ირინა სარიშვილი-ჭანტურიას რუბიკონი

ირინა სარიშვილი-ჭანტურიას რუბიკონი

        უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკვლევებით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ირინა სარიშვილი-ჭანტურია, საკმაოდ მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის; იმდენად მაღალს, რომ უკვე მის საპრეზიდენტო ამბიციებზეც კი საუბრობენ. მაგალითად, რესპუბლიკური პარტია, რომელიც ეროვნულ-დემოკრატებთან გაერთიანდა, ღიად აცხადებს, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ირინა სარიშვილი-ჭანტურიას 2000 წლის 9 აპრილის (!) საპრეზიდენტო არჩევნებზე იმ შემთხვევაში, თუ მას კოალიციის მოქმედ ფიგურათაგან ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნება.
        ეს «შენიშვნა» სრულიად უადგილოა, ვინაიდან იმთავითვე ცხადია, რომ ვერც ივლიანე ხაინდრავა, ვერც დავით ბერძენიშვილი (მით უმეტეს, «რესპუბლიკელთა» სხვა ლიდერები), ირინა სარიშვილი-ჭანტურიას რეიტინგით ვერ გაუტოლდება და ვერც გაუსწრებენ, ხოლო «მემარჯვენეთა» ზოგადი რეიტინგის შემცირება ქართული ელექტორატის თვალში, ყველა მათგანს პროპორციულად შეუმცირებს პოპულარობის დონეს.
        ელექტორატის ეს ნაწილი კვლავ ადასტურებს, რომ ოპოზიციურ მემარჯვენე ფიგურათა შორის უპირატესობას სწორედ ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ანიჭებს, მაგრამ რამდენად მაღალია სინამდვილეში ეს რეიტინგი საერთოდ, საარჩევნო მოთხოვნათა მიხედვით? რამდენად საკმარისია იგი სერიოზული პოლიტიკური პრეტენზიისათვის? წინასწარი ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ ნამდვილად არ არის საკმარისი.
        უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკითხვა არასრულყოფილია ზოგადადაც (როგორი მექანიზმითაც არ უნდა ჩატარდეს იგი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე) და მით უმეტეს, არასრულყოფილია საქართველოში, სადაც გამოკითხვები უმრავლეს შემთხვევაში, ყოველგვარი ტექნოლოგიის დარღვევით ტარდება.
        «გამოკითხვები» ტარდება ძირითადად ტელეფონით; თანაც მხოლოდ თბილისში, რაც ნამდვილად არ იძლევა ობიექტურ სურათს. ირინა სარიშვილი-ჭანტურია კი ადგილობრივი არჩევნების წინ ერთხელ უკვე შეიყვანეს შეცდომაში – როდესაც ზუსტად ვერ გათვალა, თუ რომელ «უბანზე» უნდა მოეხდინა ძალისხმევის კონცენტრაცია. ამის შედეგი იყო სწორედ 15 ნოემბრის სასტიკი მარცხი, როდესაც თბილისში ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ სახალხოელებთან წააგო არჩევნები თუმცა, მთელი საქართველოს მასშტაბითაც «ვარსკვლავები არ მოუწყვეტია».
        იგივე შეიძლება განმეორდეს პიროვნულ რეიტინგთან დაკავშირებითაც; რა თქმა უნდა, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ფიგურა ყოველთვის იქნება აქცენტირებული ქართველ პოლიტიკოსთა პირველ ათეულში, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისაგან იმით განსხვავდება, რომ მისი მონაწილენი მხოლოდ აბსოლუტურ წარმატებას ელტვიან. პრეზიდენტი ან ხარ, ან არა ხარ – განსხვავებით თუნდაც საპარლამენტო არჩევნებისაგან, რომლის დროსაც შეიძლება მოიპოვო ხმების 6 პროცენტი, ან შეიძლება მოიპოვო 18 პროცენტი – ორივე შემთხვევაში, ეს მეტ-ნაკლები წარმატება იქნება.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, საპრეზიდენტო არჩევნებისას პოლიტიკოსები მოქმედებენ პრინციპით «ყველაფერი ან არაფერი». წარუმატებლობაც განიხილება მხოლოდ როგორც მომავალი წარმატების ფაქტორი, - მონაწილეობის დაფიქსირება, გამოცდილების შეძენა და ა.შ.
        აქედან გამომდინარე, საბოლოოდ მაინც არ არის ძნელი გასათვლელი, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოესი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რომელშიც ირინა სარიშვილი-ჭანტურიას შანსები (მიუხედავად «ეროვნულ-დემოკრატთა», «რესპუბლიკელთა» ან «დასის» მხარდაჭერისა) ზუსტად ნულის ტოლია. იგი საკუთარი თავის «დაფიქსირებას» შეძლებს და ნამდვილად არ იქცევა «კარიკატურულ კანდიდატურად», როგორც ვთქვათ, ზოგიერთი ანეკდოტური მოღვაწე 1995 წლის კამპანიისას, მაგრამ სერიოზული საპრეზიდენტო ამბიციისთვის ეს საკმარისი მაინც არ არის.
        გარდა ამისა, ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ უეჭველად უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პოლიტიკური მომავლისათვის საბედისწერო მნიშვნელობა ექნება 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებს. სწორედ ეს არჩევნები იქცევა რუბიკონად, რომლის გადალახვის შემთხვევაში სარიშვილი-ჭანტურია დარჩება პოლიტიკურ ოლიმპზე, შეინარჩუნებს ადგილს ქართულ პოლიტიკაში, ხოლო მარცხის შემდეგ, შეიძლება სამუდამოდ დაინთქას ისტორიის მოუსავლეთში. ამ დებულებას განსაკუთრებული ახსნა არც ესაჭიროება, - არსებული კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური სისტემა ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ პოლიტიკოსი ვერ შეძლებს გავლენის შენარჩუნებას გარკვეული გუნდის, პარტიის გარეშე.
        1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება (ანუ 5-პროცენტიანი ბარიერის მიღმა დარჩენა - ყველა სხვა ვარიანტი ედპ-სთვის ასე თუ ისე, წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს) იმის მანიშნებელი იქნება, რომ ქალბატონმა ირინამ დაკარგა პარტია, რაც მისი პოლიტიკური აღსასრულის მომასწავებელი გახდება;
        მით უმეტეს, ედპ-ს სპეციფიკის გათვალისწინებით: ამ პარტიაში შეურიგებელი განხეთქილება მოხდა სწორედ ქალბატონ ირინას გარშემო. დღემდე არც ერთმა მხარემ არ აღიარა მთავარი: სარიშვილი-ჭანტურიას მოწინააღმდეგეები იმდენად მამუკა გიორგაძის მომხრეები არ იყვნენ, რამდენადაც ირინა სარიშვილი-ჭანტურია არ სურდათ პარტიის თავმჯდომარედ – ეს კი ერთი და იგივე არ არის.
        ამის გათვალისწინებით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ედპ-ს მარცხი უმალვე კვლავ «ააფეთქებს» ორი წლის წინანდელ დისკუსიებს, რისი ნიშნებიც 15 ნოემბრის არჩევნების შემდეგ უკვე იგრძნობოდა. ძალიან მცირე «შეღავათია» ირინა სარიშვილი-ჭანტურიასათვის ის, რომ შეუძლია მაჟორიტარულ ოლქში კენჭი იყაროს საქართველოს პარლამენტის წევრად და თავად გახდეს დეპუტატი იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარტია 5 პროცენტიანი ბარიერის მიღმა დარჩება; მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით 15 ნოემბრის არჩევნების შედეგებს, უეჭველად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ადგილობრივი არჩევნების დროს ელექტორატი რაიონებში მართლა პარტიას აძლევდა ხმას ან ამ პარტიის «ადგილობრივ ლიდერებს» და არა თბილისში მყოფ პარტიის თავმჯდომარეს.
        გაიმარჯვებს თუ არა იგივე «თავმჯდომარე» რაიონის მაჟორიტარულ არჩევნებში, როდესაც ადგილობრივ (რეგიონულ) ელიტას საკუთარი კანდიდატურა ეყოლება პარლამენტში წარსაგზავნად, - კიდევ საკითხავია.
        ზემოთქმულიდან გამომდინარე, ირინა სარიშვილი-ჭანტურიასათვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საბედისწერო მნიშვნელობა ენიჭება. იგი ამას ნამდვილად ხვდება და სწორედ ამიტომ მიდის ორიოდე წლის წინ წარმოუდგენელ ნაბიჯზე - კოალიციას ქმნის თუმცა იდეურად მონათესავე, მაგრამ მაინც ისეთ პარტიასთან რომელთანაც კარგი ურთიერთობა ეროვნულ-დემოკრატებს არასოდეს ჰქონიათ. უფრო პირიქით, - ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული იყო. ასეც რომ არ ყოფილიყო,M ედპ-სთვის ნებისმიერი კოალიცია დასუსტების აღიარებაა.
        მაგრამ ამჯერად, ქალბატონ ირინას სხვა გზა არა აქვს. 15 ნოემბრის მარცხმა (ეს ძალიან სერიოზული მარცხი იყო) მისი პოზიციები სერიოზულად შეარყია. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების (5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის) გარეშე კი საპრეზიდენტო მარათონში სერიოზულად ჩართვაზე საუბარიც ზედმეტია.
        რასაკვირველია, 2000 წლის საპრეზიდენტო კამპანიას ირინა სარიშვილი-ჭანტურია აღიქვამს, როგორც «საპრეზიდენტო ელიტარულ კლუბში» პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში ხელმეორე კრახის შემთხვევაში იგი თანდათან შეიძლება იქცეს «არათვითკმარ» (ანუ «თვითუკმარ») პოლიტიკურ ფიგურად. კაცმა რომ თქვას, ჯერ არავის განუჭვრეტია რა ზემოქმედებას მოახდენს 15 ნოემბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგი ელექტორატის იმ ნაწილზე, რომელმაც მაშინ ედპ-ს მისცა ხმა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა პარტიის საერთო წარუმატებლობის გამო.
        ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ ბოლო ხანს თავად აირჩია ისეთი პოლიტიკური ტაქტიკა (თუმცა, როგორც ჩანს, სხვა გზა არ ჰქონდა), რომლის შესაბამისად, კახა თარგამაძესთან დამარცხება (მაშინ, როდესაც მანამდე ყველა დაამარცხა ავთო მარგიანიდან – ვარდიკო ნადიბაიძემდე) მისი ელექტორატის მიერ მაქსიმალისტურად აღიქმება - სათანადო სავალალო შედეგით პოლიტიკურ რენომეზე.
        ნიშანდობლივია, რომ ნოემბრის არჩევნების შემდეგ დღემდე სარიშვილმა ფაქტობრივად, ახალი ვერაფერი შესთავაზა ამომრჩეველს, - ისევ და ისევ, «კოალიციის» გარდა, რაც აგრეთვე უარყოფითად იქნება აღქმული ერთიანი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ელექტორატის მიერ.
        ეს ელექტორატი 1999 წლის ოქტომბერ-ნოემბერში შეიძლება აგრეთვე გადაიხაროს სახალხო პარტიისაკენ; თუმცა, ამგვარი «გადანაწილება» ალბათ ვერც ამ უკანასკნელს უშველის.
        თუ მოვლენები ასე განვითარდა, ეს ქართული პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება, თუმცა არცთუ ულოგიკო.

მერიდიანი, 19 აპრილი, 1999 წელი