ახალი მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან წინასწარ განწირულია

ახალი მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან წინასწარ განწირულია

        საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, უახლოეს მომავალში შესაძლოა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვაჟა ლორთქიფანიძე და პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, თემურ ბასილია ვაშინგტონს გაემგზავრონ, რათა სავალუტო ფონდთან შეათანხმონ 2000 წლის ბიუჯეტის პროექტი. ეს ვიზიტი ალბათ საგანგებო ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ისედაც ეწვევა თებერვალში.
        «ვაშინგტონს გამგზავრება» - «ყარაყორუმს გამგზავრებად» აღიქმება, საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ 2000 წლის ბიუჯეტის «შეთანხმების» შემთხვევაში, სავალუტო ფონდი დაიწყებს ახალი საფინანსო პროგრამის განხორციელებას და საქართველო ასეულობით მილიონი დოლარის შეღავათიან კრედიტს მიიღებს.
        ჩვენში რატომღაც ითვლება, რომ სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციებია და მათი მეშვეობით დასავლეთი «საბაზრო ეკონომიკას» ავითარებს მთელს მსოფლიოში.
        ამ გამარტივებული წარმოდგენიდან კი უეჭველად გამომდინარეობს კიდევ უფრო პრიმიტიული დასკვნა, თითქოს დასავლეთის ერთ-ერთი მიზანია «გააფართოოს საკუთარი პროდუქციის ბაზარი».
        არადა, თუ ელემენტარული ლოგიკით ვიმსჯელებთ: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა უკვე მილიარდობით დოლარის გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტი გამოუყვეს საქართველოს - ასეთი რა მოგება უნდა ნახოს დასავლეთმა ამ მცირე ბაზარზე, რაც ესოდენ ფინანსურ ინექციად ღირდეს?
        სინამდვილეში, «დასავლურ-ბურჟუაზიული პროპაგანდა» სულაც არ არის იმის მტკიცება, რომ ამ ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით დასავლეთი ცდილობს ყველა ქვეყანა სახელმწიფოებრიობის «დასავლურ ყაიდაზე» მოაწყოს. მთავარი აქ სახელმწიფოებრიობის (დემოკრატიული) მოდელია!
        სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი არასდროს დაეთანხმება საქართველოს ხელისუფლების იმ წინადადებებს, რაც თითქოსდა ეკონომიკურად ეფექტურია, მაგრამ ცივილური სახელმწიფოებრიობის მოდელს ეწინააღმდეგება.
        მაგალითად, საქართველოს «საგადასახადოს» და საბაჟოს» ვერც ერთმა უფროსმა 1995 წლიდან – დღემდე, ვერაფრით გაიგო, რატომ არ თანხმდება საერთაშორისო სავალუტო ფონდი ე.წ. «ზღვრული ფასების» შემოღებას ან «სახელმწიფო მონოპოლიის» გამოცხადებას სიგარეტისა და ალკოჰოლის (აგრეთვე ბენზინის) იმპორტზე.
        გაკვირვებით იჩეჩავენ მხრებს: «მათთვის ხომ მთავარია, რაც შეიძლება მეტი ფული შემოვიდეს ბიუჯეტში, სულ იმას გვიჩიჩინებენ, გადასახადების აკრეფის დონე აამაღლეთო – ეს ზომები კი (სახელმწიფო მონოპოლია და «ზღვრული ფასები» - ავტ) მოგვცემს საშუალებას, სამჯერ გავზარდოთ შემოსავალი ბიუჯეტში – რატომღა არიან ამის წინააღმდეგნი?»
        მართლაც, ერთი შეხედვით, სავალუტო ფონდის პოზიცია ყოველგვარ საღ აზრს ეწინააღმდეგება, მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (როგორც დასავლეთის ინსტრუმენტი) ამა თუ იმ ქვეყანაში მიზნად ისახავს არა უბრალოდ ქვეყნის ეკონომიკის მექანიკურ (ექსტენსიურ) განვითარებას და ბიუჯეტის შევსებას, არამედ ამ ქვეყნის მოწყობას დასავლური სახელმწიფოებრივი მოდელის შესაბამისად, დასავლური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების, შესაბამისი მექანიზმების, სოციალური მიმართებების დამკვიდრებას და ა.შ.
        «დემოკრატია» ამ სისტემათა ერთობლიობას ეწოდება. დემოკრატია მხოლოდ კენჭისყრის უფლება ან გაზეთში კარიკატურის გამოქვეყნების შესაძლებლობა არ არის – ეს უფრო შედეგია.
        სავალუტო ფონდი მტკიცედ ორგანიზებული ინსტიტუტია და საკუთარ მისიას აცნობიერებს. მან შესანიშნავად იცის, რომ (ამას არ სჭირდება კარლ მარქსი) «სახელმწიფო მონოპოლია» და «ზღვრული ფასები», ისევე შობს ტოტალიტარიზმს როგორც «თავისუფალიო ბაზარი» - დემოკრატიას!
        ამიტომაც სავალუტო ფონდისათვის მთავარი ის კი არ არის, საქართველოს ბიუჯეტი შეივსოს (ეს რომ იყოს მთავარი «სახელმწიფო მონოპოლიასა» და «ზღვრულ ფასებზე» უეჭველად უმალვე დაგვეთანხმებოდა) არამედ ბიუჯეტის შევსება და გადასახადების ამოღების ზრდა – მხოლოდ დასავლური ყაიდის სახელმწიფოებრივი სისტემებითა და მექანიზმებით!
        ანუ, დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის ინსტიტუციური გაძლიერებით, კორუფციის აღმოფხვრით, შესაბამისი სოციალური მიმართებების შექმნით, ერთი სიტყვით, მთლიანობაში საქართველოს ცივილურობის დონის ამაღლებით.
        სავალუტო ფონდის მეშვეობით (უხეშად თუ ვიტყვით) დასავლეთი ცდილობს დასავლური, დემოკრატიული, ლიბერალური ცივილიზაციის ყაიდაზე მოაწყოს მთელი მსოფლიო, რისთვისაც აუცილებელი და უეჭველი პირობაა უპირველესად, სახელმწიფოებრიობის დასავლური, დემოკრატიული მოდელის დამკვიდრება ყველა ქვეყანაში.

        აქვე უნდა ითქვას, რომ თუ დასავლეთი ამ მიზანს მიაღწევს, - ეს საკაცობრიო გამარჯვება იქნება, ვინაიდან დასავლური სისტემა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ორგანიზების ყველაზე რაციონალური და მიზანშეწონილი ფორმაა, თუმცა არა იდეალური ან უნაკლო რასაკვირველია: გავიხსენოთ დიდი უინსტონ ჩერჩილის მახვილგონივრული ფორმულა - «დემოკრატია და კაპიტალიზმი საშინელი წყობაა – ოღონდ თუ დანარჩენ ყველა სხვა წყობას არ მივიღებთ მხედველობაში».
        ყოველივე ზემოთთქმული იმის დასადასტურებლად და განსამარტავად დაგვჭირდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამაოდ ცდილობს დაითანხმოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ისეთ დათმობებზე, რაც სწყვეტს ტაქტიკურ ამოცანებს – სტრატეგიული პრიორიტეტების ხარჯზე.
        ამიტომ, ფუჭია თუნდაც ასი დელეგაციის გაგზავნა ვაშინგტონში, ან მოლაპარაკებათა ათასი რაუნდის გამართვა – არასდროს სავალუტო ფონდი (ზემოთხსენებული მიზეზით) არ დაეთანხმება საქართველოში საბიუჯეტო კრიზისის გადაწყვეტას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა «ზღვრული ფასები» ან «სახელმწიფო მონოპოლია».
        თუმცა, იგი გვიტოვებს არჩევანს: ან გაწყვიტეთ ყოველგვარი ურთიერთობა სავალუტო ფონდთან, ან, თუ გინდათ ცივილური სახელმწიფოებრივი მოდელი, იგი უნდა ააშენოთ მისთვის დამახასიათებელი და სისხლხორციელი ინსტიტუტების უაღრესად მტკივნეული, მტანჯველი, რთული, უმძიმესი, მაგრამ აუცილებელი განვითარებით.
        სხვა გზა არ არსებობს.

7 დღე, 14 იანვარი, 2000 წელი