გაგიკვირდებათ: ზვიად გამსახურდიას საქმეს შევარდნაძე აგრძელებს!

გაგიკვირდებათ: ზვიად გამსახურდიას საქმეს შევარდნაძე აგრძელებს!

 

    პოლიტიკოსის ნამდვილი სიკვდილი მისი პოლიტიკის სიკვდილია. ნებისმიერი პოლიტიკოსი ოცნებობს იმაზე, რომ სიკვდილის შემდეგ საქმე, რომელიც მან დაიწყო, გაგრძელდეს და გაძლიერდეს; ამ საქმის სიმართლე და შორსმჭვრეტელობა დადასტურდეს; შთამომავლებმა ძეგლი დაუდგან და კეთილი სიტყვით მოიხსენიონ.
    შეიძლება ითქვას, რომ ძალაუფლების წყურვილთან ერთად ეს სწრაფვა (ისტორიაში კეთილი სახელით დამკვიდრების სურვილი) ნებისმიერი პოლიტიკოსის უმთავრესი ვნებაა.
    საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია უეჭველად დადებითად იქნება შეფასებული შთამომავლობის მიერ. საკმარისია შევადაროთ ორი პოლიტიკოსის - ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობა, რომ დავრწმუნდეთ: რაოდენ პარადოქსულად, დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ედუარდ შევარდნაძე, შინაარსობრივად. იმავე პოლიტიკას ატარებს, რომელსაც ატარებდა ზვიად გამსახურდია.
    ზოგიერთს ეს დაუჯერებლად მოეჩვენება, - მაგრამ ნამდვილად ასეა!
    საქართველოს პირველ და მეორე პრეზიდენტებს შორის განსხვავება ისაა, რომ ზვიად გამსახურდია გამოუცდელობის გამო არ ფლობდა ძალაუფლების ტექნოლოგიას, ხოლო ედუარდ შევარდნაძე ამ ხელოვნებას სრულყოფილად ფლობს.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი ასპექტები: საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ადრევე შენიშნა, რომ გაიძვერა გორბაჩოვის ე.წ. «პერესტროიკა» მიზნად ისახავდა იმპერიის მეორედ მოდერნიზაციას, მის განახლებას და ზოგიერთი შინაარსობრივი თავისებურებების შეცვლას. მაგალითად, ჯერ კიდევ 1989 წელს, გორბაჩოვმა და მისმა გარემოცვამ წამოაყენა «ავტონომიათა და მოკავშირე რესპუბლიკათა უფლებრივი გათანაბრების იდეა». ეს მზაკვრული გეგმა საქართველოს სრულ დარღვევასა და განადგურებას უქადდა, რადგან იურიდიული თვალსაზრისით აცალკევებდა მისგან აჭარას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.
    იმავე პერიოდში, გორბაჩოვის წინადადებით მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ნებას რთავდა «მოკავშირე რესპუბლიკაში» მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს, გაერთიანებულიყვნენ და მოეთხოვათ ე.წ. «ადმინისტრაციული ავტონომია».
    საქართველოს რეალობაში ეს იმას ნიშნავდა, რომ აზერბაიჯანელებს, სომხებს, ბერძნებსა და სხვა ეროვნულ უმცირესობებს ენიჭებოდათ უფლება, შეექმნათ საკუთარი ავტონომიური ერთეულები.
    ყოველივე ამას გორბაჩოვი ამართლებდა «ხალხთა თანასწორუფლებიანობის თეზისით», რომელიც დემაგოგიურად, ვირეშმაკურად მიუსადაგა «საბჭოთა რეალობას».
    რასაკვირველია, გორბაჩოვის ამ თეზისს უმალვე დაუჭირა მხარი საბჭოთა კავშირის ყველა ავტონომიამ. სსრკ-ს შემადგენლობაში შემავალი უნიტარული რესპუბლიკებისათვის (მაგ. ბალტიის რესპუბლიკებისთვის, უკრაინისთვის, ბელორუსიისთვის) ხსენებული გეგმა თითქოს დიდ საშიშროებას არ წარმოადგენდა, მაგარამ საქართველოსთვის მისი განხორციელება კატასტროფის ტოლფასი იყო!
    იმავე «სსრკ უმაღლესმა საბჭომ» მიიღო კანონი «მიწაზე საკუთრების შესახებ», რომელშიც ნათქვამი იყო: «მიწა ეკუთვნის საბჭოთა კავშირს მთლიანობაში და ხალხს, რომელიც ცხოვრობს ამ მიწაზე.»
    დააკვირდით: საბჭოთა კავშირს, როგორც სახელმწიფოს და იმ ხალხს (იგულისხმება მოსახლეობა ეთნიკური ნიშნის გარეშე), რომელიც ცხოვრობს ამ მიწაზე. «მოკავშირე რესპუბლიკები» ნახსენებიც კი არ არის.
    ესე იგი, რა გამოდიოდა ამ კანონით? გამოდიოდა, რომ, მაგალითად, ქვემო ქართლის მიწა ეკუთვნოდა სსრკ-ს მთლიანობაში და იმ ხალხს რომელიც ცხოვრობს ამ მიწა-წყალზე. ასევე ჯავახეთში, შიდა ქართლში და ა.შ.
    «მოკავშირე რესპუბლიკის უფლება», რომელიც სსრკ კონსტიტუციით «სუვერენულ სახელმწიფოდ» იყო გამოცხადებული, საერთოდ უგულებელყოფილი გახლდათ.
    ეს კიდევ არაფერი: სსრკ უმაღლესმა საბჭომ მიიღო კიდევ ერთი კანონი, - «საკავშირო და ადგილობრივი ბიუჯეტების შესახებ», რომელიც კიდევ უფრო დამღუპველი იყო საქართველოსათვის, რადგან ითვალისწინებდა რაიონული რგოლის უფლებამოსილების განუზომელ ზრდას «მოკავშირე რესპუბლიკის ხელისუფლებისა და სუვერენიტეტის ხარჯზე».
    ყველა ამ კანონის განხორციელების შემთხვევაში საქართველო, როგორც ქვეყანა და სახელმწიფო, უეჭველად განადგურდებოდა. ქვეყნის იურიდიული მთლიანობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოსვლა! სხვა საშუალება არ არსებობდა, რადგან თუ საქართველო დაიწყებდა ბრძოლას (თავისი დეპუტატების მეშვეობით) ამ კანონების ამოქმედების წინააღმდეგ, გორბაჩოვი და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა მორალურად გაენადგურებინათ ჩვენი ქვეყანა და საწადელსაც მიაღწევდნენ - «როგორ, თქვენ, ქართველები ხალხთა თანასწორობის წინააღმდეგნი ხართ»?
    ამ დემაგოგიურ კითხვა-ბრალდებას იმ პირობებში საქართველო ვერაფერს დაუპირისპირებდა. გავიხსენოთ, რომ სწორედ იმ პერიოდში გამოთქვა რუსმა შოვინისტმა სახაროვმა თავისი ცნობილი «სენტენცია» - «საქართველო პატარა იმპერიაა...»
    ჩვენი ქვეყნის მცდელობა, ზემოთჩამოთვლილი კანონების ამოქმედება არ დაეშვა, მისი «იმპერიულობის» დამადასტურებელ საბუთად იქცეოდა.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს გამოსვლა სსრკ-ს შემადგენლობიდან იყო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული დადასტურების ერთადერთი საშუალება.
    აი, ეს ვერაფრით ვერ გაუგიათ იმ პოლიტიკანებს, დღემდე რომ უკიჟინებენ ზვიად გამსახურდიას: თავისი რადიკალური მოთხოვნებით რუსეთი გააღიზიანაო.
    არადა, ზვიად გამსახურდიას ურთიერთობა ბორის ელცინთან იმაზე მიუთითებს, რომ იგი მზად იყო კომპრომისისათვის რუსეთთან, თუ ეს უკანასკნელი საქართველოს დაშლა-დაქუცმაცებაზე ხელს აიღებდა და ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
    მაგრამ ელცინის «დემოკრატობა» მტკნარი სიცრუე და ილუზია აღმოჩნდა. თუ ყურადღებით გავაანალიზებთ, უეჭველად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ედუარდ შევარდნაძის დღევანდელი დამოკიდებულება რუსეთთან იმავე პოლიტიკური მაქსიმითაა განპირობებული - შევარდნაძე მზად არის წავიდეს კომპრომისზე რუსეთთან, თუ რუსეთი აღიარებს (საქმით და არა სიტყვით) საქართველოს მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.
    ანუ, ორივე პოლიტიკოსი ამ საკითხში ერთსა და იმავე პოზიციაზე დგას - განსხვავება მხოლოდ პოლიტიკის განხორციელების ტექნოლოგიურ თავისებურებებშია. ზვიად გამსახურდია ბევრ რამეს გულწრფელად და პირდაპირ ამბობდა (მაგალითად, ხშირად იმეორებდა, რომ არსებობს კრემლის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ), ედუარდ შევარდნაძე კი უფრო ფრთხილად და შეფარვით მოქმედებს. სხვათა შორის, არც ისე ნათელია, რომელი ხაზია უფრო სწორი და გამართლებული, რადგან ორივე ტაქტიკას თავისი პლიუსები და მინუსები გააჩნია.
    ზვიად გამსახურდიამ იმთავითვე შენიშნა, რომ საქართველოს შეუძლია მოიპოვოს მძლავრი ბერკეტი კრემლში გამომუშავებული მზაკვრული გეგმის წინააღმდეგ, თუ გაააქტიურებს პოლიტიკას ჩრდილოეთ კავკასიაში. ანუ, სტრატეგიული თვალსაზრისით ზვიად გამსახურდია ამაშიც მართალი აღმოჩნდა, - მან სწორად გათვალა, რომ ჩრდილოელ კავკასიელ ხალხთა დაუოკებელი სწრაფვა თავისუფლებისაკენ შეიძლებოდა ქცეულიყო საქართველოს უმძლავრეს არგუმენტად იმპერიასთან დაპირისპირებისას.
    «კავკასიური სახლის იდეა» ამ გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარეობს. დღეს ამ საშუალებას ედუარდ შევარდანაძეც ჩაეჭიდა, რათა რუსეთის პოლიტიკაზე ზემოქმედებისათვის აუცილებელი არგუმენტი მოეპოვებინა.
    მიუხედავად ტაქტიკური განსხვავებისა, შინაარსობრივად ორივე პრეზიდენტის, როგორც ზვიად გამსახურდიას, ასევე ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური მოტივაცია შინაარსობრივად იდენტურია.
    ზვიად გამსახურდიას სწრაფვა ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის დამყარებისაკენ საქართველოში; მისი უარყოფითი დამოკიდებულება საპარლამენტო რესპუბლიკის ანუ «გერმანული მოდელის» მიმართ, გამომდინარეობდა იმ შეგნებიდან, რომ საქართველოსთვის, მისი სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყოვლად აუცილებელია მყარი, სტაბილური და ძლიერი ხელისუფლების არსებობა. «საპარლამენტო მმართველობა» კი, ქართული პოლიტიკური ელიტის უზნეობისა და სიბრიყვის გათვალისწინებით, ამგვარ ხელისუფლებას ვერ შექმნიდა.
    ზვიად გამსახურდია საკმაოდ მკაცრი იყო უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და კრიმინალური ხროვებისადმი, მაგრამ ეს სიმკაცრეც (დღევანდელი გადასახედიდან) აშკარად გამართლებული ჩანს.
    «მხედრიონის» კრიმინალური ბანდა ერთნაირად სძულდა როგორც ზვიად გამსახურდიას, ასევე ედუარდ შევარდნაძეს. ოღონდ თუ პირველი ამ სიძულვილს აშკარად გამოხატავდა და გულწრფელად მოქმედებდა, მეორე უფრო ეშმაკურად და ფრთხილად აკეთებდა იგივეს, - საბოლოო ჯამში «მხედრიონის» ბანდა ორივემ გაანადგურა, მაგრამ მეორე შემთხვევაში ამ ბანდას ე.წ. «ინტელიგენციისა» და «დემოკრატების» მხარდაჭერამ ვეღარ უშველა.
    ზემოთთქმულიდან უეჭველად გამომდინრეობს განსაცვიფრებელი დასკვნა, რომ ედუარდ შევარდნაძე (ვიმეორებ: რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს) ზვიად გამსახურდიას ნაკვალევზე მიაბიჯებს. დამოუკიდებლობის იდეა პირველ პრეზიდენტს ეკუთვნის, მაგრამ ამ იდეის ცხოვრებაში განხორციელება, რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ზვიად გამსახურდიამ ვერ შეძლო, - მის იდეას ედუარდ შევარდნაძე ახორციელებს.
    ძნელი სათქმელია, რა უფრო მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისით, - შორსმჭვრეტელური იდეა, თუ მისი რეალური განხორციელება. ალბათ ორივე, ერთობლიობაში, გვაძლევს შედეგს.
    ამ თვალსაზრისით, ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობა (მიუხედავად მათი პიროვნული ანტაგონიზმისა) ერთიანი და განუყოფელი ისტორიული ფენომენია.

«კვირიონი», 9 ივნისი, 1996 წელი.