«ბოსნიური ვარიანტი» რეალობის აღიარებას ნიშნავს

«ბოსნიური ვარიანტი» რეალობის აღიარებას ნიშნავს

  

    ჯერ კიდევ ზაფხულში, როცა «რესპუბლიკელებმა» აფხაზეთის «ეთნიკურ ანკლავებად» დაყოფის გეგმა გამოაქვეყნეს, ბევრი დამკვირვებელი გამოთქვამდა ეჭვს, რომ ეს პროექტი აფხაზებს სასაცილოდაც არ ეყოფოდათ - აქაოდა «აფხაზებს მთელი ტერიტორია აქვთ ფსოუდან-ენგურამდე და ღალიძგას გაღმა ავტონომიას რა თავში იხლიანო».
    თუმცა, პროექტის დაკვირვებული ანალიზი ცხადყოფს, რომ არც ისე მარტივადაა საქმე. წარმოუდგენელია, «რესპუბლიკელებს» არ სცოდნოდათ, რა არის რეალური, რა დააინტერესებს სეპარატისტთა ელიტას და რა - «სასაცილოდაც არ ეყოფა».
    სინამდვილეში, პროექტის ავტორები, რასაკვირველია, სხვა მიზანს ისახავდნენ: მოესინჯათ, რა რეაქციას გამოიწვევდა ქართულ საზოგადოებაში აფხაზეთის გაყოფის იდეა, რომელიც ქართულ ისტებლიშმენტში ჯერ კიდევ ომის დროს წარმოიშვა, მაგრამ მხარდაჭერა ვერ პოვა.
    არა იმიტომ, რომ ამ იდეის მხარდამჭერნი რეალურად არ არსებობდნენ - უბრალოდ, ქართულ პოლიტიკას ყოველთვის ახასიათებდა პასუხისმგებელი სუბიექტის ნაკლებობა. სხვაგვარად თუ ვიტყვით, პასუხისმგებლობის თავზე აღება არავის არასდროს სურდა.
    «დაყოფაში» საქართველოს ტერიტორიის იურიდიული გასხვისება არ იგულისხმება - ეს გამორიცხულია, ვინაიდან აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით. ყოველ შემთხვევაში, საერთო-სახალხო რეფერენდუმის გარეშე. რესპუბლიკელთა იდეა იგივე «ბოსნიის მოდელის» მოდიფიკაციას წარმოადგენს. ოღონდ ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. ]
    ბოსნიაში კი ძალზე საყურადღებო პრეცედენტი შეიქმნა: საერთაშორისო თანამეგობრობამ ნაწილობრივ აღიარა ეთნიკური წმენდის შედეგები და ძალის გამოყენებით აიძულა მხარეები, შერიგებოდნენ შექმნილ ვითარებას.
    პრიორიტეტი დასავლეთისათვის ამ შემთხვევაში კვლავ ცეცხლის შეწყვეტა იყო, მაგრამ საერთაშორისო პროტექტორატით და ნატოს სამხედრო ძალით ბოსნიაში განხორციელდა საპოლიციო ოპერაცია - ოღონდ ლტოლვილთა უფლებების მხოლოდ ნაწილობრივი დაცვით.
    ადგილობრივი ადმინისტრაცია ბოსნიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მკაცრ საერთაშორისო კონტროლს ექვემდებარება. სამხედრო დამნაშავენი კი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგნენ. საქართველოს პირობებში ზოგიერთი მომენტი შეიძლება «კლასიკური სახით» ვერც განხორციელდეს - მაგალითად, საეჭვოა არძინბას წარდგენა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, მაგრამ მთავარი თვით ეთნიკური წმენდის შედეგთა ნაწილობრივ აღიარების იდეა, რამაც ქართულ პოლიტიკურ წრეებში უკვე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
    აფხაზეთის გაყოფა იმას ნიშნავს, რომ (ვთქვათ) გაგრელი ლტოლვილები შეიძლება დაბრუნდნენ აფხაზეთში, მაგრამ დასახლდნენ არა გაგრაში, არამედ ოჩამჩირეში, გულრიფშში, ან იმავე სოხუმში. ოღონდ გაუგებარია, სად წავლენ ტყვარჩელელი ან ოჩამჩირელი აფხაზები და წავლენ თუ არა საერთოდ. რატომ უნდა დაუთმონ მათ ქართველებს ის, რაც ძალით მოიპოვეს? უფრო სწორად, რა აიძულებს მათ ძალით მოპოვებულის დათმობა?
    გარდა ამისა, უკვე იმის სიმპტომებიც შეინიშნება, რომ პოლიტიკურ პარტიათა ერთმა ნაწილმა «რესპუბლიკელთა» იდეაში აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური სიბრტყიდან ეთნიკურში გადატანის მცდელობა დაინახა და არც შემცდარა. კერძოდ, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ უკვე გამოთქვა ნეგატიური დამოკიდებულება ზემოთქმულთან დაკავშირებით. მართლაც, ბოსნიაში კონფლიქტი ეთნიკური ხასიათისა იყო და ამას არც ერთი მხარე არ მალავდა.
    ქართული ოფიციალური თუ არაოფიციალური პროპაგანდა კი დღემდე ამტკიცებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტი «პოლიტიკური შინაარსის მქონე» იყო: ტერიტორიულ სეპარატიზმს რუსეთის ფარული აგრესია განაპირობებდა, ანუ (როგორც ხდებოდა აზრის ფორმულირება): «გარკვეულ, რეაქციულ ძალთა მხარდაჭერა ჩრდილოეთიდან».
    თვით აფხაზებისათვის აქცენტის გადაადგილება შეიძლება ხელსაყრელიც კი აღმოჩნდეს ისე როგორც იგი რუსეთისათვის არის ხელსაყრელი. რუსი პოლიტიკოსები ტყუილად როდი უსვამენ ხაზს, რომ «განსხვავებით ჩეჩნეთისაგან, აფხაზეთში ადგილი ჰქონდა ეროვნებათაშორის კონფლიქტს, ანუ კონფლიქტს ეთნიკურ ნიადაგზე».
    აფხაზმა სეპარატისტებმა კი, რათა ორივე ფორმულირებიდან სასარგებლო ნაწილი ამოეღოთ, კონფლიქტს «ეთნოპოლიტიკური» დაარქვეს. ერთის მხრივ, მათთვის მომგებიანია «მცირერიცხოვანი, დაჩაგრული ხალხის იმიჯი», რომელიც «იბრძვის ეთნიკური აღორძინებისათვის». მეორეს მხრივ კი, არც ამ ბრძოლის პოლიტიკური ასპექტი, ანუ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი უფლებამოსილება ეთმობათ.
    ყველაზე ნიშანდობლივი კი საქართველოს პრეზიდენტის დამოკიდებულებაა. ედუარდ შევარდნაძემ საახალწლო მილოცვაშიც და შემდგომაც ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა: 1998 წელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ნიშნით ჩაივლის, ხოლო «მოწესრიგების» ფორმულად ბოსნიის ვარიანტი იქნება არჩეული.
    სამშვიდობო ოპერაციის შინაარსს («იძულება მშვიდობისადმი») ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს - მთავარია, რომ ბოსნიის ვარიანტი უეჭველად გულისხმობს ეთნიკური წმენდის შედეგთა ნაწილობრივ აღიარებას: გარკვეულ პირობებში აფხაზთა ლიდერები ამაზე შეიძლება დაგვთანხმდნენ.
    ეს ყოველივე, რასაკვირველია, დიდი რისკია, მაგრამ რისკის გარეშე პოლიტიკა არ არსებობს. რისკზე წავიდნენ რესპუბლიკელებიც - მათ საჭირო მომენტში ზუსტი «პასი» გააკეთეს ხელისუფლების მიმართულებით.
    რა არის მათი ნაბიჯის მოტივაცია, ცალსახად აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა თუ დიდ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი. ამ კითხვაზე პასუხს უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

მერიდიანი, 12 იანვარი, 1998 წ.