ზვიადიზმის მზის ჩასვენება საქართველოში

ზვიადიზმის მზის ჩასვენება საქართველოში

      

        წინა კვირას, რუსთაველის გამზირზე განხორციელებულმა მცირე «დაგეგმილმა დავი-დარაბამ» სათავე დაუდო 2001-02 წლების «ზვიადისტურ» სეზონს, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები შეეცდებიან გამოიყენონ ცნობილ მოვლენათა «ათწლიანი იუბილეები» საპროტესტო მოძრაობის გასაშლელად.
        ახლოვდება პრეზიდენტის არჩევნების ათი წლისთავი (1991 წლის 26 მაისი), აგრეთვე, «შემოდგომის მოვლენეთა» იუბილეები, დეკემბერ-იანვრის 10 წლისთავი და ასე შემდეგ.
        მიუხედავად თარიღთა «სიმრგვალისა» (ყველა თვალსაზრისით), საეჭვოა, «ზვიადისტებმა» მნიშვნელოვან პროცესთა პროვოცირება მოახერხონ და ამის მთავარი მიზეზი მხოლოდ მათი გათიშულობა არ არის - მაგალითად, უცნობია, როგორი რეაქცია ჰქონდათ ამ მოძრაობის სხვა ნაწილებს მანანა არჩვაძის განცხადებაზე, რომ იგი უზენაესმა საბჭომ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშნა».
        გარდა ამისა, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების 10 წლისთავიც არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა - მანანა არჩვაძის მომხრეები აქტიურობდნენ, ხოლო «მეორე» და «მესამე» ფრთა არსად ჩანდა.
        ძნელი შესამჩნევი არ არის, აგრეთვე, რომ მოთხოვნები დაიყვანება «პოლიტპატიმართა» გათავისუფლებასა და შევარდნაძის გადადგომაზე, თუმცა, პრეზიდენტის გადადგომას რაც შეეხება, «ზვიადისტებს» აშკარად მოაკლდათ სიმწვავე და «გულმხურვალება», ვინაიდან დროთა განმალვობაში დაკარგეს მთავარი არგუმენტი, რომ ედუარდ შევარდნაძე «კრემლის შემოგზავნილია» საქართველოში და სურს «საქართველო ისევ რუსეთის იმპერიაში დააბრუნოს».
        დღეს მართლა გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, ეს სტერეოტიპი იწამოს და დაიჯეროს.
        ისიც საგულისხმოა, რომ «ზვიადისტების» დიდი ნაწილი რუსეთში გადასახლდა წლების განმავლობაში და ეს ბრალდება ისეთივე აბსურდული იქნებოდა, როგორც მოსკოვიდან მოთხოვნა «რუსეთის საოკუპაციო ჯარის ქართული მიწიდან გაყვანისა».
        მიაქციეთ ყურადღება: ეს «დაუვიწყარი» მოთხოვნა არც ამჟამად ისმის, ვინაიდან ელემენტარულად ღია კარის მტვრევა იქნებოდა: რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან უკვე შეუქცევადია. თუმცა, ისიც ნიშანდობლივია, რომ ეს პრობლემა 1999 წლის ნოემბრამდე არავის გაახსენდებოდა (არც «ზვიადისტებსა» და არც სხვებს) - «მარიონეტულ ხელისუფლებას» რომ არ მოგონებოდა.
        თანდათან კარგავს აქტუალობას «ზვიადისტების» მეორე თეზისიც: «კანონიერი ხელისუფლების» შესახებ. 1991 წლიდან - დღემდე ჩატარდა სამი საპარლამენტო და ორი საპრეზიდენტო არჩევნები. მათგან ორი საპარლამენტო და ორი საპრეზიდენტო - 1995 წლის კანონიერი გზით მიღებული ახალი კონსტიტუციის საფუძველზე.
        გაუგებარია, რატომ არის 1995 წლის კონსტიტუცია ნაკლებ «კანონიერი», ვიდრე 1991 წელს უზენაესი საბჭოს მიერ შესწორებული «ბრეჟნევის კონსტიტუცია»? ანუ ეს არგუმენტიც კარგავს დამაჯერებლობას.
        მით უმეტეს, რომ ექს-პრეზიდენტის მომხრეებმა ორჯერ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. მაშასადამე, მათი აქტიურობა (სურთ თუ არა) თავსდება ამჟამინდელი პოლიტიკური კონფიგურაციის ჩარჩოებში.
        «ზვიადისტები» უკვე აღარ არიან (ვეღარ არიან) «ანტისისტემური» ძალა. ამ ფუნქციას ისინი ვეღარასგზით შეასრულებენ - ძალიანაც რომ სურდეთ. მათი იდეოლოგია სიცოცხლისუნარიანობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა, თუ საქართველოს პოლიტიკური კურსი იქნებოდა «პრორუსული». ისიც მხოლოდ იმათთვის, ვინც მოსკოვში არ გაიქცეოდა სამხედრო გადატრიალების შემდეგ.
        გასული კვირის «შეხლა-შემოხლა» შეიძლება სხვა მაშსტაბებითა და სირთულით განმეორდეს, მაგრამ არსობრივად ამით არაფერი შეიცვლება: «ზვიადიზმმა» დაკარგა იდეოლოგიური საყრდენი და ვეღარც მოიპოვებს მას, ვინაიდან ამჟამინდელი ხელისუფლება (სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად) აღარასოდეს იქნება «კრემლის» ორიენტაციისა.
        სხვათა შორის, ამ მომენტს არა და არ ითვალისწინებს ის ხალხი, ვინც ერთმნიშვნელოვნად «პრორუსული» პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. გარდა იმისა, რომ ეს პოლიტიკა ელემენტარულად არაფერს მოიტანს რეალურად (არც ერთი თვალსაზრისით) - იგი შეიძლება სამოქალაქო ომის განახლების წინაპირობაც გახდეს.
       

 დილის გაზეით, 29 იანვარი, 2001 წ.