენტის ნებისმიერი მოძრაობის, ნებისმიერი სიტყვის მომენტში `მიუწვდება` მათზე ხელი.

Secret service-ში შემავალი პრეზიდენტის bodyguard ანუ პირადი დაცვის სამსახური, რასაკვირველია, ნახევარი წამის შემდეგ საიდუმლო არხებით ატყობინებდა (ამას მათგან კანონი მოითხოვს) საკუთარ ხელმძღვანელობას, რომ ხელისუფლების ერთი შტო (აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი) - ხელისუფლების მეორე შტოს (საკანონმდებლო ხელისუფლების, კონგრესის) წინააღდმეგ მასობრივ აქციას გეგმავდა, აორგანიზებდა და პირადადაც აპირებდა მონაწილეობას.

არ დაგვავიწყდეს, რომ Secret service-ის ვალდებულებაა არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ კონგრესის დაცვა: კონგრესსაც იგივე სამსახური იცავს გარე პერიმეტრზეც და შიგნითაც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მე მინახავს ეს ფანატიკოსი ბიჭები და გოგოები `მუშაობაში`! უმაღლესი კლასის პროფესიონალები არიან.

ცხონებული ჟვანია ჩიოდა: `ჩამოვედი თუ არა ტრაპიდან, პასპორტი წამართვეს და ტუალეტში რომ მოსაშარდად მივდივარ, იქაც დამყვებიან ეს დედამოხნულებიო`.

რომ მოვფრინავდით ამერიკიდან, ტრაპთან მივიდა ერთი თითქოს გამხდარი (ცარიელი კუნთები იყო და იმიტომ) ახალგაზრდა, რამდენიმე ადგილას ვეება `კოლტით` და გადასატენი მჭიდებით გამობერილი კოსტიუმი ეცვა; და ხელის `მტკიცე` (დამუშავებული და საგანგებოდ რეპეტირებული) მოძრაობით დაუბრუნა პასპორტი ჟვანიას კიბესთან.

სანამ `დასაცავი პირი` თვითმფრინავში არ შევიდა, ორ ბიჭს და ერთ გოგოს მისთვის მდუმარედ თვალი არ მოუშორებიათ.

არასდროს დამავიწყდება ის სცენა: მრისხანე რობოტებს ჰგავდნენ: შენთვის რომ თავსაც გასწირავენ თუ საჭიროა, მაგრამ იმავე ცივი გამომეტყველებით წაგაცლიან კიდეც თავს..... თუ ესეც საჭიროა.

ჰო, საქმის ფანატიკოსები არიან. ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახურია ამერიკაში. მათი რიდი ყველას აქვს: CIA-საც და FBI-საც კი.

თავად არავის რიდი არა აქვთ...... მრისხანე კანონის გარდა!

როგორც სსრკ-ში КГБ-ГРУ-ში აწერინებდნენ ხელს ახალ თანამშრომელს, ამათაც ხელი აქვთ მოწერილი სამუდამო პატიმრობაზე ან ელექტრონულ სკამზე კანონის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში.

მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოს გათქმაზე.

არ გაგიკვირდეთ და შპიონებს იქაც კი აწამებენ.

არ გაგიკვირდეთ მეთქი......ოღონდ მხოლოდ შპიონებს.

ეს ისე.....სიტყვამ მოიტანა და......

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ტრამპს რაც შეეხება.....კი არსებობს `ფოლადის` მტკიცებულებები, მაგრამ.......`რავარი` საქმეა, როგორც ჩემს მშობლიურ იმერეთში იტყვიან, პრეზიდენტობის მომავალი შესაძლო კანდიდატისა და პოპულარული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა?

ჰა?

ხომ `გადირევა` პუტინი, რომელიც ამ პრეცედენტს ისევე იქედნურად გამოიყენებს, როგორც გამოიყენა ამერიკის ანტიკომუნისტური და ანტიფაშისტური კანონი `უცხოელი აგენტების შესახებ?`

დათო

2023 წლის 3 იანვარი