ბიუჯეტი 2000 – კაპიტულაცია წითელი ინტელიგენციის წინაშე

ბიუჯეტი 2000 – კაპიტულაცია წითელი ინტელიგენციის წინაშე

        როგორც ჩანს, 2000 წლის ბიუჯეტს წინ ვერაფერი დაუდგება. საქართველოს პრეზიდენტს არაერთგზის უთქვამს, რომ «ბიუჯეტი ეკონომიკის სარკეა» _ ეს დოკუმენტი ბოლო წლების ყველაზე საზარელ და დამანგრეველ პარადიგმასაც შეიცავს: ქვეყნის ხელისუფლება დღენიადაგ ცდილობს, ისეთი ბიუჯეტი შეადგინოს, რომ ყველას ასიამოვნოს. ან, ყოველ შემთხვევაში – განსაკუთრებით არავის აწყენინოს. ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, ვინც შეიძლება რეალური ზეგავლენა მოახდინოს ხელისუფლების შემდგომ ბედზე.
        მაგალითად, ქართველი მესაზღვრე და ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც (ვაი, ქვეყნის სირცხვილო და თავლაფისდასხმავ!) ლამის შიმშილით იხოცებიან – ამ თვალსაზრისით ნაკლებად ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებიან, ვიდრე ცნობილი თეატრების, შემოქმედებითი გაერთიანებების და კუდაბზიკა ინტელიგენციის წარმომადგენლები, ვინაიდან უბედური ჯარისკაცი და მესაზღვრე ვალდებულია ბრძანება შეასრულოს და პოსტი მაინც არ მიატოვოს, ხოლო «ინტელიგენტები», შემოქმედები, მხატვრები, თეატრალები, კინემატოგრაფისტები და ა.შ. _ თავისუფალი ხალხია: ადგებიან და ოპოზიციას შეეკედლებიან გაგულისებულნი ან (როგორც 1991 წელს, როცა გამსახურდიამ დაამშია) – მორიგ «რევოლუციას» დაუჭერენ მხარს.
        ამიტომაც, იმ ვითარებაში, როდესაც შატილიდან ორიოდე კილომეტრში საზარელი ომი მძვინვარებს (არავინ იცის, ეს ომი როდის მოსწვდება საქართველოს საზღვარს _ თუ უკვე არ მოსწვდა) ჩვენი მშიშარა ხელისუფლება, ინტელიგენციის ისტერიკის შედეგად, იძულებულია ჯარისკაცსა და მესაზღვრეს პირიდან ლუკმა წაართვას და იმათ მისცეს, ვისაც (თითო-ოროლა უიშვიათესი გამონაკლისის გარდა) ღირებული არასდროს არაფერი შეუქმნია და თავიანთი წიგნების, სპექტაკლების, კინოფილმების უნიჭობისა და მხატვრული სიმდაბლე-სიმდარის კომპენსირებას კომუნისტურ ეპოქაში «მოდისიდენტო» «სიმამაცით» ახდენდა.
        თუმცა, ეს «სიმამაცე» მაშინაც «ნებადართული» და სანქცირებული იყო. «დისიდენტურად თამამი» სპექტაკლებისა თუ ფილმების მხატვრულ უბადრუკობას კი ყურადღებას არავინ აქცევდა.
        გაუგებარია, რატომ უნდა «აჭამოს» ამ ხალხს ახალმა საქართველომ, რომელიც (დამოუკიდებლობის პირობებში) თავს ძლივს ირჩენს? მათ შორის თითებზე ჩამოსათვლელია ჭეშმარიტად ნიჭიერი მწერალი, კინემატოგრაფისტი თუ რეჟისორი, ვინც მართლა იმსახურებს სახელმწიფოს (ბიუჯეტის) დოტაციას, რათა შემოქმედების საშუალება შეუნარჩუნოს.
        მაგრამ ამ თითო-ოროლას ასიოდე ათასი ლარიც ეყოფა. «შემოქმედებითი ინტელიგენციის» ისტერიკების შედეგად კი, ბიუჯეტმა 15 მილიონი ლარის დოტაცია განახროციელა, თითქოს ათ-ოც მილიარდიანი ბიუჯეტი გვქონდეს. ასეთი ფუფუნების საშუალება მხოლოდ ძალზე განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებს აქვთ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ კომუნისტური ეპოქიდან გადმოყოლილი ე.წ. «შემოქმედებითი კავშირების» რჩენას! ბალტიის ქვეყნებმა ამაზე დიდი ხანია უარი თქვეს.
        ამიტომაცაა, რომ 2000 წლის ბიუჯეტს არავითარი პრიორიტეტი არ გააჩნია – არც ერთი თეთრი (ფაქტობრივად) არ არის გათვალისწინებული მრეწველობაში ინვესტირებისათვის. ანუ ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ინვესტირებას ქვეყნის მომავალში.
        სამაგიეროდ, მილიონები იხარჯება, რათა რომელიღაც რეჟისორმა მორიგი უნიჭო სპექტაკლი დადგას ან ასეთივე მდარე ფილმი გადაიღოს _ დღეს ყველაფერი ნებადართულია და «მოდისიდენტო თემატიკით» ხომ ვეღარ იპყრობენ ყურადღებას?
        როგორც ჩანს, ეს ხელისუფლება ვერც ვერასოდეს შეძლებს რეალური ბიუჯეტის შედგენას, ვინაიდან დღენიადაგ ცდილობს «ყველას ასიამოვნოს, არავის აწყენინოს» და ამით მორიგი სამოქალაქო ომი აიცილოს თავიდან. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მხოლოდ კულტურის დოტაციაშიც არ არის საქმე _ ადვილად შესამჩნევია, როგორ მიედინება ფინანსური ნაკადები (იმთავითვე ცხადია, ყოველგვარი ამონაგების გარეშე) იმ რეგიონებისა თუ ფინანსურირ-სამრეწველო ჯგუფებისაკენ, რომელთაც შეუძლიათ სერიოზული პრობლემები შექმნან, თუ მაძღარნი არ იქნებიან.
        გაუთავებელი ყბედობა «კორუფციის» შესახებ ხელისუფლებას ამ ვითარების შესანიღბავად სჭირდება. სინამდვილეში, კორუფციაში არ არის საქმე. უფრო ზუსტად, ყველაზე დიდი კორუფცია (პოლიტიკური კორუფცია) სწორედ ის არის, რომ ხელისუფლება გართულებების თავიდან ასაცილებლად ვერ ბედავს მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილებები და აწყენინოს «ძლიერებს», გავლენიანებს.
        მშიერი ჯარისკაცი, ვისაც ლამის გული შეუღონდეს შიმშილით _ ამ თვალსაზრისით «სუსტია» და «ნაკლებადანგარიშგასაწევია», ვიდრე რომელიღაც გაქსუებული «შემოქმედი-ინტელიგენტი», ვინაიდან ამ უკანასკნელის განაწყენება ხელისუფლებას შეიძლება ძვირად დაუჯდეს.
        საქართველოს რომ მტკიცე სახელმწიფოებრივი ნების მქონე ხელისუფლება ჰყავდეს, ის უეჭველად განსაზღვრავდა სახელმწიფოებრივ, სტრატეგიულ პრიორიტეტებს:
        1. საგარეო ვალების გადახდა.
        2. შეიარაღებული ძალებისა და სასაზღვრო ჯარის დაფინანსება
        3. გრძელვადიანი ინვესტირება მრეწველობაში ანუ ქვეყნის მომავალში.
        თუ რამე დარჩებოდა, მხოლოდ ის უნდა გაენაწილებინა «დოტაციურ დარგებზე» და არა პირიქით. სამწუხაროდ, ეს მიუწვდომელი ამოცანაა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც სხვაგვარი ხელისუფლება დიდი ხანი არც ეყოლება.

7 დღე, 25 თებერვალი, 2000 წელი
       

        გვიანდელი მინაწერი: უნდა ვაღიარო, რომ 2000 წლის ბიუჯეტის შეფასებისას ნამდვილად შევცდი და შევარდნაძის ეშმაკობა არ გავითვალისწინე: როგორც კი «დიდი ქართული ინტელიგენციის» მხარდაჭერით 2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, შევარდნაძემ უმალვე განახორციელა ბიუჯეტის სეკვესტრი და ხსენებული «დიადი ინტელიგტენციის» ისტერიკებისათვის «მოგვატყუეს, მოგვატყუესო» ყურადღება აღარ მიუქცევია.
        ახია მათზე!!!