ზვიად გამსახურდიას იდუმალი სიკვდილი

ზვიად გამსახურდიას იდუმალი სიკვდილი

        1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში, სოფლის განაპირას მდებარე ერთ-ერთ სახლში ყრუ გასროლის ხმა გაისმა. ისროლეს «სტეჩკინის» ტიპის ავტომატური პისტოლეტიდან. ოფიციალური ვერსიით, სწორედ ამ პისტოლეტიდან გასროლით მოიკლა თავი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, როდესაც ახალ, 1994 წლამდე სულ ერთი დღე რჩებოდა.
        ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებით დასრულდა სამოქალაქო ომი, რომელიც ე.წ. დეკემბერ-იანვრის სისხლიანი გადატრიალებით დაიწყო, შემდეგ აფხაზეთის ომით გაგრძელდა და სამეგრელოში ბოლო შეტაკებით დასრულდა.
        24 სექტემბერს ქვეყანაში დაბრუნებული გამსახურდია სამეგრელოს ტყიან მთებში იმალებოდა ექსპრემიერ-მინისტრ ბესო გუგუშვილის, დაცვის უფროს რობინზონ მარგველანისა და სამიოდე პირადი მცველის ამარა. ხოლო ის ხუთი ათასამდე ქართველი, ლოთი ქობალიას მეთაურობით, რომლებიც ანაკლიის ბანაკში იყვნენ დისლოცირებული და გამსახურდიას სექტემბერში ზარ-ზეიმით დახვდნენ, უმალვე გაიფანტნენ, როგორც კი შეიტყვეს, რომ შევარდნაძემ დსთ-ში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
        «ახლა ამათ უკვე რუსები დაეხმარებიან, ხოლო რუსებთან ომს რა აზრი აქვს?» - ამბობდნენ მეომრები და სახლებში მიდიოდნენ.
        ზვიად გამსახურდია, ფაქტობრივად, მარტო დარჩა. მას სთავაზობდნენ ბათუმში გადასვლას და იქედან გროზნოში გადაფრენას, მაგრამ ასლან აბაშიძე (რომელიც შემდეგ გამსახურდიას მიმდევართა მისამხრობად მის მზეს ფიცულობდა) სასტიკი წინააღმდეგი იყო, რაკი ეშინოდა, რომ გამსახურდია აჭარაში დარჩებოდა, ჩეჩენთში აღარ გაემგზავრებოდა, რაც თბილისის იმდროინდელ ხელისუფლებას აჭარაში ჯარის შეყვანის საბაბს მისცემდა.
        ამის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ გალი-ოჩამჩირის საზღვარზე სცადა დამალვა, მაგრამ ეს უკვე აფხაზებს არ მოეწონათ და მუქარით გამოაძევეს.

იგორ გიორგაძის კვალი

        ბუნებრივია, ექსპრეზიდენტის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა საქართველოს უშიშროების იმდროინდელ მინისტრ იგორ გიორგაძეს, რომლის მსტოვრები ექს-პრეზიდენტს ფეხდაფეხ მისდევდნენ. სწორედ ამიტომ, დამხობილი ხელისუფლების ნარჩენი მუდმივად იცვლიდა ადგილსამყოფელს, ესე იგი სოფლიდან – ტყეში, კარავში, შემდეგ ისევ სოფელში გადადიოდა.
        სიცივისა და ნესტისაგან გამსახურდიას სიმსივნის პრობლემა გაუმწვავდა. ბოლოს იძულებულნი გახდნენ, ხიბულაში დარჩენილიყვნენ, საიდანაც, რამდენიმე დღის შემდეგ, უკვე მიცვალებული გამსახურდია ჯიხაშკარში გადაასვენეს და სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დაკრძალეს.
        იგორ გიორგაძე დღემდე ამტკიცებს, რომ ხიბულასაც და ჯიხაშკარსაც მისი აგენტები აკონტროლებდნენ, ხოლო დაახლოებით დეკემბრის 20 რიცხვისათვის, გამსახურდია და მისი დაცვა უკვე სპეცდანიშნულების ნაწილებით იყვნენ გარშემორტმულნი, რომლებიც მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ, რათა დაპატიმრების ოპერაცია დაეწყოთ.
        თუმცა ეს ოპერაცია აუცილებლად შევარდნაძესთან უნდა შეეთანხმებინათ. Eეს უკანასკნელი კი ყოყმანობდა: ყველაზე მეტად იმის ეშინოდა, რომ დაპატიმრებისას გამსახურდია ან მისი დაცვის წევრები ცეცხლს გახსნიდნენ, ორმხრივ სროლაში პირველი პრეზიდენტი დაიღუპებოდა და ზვიადისტების მუდმივ «დროშად» იქცეოდა, პრეზიდენტის მკვლელობისთვის კი პასუხისმგებლობა შევარდნაძეს დაეკისრებოდა. A
        ამიტომ იგი არ ჩქარობდა ბრძანების გაცემას, ხოლო გიორგაძე საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტილებას ვერ იღებდა მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვიდან, ესე იგი თავისი «მეორე პატრონისაგან» ბრძანება მიღებული ჰქონდა.
        ამ ვითარებაში რაღაცნაირად «ძალიან ლოგიკურად» (მეტისმეტად ლოგიკურად) «ჩაჯდა» ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა. ანუ ისე გამოვიდა, რომ იგი ბრძოლაში არ დაღუპულა, არც ტყვედ აუყვანიათ (გამსახურდიას სასამართლო პროცესიც სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა) და ვერც გროზნოში დაბრუნდა. ხოლო კამათი იმის შესახებ, რა მოხდა ხიბულაში 31 დეკემბრის გამთენიას, დღემდე არ წყდება.
        იდეალური ვარიანტია, რომელიც აბსოლუტურად ყველა მხარეს ხელს აძლევდა. იმდენად იდეალური, რომ ბუნებრივად გაჩნდა კითხვები და ეჭვები: მართლა მოიკლა თუ არა თავი ზვიად გამსახურდიამ? ხომ არ გახდა იგი ოსტატურად დაგეგმილი სპეცოპერაციის მსხვერპლი? რამდენად სანდონი იყვნენ მისი თანმხლები პირები და რამდენად დაეჯერებათ მონათხრობი?

პრეზიდენტ გამსახურდიას თხოვნა

        რამდენიმე წლის წინ, გამსახურდიას დაცვის უფროსმა, რობინზონ მარგველანმა ამ სტატიის ავტორს განუცხადა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც დაცვის წევრები ბუხართან ისხდნენ, ოთახში მოულოდნელად პრეზიდენტი შემოვიდა. Yყველანი ფეხზე წამოდგნენ და ზვიად გამსახურდიამ მათ სთხოვა: «ბიჭებო, ძალიან ცუდად ვარ და გამოსავალიც არ არის. Eეგება რომელიმე თქვენგანმა მესროლოთ და გამათავოთ, სიცოცხლეს აზრი აღარ აქვსო».
        ბუნებრივია, ამ თხოვნის თუ ბრძანების შესრულება ვერავინ გაბედა. რომც გაებედათ, ამის შემდეგ მაინც არავინ დაუჯერებდათ, რომ პრეზიდენტს მისივე თხოვნით ესროლეს. ზვიად გამსახურდიას ქვრივი, მანანა არჩვაძე პირდაპირ ადებდა ხელს გასახურდიას გარემოცვას, მათ შორის ლოთი ქობალიას, ზვიად ძიძიგურს და სხვებს – ზვიადი თქვენ მოკალითო. თუმცა, შესაძლოა, ქვრივს ის ამოძრავებდა, რომ სწორედ გამსახურდიას გარემოცვამ ურჩია მას დაბრუნებულიყო საქართველოში 1993 წლის სექტემბერში, ხოლო ოჯახი ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო. მანანა არჩვაძეც გულისხმობდა: «თუ პერზიდენტის დაცვის ან ომში გამარჯვების შნო არ გქონდათ, რაღას ეპატიჟებოდითო».
        Gგასულ წლებში, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საიდუმლო არაერთგზის ქცეულა პოლიტიკური სპეკულაციების საგნად, მაგრამ დღემდე ყველა წინადადება სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ უარყოფილ იქნა.
        მიზეზი გასაგებია: ედუარდ შევარდნაძეს არ აძლევდა ხელს ამ საქმის მუსირება იმის მიუხედავადაც კი, რომ კვალი იგორ გიორგაძისაკენ მიდიოდა. მაგრამ 1993 წელს გიორგაძე სწორედ შევარდნაძის ხელქვეითი იყო.

ზუსტად შერჩეული დრო

        არავინ ელოდა, თუ 2009 წელს ეს საქმე კვლავ ამოტივტივდებოდა, მაგრამ მოულოდნელად, «ქართული დასისა» და ჯონდი ბაღათურიას წინადადება საპარლამენტო უმრავლესობამ მოიწონა და პირველად, 1993 წლის შემდეგ, შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებს გამოიძიებს.
        თვით ჯონდი ბაღათურიამ ეს უცნაურობა «პრაიმ-ტაიმთან» საუბარში ასე ახსნა: «ჩვენ ზუსტად შევარჩიეთ დრო, როდესაც საკითხი უნდა დაგვეყენებინა».
        ანუ, იდეს ავტორი გულისხმობს, რომ მმართველ გუნდს «ტოპკა აუგდო» და «დარტყმამაც» არ დააყოვნა. მაგრამ რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა მმართველ პარტიას და გუნდს ამ საქმის გახსენება, მით უმეტეს საპარლამენტო კომისიის შექმნა?
        როგორც ჩანს, მიზეზი ისაა, რომ საქართველოში აშკარად გააქტიურდნენ პრორუსული ძალები, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ 1991-1993 წლების მოვლენებთან. არც თვით იგორ გიორგაძეა ბოლომდე «ჩამოწერილი» ანგარიშიდან (მოსკოვში) და არც თენგიზ კიტოვანი, რომელსაც მუხროვანის პუტჩთან აკავშირებენ, რაკი პოლკოვნიკი ოთანაძე და პოლკოვნიკი კრიალაშვილი, თავის დროზე, მისი თანამებრძოლები იყვნენ. ისევე, როგორც მუხროვანის პუტჩის იდეოლოგიური შემზადებისთვის დაპატიმრებული გენერალი კობა კობალაძე.
        გარდა ამისა, ჯონდი ბაღათურიამ «პრაიმ-ტაიმს» ისიც აცნობა, რომ კომისიას ნებისმიერი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირის დაკითხვის უფლება ექნება, ხოლო ქართული პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი (მათ შორის დღევანდელი ოპოზიციაც) უშუალოდაა დაკავშირებული 1993 წლების მოვლენბთან.
        ზვიად გამსახურდიას ტრაგიკულ აღსასრულში მათაც სერიოზული წვლილი შეიტანეს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის სერიოზული უპირატესობაა, რომ დღევანდელი პრეზიდენტი არც ერთი თვალსაზრისით არ უკავშირდება მაშინდელ მოვლენებს.
        საპარლამენტო კომისიის შექმნა აშკარად იმ მიზანსაც ისახავს, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ გაახსენდეს, რა დღეში ჩააგდეს იგი 15-20 წლის წინ უპასუხისმგებლო პოლიტიკანებმა, რომლებიც დღესაც არ იშლიან ახალ-ახალი «გადატრიალებებისა» და «რევოლუციების» მცდელობას.