იმერელი, რომელიც ბერლინში შემხვდა.

ევროპამ ჩვეული `ფრთხილი` და ჭკვიანური ტექნოლოგიით `შემოგვაპარა` სავიზო რეჟიმის დე-ფაქტო აღდგენა:

2023 წლის ნოემბრიდან შენგენის ზონაში სამოგზაუროდ აუცილებელი გახდება სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსება, სადაც სავალდებულოა ყველა იმ დოკუმენტის ატვირთვა, რასაც თავის დროზე საკონსულოები მოითხოვდნენ.

მათ შორის შემოსავალი, საბანკო დეპოზიტების არსებობა, ცნობა სამუშაო ადგილიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

მარტო საქართველოს არ ეხება, ვიცი, მაგრამ..... ამით ქართველებს რა შეღავათი რო?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს ახალი წესი არანაირ (ან თითქმის არანაირ) დისკომფორტს და პრობლემას არ შეუქმნის იმათ, ვინც `უვიზოს` შემოღების შემდეგ ხშირად მოგზაურობდა ევროპაში და არც ერთხელ არ დაურღვევია 180-90 დღიანი წესი.

ასეთები(ც) ბევრი არიან მაგრამ....აი მათ კი, ვინც პირველად გადაწყვეტს ევროპაში მოგზაურობას 2023 წლის ნოემბრიდან, მაღალი ალბათობით ამ ერთგვარ `ვიზას`(ვიზა რომ არ ქვია) აღარ მისცემენ!

აქ გასათვალსიწინებელია რამდენიმე მომენტი

ა) ვისაც ევროპაში `გადაცხოვრება`, იქ მუშაობა და ზოგადად `წასვლა` უნდოდა, ის უკვე წავიდა 99%-ით ამ 6 წლის განმავლობაში, რაც 2017 წლიდან გავიდა.

საკმარისი დრო იყო

ბ) უნდა გვესმოდეს, რომ ევროპას, ჰუმანიტარული, PR-ული და სულაც ფინანსური მოსაზრებებით, ურჩევნია ამ ფორმით უთხრას უარი საქართველოს `საეჭვო` მოქალაქეს, ვიდრე უშუალოდ ევროპული ქალაქის აეროპორტიდან გააბრუნოს უკან, რადგან იქ მაშინვე წარმოიშობა სხვა პრობლემები: მისი კვების, დაბინავების, მკურნალობის სანამ უკან გამოაბრუნებენ და ა.შ.

და ეს მიუხედავად რეადმისიის (ესე იგი ქართული სახელმწიფოს ხარჯზე უკან წამოყვანის) ვალდებულებისა, რასაც საქართველო ზედმიწევნით ასრულებდა;

აქვე უნდა ვაღიაროთ: საქართველოს აეროპორტებში ფრანგი და გერმანელი მესაზღვრეების ფარულმა, შენიღბულმა განთავსებამ `ვერ იმუშავა`;

ბოლო 6 თვის განმავლობაში ქართველების მხრიდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი უკვე ისე გაიზარდა, მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან პროცენტული შეფარდებით ნიგერიას გადავისწარით.

მე ეს არ მიკვირს: ნიგერიელებს ქართველების `შნო-მარიფათი` რომ მისცა, აფრიკის ლიდერები იქნებოდნენ.

უკვე ტერმინიც კი გაჩნდა ქართულ სოციუმში`: `უნდა ჩავბარდე`....`მივდივარ, უნდა ჩავბარდე`......

მე პირადად შემხვდა ერთი იმერელი ბერლინის აეროპორტში, რომელსაც დავეხმარე მესაზღვრესთან საუბარში (ვუთარგმნიდი) და მერე აღმოჩნდა, რომ ჯიბეში 5 ევრო (!) არ ედო, რათა მატარებლის ბილეთი ეყიდა `ალექსანდრპლაცამდე`, სადაც მეორე იმერელი ელოდა.

ეს მეგობარი აეროპორტში უნდა დახვედროდა. თუმცა ვერ დახვდა. ამიტომაც მჯერა: არ უცრუია, რომ 5 ევროც კი არ ედო ჯიბეში.

`უნდა ჩავბარდეო` სწორედ მან მითხრა.

`უნდა ვიქურდოო` რომ ეთქვა, მთელი ჩემი ქართული სოლიდარობის მიუხედავად, არ დავეხმარებოდი.

არც მესაზღვრესთან და არც იმ ბილეთის ყიდვაში. თორემ 5 ევროს დედაც......

ზოგადად სამარცხვინოა რასაკვირველია, მაგრამ მოდით ნუ განვსჯით რა....იმათ გარდა, ვინც ერთი კარგი ქართული ტერმინით` სამამაძაღლოდ` მიდის იქ ანუ ქურდობისთვის.

თუ უნდა `ჩაბარდეს` - ჩაბარდეს` რა ვქნათ ახლა.

გ) ეს `ნოველლა` (ელექტრონული ფორმა) რაც ახლა ევროკავშირმა შემოიღო, რეალურად ძნელად აღასასრულებელი იქნება ბრიუსელისთვის კიდევ იმიტომაც, რომ..... ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა (პირველ რიგში პოლონეთი!) აშკარად დაინტერესებულია საქართველოდან მუშა-ხელის მიგრაციით.

ნახეთ მეგობრებო (აგერ არ არის?) რამდენ რეისს ასრულებს ქუთაისიდან უნგრული (!) `ვიზეარი` პოლონეთის 5 ქალაქის (!) მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე.

უბრალოდ გამაოგნებელია.

აბსოლუტურად გამორიცხულია პოლონეთის მთავრობა ამას დათანხმებოდა, დაინტერესებული რომ არ იყოს ქართველი ხელოსნების, მშენებლების, სანტექნიკოსების (სამარცხვინო პროფესია არ არსებობს - ყველა პროფესია და ხელობა საპატიოა-დ) ელექტრიკოსების, `მალიარების` ინფილტრაციით პოლონურ ეკონომიკაში.

პოლონეთის მთავრობას მოსწონს ქართველი `კაფელსჩიკები` და ზოგადად ხელოსნები. ისევე, როგორც ბერძნებს მოსწონთ ქართველი ძიძები.\

სხვაგვარად, ვარშავაც და ათენიც იპოვიდნენ (გარწმუნებთ, აუცილებალდ იპოვიდნენ) ფინანსურ, ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ მექანიზმებს, რათა ეს პროცესი ამ მასშტაბით არ დაეშვათ.

მაშასადამე, ამ სიახლის ძალაში შესვლის შემდეგაც კი, ქართველებს მაინც შეეძლებათ სწორედ `პოლონეთის ნებართვა` აიღონ და ჯერ პოლონეთში გაემგზავრონ და იქედან გადავიდნენ სხვა ქვეყნებში.

საკმარისი იქნება პროფესიის მითითება. თუნდაც პირველად მიდიოდნენ შენგენის ზონაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჰო, აქვე:

\ჩემი აზრი ბევრჯერ მითქვამს, რომ აბსოლუტურად ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ ამ დროებით სამუშაო ემიგრაციაში:

იმ ადამიანების 90% ვინც მართლა სამუშაოდ(!) წავიდა ევროპაში (პოლონეთში და სხვა ქვეყნებში) იქ სამუდამოდ არ გადაცხოვრებულა.

თანხებსაც რიცხავენ, მოხუცებს ინახავენ, ზოგჯერ ნათესავებსაც ეხმარებიან, მეგობრებსაც კი ეხმარებიან, სოციალურ დაძაბულობასაც არბილებენ და.....

ჩემს გარემოცვაში, მაგალითად, ანუ ჩემს სანათესავო-საახლობლო-სანაცნობო წრეებში, 30 ადამიანი ვიცი სახელობით, ვინც ბოლო 10-15 წლის მანძილზე ამერიკასა და ევროპაში` გადაცხოვრდა`.

ამ 30 ადამიანიდან 28-მ საქართველოში ან ბინა იყიდა, ან სახლი იყიდა, ან უმაღლეს დონეზე `გაარემონტა`.

სამუდამოდ რომ მიდიოდეს ამაში ფულს დახარჯავდა ადამიანი?

ვიაზროვნოთ არასტერეოტიპულად, არაპრიმიტიულად ანუ რთულად!

თურქმა ხალხმა 1950-60 იან წლებში ევროპაში `გადაცხოვრებულ` თურქებს ძეგლი დაუდგა:

`კადიკოეს` რაიონში რომ ბაღია მარმარილოს ზღვის პირას (გადასარევი ხედით ზღვაზე), იქ დგას ეს გულამოსკვნილი ძეგლი საბრალო ღარიბი მშრომელი კაცისა, შელახული ფეხსაცმელებით და შელახული ჩემოდნით რომ ემშვიდობება ოჯახს, ტრიალდება და მიდის დასავლეთისკენ.......

მილიონობით(!) იყვნენ ასეთები მაშინ.

ძეგლი წარწერით: `მათ დიდი წვლილი შეიტანეს სამშობლოს აყვავებაში`.

ვდებ აქვე ვიდეოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და....თითქოს სხვა თემაა, მაგრამ....ბერლინის აეროპორტში გაცნობილმა იმერელმა ბიჭმა იცით რა მითხრა, როცა ხელი ჩამოვართვი და გამოვემშვიდობე მატარებელში? (მე `ვარშავიანშტრასეზე` ჩამოვდიოდი): `ეს 5 ევრო როგორ დაგიბრუნოო?`

გულიც მიჩუყდება რომ მახსენდება: არანაირად ეს არ მიგრძნობინებია, `5 ევროს დედაც` მეთქი, მაგრამ იმას ხომ რაღაცამ აიძულა ეს ეთქვა?

`რა ძალა ადგა?`

ცხოვრებაში ვეღარ მნახავს, არც მე მითქვამს სახელი და გვარი, არც იმას.

ზუსტად ვიცი მხოლოდ, რომ იმერელია. მეც იმერელი ვარ, ბავშვობისას ზაფხულებს მაქათუბანში ვატარებდი და ეს ნაღდად არ შემეშლება. 100%.

მაშ რატომ მითხრა `5 ევრო როგორ დაგიბრუნოო`? რამ აიძულა?!

როგორც სჩანს, რაოდენ ტრივიალურადაც არ უნდა ჯღერდეს, ქართულმა სოციუმმა ისტორიულად რაღაც `ჩადო` ქართველის `მორალურ კონსტიტუციაში`, მაშასადამე იდენტობაში..... რაღაც ისეთი, რაც იმ `გულწრფელ` `5 ევროს` პირდაპირ აკავშირებს საკუთარი თავის პატივისცემასა და სიამაყესთან.

მე ნამდვილად არ ვიცი, რისთვის მიდიოდა იგი გერმანიაში: კი მითხრა `უნდა ჩავბარდეო`, მაგრამ არ გამოვრიცხავ სამამაძაღლოდაც მიდიოდა, თუმცა.... მაინც ხომ მითხრა ასე: `ეს 5 ევრო როგორ დაგიბრუნოო`.

ცხოვრებაში პირველად მნახა, მეც პირველად ვნახე, ვეღარასოდეს მნახავს, ვეღარასოდეს ვნახავ......

ეს `კონსტიტუციური გულანი` დიდმა ქართველმა მწერალმა (დიახ, დ ი დ მ ა ქართველმა მწერალმა!) ნოდარ დუმბაძემ აღწერა: გახსოვთ, ლიმონა დევდარიანი რომ ნაძარცვს დაუბრუნებს მსხვერპლს, როცა გაიგებს, მისი ქალიშვილი დის მეგობარია?

არ გინდათ მორალიზატორობა `გრუზინულ ბანდიტურ მენტალობაზე` - მესმის ყველაფერი; ვიცი ყველაფერი; გეთანხმებით ყველაფერში .....

უჰ რაც ჩვენ ამის გამო ვაკრიტიკეთ ცხონებული ნოდარი.....რაც ჩვენ ვაკრიტიკეთ: ``აბა ჰიუგომ ჟან ვოლჟანს ფუნთუშაღა მოაპარინა და....ამან ოქროო......რევოლვერიო......``

დიდმა მწერალმა სწორედ ამ `მძვინვარების პასუხად` დაწერა მერე `კუკარაჩა`.

ამით უნდოდა ეთქვა: `არა, მე კრიმინალი კი არ გამიმართლებია (თუმცა თავად ციხეში რომ იჯდა, ჯაბამ უპატრონა, რომელიც `ლიმონას` პროტოტიპი გახდა `ბაირაღებში` - დათო)- ამით სხვა რამის თქმა მინდოდაო.

ჰოდა.... მე როგორც ერთი კრიტიკულად განწყობილი მკითხველი, მაშინღა მივხვდი რისი თქმა უნდოდა დიდ ქართველ მწერალს, როცა ცივ და უცხო ბერლინში იმერელმა კაცმა მითხრა: `ეს 5 ევრო როგორ დაგიბრუნოო`, როცა აშკარად სამუდმოდ ვეთხოვებოდი.

ღმერთმა ხელი მოუმართოს კეთილ საქმეში(!) ან თუნდაც ლტოლვილობაში და.......ამ კაცს მოხუცი მშობლები თუ დედმამიშვილები დაავიწყდება, `რაც არ უნდა იყოს?`

გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა!

`რაც არ უნდა იყოს მეთქი`

უფალმა შეუნდოს ყოველი.

დათო

2023 წლის 5 იანვარი