ისტორიული წინაპირობა

ისტორიული წინაპირობა - ეროვნული მოძრაობა

ისტორიული წინაპირობა

აფხაზური პრობლემა დღემდე მრავალმხრივ იდუმალებითაა მოცული და მეცნიერთათვის იმდენადვე საინტერესოა, როგორც ფერმას დიდი თეორემა, რომელიც ბოლო დრომდე ვერაფრით ამოხსნეს.
    დღემდე ვერაფრით ხსნიან მრავალ უცნაურობას, რაც ქართულ-აფხაზური ფენომენისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, თვით გუდაუთელი აფხაზებიც კი ანთროპოლოგიურად კოლხურ ტიპთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ადიღურთან. ამავე დროს, ენობრივი თვალსაზრისით ისინი იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის სულ სხვა (აფხაზურ-ადიღეურ) შტოს განეკუთვნებიან. შეიძლება ითქვას, ეს უნიკალური შემთხვევაა, რომელსაც რაციონალური ახსნა თითქოს არ მოეძევება. ამასთანავე, მეგრულში გვხვდება აფხაზურიდან შეთვისებული მორფემები და ლექსიკა. მეორეს მხრივ, თვით ადიღურ ენებშიც მოიძევება ქართულიდან ნასესხობები, რაც უდავოდ მიუთითებს ორი ხალხის უმჭიდროეს კავშირ-ურთიერთობებზე არათუ საუკუნეთა, არამედ ათასწლეულთა განმავლობაში.
    ეს პრობლემა წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით არც ოდესმე განუხილავთ – იგი ორმხრივ პოლიტიზირებული იყო ყოველთვის.
    თუ მხედველობაში არ მივიღებთ უნიჭიერესი ქართველი მეცნიერის, პავლე ინგოროყვას აშკარად შეკვეთით შეთხზულ კონცეფციას (აბასხ-მოსხ) რომლითაც იგი აფხაზთა (აფსუათა) ქართული (მესხური) წარმომავლობის დამტკიცებას ცდილობდა, მაშინ, ძალიან მოკლედ, ქართულ-აფხაზური ფენომენის ისტორიული განვითარების შემდეგი სურათი იკვეთება:
    იბერიულ-კავკასიური ერთობის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ორივე ეთნიკური ერთეული სახლობდა. ამაზე მეტყველებს აშკარად ადიღური ტოპონიმიკა, რომელიც არცთუ უხვად, მაგრამ მაინც გვხვდება თანამედროვე დასავლეთ საქართველოს (აჭარის, გურიის, სამეგრელოს) ტერიტორიაზე.
    ასევე თვით ლეგენდარული ძველი კოლხეთი - იგი ნამდვილად ზანურ-ადიღური გერთიანება იყო. გავიხსენოთ, რომ მედეას ძმას აფსირტე ერქვა.
    მეორეს მხრივ, კოლ-ხი და არგ-ო რომ ზანური (ქართული) წარმომავლობისაა და ახალი კოლხეთიც (ეგრისი-ლაზიკა) ზანური იყო - ამაზეც არავინ დავობს.
    მეცნიერთა დიდი ნაწილის აზრით, აფხაზურ-ადიღური ერთობა დაახლოებით ძვ. წღ. 13-12 საუკუნეებიდან დაიძრა მცირე აზიიდან - შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ - ჩრდილოეთისაკენ, დატოვა კვალი ამ რეგიონში და საბოლოოდ, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უკიდურეს დასავლეთ მთაგრეხილის ორივე მხარეს დასახლდა.
    პირობითად თუ ვიტყვით: საკუთრივ აფსუები შავიზღვისპირეთში დარჩნენ დაახლოებით თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ადიღეველები და ჩერქეზები კი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთებზე დასახლდნენ.
    მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აფსუანურ ეთნიკურ ერთეულს უმჭიდროესი კავშირი ჰქონდა ქართულთან (მეგრულთან). სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მათგანი დომინირებდა და იქნებ სწორედ ამით აიხსნება ზემოთ ნახსენები უცნაურობანი (თუმცა, ანთროპოლოგიურ გამოცანას ვერც ეს ხსნის ბოლომდე).
    ბიზანტიის ეპოქაში შავიზღვისპირეთისა და კავკასიის უდიდესი ნაწილის ისტორია იმპერიის სივრცეში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა. გეოპოლიტიკურმა რეალიებმა განაპირობა სამხრეთ კავკასიაში მანამდე დაქუცმაცებული ერთობების კონსოლიდირება მძლავრ სახელმწიფოებრივ ერთეულად. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა აფსუას ეთნიკური ელემენტიც: ქართული მიწების შეკრება მაშინ დაიწყო, როდესაც ლეონ-II - მ დაიპყრო დასავლეთ საქართველო და აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი ანაკოფიიდან - ქუთაისში გადმოიტანა.
    თუმცა «დაპყრობა» ამას არც შეიძლება ეწოდოს, ვინაიდან არ არსებობს ცნობა რაიმე ნგრევის, ბრძოლების, სისხლისღვრის თაობაზე. ამით სავსებით აშკარა ხდება, რომ ჩრდილო-დასავლეთიდან ქუთაისისაკენ მოდიოდა არა უცხო ძალა, არამედ ქართული სამყაროსათვის მახლობელი, სისხლხორცეული, ერთიან პოლიეთნიკურ და კულტურულ სამყაროში შემავალი ფენომენი, რომელმაც შემკრები ფუნქცია იტვირთა. აფსუები (ისინი ეთნიკურად ქართველები არ ყოფილან და არაქართველურ ენაზე ლაპარაკობდნენ) სახელმწიფოებრივად ქართველებად იქცნენ ანუ აფხაზებად, რაც იმ ეპოქაში ერთი და იგივე იყო.
    საყოველთაოდ ცნობილია ცნება «აფხაზის» სამმაგი მინიშვნელობა: ვიწრო ეთნიკურიდან - სახელმწიფოებრივამდე. ოღონდ ამ ერთობაში (რაც სავსებით ბუნებრივია) კულტურულად ქართული ფენომენი დომინირებდა: სამხრეთ – დასავლეთიდან და სამხრეთიდან წამოსულმა ქართულმა კულტურულმა ფენომენმა IX–X საუკუნეებში სახელმწიფოებრივი ფუნქცია შეიძინა. მეტაფორულად თუ ვიტყვით, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან - ქუთაისისაკენ «წიგნი» მოდიოდა, ხოლო დასავლეთიდან (ჩრდილო-დასავლეთიდან) - «მახვილი». მათმა ერთობლიობამ შექმნა «აფხაზთა სამეფო», რომელიც შინაარსობრივად ქართული სახელმწიფო იყო.
    აფხაზური დინასტიური ხაზის გაწყვეტის შემდეგ, როდესაც (975 წელს) სამეფოს ტახტზე ბაგრატ III ავიდა, - იგი დინასტურადაც ქართული გახდა.
    აფხაზური ეთნიკური ერთეულის კვალი ამ სახელმწიფოს მაინც კიდევ დიდხანს გაჰყვა. ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც თამარის მემკვიდრის სახელი: გიორგი - ლაშა (ალაშა - აფს. «ნათელი», «ბრწყინვალე»).
    აფსუას - აფხაზად ქცევა იმას ნიშნავდა, რომ აფსუა ეთნოსი შემოვიდა სახელმწიფოებრივად ქართულ სამყაროში და ეთნიკურადაც იწყო ქართველი ერის შემადგენლობაში შემოსვლა. წარმოიშვა ეთნიკური სიმბიოზი, რომელსაც ძალიან ღრმა ისტორიული ფესვები ჰქონდა. აფხაზი გახდა კულტურულ-კონფესიურად ქართველი ანუ სახელმწიფოებრივად ქართველი ესე იგი (დიდი პირობითობით) საქართველოს მოქალაქე - თუმცა კი ეთნიკური წარმომავლობით ქართველი არ ყოფილა.
    ოღონდ ამ ფენომენის აბსოლუტიზირებაც არ შეიძლება (ისევე, როგორც უდიდესი შეცდომაა სხვადასხვა, ხშირად თვისებრივად განსხვავებულ ეპოქათათვის დამახასიათებელ რეალიათა ერთმანეთზე პროეცირება): იმ ეპოქაში აფხაზები «სახელმწიფოებრივად ქართველები» იყვნენ დაახლოებით იმ აზრითვე, როგორც ჩვენ ვიყავით «სახელმწიფოებრივად რუსები» - საუკუნეთა განმავლობაში, როცა რუსულ სახელმწიფოში ვცხოვრობდით. ამ გარემოებას ვერ ცვლის ის ისტორიული ჭეშმარიტება, რომ რუსეთისათვის საქართველო დაპყრობილი ტერიტორია იყო, ხოლო საქართველოს აფხაზეთი არასდროს დაუპყრია: აქ საუბარია სახელმწიფოებრივ და ეთნიკურ თვითიდენტიფიკაციაზე.
    აფსუებმა, ისევე, როგორც ქართველურმა ეთნოსებმა (მეგრელებმა და სვანებმა) აღიარეს ქართის კულტურული დომინანტი, ქართის ენა - სახელმწიფოებრივი ფუნქციის მატარებლად და ცნეს ამ ფენომენის აღმატებულობა. ქართის კულტურამ ეთნიკური პლასტის სიღრმეშიც იწყო შეღწევა. მეგრელები და სვანები, მასაში, მანამდე, რა თქმა უნდა ყოფით დონეზე ლაპარაკობდნენ მხოლოდ მეგრულად და სვანურად. მათ ქართის ენა შეიძლება არც იცოდნენ, მაგრამ რაკი ქართულმა სახელმწიფოებრივი ფუნქცია შეიძინა, მას დაეუფლა ჯერ ელიტა, შემდეგ, - ეთნიკური პლასტის სხვა შრეთა წარმომადგენლებიც. თუმცა სამეგრელოში დღემდე შეხვდებით მოხუცებს (განსაკუთრებით ქალებს, რაც ნიშანდობლივია), რომელთაც მეგრულის გარდა არც ერთი ენა არ იციან.
    მით უმეტეს რთულად განვითარდა ეს პროცესი ეთნიკურად არაქართულ (არაქართველურ) აფსუებში. ამის მიუხედავად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას: რომ არა მონღოლთა აგრესია და XIII საუკუნუდან ქართული სახელმწიფოს განუხრელი დეგრადაცია, ბოლოს კი (XV ს) მისი დაშლა, - აფსუათა შემოსვლა (ასიმილაცია) ქართულ ფენომენში შეუქცევად ხასიათს მიიღებდა და დღეს აფხაზები, ცნობიერად დაახლოებით ისეთივე ქართველები იქნებოდნენ, როგორც მეგრელები და სვანები არიან.

    XV საუკუნის შემდეგ, ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცე აღარ არსებობდა. . . ერთიანი კულტურული და რელიგიური სივრცე ნაწილობრივ კვლავინდებურად შენარჩუნებული იყო, მაგრამ სახელმწიფოებრივი საყრდენის გარეშე ისიც თანდათან კარგავდა ძალმოსილებას. აფხაზური ელემენტი თანდათანობით (ოღონდ განუხრელად) შორდებოდა ქართულ სამყაროს.
    ეს ხანგძლივი პროცესი იყო - აფხაზური ელიტა XIX საუკუნემდე ქართულენოვნად რჩებოდა. თურქეთის ექსპანსიამ აფხაზეთში ისლამი შემოიტანა - ეს უკვე ძალიან სერიოზულ მიჯნას გულისხმობდა. მით უმეტეს იმ ეპოქაში. აფხაზეთი ნელ-ნელა იძენდა (იბრუნებდა) თვითმყოფადობას და შორდებოდა საქართველოს, ქართულ სამყაროს. მაგრამ კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, გეოპოლიტიკური რეალიები თავისას შვრებოდნენ: აფხაზეთი ერთიანი ისტორიული არეალის სუბიექტად რჩებოდა და საქართველოსთან უფრო მეტად ურთიერთმოქმედებდა, ვიდრე თურქეთთან ან (მით უმეტეს) ჩრდილოეთ კავკასიასთან.
    XVIII საუკუნეში, როდესაც სამეგრელო საშინელმა ანარქიამ მოიცვა, აფხაზეთში დაიწყო მეგრული ეთნიკური ფენომენის შეღწევა: იმ აფსუათა 80-90 პროცენტი დღევანდელ აფხაზეთში, რომელთაც მეგრული გვარები აქვთ და რომელთა მამა-პაპამ აფსუანურის გარდა სხვა ენა არ იცოდა, სწორედ XVII-XVIII საუკუნეში აფხაზეთში გადასახლებულ და შემდეგ ასიმილირებულ (გააფსუებულ) მეგრელთა შთამომავლები არიან.
    მეცნიერთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მეგრულ გვარებს აფსუებს ქრისტიანი მღვდლები ნათლობისას აძლევენ და ასე შემდეგ.
    ორივე ვერსია უფრო სარწმუნოა, ვიდრე ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული აშკარად მცდარი და ყალბი სტერეოტიპი, რის თანახმადაც, «მეგრულგვარიანი აფხაზები» მხოლოდ XX საუკუნეში გააფხაზდნენ, რათა «პრივილეგიები მიეღოთ საბჭოთა ხელისუფლებისაგან» - განსაკუთრებით პოსტსტალინისტურ ეპოქაში. ასეთებიც იყვნენ რასაკვირველია, მაგრამ მათი ოდენობა შედარებით მცირეა.

    XIX საუკუნეში, როდესაც საქართველო რუსეთმა დაიპყრო და სახელმწიფოებრიობა საბოლოოდ მოუსპო, აფხაზეთში ქართულ კულტურულ ფენომენს (ამ ფენომენის ნარჩენს) რუსული ჩაენაცვლა. აფსუებმა სახელმწიფოებრივი ფუნქციის მატარებლად ქართულის ნაცვლად რუსული ენა აღიარეს. ძველი სამყაროდან, ძველი საქართველოდან მათ მხოლოდ ქართული სახელწოდება (აფხაზი) შემორჩათ. ცნობიერი თვალსაზრისით (მაშინ ნაწილობრივ უკვე ელიტაც კი) ისინი კულტურულ-კონფესიურად ქართველები აღარ იყვნენ.
    აქვე აუცილებლად უნდა ითქვას მთავარი, ყველაზე ნიშანდობლივი არგუმენტი: საქართველოს ეთნიკური განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში, ქვეყნის რეგიონებში (მხარეებში), მათ შორის აფხაზეთშიც, - ძირითადი ეთნიკური მასივი დომინანტური იყო: მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის საზღვარი სხვადასხვა ეპოქაში მოძრაობდა და ბოლოს ენგურზე დაფიქსირდა (სამურზაყანოს ანექსიის შემდეგ), ისტორიულ აფხაზეთში აფსუები (კულტურულ-კონფესიურად ქართველები) რაოდენობრივად ყოველთვის დომინირებდნენ (ისევე როგორც კახეთში - კახელები, სამეგრელოში - მეგრელები და ა.შ.) XIX საუკუნემდე.
    ეს უდავო ფაქტია - თუ, რასაკვირველია, არ ავყვებით აშკარად ყალბ წარმოდგენებს და არ მივიჩნევთ, რომ რაკი აფსუები შუა საუკუნეებში კულტურულ-კონფესიურად ქართველები იყვნენ, ამიტომ აფხაზეთში ეთნიკური ქართველები (დღევანდელ ეთნიკურ ქართველთა წინაპრები) ცხოვრობდნენ (უმეტესად) და არა ეთნიკური აფსუები (დღევანდელ ეთნიკურ აფსუათა წინაპრები - რაკი ძველ ეპოქაში იდენტიფიკაცია რელიგიურ-სახელმწიფოებრივი ნიშნით ხდებოდა და არა ეთნიკურ-სახელმწიფოებრივი).
    ვიმეორებ: ქართველები აფხაზეთში ყოველთვის დომინირებდნენ. ოღონდ იმ აზრით, რომ თანამედროვე აფსუები - აფხაზები (ანუ ქართველები) იყვნენ კულტურულ-კონფესიურად და სახელმწიფოებრივად.
    აქედან იწყება სწორედ ქართულ-აფსუანური წინააღმდეგობა. ეთნიკური თვალსაზრისით აფსუები სამურზაყანოელ მეგრელთა გააფსუებასაც კი ახერხებდნენ - ეთნოგრაფიულ ბალანსს აფხაზეთში ტერიტორიული ექსპანსია, სხვა მიწების ანექსირება ვერ ცვლიდა: აფსუა ეთნოსი აფხაზეთში მაინც დომინირებდა XIX საუკუნის 70-იან წლებამდე.
    მაგრამ ამ დროს მოხდა გარდამტეხი მოვლენა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა: ერთ-ერთი ანტირუსული აჯანყების შემდეგ, რუსეთმა აფსუათა გენოციდი მოაწყო. ათი ათასობით აფსუა იძულებული გახდა, აფხაზეთიდან - თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გადასახლებულიყო. ამ მოვლენამ (მოჰაჯირობამ), ძირფესვიანად შეცვალა დემოგრაფიული ვითარება აფხაზეთში. აფხაზეთის ტერიტორია სამი მეოთხედით დაიცალა აფსუა მოსახლეობისაგან. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სამეგრელოს ქართველობის სტიქიური, მასობროვი ჩასახლება აფხაზეთში. ეს სავსებით კანონზომიერი მოვლენა გახლდათ, ვინაიდან აფხაზეთი, გეოპოლიტიკურად, სამხრეთ კავკასიის განუყოფელ ნაწილად რჩებოდა. ოღონდ XIX საუკუნის ბოლოდან აფხაზეთში დამკვიდრებული მეგრული (ქართული) მოსახლეობა უკვე აღარ განიცდიდა აფსუანურ ასიმილაციას - განსხვავებით XVIII საუკუნისაგან.

    სწორედ XIX საუკუნის ბოლოს შეიქმნა ვითარება, როდესაც აფსუები თანდათან უმცირესობაში აღმოჩნდნენ აფხაზეთში ანუ საფრთხე დაემუქრა მათ ეთნოგრაფიულ უფლებამოსილებას აფხაზეთის ტერიტორიაზე.
    დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნებისმიერ სხვა ისტორიულ მხარეში ანალოგიური პროცესი რომ განვითარებულიყო, - იქაც ისეთივე მძვინვარე სეპარატიზმი წარმოიშობოდა, როგორც აფხაზეთში.
    ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ვთქვათ, აჭარაში, იქ რომ ისეთივე მასშტაბით დაწყებულიყო მოჰაჯირობა, როგორც აფხაზეთში და გურულები თანდათან უმრავლესობად ქცეულიყვნენ ეთნიკურ აჭარლებთან შედარებით. გარწმუნებთ, როგორი კარგი ქართველებიც არ უნდა ყოფილიყვნენ (არიან კიდეც) აჭარლები, თუ საფრთხე დაემუქრებოდა მათ ეთნოგრაფიულ უფლებას აჭარის ტერიტორიაზე, იქაც უეჭველად წარმოიშობოდა ანტიქართული (იმ შემთხვევაში «ანტიგურული», როგორც აფხაზეთში, შინაარსობრივად «ანტიმეგრული») მოძრაობა, რომლის საფუძვლად იქცეოდა განსხვავებული რელიგია - ისლამი. აფსუათათვის კი ამგვარ საფუძვლად ეთნიკური სხვაობა და განსხვავებული ენა, განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობა იქცა.
    არასდროს მანამდე, ომებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური ანტაგონიზმი არ ედო საფუძვლად. ანუ იმ ომებს (სამთავროთა შორის) ამ გაგებით «ანტიქართული ხასიათი» არ ჰქონია. თუ აფხაზეთი მედიავისტურ ეპოქაში ებრძოდა სამეგრელოს ან პირიქით - ასევე ებრძოდნენ ერთმანეთს ქართლი და კახეთი.
    მაგრამ ის, რაც XIX საუკუნიდან აფხაზეთში ჩაისახა, უკვე თვისებრივად განსხვავებული მოვლენა და პროცესი გახლდათ. აფსუა ეთნოსმა იგრძნო, რომ მოჰაჯირობის შედეგად საფრთხე შეექმნა მის ეთნოგრაფიულ საკუთრებას, ეთნიკურ არეალს, მის ეთნიკურ დომინირებას აფხაზეთში. ანუ აფხაზეთის პრობლემა უფრო ეთნოგრაფიული საკუთრების და უფლებამოსილების პრობლემაა, ვიდრე ეთნიკური იდენტიფიკაციისა: პირველმა განაპირობა და განსაზღვრა მეორე.
    რა თქმა უნდა, აფხაზეთში მოჰაჯირობის შემდეგ არა მხოლოდ ქართველები (მეგრელები) არამედ რუსებიცა და სომხებიც სახლდებოდნენ, ოღონდ აქ წარმოიშვა კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც საბოლოოდ განაპირობა ამჟამინდელი ვითარების ჩამოყალიბება: საქმე ის გახლავთ, რომ, რუსული ან სომხური ეთნიკური ელემენტი არ ქმნიდა აფხაზეთში ეთნიკური დომინირების მეცნიერულ კონცეფციას: მაგალითად, რუსი მეცნიერები («ცარისტულ» ეპოქაშიც კი) არ ამტკიცებდნენ, რომ აფხაზეთში წინათ ცხოვრობდნენ არა აფსუები, არამედ რუსები, ხოლო თანამედროვე აფსუები, სინამდვილეში რუსები იყვნენ. ამ აზრით, რუსები და სომხები აფსუათა ეთნოგრაფიულ უფლებამოსილებას ნაკლებ საფრთხეს უქმნიდნენ, ვიდრე ქართველები და ზოგადად, ქართული ფენომენი.
    სწორედ ამიტომ, სრულიად ფუჭი იყო ჩვენი აპელირება («მოძრაობის» პირველ წლებში) მოჰაჯირობაზე: «თქვენ ხომ რუსებმა გადაგასახლეს და არა ქართველებმა - როგორ შეიძლება რუსეთზე იყოთ ორიენტირებული?» ამაზე აფსუები გვპასუხობდნენ: «ცარიზმმა (sic) გადაგვასახლა, მაგრამ ამით რუსებზე მეტად ქართველებმა ისარგებლეთ, ვინაიდან სწორედ მაშინ დაიწყეთ აფხაზეთში ჩასახლება და ამ მიწა-წყლის საკუთრებად გამოცხადება».
    რუსებს არ შეუმუშავებიათ ისტორიულ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია, რომელსაც შეეძლო სერიოზული საფრთხე შეექმნა აფსუათათვის სწორედ ეთნიკური პრიორიტეტისა და საკუთრების თვალსაზრისით: 200 წლოვანი რუსულ-იმპერიული კონცეფცია (თანაც ხშირად ცვალებადი და განვითარებადი: «ცარისტულ-დერჟავულიდან» - «ლენინისტურ-ინტერნაციონალისტურამდე») გაცილებით ნაკლებ საშიში იყო მათთვის ამ მხრივ, ვიდრე ათასწლოვანი ქართული, რომელიც, ამასთანავე, სავსებით საფუძვლიანი გახლდათ - აფხაზეთი ხომ ათასწლეულთა განმავლობაში მართლაც ქართული სამყაროს ნაწილი იყო!
    სხვაგვარად თუ ვიტყვით (რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ქართველისათვის), აფსუები რუსეთს განიხილავდნენ ნაკლებ ბოროტებად და არჩევანის აუცილებლობისთანავე მათი გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვანი გამოდგა. სწორედ ამიტომ, „ანტირუსული“ კოზირის გამოყენება აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად ისეთივე სიბრიყვე აღმოჩნდა, როგორც ე.წ. «კავკასიური ერთობისა».

    საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეპოქაში, ბოლშევიკური მოძრაობა აფხაზეთში შინაარსობრივად ანტიქართული იყო. თუმცა მაშინ დემოგრაფიული ბალანსის შეცვლა (მოჰაჯირობამდელის აღდგენა) სეპარატისტებს არ შეეძლოთ.
    საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს, აფხაზეთმა, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსი მიიღო. მაგრამ ისევ და ისევ რუსი და ქართველი ბოლშევიკების სტრატეგიული კომპრომისის შედეგად, «აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ» საქართველოსთან ჯერ ხელშეკრულება გააფორმა, შემდეგ კი (1931 წელს) ავტონომიად იქცა.
    ეს მხოლოდ საქართველოსათვის როდი იყო დამახასიათებელი და უსინდისო ტყუილია, თითქოს სტალინს აქ ეროვნული მოტივი ჰქონდა - ანალოგიური პროცესი მიმდინარეობდა სხვაგანაც: იქმნებოდნენ და უქმდებოდნენ «რესპუბლიკები», ავტონომიები: სტალინი ქმნიდა იმპერიას, რომელიც დაეფუძნებოდა არა მხოლოდ შიშველ ძალასა და იძულებას, არამედ ინტერესთა გარკვეულ ბალანსს: «შეკავებისა და გაწონასწორების» მექანიზმთა ერთიან სისტემას.
    30-იანი წლებიდან, საქართველოს კომუნისტურმა ელიტამ, საბჭოთა კავშირში დაწყებული «ხალხთა გამსხვილების» პროცესის შესაბამისად, აფსუათა უშუალო ასიმილირება გადაწყვიტა. ქართველი კომუნისტი, რომელსაც ორი კლასის განათლება ჰქონდა და თბილისის კაბინეტში იჯდა, დაახლოებით ასე მსჯელობდა: «რატომ უნდა იყონ აფხაზები არაქართველები - განა მეგრელებს არა აქვთ საკუთარი ენა?» ჯერ აფხაზური ანბანი გადმოაქართულეს (ისევ - თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს ანბანი, მართლაც უფრო მეტად შეესაბამებოდა აფხაზური ენის თავისებურებებს), შემდეგ აფხაზური სკოლები დახურეს, აფსუებს ძალით ასწავლიდნენ ქართულს და ა.შ.
    ფაქტობრივად, საქართველოს კომუნისტურმა ელიტამ მოინდომა, ძალისმიერი მეთოდებით, «სტახანოვური ტემპით» განეხორციელებინა ის, რაც უნდა მომხდარიყო (და არ მოხდა) ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის (რამდენიმე თაობის) განმავლობაში XII საუკუნიდან, - სადღაც XV საუკუნემდე, საქართველოს მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების პირობებში (თუ არ იქნებოდა მონგოლთა აგრესია, და სხვა).
    ბუნებრივია, აფსუებს, რომლებიც ისედაც შეშფოთებულნი იყვნენ დემოგრაფიული დომინანტობის დაკარგვით აფხაზეთში, ეს არ ეპიტნავათ, რასაც ასევე ბუნებრივად (იმ ეპოქისათვის) მოჰყვა რეპრესიები, აფხაზური ელიტის (ვგულისხმობ კომუნისტურ ელიტას) განადგურება და მისი შეცვლა ქართული კომუნისტური ელიტით.
    ლავრენტი ბერიას ინიციატივით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა ორგანიზაციამ აფხაზეთში ათეულობით ათასი ქართველი ჩაასახლა არა მხოლოდ სამეგრელოდან, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებიდან. ასეთი მოქმედება დიახაც შეესაბამებოდა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რაკი განამტკიცებდა ქართულ პოზიციებს აფხაზეთში. მაგრამ ამის შედეგად ანტიქართული განწყობა აფსუათა ეთნოფსიქოლოგიის საფუძველი გახდა.

    სტალინის სიკივდილის, ბერიას დახვრეტისა და 1956 წლის 9 მარტის მოვლენათა შემდეგ აფსუათა ბოღმამ ერთბაშად იფეთქა და ანტიქართულ მოძრაობაში გამოვლინდა.
    1992 წლის 14 აგვისტომდე ქართულ - აფხაზური შეურიგებელი დაპირისპირება მხოლოდ შესაბამის ნაპერწკალს ელოდა. სწორედ ასეთ ნაპერწკლად იქცა გვარდიის შეყვანა აფხაზეთში, თანაც იმ პირობებში, როდესაც აფეთქება აფსუა ელიტისათვის ძალზე ხელსაყრელ პირობებში მოხდებოდა.
    დაიწყო საბედისწერო ომი.
    როგორც ჩანს, საქართველოს დამოუკიდებლობის შემთხვევაში იგი აბსოლუტურად გარდაუვალი იყო.
    მკითხველი შეიძლება არგუმენტირებულად შემედავოს: განა ერთიანი «მოსკოვური» სახელმწიფოს არსებობამ დაიცვა ასეულობით ათასი სომეხი და აზერბაიჯანელი (რომლებიც უკვე 1988 წლიდან იქცნენ ლტოლვილებად) გაუბედურებისაგან? მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ იქ (სომხეთ-აზერბაიჯან-ყარაბაღში) გაცილებით მეტი რესურსი იყო მოვლენათა ამგვარი განვითარებისათვის. ხოლო აფსუა სეპარატისტებს იმდენი რესურსი ნამდვილად არ გააჩნდათ, რათა გორბაჩოვისეული ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების შემთხვევაში აფხაზეთში დემოგრაფიული წმენდა მოეწყოთ.
    თუმცა, დაპირისპირებას (ინტერესთა კონფლიქტს) აფხაზეთში, როგორც ვხედავთ, ძალიან ღრმა ისტორიული ფესვები ჰქონდა და მხოლოდ რუსეთის მზაკვრობაში არ იყო საქმე.
    ამდენად, ინტერესთა კონფლიქტი აფხაზეთში აუცილებლად იარსებებდა, მაგრამ ერთიანი მოსკოვური სახელმწიფოს შენარჩუნების პირობებში (ოღონდ მხოლოდ ამ პირობებში!) ინტერესთა ეს კონფლიქტი ვერ გადაიზრდებოდა ფართომაშტაბიან შეიარაღებულ სტადიაში ანუ ომსა და ეთნიკურ წმენდაში - შესაბამისი, შეუქცევადი შედეგებით ასეულობით ათასი უბედური ქართველისათვის

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა