ელიავამ შოთა კვირაია უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო

ელიავამ შოთა კვირაია უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო

  

    1995 წელს, «მხედრიონის» ერთ-ერთ უკანასკნელ პრესკონფერენციაზე, ლონგი ჭელიძემ აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ «ხელისუფლება შეურიგდა კაკო ელიავას და იარაღიც კი მისცა». იგულისხმებოდა, რომ იმავდროულად ხელისუფლება სდევნიდა მხედრიონს, - მის მხსნელს 1993 წლის შემოდგომის მოვლენებისას
    კაკო ელიავა, სწორედ ის «ზვიადისტი» იყო, ვისაც ალყაშემორტყმული სოხუმიდან ჟიული შარტავა ყელგამოწვდილი ეხვეწებოდა დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ - ელიავა სანაცვლოდ დაპატიმრებული «ზვიადისტების» გათავისუფლებას მოითხოვდა.
    ეს «მოლაპარაკება» როგორ და რითი დამთავრდა, საყოველთაოდ ცნობილია.
    ელიავას რაზმი, რამდენიმე წლის განმავლობაში, სამეგრელოს ერთ-ერთ ყველაზე მიუვალ, ლუგელის ხეობაში იმალებოდა (ზოგიერთი ვერსიით, ის ახლაც ამ ხეობაში იმალება); ხეობა იმდენად მიუვალია, რომ იქ შეიარაღებული ძალით შეჭრას აზრი ნამდვილად არ ჰქონდა; ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებას ეს ძალზე დიდი სისხლის ფასად დაუჯდებოდა, ამიტომ კაკო ელიავას «შემორიგება» არჩიეს.
    შოთა კვირაიას «ინიციატივა», რა თქმა უნდა, ედუარდ შევარდნაძესთან შეთანხმებული იქნებოდა. სახელმწიფოს მეთაური მხოლოდ გარანტიებს ითხოვდა და ეს გარანტიები უშიშროების მინისტრისგან მიიღო, რომელიც, თავის მხრივ, ენდო ელიავას სიტყვას.
    სამი წლის განმავლობაში ელიავა არსად ჩანდა; თუმცა, ზოგიერთი მონაცემებით, იგი ერთ-ერთ პარტიზანულ რაზმს ხელმძღვანელობდა. ამასობაში კი, შოთა კვირაია თანამდებობიდან გაათავისუფლეს და სახლში «მყარად» დასვეს.
    სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, «ირიბად» სწორედ ეს გარემოება გამხდარიყო ელიავას მორიგი «ამბოხის» მიზეზი. ყოველ შემთხვევაში, მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ამგვარი ვერსია აბსურდული არ უნდა იყოს. კაკო ელიავამ ხომ სიტყვა სწორედ შოთა კვირაიას მისცა, რომელიც 1998 წელს მინისტრი უკვე აღარ იყო, ანუ მან ჩათვალა, რომ შეეძლო «თავისუფლად», სინდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე ემოქმედა.
    ასეა თუ ისე, ედუარდ შევარდნაძე აშკარად ნაწყენი ჩანს. ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შემთხვევით არ ახსენა უშიშროების ყოფილი მინისტრი, როდესაც ამბოხებისა და მორიგი «ღალატის» მიზეზებზე საუბრობდა.
    მაგრამ «განტევების ვაცის» როლი არც კვირაიას ეპიტნავა, ამიტომ მან ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა და ხელისუფლებას შეჰპირდა: «დამაკისრეთ პასუხისმგებლობა, მომანიჭეთ უფლებამოსილება და კაკო ელიავას «ციმციმ» მოგართმევთო»
    როგორც ჩანს, კვიარიას ამ გზით თავისი «შეცდომის» გასწორება სურდა.
    თუმცა, სავსებით ცხადია, რომ ელიავას მორიგი «განდგომა» უკვე სულ სხვა ვითარებაში, სულ სხვა გარემოში მოხდა.
    საქართველოსთვის სამი წელი მთელი ეპოქაა - თვით კაკო ელიავას განმარტება ამბოხთან დაკავშირებით (დავთვერით და წამოვედითო), ვიღაცას შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს. აქაოდა, ნავთობსადენი, გეოპოლიტიკა, სტრატეგიული ინტერესებიო, მაგრამ სინამდვილეში, ქართველებმა 1988 წლიდან იმდენი სისულელე ჩავიდინეთ, გასაკვირი არც ეს უნდა იყოს.
    შესაძლოა კაკო ელიავამ მთელი ამ წლების განმავლობაში გულში ბოღმა შეინახა და სამოქალაქო ომის დამთავრებიდან მეხუთე წელს, ერთხელაც, იქეიფა, შემდეგ ტანკები გამოიყვანა, ქუთაისს სიმბოლურად შეუტია - შოთა კვირაიასადმი მორალურ პასუხისმგებლობას, ზემოთხსენებული მიზეზით, ის უკვე აღარ გრძნობდა.
    დარწმუნებული ვარ, კვირაიას მინისტრის თანამდებობა რომ შეენარჩუნებინა, ეს არ მოხდებოდა.
    თუ ეს ვერსია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ კაკო ელიავას წინასწარვე ჰქონდა განზრახული გაქცევა ან, შესაძლოა, საქმე მხოლოდ სიმთვრალეში არ იყო და არ არის გამორიცხული, მას ერთგვარი უთანხმოებაც ჰქონოდა უშიშროების ახალ მინისტრთან ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან და რაიმე კონკრეტული მიზეზით იყო განაწყენებული.
    ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ არანაირი ლოგიკა, არანაირი გათვლა მის ქმედებაში არ ჩანს. ეს უფრო სპონტანური ამბოხი იყო, ვიდრე შემოქმედება.
    თუ ასეა, შოთა კვირაიას დასჯაც უაზრობა იქნება. იმ პირობებში მან თავისი ფუნქცია შეასრულა, ელიავა შემოირიგა, ხოლო სამეგრელოში ამბოხის ორგანიზატორი (ამ «მოტივაციით») «არაზვიადისტიც» შეიძლებოდა გამხდარიყო.

მერიდიანი, 28 ოქტომბერი, 1998 წ.