„გრძელი ხანჯლების წელიწადი საქართველოში“

„გრძელი ხანჯლების წელიწადი საქართველოში“

        შუა საუკუნეების ევროპიდან XX საუკუნეში გადმოტანილი ეს მეტაფორა («გრძელი დანების ღამე») მთლიანად შესაბამება იმ ვითარებას, რაც ამჟამად იქმნება საქართველოში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
        უკვე სავსებით ცხადია, რომ «ანტიკორუფციული პროგრამის» ძირითადი ღონისძიებები დიდწილად ვერ განხორციელდება, ვინაიდან ყველა შემთხვევაში იარსებებს «ობიექტური კონტრარგუმენტი». მაგალითად, პოლიციას საავტომობილო გზებს ვერავინ მოაშორებს, - ასეთ შემთხვევაში, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა საერთოდ შეუძლებელი გახდება და ბიუჯეტს 10-20 პროცენტი დააკლდება, რაც სრულ კატასტროფას ნიშნავს.
        უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრების გაუქმება ვერ მოხერხდება, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, კერძო «უმაღლესთა» 80-90 პროცენგტი დაიხურება და ქუჩაში გამოვა ათიათასობით პროფესორი და დოცენტი, რომლებიც კომუნისტურ ეპოქაში «რეპეტიტორობით» ირჩენდნენ თავს, ჩვენს დროში კი კერძო უნივერსიტეტებში (ბობოყვათში, მაჩხაანში და სენაკის უნივერსიტეტის ჩხოროწყუს ფილიალში) «ლექტორობით».
        ამას, რასაკვირველია, ხელისუფლება არ დაუშვებს, თორემ გამძვინვარებულ, დამშეულ ლექტორებს თემურ მღებრივშილის «სპეცნაზი» ვეღარ უშველის.
        მესამე მაგალითი: მიაქციეთ ყურადღება, როდესაც პარლამენტი თბილისში მშენებლობის ლიცენზირების საკითხს იხილავდა, ზოგიერთმა დეპუტატმა შენიშნა, რომ შეუძლებელია, ერთი მხრივ, კორუფციას ვებრძოდეთ, მეორე მხრივ კი «თბილისის დამახინჯების თავიდან ასაცილებლად «მალიცენზირებელ-მაკონტროლებელ» ორგანოებს ვამრავლებდეთ.
        მრავალი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ «ანტიკორუფციულმა ჯგუფმა» თავისი ფუნქცია მაინც შეასრულა იმ თვალსაზრისით, რომ «შეამზადა ვითარება» (ანუ, როგორც ხშირად ბრძანებს ხოლმე პრეზიდენტი, «მოამწიფა» საიმისოდ, რათა ქვეყანაში დაწყებულიყო კანონიერი რეპრესიები კორუფცირებულთა წინააღმდეგ.
        ეს «შვიდკაცა კომისიაც», «პროგრამაც» და «ძირითადი მიმართულებებიც» სინამდვილეში ედუარდ შევარდნაძეს სწორედ ამ ფონის შესაქმნელად სჭირდებოდა, რაკი, დაახლოებით ერთი წლის წინ გადაწყვიტა «ავსებოდა მოთმინების ფიალა» (დროზე ადრე მას ეს ფიალა არასდროს აევსება).
        ემზარ ჩაჩხიანი, ამ თვალსაზრისით, მხოლოდ «პირველი მერცახლია», მაგრამ არც სხვა «ბობობა ენერგეტიკოსებით» შემოიფარგლება საქმე. რაკი ერთი «დატრიალდა ხანჯალი», - ასეულობთი თავი დაგორდება.
        ბევრმა არც იცის, რომ (პირობითად თუ ვიტყვით) «ენერგეტიკოსთა საქმეზე» უკვე 30-მდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თხუთმეტამდე პირი დაკავებულია, დანარჩენებს დღედღეზე «აიყვანენ». შემდეგ «ხანჯალი» სისტემის სიღრმესაც წვდება – წამოვა მეორე, მესამე წრეზე, ჩააღწევს რიგით შემსრულებლამდე. არ არის გამორიცხული, «ენერგეტიკოსთა საქმეზე» დაპატიმრებულთა რიცხვმა ასს მიაღწიოს.
        მაგრამ ესეც მხოლოდ დასაწყისია. რატომღაც ყველამ მიივიწყა კომისია, რომელიც პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჯერ კიდევ 1995 წელს შექმნა მთავრობის «მოღვაწეობის» გამოსაკვლევად.
        შემდგომში კომისია კონტროლის პალატასთან სინქრონულად მუშაობდა და 253 ტომი დააგროვა, რაც სრულებითაც არ არის «მკვდარი მასალა». ეს დოკუმენტაცია არც მოძველებულა, - ის ფაქტები, რომლებიც მათში აისახა, იურიდიულ მნიშვნელობას კიდევ კარგა ხანს არ დაკარგავენ, ანუ ხანდაზმულობის ვადა მათში აღწერილი კრიმინალური ქმედებებისთვის 2015-2020 წლისათვის თუ იწყება.
        აქედან გამომდინარე, «ხანჯალი» აუცილებლად დატრიალდება სხვა სფეროებში: ენერგეტიკიდან, სოფლის მეურნეობისა და სხვა უწყებებისაკენ. არც განათლებისა და კულტურის სამინისტროებს (მოქმედ თუ ყოფილ ჩინოსნებს) დაადგებათ კარგი დღე და არც (ეს ძალზე საინტერესოა) ზოგიერთ საზოგადოებრივ გაერთიანებას. ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაიებს.
        ერთხელ, ვითომ სხვათა შორის, შევარდნაძემ შენიშნა, რომ სპეცსამსახურები რეგულარულად აწვდიან მას ინფორმაციას ზოგიერთი «ენ-ჯე-ოს» გაიძვერობის შესახებ, რომლებიც «გრანტებად» და «ჰუმანიტარულ დახმარებად» იფორმებენ ქათმის ბარკლებს. ესეც კორუფციაა.
        როგორც ჩანს, კულმინაციას ხანჯლების ტრიალი 2001 წელს მიაღწევს და იმავე წელს დაიწყება ახალი ყაიდის პოლიტიკური «საუკუნის პროცესები» საქართველოში.

დილის გაზეთი, 11 ნოემბერი, 2000 წელი