«აღორძინება» - მოქკავშირს: შენ ჩადი, მე ამოვალ!..

«აღორძინება» - მოქკავშირს: შენ ჩადი, მე ამოვალ!..

        «აღორძინებად» წოდებული საარჩევნო კონგლომერატი, რომელიც შეიქმნა მხოლოდ როგორც საარჩევნო (და არა პოლიტიკური, რაც ჩვენს პირობებში ერთი და იგივე არ არის) გაერთიანება, ძალიან უნდა «ცდილიყო», რათა საარჩევნო კანონში სამართლიანი ცვლილებების შეტანის მოთხოვნის დისკრედიტაცია მოეხდინა. არადა, «აღორძინებამ» ეს ნამდვილად მოახერხა, ვინაიდან მის მიერ შემუშავებული კანონპროექტი გაცილებით უარესია ამჟამად მოქმედ «საარჩევნო კანონმდებლობაზე» და ერთადერთ მიზანს ისახავს: როგორმე მოქალაქეთა კავშირს ჩაენაცვლოს «აღორძინება». ანუ «ამღორძინებლებს», სინამდვილეში, დემოკრატიის ბედი კი არ აღელვებთ, არამედ ის, რომ როგორმე თავად «ჩაენაცვლონ» მოქალაქეთა კავშირს და თვითონ მოახდინონ საარჩევნო კომისიათა უზურპირება.
        თავად განსაჯეთ: «აღორძინება» კატეგორიულად ეწინააღმდეგება პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კომისიათა წევრების დანიშვნას, მაგრამ თავად ისეთი «ალტერნატიული პროექტი» შეიტანა განსახილველად, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიათა წევრების დანიშვნას, ფაქტობრივად, ასლან აბაშიძის მიერ. კი მაგრამ რატომ? თუ გადაწყვეტილება მაინც სუბიექტური უნდა იყოს, მაშინ ედუარდ შევარდნაძეს (როგორც ქვეყნის პრეზიდენტს) ხომ გაცილებით მეტი იურიდიული და პოლიტიკური საფუძველი აქვს საამისოდ, ვიდრე ასლან აბაშიძეს.
        თუმცა, ეს კიდევ არაფერი, - «აღორძინება» მოითხოვს, საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ნიშნით.
        საგულისხმოა, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან «პროფესიული, ზეპარტიული საარჩევნო კომისიის» ჩამოყალიბებას, როგორც მიღებულია დემოკრატიულ სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში. მიზეზი ამ წინააღმდეგობისა აგრეთვე ადვილად ასახსნელია: საქმე ის გახლავთ, რომ «აღორძინებას» ძალიან არ მოსწონს, რომ ამჟამინდელი საარჩევნო კომისია ტენდენციურია (როგორც ისინი აცხადებენ და, ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ) მოქალაქეთა კავშირის სასარგებლოდ.
        მაგრამ «აღორძინების» მიზანი მიუკერძოებელი საარჩევნო კომისიის შექმნა კი არ არის, არამედ ის, რომ საარჩევნო კომისია უკვე მათ სასარგებლოდ იყოს ტენდენციური და მიკერძოებული. სწორედ ამიტომ უარყოფენ (საფუძველშივე) «პროფესიული საარჩევნო კომისიის» შექმნის იდეას და კატეგორიულად მოითხოვენ საარჩევნო კომისიაში «მოქკავშირის» პარტიული დიქტატის ჩანაცვლებას მათი (ოპოზიციის) პარტიული დიქტატით.
        ასეთ შემთხვევაში საზოგადოებისათვის რა მნიშვნელობა აქვს, «მოქკავშირის» სასარგებლოდ გააყალბებს საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს თუ ოპოზიციური პოლიტიკური დაჯგუფების სასარგებლოდ?
        სხვათა შორის, პოლიტიკური ოპოზიცია (ამას საქართველოს უახლესი ისტორია ნამდვილად ადასტურებს) ხელისუფლებაზე არანაკლებ ეგოისტური და არსობრივად ანტიდემოკრატიული შეიძლება იყოს.
        «ოპოზიციონერობა» ჯერ კიდევ (იმთავითვე) არ ნიშნავს დემოკრატიულობას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დემოკრატია დიახაც ნიშნავს უმრავლესობის მმართველობას – უმცირესობის აზრის გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოში იქმნებოდა და ახლაც შეიქმნა აბსურდული ვითარება, როდესაც «უმცირესობა» მისი უფლებების გათვალისწინებას კი არ მოითხოვს, არამედ «უმრავლესობის» პრიორიტეტს.
        ასეთი აბსურდული და ტრაგიკომიკური ვითარება მხოლოდ საქართველოში შეიძლება შეიქმნას და პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისაა, სწორედ «მოქალაქეთა კავშირს» ეკისრება, რომელმაც ეს თავხედური, არანაკლებ ანტიდემოკრატიული მოთხოვნები, საერთოდ მსჯელობის საგნად აქცია.
        ნიშანდობლივია, რომ არა მხოლოდ «მოქკავშირს», არამედ იმავე «აღორძინებასაც» არ ეპიტნავა მესამე საპარლამენტო ძალის («მრეწველთა)» ალტერნატიული წინადადება, - საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულიყო ყველა იმ პარტიის წარმომადგენლობით, რომელთაც უკანასკნელი არჩევნების შედეგად 1 პროცენტიანი ბარიერი გადალახეს.
        «არ ეპიტნავა», ვინაიდან «აღორძინების» მიზანი სინამდვილეში საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაცია კი არ არის, არამედ ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც იგი მოქალაქეთა კავშირს წაართმევს არჩევნების გასაყალბებლად საჭირო ბერკეტებს და ამ ბერკეტებს თვითონ გამოიყენებს.

მერიდიანი, 28 იანვარი, 2000 წელი