ახალი პოლიტიკური სეზონი საქართველოში

ახალი პოლიტიკური სეზონი საქართველოში

     

        მძლავრი სტარტი, რომლითაც იწყება 2001-2002 წლების პოლიტიკური სეზონი საქართველოში, უდავოდ ძალიან ბევრ, რბილად თუ ვიტყვით, «საინტერესოს» გვპირდება უახლოეს მომავალში.
        როგრც ჩანს, ქართულ პოლიტიკას «ზვავად მოსკდომის» ამოუწურავი პოტენციალი აქვს, ხოლო შექსპირული ვნებები ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე (ეს მეტაფორა უფრო დამკვიდრდა, ვიდრე «ლანდშაფტი») მაყურებელს კვლავაც იტაცებს დრამატიზმითა და გრძნობათა მძვინვარებით.
        პარლამენტის თავმჯდომარის «ღია წერილმა» პრეზიდენტისადმი, არსობრივად განსხვავებული ვითარება შექმნა. თუ როგორ განვითრადება მოვლენები უახლოესი ორი თვის განმავლობაში, ამას ბევრად განაპირობებს ვაკის არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელებული ურთულესი, მრავალპანიანი ინტრიგა.
        ეს არჩევნები (კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ბაღდათის კენჭისყრა) დიდწილად გაარკვევს ძალთა რეალურ განლაგებას. «მოქალაქეთა კავშირის» მხრიდან ყველაზე მიზანშეწონილი და ეშმაკური გადაწყყეტილება იქნებოდა საერთოდ არ წამოეყენებინა საკუთარი კანდიდატურა. ამას, მრავალ ნეგატიურ ფაქტორთან ერთად, აქვს ერთი (ყველაფრის გადამწონი), მისთვის ძალზე ხელსაყრელი შედეგი - ამ ნიადაგზე უეჭველად მოხდება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის დივერსიფიცირება, რაც საბოლოოდ მაინც გააძლიერებს «ჟვანიას გუნდის» პოზიციებს.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ამ გუნდს დღევანდელზე უფრო რთული ვითარება ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს კოზირები (და ბერკეტებიც - ეს ერთი და იგივე არ არის), რათა თავისი ინტერესები განახორციელოს.
        რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, «გამოყენებითი პოლიტიკის» თვალსაზრისით, მას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგრც პოლიტიკოსები «ბუქავენ»- ისევ და ისევ, პოლიტიკური ელიტის ინტერესებიდან გამომდინარე.
        არჩევნები ტარდება «მაჟორიტარული» და არა «პროპორციული» წესით. მით უმეტეს, რაიონული საკრებულოები (და თბილისის საბჭოც!) პარტიული ნამდვილად აღარ იქნება - რაიონის საკრებულო «ასოცირდება» ადგილობრივი თვითმმართველობის თავკაცებთან.
        ჩვეულებად იქცა, რომ ოპოზიცია იმთავითვე წამგებიან ტაქტიკას ირჩევს ყველა არჩევნების წინ. ასეთი ტაქტიკა შეიძლება ორგზის და ათგზის წამგებიანი აღმოჩნდეს, როდესაც არჩევნები პროპორციული წესით არ ტარდება და «პოლიტიკური წარმომდაგენლობის» თვალსაზრისით, მნიშვნელობა არა აქვს.
        «აღორძინების კოალიცია» არა და არ იშლის მოსახლეობის განხილვა-აღქმას რაღაც ბნელ და უაზრო ბრბოდ - მათ კვლავ ჰგონიათ, რომ ამომრჩეველი ვერ მიხვდება (და არ გაღიზიანდება) იმის გამო, თუ «აღორძინება» ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს მთელ საქართველოში და მონაწილეობას მიიღებს აჭარის «ადგილობრივი თვითმმართველობის» არჩევნებში.
        რამდენად აბსურდულია ეს, იმთავითვე თვალნათელია.
        აჭარაში კი ტარდება პარლამენტისა და «რესპუბლიკის მეთაურის» არჩევნები, როდესაც «მეთაურს» მთელი მოსახლეობა აირჩევს პირდაპირი კენჭისყრით.
        «აღორძინებსი ბლოკი ამ არჩევნებში, ბუნებრივია, «აღორძინების პარტიას» დაუჭერს მხარს, მაგრამ თვითონ აქტიურ მონაწილეობას არ მიიღებენ. დამატებით ინტრიგას კი «რესპუბლიკის მეთაურის» არჩევნებში «მოქალაქეთა კავშირის» შესაძლო მონაწილეობა შექმნის.
        ბაღდათის არჩევნების ბედი გადაწყვეტილია - ვაჟა ლორთქიფანიძის გამარჯვება ეჭვს არ იწვეყს. არჩეულ საკრებულოებში, როდესაც იქ «პარტიული წარმომადგენლობა» თითქმის არ იარსებებს ან სხვა ხასიათის იქნება, ვიდრე «პროპორციული არჩევნებისას», პრეზიდენტს არ გაუჭირდება ლოიალური პიროვნების შერჩევა, რომელსაც დანიშნავს გამგებლად, მაგრამ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაც შეეძლება.
        ვაკეში ირინა სარიშვილს მხარს დაუჭერს «სახალხო პარტიის» ნაწილი (მამუკა გიორგაძე და ვანო ხუხუნაიშვილი ამას არ აპირებენ) და ბრძოლა გაჩაღდება, ძირითადად, ირინა სარიშვილს, «მრეწველთა» კანდიდატ გია ჟორჟოლიანსა და «მოქალაქეთა» ინკოგნიტო კანდიდატს შორის. (გვიანდელი მინაწერი; ეს კანდიდატი მიხელ საააკშვილი აღმოჩნდა)

დილის გაზეთი, 31 აგვისტო, 2001 წელი