ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საბოლოოდ დაიშალა

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საბოლოოდ დაიშალა

  

    დეპუტატ შათირიშვილის პარლამენტიდან გაყვანის საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ატეხილი დავა უეჭველად მიუთითებს, რომ დაძაბულობა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორ განაყოფს შორის დღითიდღე მატულობს.
    მამუკა გიორგაძესა და ირინა სარიშვილს არც არასდროს ჰქონიათ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია, მაგრამ (მიუხედავად პარტიის დაშლისა) ღია კონფრონტაციას მაინც ერიდებოდნენ.
    არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ეს ანტაგონიზმი სულ უფრო აშკარა ხდება. სხვათა შორის, თუ «სახალხოელები» დღემდე აშკარად არ უპირისპირდებოდნენ ედპ-ს, - ეს გამოწვეული იყო წმინდა პრაგმატული მოსაზრებით: ჯერ ერთი, ქართული საზოგადოების მენტალიტეტიდან გამომდინარე «მეგობრის ცოლის ლანძღვა» უარყოფითად იქნებოდა აღქმული. გარდა ამისა, «სახალხო», ძალიან რთულ და ოსტატურ თამაშს აწარმოებს ერთდროულად რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან, რომელთაგან უმთავრესი მაინც «მოქალაქეთა კავშირია».
    უახლოესი წარსული ადასტურებს, რომ მმართველ პარტიასთან «სახალხოს» დაპირისპირება ადვილად შეიძლება შეიცვალოს თანამშრომლობით, თუმცა ბოლო დროს კონფრონტაცია სულ უფრო მწვავე ხდება, მაგრამ «მოქალაქეები» უეჭველად მოიგებენ, თუ დაიწყება აშკარა დაპირისპირება «ეროვნულ-დემოკრატიულ» პარტიასა და «სახალხოს» შორის.
    ასეთი დაპირისპირება სწორედ ამ უკანასკნელს არ აძლევს ხელს და არა სარიშვილის პარტიას, ვინაიდან ედპ ამით კიდევ უფრო მტკიცედ დამკვიდრდება იმ ერთობ მომგებიან პოზიციაზე, რომელიც უკვე მოიპოვა საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში.
    სხვათა შორის, ორი წლის წინ ზოგიერთი დამკვირვებელი გამოთქვამდა სერიოზულ ეჭვს: ხომ არ იყო «ეროვნულ-დემოკრატთა» გახლეჩა კარგად გათამაშებული სპექტაკლი იმ რთული და არაერთგვაროვანი სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც მაშინ არსებობდა ქართულ პოლიტიკაში? თითქოს ეს ვერსია დაუჯერებელია, მაგრამ «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას» იმდენი რთული პოლიტიკური ინტრიგა განუხორციელებია თავისი ისტორიის მანძილზე, რომ ეს გასაკვირი ნამდვილად არ იქნებოდა; თუმცა მოვლენათა განვითარებამ ცხადყო: «ინტერესთა თანხვედრა» არ შედგა. ოდესღაც ერთიანი და მონოლითური პარტია საბოლოოდ დაიშალა. ამჟამად მიმდინარეობს დაშლის უკანასკნელი სტადია, როდესაც კონფრონტაცია ღია და აშკარა ხდება.
    მაინც მგონია, რომ «სახალხო» ამ შემთხვევაში ძალიან სერიოზულ ტაქტიკურ შეცდომას უშვებს: აშკარა კონფრონტაცია მათ უფრო ნაკლებად აძლევთ ხელს, ვიდრე ეროვნულ-დემოკრატებს. მიუხედავად ამისა, ირინა სარიშვილზე უშუალო თავდასხმები უკვე დაუფარავი და დემონსტრაციულია. სარიშვილი ჯერჯერობით დუმს და «შემოტყუების» ტაქტიკას მიმართავს, მაგრამ შემდეგ იგი აუცილებლად გადავა კონტრშეტევაზე და «სახალხო» მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
    ზოგადად, ოპოზიციური პარტიისათვის, რომელიც მმართველ ძალასთან თვისებრივ კონფრონტაციაშია შესული (სწორედ, ასეთ პოზიციას ირჩევს «სახალხო») ყოველთვის საშიშია და წამგებიანი სხვა ოპოზიციურ ძალასთან დაპირისპირება.
    ერთადერთი კონტრზომა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს იმ ოპოზიციის დადანაშააულება ხელისუფლებასთან ალიანსში, რაც მამუკა გიორგაძემ სცადა საშემოდგომო სესიის პირველ დღეს, როცა მოქალაქეთა კავშირის «სატელიტ პარტიებზე» ისაუბრა. ერთ-ერთ ასეთ «სატელიტ» პარტიად მან უეჭველად ედპ იგულისხმა.
    «სახალხოელებს» (არა მარტო მათ, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც) აქვთ ეჭვი, რომ «მოქალაქეები» და «ეროვნულ-დემოკრატები» მომავალ არჩევნებში შეეცდებიან კომპრომისს მიაღწიონ და მანდატები «გაიყონ», მაგრამ ამ შესაძლო ალიანსის დაშლა რადიკალური (ანუ, როგორც სარიშვილი უწოდებს «უპერსპექტივო») ოპოზიციისათვის ძალიან ძნელი იქნება თუ ამთავითვე არ «ამხელენ» ედპ-ს.
    თანაც, სარიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია პარტიის წინააღმდეგ ბრძოლის გარეშე.
    თავისთავად ტრაგედიაა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ელიტა იძულებული ხდება საკუთარ პირმშოს დაუპირისპირდეს. მაგალითად, «შათირიშვილის ინციდენტთან» დაკავშირებით გიორგი კობახიძემ დაახლოებით ასეთი რამ თქვა: «ედპ-ს ყურში ჩასჩურჩულეს, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა, თუ შათირიშვილს პარტიიდან არ გაიყვანდა».
    დააკვირდით: კობახიძეს ხომ შეიძლებოდა ეთქვა «სარიშვილს ჩასჩურჩულესო», მაგრამ რადგან ეს წამგებიანია ზემოთნახსენები მიზეზის გამო, იძულებული გახდა «ედპ» ეთქვა, ანუ ის პარტია, რომელიც (გია ჭანტურიას სიცოცხლეში) მისთვის, ისევე როგორც სხვა «სახალხოელისთვის» ყველაფერი იყო, უკვე ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია.
    კობახიძემ არ შეიძლება არ იცოდეს, რომ ამით ძველ «ეროვნულ-დემოკრატიულ» პარტიასაც აყენებს ჩრდილს, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არა აქვს.
    ანუ ედპ მართლაც საბოლოოდ დაიშალა.
    კიდევ ერთი, ძალზე ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ «სახალხო» და «ედპ» ერთად არ ატარებენ გია ჭანტურიას ხსოვნისადმი მიძღვნილ სიმბოლურ ღონისძიებას.
    არადა, საქართველოში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!
    მაშასადამე დაპირისპირება, რომლის აფიშირება ბოლომდე მაინც არ ხდებოდა, ისეთ სიტუაციაში შევიდა, როცა «შუბი ხალთაში ვეღარ იმალება» და მხარეებს არც მიაჩნიათ საჭიროდ ამის დამალვა.
    ამ კონფრონტაციას (რიგი მიზეზის გამო) «სახალხო» უეჭველად წააგებს. ფაქტობრივად ისინი საკუთარ თავს უპირისპირდებიან ანუ ძალზე მძლავრ სისტემას, რომელიც თავად შექმნეს.

მერიდიანი, 18 სექტემბერი, 1998 წ.