დასავლეთმა გადაარჩინა საქართველოს სიცოცხლე და არა სახელმწიფოებრიობა

დასავლეთმა გადაარჩინა საქართველოს სიცოცხლე და არა სახელმწიფოებრიობა

    პრეზიდენტ სარკოზის დიპლომატიური ძალისხმევისა და შემუშავებული «სამშვიდობო დოკუმენტის» შესაბამისად, უკვე ნათელი გახდა, თუ სად შეაჩერა დასავლეთმა რუსეთი საქართველოში – შეაჩერა იქ, სადაც იწყებოდა საქართველოს, როგორც ქვეყნის სრული განადგურება, მოთხრა, ამოძირკვა და ქართველი ერის გენოციდი.
    გადაჭარბებად არავის მოეჩვენოს.
    სრულებითაც არ არის შემთხვევითი, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე აფხაზეთში შევიდა ბოროტსახსენებელი გენერალი შამანოვი – ჩეჩენი ხალხის მთავარი ჯალათი, რომელიც, ზოგიერთი ცნობით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოჩამჩირეში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ბრიგადის დესანტირებას..
    დესანტირების შედეგად, მდინარე ენგურთან შეიქმნა უმძლავრესი სამხედრო დაჯგუფება: ასეულობით ტანკი, ათი ათასამდე რუსი მედესანტე, «ურაგანისა» და «გრადის» ტიპის ზალპური ცეცხლის დანადგარები, თვითმავალი ქვემეხები და ასე შემდეგ.
    გენერალ შამანოვის დაჯგუფებას (ნიშანდობლივია, რომ «ჩეჩნეთის გმირი» სპეციალურად გამოიწვიეს რეზერვიდან) ზურგს უმაგრებდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ესკადრა – ფრთოსანი რაკეტებით.
    აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გორი იბომბებოდა არა მხოლოდ თვითმფრინავებიდან, არამედ საშუალო სიშორის ტაქტიკური რაკეტებით (ისინი ჯავის რაიონშია კონცენტრირებული) და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით, რომლებსაც რელიეფური გზამკვლევები აქვთ, ანუ რელიეფს რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე მიჰყვებიან მიზნამდე.
    ეს მრისხანე, ყოვლისშემმუსვრელი ძალა მიადგა სამეგრელოს უმწეო ქალაქებს – ზუგდიდსა და სენაკს. მადლობა ღმერთს (!!!), წინააღმდეგობის გაწევა არავის მოსვლია აზრად, თორემ სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ამ ქალაქებს უბრალოდ აღგვიდნენ პირისაგან მიწისა!
    ეს არის პუტინ-შამანოვის სამხედრო ტაქტიკა, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომისას გამოიყენებოდა: რუსული არმადა მიადგებოდა ქალაქებს, წაუყენებდა ულტიმატუმს დანებების შესახებ და წინააღმდეგობის ოდნავი მცდელობისას იწყებდა მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება უმოწყალო სარაკეტო – საარტილერიო და საჰაერო დარტყმებით.
    შემდეგ, უკვე დანგრეულ, გადამწვარ ქალაქში შედიოდა რუსული არმია და ატარებდა «ზაჩისტკას» (არ ვიცი, არსებობს თუ არა ქართული შესატყვისი ამ საშინელი ტერმინისა), რაც გულისხმობს მშვიდობიანი მოსახლეობის გაუპატიურებასა და ამოწყვეტას.
    აი, ეს ელოდა საცოდავ, მრავალტანჯულ სამეგრელოს და საქართველოს სხვა ქალაქებს.
    არა ნაკლებ მძლავრი დაჯგუფება შეიქმნა «სამხრეთ ოსეთის» ტერიტორიაზე, რომელმაც დაიწყო მოძრაობა არა მხოლოდ გორისკენ (იგივე ტაქტიკით), არამედ თბილისისკენაც.
    გარწმუნებთ, ულტიმატუმი თბილისთან დაკავშირებით იქნებოდა იგივე და თუ საქართველოს შეიარაღებული ძალები მათ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, ჩვენს დედაქალაქს გროზნოსა და ცხინვალის ბედი ელოდა, ხოლო ასეულობით ათას (!!!) ადამიანს სრული განადგურება.
    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დიპლომატიური საუბრისას(!) შემთხვევით როდი ახსენა ტერმინი «ანიგილაცია».
    როგორც ჩანს, რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა თვით ქართველი ერი და საქართველო (როგორც ქვეყანა) დაესაჯა ისე, რომ საუკუნეებით აღარ დაგვვიწყებოდა და თავისუფლებაზე ან ეროვნულობაზე გაფიქრებაც აღარ გაგვებედა საშვილიშვილოდ.
    ეს ნიშნავდა აგრეთვე ეკონომიკური და ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო-ფინანსური ინფრასტრუქტურის სრულ მოსპობას, სრულ მოთხრას და ქვეყნის დაბრუნებას ქვის ხანაში. ამის შემდეგ რუსეთის არმია დაბრუნდებოდა „სამხერთ ოსეთსა“ და ცხინვალში, ანუ სასიკვდილოდ მიაგდებდა დამწვარ - განადგურებულ, დაცარიელებულ ქვეყანას.
    სწორედ აქ, აი ამ მომენტში, ჩვენდა საბედნიეროდ, საქმეში ჩაერია დასავლეთი და ძალიან დიდი ძალისხმევით მიაღწია კომპრომისს – საქართველო და ქართველი ერი გადარჩა სრულ განადგურებას. თუმცა, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას . . . . იმ შეთანხმების შემდეგ, რომელიც პრეზიდენტმა სარკოზიმ ევროკავშირისა და ამერიკის სახელით მოსკოვში მიაღწია, რუსეთმა დაძრა სატანკო კოლონები და უბრძოლველად დაიკავა გორი.
    არსად წასვლას აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო ტრასიდან რუსეთი არ აპირებს. იგი კვლავინდებურად აკონტროლებს ორივე კონფლიქტურ ზონას და თავს ნუ მოვიტყუებთ, თითქოს დაუშვებს ამ კონფლიქტურ რეგიონებში უცხოელი «მშვიდობისმყოფელების» გამოჩენას.
    ნურც იმას დავივიწყებთ, რომ რუსეთმა აიღო პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი შეიარაღებული ძალების მოქმედებაზე, მაგრამ არანაირი პასუხისმგებლობა არ უკისრია იმაზე, რასაც მოიმოქმედებენ (მისი ფარული მითითებით) კოკოითის ბანდფორმირებები შიდა ქართლში და ბაღაფშის ბანდფორმირებები დასავლეთ საქართველოში.
    სამაჩაბლო მთლიანად დაცლილია ქართული მოსახლეობისაგან (ისევე, როგორც კოდორის ხეობა); ოსური ბანდები ძარცვავენ, აუპატიურებენ, აწამებენ ქართულ მოსახლეობას, წვავენ სახლებს და ა.შ.
    ამ პროცესების შესაჩერებლად რუსეთი საქართველოს უახლოეს მომავალში წაუყენებს (შინაარსობრივად უკვე წაუყენა კიდეც) ულტიმატუმს: აღდგეს ის სამშვიდობო ფორმატი (ოღონდ ქართული სამშვიდობო ბატალიონის გარეშე), რომელიც ომამდე არსებობდა და სამუდამოდ დაკანონდეს რუსეთის «სამშვიდობო ყოფნა», როგორც მინიმუმ, გორსა და ზუგდიდში.
    ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი წინააღმდეგობა კი (თუნდაც ხსენებული ბანდფორმირებების თავხედობის მიმართ) უეჭველად იქნება აღქმული, როგორც «საბრძოლო მოქმედებების განახლება» - შესაბამისი რეაქციით რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან.
    ფაქტობრივად ეს ყოველივე (საავტომობილო მაგისტრალების, კომუნიკაციების, ფოთის პორტისა და სანაპიროს კონტროლირებასთან ერთად) საქართველოს ოკუპაციას ნიშნავს.
    სამაგიეროდ, დასავლეთს შეეძლება თქვას, რომ საქართველოს თვით სიცოცხლე გადაარჩინა.
   

    მთლიანობაში კი, ის საზარელი ტრაგედია, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში დატრიალდა, 1988-1993 წლების მოვლენებთან გვაბრუნებს და კვლავ გვასწავლის, რომ ჩვენი საბრალო ქვეყნის ბედი სწორედ მაშინ, იმ უკვე შორეულ ეპოქაში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდა.
    ისტორიის მოტყუება კი შეუძლებელია.
    ყველამ ერთად უნდა დავლით ეს მწარე სამსალა და მაინც იმედით გავხედოთ ახლახანს დაწყებულ საუკუნესა და ახალ ათასწლეულს.
    ადამიანი – იმედია.
    ისევე, როგორც ერი.