ვახტანგ რჩეულიშვილი ბოდიშის მოხდას არ აპირებს

ვახტანგ რჩეულიშვილი ბოდიშის მოხდას არ აპირებს

   

    «მოქალაქეთა კავშირმა» სარჩელი შეიტანა მთაწმინდის რაიონის სასამართლოში «პატივისა და ღირსების დაცვის» მოტივით. მმართველი პარტია უჩივის სოციალისტთა ლიდერს ვახტანგ რჩეულიშვილს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა რამდენიმე თვის წინ «მოქალაქეებს» თანამდებობებით ვაჭრობაში დასდო ბრალი.
    კერძოდ, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა: მოქალაქეთა კავშირის» ოფისებსა და კაბინეტებში თანამდებობებით ვაჭრობა მიმდინარეობს... მინისტრის პოსტი რამდენიმე მილიონი დოლარი ღირსო
    ნიშანდობლივია, რომ «მოქალაქეები» საქმეს იწყებენ მხოლოდ ახლა, - როდესაც «ადგილობრივ არჩევნებამდე» სულ რამდენიმე კვირა დარჩა. რა თქმა უნდა, მოპასუხე უფრო წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე მოსარჩლე; ყოველ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით, ახლა სახალხო პროცესის გამართვა «სოციალისტური პარტიისათვის» ნაკლებ ხელსაყრელია.
    მიუხედავად ამისა, ვახტანგ რჩეულიშვილმა გამოწვევა მიიღო. ძნელი მისახვედრი არ არის, როგორი იქნება მისი ტაქტიკა: იგი თავად არ მივა პროცესზე, მის ინტერესებს კი შალვა რჩეულიშვილი დაიცავს; მაგრამ პროცესუალური თვალსაზრისით ეს ბოლომდე არ გამოვა, ვინაიდან მოპასუხე მაინც ვალდებულია სასამართლოს დაესწროს, მოსარჩლე მხარის ადვოკატს კითხვებზე უპასუხოს და ა.შ.
    რა თქმა უნდა, რჩეულიშვილს (როგორც დეპუტატს) ძალით ვერავინ მიიყვანს სასამართლოზე. მაგრამ «არგამოცხადებაც» ცუდად იქნება აღქმული საზოგადოებაში, ხოლო თუ რჩეულიშვილი მაინც მივა პროცესზე, იგი (ჟარგონით თუ ვიტყვით) «გადიშოვდება», ვინაიდან პროცესზე მისი მოწინააღმდეგე ხომ მაქსიმუმ «მოქალაქეთა კავშირის» პრესმდივანი იქნება და არა იმ პარტიის რომელიმე ლიდერი!
    გარდა ამისა, ცოტა არ იყოს გაუგებარია, როგორ ახერხებს თავის დაცვას რჩეულიშვილი. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ზემოთმოყვანილი ფრაზა მან ნამდვილად თქვა. ეს კი არათუ «შეურაცხყოფაა», არამედ დაუდასტურებლობის შემთხვევაში ცილისწამებაა და სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს. რჩეულიშვილი (ფორმალურად) ვალდებულია დაამტკიცოს, რომ «მოქალაქეთა კავშირი» მართლაც ვაჭრობდა მინისტრის პორტფელებით. თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განაჩენი და «სოციალისტთა ლიდერი» დაავალდებულოს უარყოს თავის განცხადება ან ბოდიში მოიხადოს მასმედიის იმავე საშუალებით, რომლითაც ცილისწამება გავრცელდა.
    არჩევნების წინ რჩეულიშვილისათვის ეს ძალზე წამგებიანი იქნება. იგი ბოდიშს რასაკვირველია არ მოიხდის, მაგრამ თავისთავად სასამართლოს განაჩენიც პოლიტიკურ ფაქტორად იქცევა. რჩეულიშვილს რჩება ერთადერთი არგუმენტი: «სასამართლოს მოქალაქეთა კავშირი აკონტროლებს», მაგრამ ვერც ეს არგუმენტი გაჭრის ბოლომდე, «სოციალისტური პარტია» უეჭველად შეეცდება პროცესის პოლიტიზაციას. ამის ნიშნებიც უკვე გამოჩნდა. რჩეულიშვილი «მოქალაქეებს» ბრალს დებს ბიუჯეტის შეუსრულებლობასა და ამის გამო «საქართველოს პატივისა და ღირსების შეურაცხყოფაში», მაგრამ სასამართლოსათვის ეს არავითარი არგუმენტი არ არის. პროცესზე გაირჩევა კონკრეტული საქმე: რამდენად შეესაბამება სიმართლეს რჩეულიშვილის განცხადება, რომ «მოქალაქეთა კავშირი» ვაჭრობდა თანამდებობებით.
    მთლიანობაში, «სოციალისტებისათვის» ეს პროცესი საარჩევნო კამპანიის დროს მეტად არასასურველი სიურპრიზია და როგორ გამოვლენ ისინი ამ მდგომარეობიდან, ძნელი სათქმელია.
    ცენტრალური ფიგურა ისევ და ისევ შალვა რჩეულიშვილი იქნება. თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, შალვა რჩეულიშვილმა «მოქალაქე» გიორგი ბარამიძეს წინა სასამართლო პროცესი ვერ მოუგო და საქმე «მორიგებით» დასრულდა.
    «მორიგება» და «შერიგება» კი ამ შემთხვევაში, მოპასუხისთვის ნაკლებ მომგებიანი იქნება, ვიდრე მოსარჩლისათვის.

მერიდიანი, 18 სექტემბერი, 1998 წ.