ირანი და საქართველოს «აღმოსავლური ორიენტაცია»

ირანი და საქართველოს «აღმოსავლური ორიენტაცია»

 

    რამდენიმე დღის წინ რუსთავში, საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, იმყოფებოდა ირანის ისპაჰანის რეგიონის გუბერნატორი, რომელმაც ქართველ კოლეგებთან ერთად განიხილა მეტალურგიულ საწარმოში ირანული კაპიტალის ინვესტირების საკითხი; ხოლო ორშაბათს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ირანის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ჰაბიბი. მოლაპარაკებათა ძირითადი თემა კვლავ ირან-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობაა. მიუხედავად «ეკონომიკური აქცენტისა», ირან-საქართველოს ურთიერთობას ბოლო წლებში ნამდვილად გააჩნდა და ახლაც გააჩნია პოლიტიკური ქვეტექსტი; ჯერ კიდევ 1992 წელს, საქართველოში ახლადდაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე, მთელი მსოფლიოს დასანახად და «გულგრილი» დასავლეთის ჯინაზე, პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ ირანს ეწვია და ყვავილებით შეამკო ფუნდამენტალისტთა ლიდერის, აიათოლა ჰომეინის საფლავი.
    ეს ქართული პოლიტიკის პირველი პრაგმატული ნაბიჯი იყო; მიუხედავად ვაშინგტონის უკმაყოფილებისა, საქართველოს ლიდერმა 1994 წელს საქართველოში მოიწვია და განსაკუთრებულადაც უმასპინძლა ირანის პრეზიდენტს, ჰაშემი რაფსანჯანის. ამ ვიზიტის დროს პირველად განიხილებოდა «ევრაზიული დერეფნის» პროექტში ირანის მონაწილეობის თემაც.
    1993-94 წლებში, თბილისს, მოსკოვსა და თეირანს შორის მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები 31-ე ქარხანაში სუ-25 ტიპის ავიაგამანადგურებელთა ერთობლივი წარმოების თაობაზე. ირანი თავის თავზე იღებდა ამ სამხედრო პროექტის დაფინანსებას; რუსეთს უნდა მიეწოდებინა საქართველოსათვის ავიაგამანადგურებლის მაკომპლექტებელი დეტალები, ხოლო თვითმფრინავის აწყობა თბილისში უნდა მომხდარიყო.
    ეს გეგმა მოსკოვში შემუშავდა და იგი ძალზე ხელსაყრელი იყო რუსეთისათვის, ვინაიდან საქართველო ხდებოდა ერთგვარი «გადამცემი რგოლი» ირანის ისლამურ რეჟიმთან თანამშრომლობისათვის. მაგრამ ბოლო მომენტში შევარდნაძის ადმინისტრაციამ უარი თქვა პროექტის განხორციელებაზე, ვინაიდან იგი მოერიდა ვაშინგტონთან ურთიერთობის მეტისმეტად გამწვავებას.
    არ არის გამორიცხული, რომ შევარდნაძემ სამაგიეროდ გარკვეული გარანტიები მიიღო «თეთრი სახლისაგან» რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კრედიტებშიც გამოიხატა. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს თბილისში საერთოდ ჩაკვდა «აღმოსავლური ორიენტაციის» ფარგლებში ირანთან თანამშრომლობის იდეა. ეს იდეა კვლავაც ცოცხალია და სულ მალე ჰპოვებს თავის განხორციელებას რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებაში. განსაკუთრებით საქართველოს გავლით ირანული საქონლის (ნედლეულის) ტრანზიტის თვალსაზრისით. საქართველოს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა ამ შემთხვევაშიც აძლიერებს ჩვენს პოზიციებს: ირანი აზერბაიჯანს საკმაოდ ცივად ეპყრობა (ოფიციალური ბაქოს «პროთურქული» ორიენტაციის გამო) და აქტიურად თანამშრომლობს სომხეთთან, სომხეთის გავლით კი მას საშუალება აქვს რკინიგზით დაუკავშირდეს საქართველოს შავი ზღვის პორტებს, ფოთსა და ბათუმს, რათა გაიტანოს ნავთობი აღმოსავლეთ ევროპაში; ამრიგად, საქართველოს ეძლევა შანსი, საკმაოდ მძლავრი ბერკეტი იგდოს ხელთ რეგიონში საკუთარი გეოპოლიტიკური პოზიციების განსამტკიცებლად და (საჭიროების შემთხვევაში) აზერბაიჯან-თურქეთის სატრანზიტო ხაზი ერთგვარად «შეუთავსოს» (დააბალანსოს) ირან-სომხეთ-საქართველოს სატრანზიტო ხაზით.
    ამგვარი «ბალანსის» აუცილებლობა ნათლად გამოჩნდა «წითელ ხიდთან» აზერბაიჯანელ მესაზღვრეთა თავხედური ქმედების შედეგად. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს სატრანზიტო ხაზი თბილისში გადაიკვეთება.
    აზერბაიჯან-თურქეთის გეოპოლიტიკური ალიანსის პარალელურად, კავკასიაში ირან-სომხეთ-რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური კავშირის კონტურებიც იკვეთება. ზემოთთქმულის გათვალისწინებით, «ირანული» მიმართულება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ძალზე პერსპექტიულად უნდა ჩაითვალოს; რაც შეეხება ამ ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, იგი საკმაოდ მნიშვნელოვანია - ისლამისტებს ეყოთ გონიერება შაჰ რეზა ფეჰლევის მიერ საათივით აწყობილ ეკონომიკურ მექანიზმში არ ჩარეულიყვნენ. ვაშინგტონის «ემბარგომ» კი ირანს ბევრი ვერაფერი დააკლო ნავთობისა და სხვა სახის სტრატეგიული ნედლეულის კოლოსალური მარაგის წყალობით.

«მერიდიანი», 1 ნოემბერი, 1996 წელი.