ევროსაბჭოში საქართველოს მიღება კვლავ პრობლემაა

ევროსაბჭოში საქართველოს მიღება კვლავ პრობლემაა

 

    საქართველოში მყოფი ევროსაბჭოს მისია მუშაობას ასრულებს. ყველა შეხვედრისას დაფიქსირდა, რომ ქვეყანა შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც ამ ორგანიზაციაში მისაღებად არის აუცილებელი. დემოკრატიული განვითარების დონით საქართველო არავის ჩამოუვარდება, ტოტალიტარულ რუსეთთან კი მისი შედარებაც არ შეიძლება.
    რუსეთში არსებული სისტემა შეიძლება შეფასდეს, როგორც მონარქია. მიუხედავად ამისა, ეს ქვეყანა მაინც მიიღეს ევროსაბჭოში. საქართველოს საკითხი კი კვლავ იწელება და არ არის გამორიცხული, რომ ამჯერადაც უარი გვითხრან, ოღონდ «დემოკრატიის დონე» აქ არაფერ შუაში იქნება.
    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპიკერმა ლენი ფიშერმა (რომელიც ერთი წლის წინაც იმყოფებოდა საქართველოში) საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ განუცხადა, რომ ევროპას არ სურს იკისროს პასუხისმგებლობა იმ კონფლიქტებისათვის, რაც ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია. იგულისხმება კონფლიქტი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რუსეთის მაგალითი მისთვის არგუმენტი არ იყო - რუსეთი მაშინ მიიღეს ევროსაბჭოში, როდესაც ჩეჩნეთის ომი მიმდინარეობდა. მაგრამ რუსეთი რუსეთია, საქართველო კი - საქართველო. ჩვენს ქვეყანას ორმოცდაათი ათასი ატომური მუხტი არა აქვს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ეს «არგუმენტი» სასწორზე დააგდოს. რუსეთს სიკვდილით დასჯაც არ გაუუქმებია, მხოლოდ მისი ასრულება შეაჩერა. საქართველომ კი (ეს გამონაკლისია პოსტსაბჭოურ სივრცეზე) სპეციალური კანონი მიიღო სიკვდილით დასჯის თაობაზე. ევროსაბჭოს მისია შეხვდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს და ყველაზე მთავარი ინფორმაცია მიიღო: ქვეყანაში მასმედია არ იზღუდება, არსებობს აზრის თავისუფლად გამოთქმის პირობები. თვით «იბერია სპექტრის» მთავარმა რედაქტორმა - ირაკლი გოცირიძემაც კი (მას თითქმის ერთწლიანი დავა ჰქონდა პროკურატურასთან გაზეთის დახურვის გამო) ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: საქართველო აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს ევროსაბჭოშიო.
    ტარდება სამართლებრივი, მათ შორის, სასამართლო რეფორმა, გრძელდება ეკონომიკური რეფორმებიც, შემოდგომაზე ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები, მოქმედებს ომბუდსმენის ინსტიტუტი და ა.შ. მთლიანობაში საქართველო ნამდვილად აკმაყოფილებს ევროსაბჭოს სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, შეიძლება მაინც უარი გვითხრან. ჯერ ერთი, თითქმის დარწმუნებული ვარ, რუსეთის «გოსდუმის» დელეგაცია წელსაც, შარშანდელის მსგავსად, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების წინააღმდეგი იქნება. რუსმა დეპუტატებმა მაშინვე განაცხადეს: საქართველომ ჯერ კონფლიქტები მოაგვაროს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვას პრეტენზია ევროსაბჭოს წევრობაზეო. თითქოსდა, რუსეთმა თავად უკვე გადაწყვიტა ჩეჩნეთის საკითხი. საბრძოლო მოქმედებები კი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აღარ მიმდინარეობს. ევროპელთა უზნეო პრაგმატიზმი ალბათ ამ შემთხვევაშიც იჩენს თავს - ნუ გავანაწყენებთ რუსეთს. კავკასია კვლავ რუსეთის გავლენის სფეროდ აღიქმება და კავკასიურ სახელმწიფოთა ბედის განსაზღვრისას სტრასბურგში უპირველესად ისევ მოსკოვისაკენ იყურებიან. მოსკოვს კი ნამდვილად არ აძლევს ხელს საქართველოს მიღება ევროპულ ორგანიზაციაში, ვინაიდან ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზრდება და, შესაბამისად, მასაც გაუჭირდება, ძველებურად თავისუფლად «ინავარდოს». არადა, თუ ჭკვიანურად გამოიყენებ, ევროსაბჭოს დეპუტატობა ძალზე მძლავრი ბერკეტია, რათა აიძულო (დიახ, აიძულო!) ევროპული ორგანიზაცია, მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს ამა თუ იმ პრობლემის მიმართ; ითამაშო შინაგან წინააღმდეგობებზე სხვადასხვა დეპუტაციას შორის. ჯერჯერობით საქართველოს ამის საშუალება არა აქვს, ვინაიდან მან მხოლოდ სათათბიროს ხმა მოიპოვა.
    კიდევ ერთი პრობლემაა კავკასიის ქვეყნების ერთიანად თუ ცალ-ცალკე მიღება საბჭოში. თავდაპირველად სტრასბურგში რატომღაც აცხადებდნენ, რომ სამივე სახელმწიფო ერთად უნდა მიეღოთ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებდა უსამართლო, თითქმის კოლონიურ დამოკიდებულებაზე ამ ქვეყნების მიმართ. სინამდვილეში ხომ სამივე ქვეყანა დემოკრატიული განვითარების სხვადასხვა სტადიაში იმყოფება? მოსალოდნელია, რომ ჩვენი ძმები - სომხები აქაც დაგვასწრებენ და საქართველოზე ადრე გაწევრიანდებიან ევროსაბჭოში, ოღონდ ეს მოხდება არა მათი ქვეყნის განსაკუთრებული დემოკრატიულობის გამო, არამედ მძლავრი დიასპორის გავლენით.
    ბოლოს და ბოლოს, ქართულმა საზოგადოებამ ერთი რამ უნდა გააცნობიეროს: ევროსაბჭოს წევრობა ძალიან კარგია, მაგრამ საამისოდ ყოველგვარ ეროვნულ ღირსებაზე ხელის აღება, სახელმწიფოებრივ ინტერესთა უგულებელყოფა და თვით სამართლიანობის პრინციპის ეჭვქვეშ დაყენება ნამდვილად არ შეიძლება. ჯანსაღი საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ასეთი უნდა იყოს: მიგვიღებენ - ხომ კარგი, არადა, არც ამას ვაქცევთ ტრაგედიად.

მერიდიანი, 17 აპრილი, 1998 წ.