კვირის მიმოხილვა: აფხაზები ყალბ კომპრომისს გვთავაზობენ

 კვირის მიმოხილვა: აფხაზები ყალბ კომპრომისს გვთავაზობენ

    გასულ კვირას თბილისში გაიმართა ეგრეთ წოდებული «საკოორდინაციო საბჭოს» სხდომა, რომელიც «ჟენევის ფორმატში» შეიქმნა მხარეთა შეთანხმებით. არძინბას რეჟიმს ამ სხდომაზე წარმოადგენდა ვინმე თამაზ ქეცბა - სეპარატისტთა პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე; ხოლო საქართველოს - რუსეთში ჩვენი ქვეყნის ელჩი ვაჟა ლორთქიფანიძე.
    როგორც მოსალოდნელი იყო, ქეცბა შეეცადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამოეყენებინა ქართველი პარტიზანებისა და საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. თუმცა, ამჯერად (სხვა მრავალი შეხვედრისაგან განსხვავებით) სეპარატისტებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ვინაიდან ქართულმა მხარემ საკმაოდ გონებამახვილურ კონტრარგუმენტს მიაგნო: «შევქმნათ ერთობლივი საპოლიციო ჯგუფები და ერთად გავაკონტროლოთ გალის რაიონი, რათა არ დავუშვათ დივერსიული ჯგუფების აქტიურობა». სეპარატისტები ამას, რა თქმა უნდა, არასდროს დაეთანხმებიან, ვინაიდან თუნდაც ერთი შეიარაღებული ქართველის «ლეგალურად» შემოსვლა აფხაზეთის ტერიტორიაზე - მათთვის უაღრესად არახელსაყრელ და საშიშ მაგალითს შექმნის.
    ქეცბამაც, რასაკვირველია, უარი თქვა და თავად აღმოჩნდა ცოტა არ იყოს კომიკურ ვითარებაში: გაეროს დამკვირვებელნი და «მეგობარი ქვეყნების» ჯგუფის წარმომადგენლები აფხაზეთს საქართველოს ნაწილად აღიქვამენ. ამდენად, თუ აფხაზური მხარე კატეგორიულად გმობს დივერსიული (პარტიზანული) ჯგუფების მოქმედებას აფხაზეთში და ამავდროულად, უარს აცხადებს დაეთანხმოს ქართული მხარის წინადადებას ერთობლივი საპოლიციო ჯგუფების შესახებ, მაშინ საქართველო უკვე აღარ აღიქმება აგრესორად - პირიქით, აფხაზური რეჟიმი დგება მისთვის საკმაოდ უსიამოვნო ალტერნატივის წინაშე და იგივე შუამავლები (რუსეთიც კი) ლოგიკურ კითხვას სვამენ: თუ ასე შეწუხებულნი ხართ ქართული დივერსიული ჯგუფების მოქმედებით, მაშინ რატომ არ თანხმდებით საქართველოს ხელისუფლების წინადადებას მათ წინააღმდეგ ერთობლივ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე გალის რაიონში?
    ის არგუმენტი, რომ «აფხაზეთი და საქართველო სხვადასხვა სახელმწიფოები არიან» - არძინბას ამ შემთხვევაში ვერ გამოადგება, ვინაიდან საერთაშორისო სამართალი აფხაზეთს «სუვერენულ სახელმწიფოდ» არ აღიარებს. ქართულმა მხარემ ეს შესაძლებლობა აქტიურად უნდა გამოიყენოს და ყოველთვის, როცა კი აფხაზები დაიწყებენ წუწუნს პარტიზანთა მოქმედებების გამო, უმალვე შესთავაზოს «ერთობლივი შეიარაღებული ფორმირების შექმნა დივერსიების აღსაკვეთად». სეპარატისტები ამაზე ყოველთვის უარს იტყვიან, მაგრამ ამით საკუთარ თავს წამგებიან მდგომარეობაში ჩაიგდებენ და ბოლოს, იძულებულნი გახდებიან, საერთაშორისო დონეზე შეხვედრებისას ნაკლებად მოახდინონ ყურადღების აქცენტირება დივერსიულ აქტებზე.
    საქართველოს წარმომადგენლებს თავიანთი არგუმენტი შეუძლიათ კიდევ უფრო მეტადაც გააძლიერონ: მაგალითად, დასვან საკითხი არა ორმხრივი (ქართულ-აფხაზური), არამედ სამმხრივი (რუსულ-ქართულ-აფხაზური) ფორმირების შექმნის თაობაზე. ეს წინადადება ძალზე ხელსაყრელი იქნება რუსეთისათვის და უეჭველად ჰპოვებს რუსული დიპლომატიის მხარდაჭერას.
    სხვათა შორის, ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომ არ იყენებს ქვეყნის ხელისუფლება იმ შესაძლებლობას, რომელსაც ეგრეთ წოდებული «ცხინვალის პრეცედენტი» იძლევა.
    შეგახსენებთ, რომ ცხინვალში სისხლისღვრა შეწყდა მას შემდეგ, რაც რეგიონში შევიდნენ სამმხრივი შეიარაღებული ძალები (რუსულ-ქართულ-ოსური). ამგვარი სქემა მომგებიანი იყო რუსეთისათვის და სწორედ ამიტომ გაამართლა, ანუ განხორციელდა უმტკივნეულოდ.
    საქართველოს შეუძლია განაცხადოს: «ბოსნიის ვარიანტი» მისთვის ერთადერთი ალტერნატივა გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთში არ განხორციელდება ისეთივე სამშვიდობო ოპერაცია, როგორიც განხორციელდა ცხინვალში. ანუ შეიქმნას სამმხრივი (რუსულ-ქართულ-აფხაზური) სამხედრო კონტინგენტი, რომელიც გააკონტროლებს ვითარებას პირველ ეტაპზე თუნდაც გალის რაიონში.
    აფხაზები, ამ წინადადებას, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, თვით ყველაზე ერთგული რუსი მოკავშირეების რისხვას დაიმსახურებენ. ოფიციალური მოსკოვი დადგება ალტერნატივის წინაშე: მიიღოს საქართველოს წინადადება ან შეურიგდეს პროცესის განვითარებას «ბოსნიური ფორმატის» მიმართულებით.
    აფხაზური რეჟიმისთვის რუსეთ-საქართველოს ყოველგვარი კომპრომისი სამკვდრო-სასიცოცხლოდ საშიშია. ამდენად, იგი ყოველნაირად ცდილობს, მიაღწიოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვას; დათესოს უნდობლობა და ყოველგვარი კომპრომისის უიმედობა.
    ერთ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ: რამდენიმე დღის წინ, რუსმა მესაზღვრეებმა მდინარე ფსოუს გადალახვისას მოკლეს გუდაუთის მცხოვრები (იგი რუსეთში ცდილობდა გადასვლას). ნებისმიერ სხვა ვითარებაში არძინბა ისტერიკას ატეხდა, მაგრამ, ჯერ ერთი, რუს მესაზღვრეებთან დაპირისპირება მისთვის წამგებიანია და მეორეც: თუ საქართველოში შეიტყობდნენ მომხდარი ინციდენტის შესახებ, ეს გააძლიერებდა რუსეთთან კომპრომისისა და კონდომინიუმის მომხრეებს.
    რაც შეეხება საკუთრივ მოლაპარაკებებს «საკოორდინაციო საბჭოს» ფარგლებში, არძინბისტები ამ პროცესისადმი თანდათან ინტერესს კარგავენ. მათთვის სასურველი რეალობა პოლიტიკურად უკვე დაფიქსირებულია და ისიც კარგად უწყიან, რომ მეტს ვერ მიაღწევენ. ამ განწყობის გამოხატულებაა ანრი ჯერგენიას თითქოსდა მოულოდნელი განცხადება: «მოლაპარაკებები თავისი შესაძლებლობები ამოწურეს და ამდენად, უსარგებლოდ იქცნენო». აფხაზური დელეგაცია მოლაპარაკებებზე მართლაც აღარ დაიხევს უკან ფორმულიდან, რომელიც ერთი წლის წინათ შემოიტანა: «აფხაზეთი თანახმაა საქართველოსთან ერთად შექმნას ფედერაციული კავშირი თანასწორუფლებიანობის საფუძველზე», ანუ ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავსი სახელმწიფოებრივი გაერთიანება.
    თუმცა, ეს თავისთავად ყალბი კომპრომისია, რადგან აფხაზებს მხოლოდ «თანასწორსუბიექტურობის» დაფიქსირება აინტერესებთ, რათა მიიღონ იურიდიული უფლება, შემდგომ დაშალონ საქართველო-აფხაზეთის ფედერაციული კავშირი (უნია), ისევე, როგორც ჩეხეთ-სლოვაკეთი დაიშალა - უმტკივნეულოდ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით.
   

აფხაზეთის აკვატორიის დაცვა ომისა და მშვიდობის საკითხია
   

    მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებათა შემდეგ თბილისში დაბრუნებულმა გენერალმა ჩხეიძემ საკმაოდ მოულოდნელად განაცხადა, რომ 1 ივნისიდან საქართველოს საზღვაო აკვატორიას საქართველოს შეიარაღებული ძალები (კერძოდ, სასაზღვრო ჯართა საზღვაო ქვედანაყოფები) დაიცავენ.
    ასეთი განცხადება ვალერი ჩხეიძეს ადრეც არაერთგზის გაუკეთებია და არცთუ ძნელად შესამჩნევი უთანხმოებაც დადასტურებულა ამ საკითხში მასსა და თავდაცვის მინისტრ ვარდიკო ნადიბაიძეს შორის.
    ამჟამინდელი განცხადება იმიტომ არის მოულოდნელი, რომ ჯერ ერთი, სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსმა პირველად დაასახელა ზუსტი თარიღი (ივლისი) გარდა ამისა, მან არა თუ უარყო, არამედ თავად აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები განახორციელებენ არა მხოლოდ ბათუმის, არამედ სოხუმის, მთლიანად აფხაზეთის აკვატორიის დაცვას.
    თუ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბოლომდე უერთგულოს თავის განცხადებებს, მაშინ იძულებულნი ვართ, დავასკვნათ: 1998 წლის 1 ივლისს დაიწყება ახალი ომი საქართველოს და აფხაზ სეპარატისტებს შორის.
    1994 წლის დეკემბრიდან, როდესაც რუსეთის მთავრობამ არა ჩეჩნეთის მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ რეგიონში თავისი გავლენის დასაბალანსებლად გადაკეტა საზღვარი მდინარე ფსოუზე - აფხაზეთი მრავალმხრივ ბლოკადაში აღმოჩნდა; რუსეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზა ბლოკირებული აღმოჩნდა.
    პარადოქსია, მაგრამ ქართველი ლტოლვილების მეშვეობით გალის რაიონში (იქიდან კი მთელს აფხაზეთში) მაინც მიედინებოდა და მიედინება პროდუქტი საქართველოდან, მაგრამ გალის რაიონს სოხუმის ხელისუფლება მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს.
    გარდა ამისა, საქართველოდან შემოტანილი პროდუქტი სეპარატისტთათვის გარანტია, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა.
    საჰაერო ტრასები კვლავაც გადაკეტილია; რჩება ერთადერთი - ზღვა. სწორედ საზღვაო მარშრუტებით შედის დღეს აფხაზეთში სურსათ-სანოვაგის უდიდესი ნაწილი. ძირითადად, ეს არის თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის (მოჰაჯირების) ჰუმანიტარული დახმარება. თუმცა მხოლოდ ამ დახმარებით აფხაზეთი ვერ იარსებებდა, ამიტომ არძინბას მთავრობამ დაიწყო ხე-ტყის გატანა მსოფლიოს ბაზარზე, სადაც იგი საკმაოდ სარფიანად იყიდება.
    ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვაო კომუნიკაციები დღევანდელი აფხაზეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი გადაკეტვა გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს სეპარატისტულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის; არძინბას ეს საშიშროება კარგად აქვს გაცნობიერებული, ამიტომ ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა არ დაუშვას აფხაზეთის საზღვაო ბლოკადა.
    1995 წლიდან, ედუარდ შევარდნაძე ცდილობდა ამ საკითხში მოსკოვთან კომპრომისის მიღწევას. ელცინის ადმინისტრაციამ საქართველოს თხოვნის საპასუხოდ (არ დაეშვა აფხაზეთში გემების შესვლა) საკუთარი პირობები წამოაყენა: რუსი მესაზღვრეები ჩაკეტავენ სოხუმის პორტს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეუერთდებოდა დსთ-ს კონვენციას «გარე საზღვრების» ერთობლივი დაცვის შესახებ, რაც იმას ნიშნავდა, რომ, მაგალითად, რუს მესაზღვრეებს კონტროლი უნდა განეხორციელებინათ არა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, არამედ თბილისის აეროპორტშიც.
    საქართველო ამ პირობებზე თანხმობას ვერ განაცხადებდა მისი სატრანზიტო პერსპექტივების გამო. გარდა ამისა, არ არსებობდა იმის გარანტია, რომ რუსეთი დადებულ პირობას შეასრულებდა და მართლაც განახორციელებდა აფხაზეთის საზღვაო ბლოკადას.
    მიუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძემ თვით საკითხის განხილვის (ამგვარი კომპრომისის) შესაძლებლობა არ გამორიცხა. 1995-1996 წლებში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭომ რამდენიმე რეზოლუცია მიიღო სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ სანქციათა განხორციელების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე, 1995 წლის ზაფხულში, ელცინმა უბრძანა რუსეთის საზღვაო-სასაზღვრო სამსახურს, შეეჩერებინა ყველა გემი, რომელიც შევიდოდა აფხაზეთის აკვატორიაში. რუსმა მესაზღვრეებმა მართლაც სცადეს ბრძანების განხორციელება. კერძოდ, შეაჩერეს სოხუმის აკვატორიაში თურქეთიდან მომავალი ხომალდი. მაგრამ ამ აქციას აფხაზური მხრიდან მაშინვე რეაქცია მოჰყვა: არძინბას მითითებით, სეპარატისტთა შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაუყოვნებლივ შემოარტყეს ალყა რუსეთის სასაზღვრო ჯარების ქვედანაყოფებს აფხაზეთში, ხოლო აფხაზ სეპარატისტთა რამდენიმე სამხედრო კატარღამ რუსულ სასაზღვრო გემს ცეცხლი გაუხსნა.
    გენერალი ნიკოლაევი მიხვდა, რომ სეპარატისტები უკან არაფრის დიდებით არ დაიხევდნენ (ელემენტარულად, არც ჰქონდათ უკან დასახევი გზა) და სოჭში არძინბასთან მორიგება გადაწყვიტა, რამაც აღაშფოთა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. სწორედ ამ მომენტიდან იღებს სათავეს დაპირისპირება ედუარდ შევარდნაძესა და ანდრეი ნიკოლაევს შორის.
    ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოხდება, თუ საქართველოს სასაზღვრო სამსახური მართლაც შეეცდება აფხაზეთის ზღვიდან ბლოკირებას. თურქული გემების დაკავებას საერთაშორისო ნეიტრალურ წყლებში საქართველო ვერ გაბედავს, ვინაიდან ამით საშუალებას მისცემს თურქეთს, ოფიციალური პროტესტი განუცხადოს მას «თურქეთის მოქალაქეთა კუთვნილი მცურავი საშუალების ნეიტრალურ წყლებში დაპატიმრების» გამო. ხოლო თუ ჩვენს ხელთ არსებული სულ რამდენიმე «გრიფის» ტიპის კატარღა აფხაზეთის მიმდებარე წყლებში შევა, სეპარატისტები ზღვაში თავიანთ კატარღებს გამოიყვანენ და გაიმართება ნამდვილი საზღვაო ბრძოლა, რომელშიც საქართველოს გამარჯვების შანსი არ ექნება, ვინაიდან აფხაზებმა უკეთესი სპეციალისტების დაქირავება შეძლეს საზღვაო ბრძოლებისთვის (ქართველთა ქონების, მიტოვებული სასახლეების ხარჯზე) და ხომალდებიც უფრო მეტი აქვთ.
    ამრიგად, ასეთი აქციის განხორციელება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს გადაწყვეტილი ექნება ახალი ფართომაშსტაბიანი ომის დაწყება, ან საზღვაო ძალების მხრივ მოიპოვებს ისეთ უპირატესობას, რომ აფხაზეთის საზღვაო აკვატორიის ბლოკირება მეტისმეტად დიდი დანაკარგის რისკთან არ იქნება დაკავშირებული.
   

ედუარდ შევარდნაძე ფედერაციის საბჭოს შექმნას წინასწარმეტყველებს
   

    რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ეგორ სტროევის ვიზიტი, მთლიანობაში, საკმაოდ უღიმღამო აღმოჩნდა - სტროევი (მიუხედავად ავტორიტეტისა რუსულ ისტებლიშმენტში) დიდი უფლებამოსილებით არ ყოფილა აღჭურვილი.
    მისი განცხადებები «სოჭი-სუფსას ნავთობსადენის» თაობაზე (აფხაზეთის ტერიტორიის გავლით) სერიოზულად განსახილველი არ არის, ვინაიდან, ჯერჯერობით რეალური საფუძველი არ გააჩნია.
    სამაგიეროდ, უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ამ ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოსაც ექნება «ფედერაციის საბჭო». მაშასადამე, ქვეყანა გარდაიქმნება ფედერაციულ სახელმწიფოდ და ეყოლება ორპალატიანი პარლამენტი. ზედა პალატა (ფედერაციის საბჭო) დაკომპლექტდება რაიონებიდან მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატებით და ყოფილი ავტონომიების (ახლა უკვე რესპუბლიკების) დეპუტატებით. იგულისხმება, რომ საქართველოს ფედერაციის სუბიექტები იქნებიან არა მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკები, არამედ მხარეებიც. ფედერაციაში გაერთიანდება სულ თორმეტი სუბიექტი: აფხაზეთი, აჭარა, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამეგრელო-სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და თბილისი.
    როგორც ჩანს, იგულისხმება, რომ სუბიექტებს განსხვავებული უფლებამოსილებანი ექნებათ. მაგალითად, აფხაზეთსა და აჭარას (ფედერაციის სუბიექტ რესპუბლიკებს) მეტი უფლებამოსილება მიენიჭებათ, ვიდრე მხარეებს, რომელთა ხელმძღვანელებს (გუბერნატორებს) პრეზიდენტი დანიშნავს. სუბიექტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგება მოხდება საქართველოში ოსური ადმინისტრაციული ერთეულის აღდგენით.
    ეს დაახლოებით ისეთივე მოდელია, რომლითაც ბორის ელცინმა შეძლო რუსეთის მთლიანობის შენარჩუნება. რუსეთის ფედერაციის სუბიექტები არიან ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკებიც და მხარეებიც (ობლასტი). ამ მხრივ, რუსეთის გამოცდილება საკმაოდ ჭკუის სასწავლებელია, მაგრამ საქმე ის არის, რომ აფხაზებისათვის ეს მოდელი მიუღებელია. სწორედ ამიტომ სთავაზობენ ისინი საქართველოს «ჩეხეთ-სლოვაკეთის» ვარიანტს.
    მაგრამ, მეორე მხრივ, «საქართველოს ფედერაცია» მომგებიანია რუსეთისთვის. მოსკოვი ამით მიიღებს საშუალებას, მყარად შეინარჩუნოს პოზიციები საქართველოში. მაგრამ ყოველივე ეს შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პარალელურად. სხვაგვარად, ქვეყნის ფედერალიზაცია ძალიან მძაფრი შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კატალიზატორი გახდება.
   

მიხეილ ჭკუასელი აღარ ხუმრობს

    წლის პირველი დღეებიდანვე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო გადამალული შემოსავლების ძიება და ჯარიმების დარიცხვა. პირველი შედეგი თითქოს უკვე მიღწეულია კიდეც - დარიცხულია მილიონამდე ლარი, თუმცა ამგვარი კამპანიებით პრობლემა ვერ გადაწყდება და ეს თავად მიხეილ ჭკუასელისთვისაც ცხადია.
    საქართველო მთელი სერიოზულობით პირველად შეეჩეხა ისეთ გამოცდას, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს მის სახელმწიფოებრივ მდგრადობასა და თვით ყოფნა-არყოფნას. ნებისმიერი სახელმწიფოს სიძლიერე (სტრუქტურული სიძლიერე და სიმყარე) განპირობებულია იმით, თუ რამდენად ახერხებს ეს სახელმწიფო უმთავრესი სახელმწიფოებრივი ფუნქციის შესრულებას - გადასახადების აკრეფას. კომუნისტური ეპოქის ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი ისიც იყო, რომ ქართული საზოგადოება ელემენტარულ ვალდებულებათა უეჭველი შესრულების ჩვევას არ ფლობს.
    ამ აზრით, ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა და გადასახადების დაფარვა ერთი და იმავე კატეგორიის მოვლენაა: ორივე საზოგადოების სახელმწიფოებრივ უკულტურობაზე მეტყველებს.
    ქართველი ბიზნესმენისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს ფული, რომელიც «თვითონ იშოვა». თანაც - «პატიოსანი ბიზნესით»: არც რამე მოუპარავს, არც ქრთამი აუღია. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ერთი გზა დარჩენია: განახორციელოს უმკაცრესი პოლიტიკა და «ცეცხლითა და მახვილით» მიაჩვიოს საზოგადოება გადასახადების განუხრელ გადახდას. ზოგიერთი სპეციალისტი-კრიმინოლოგის აზრით, საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, გარდაუვალი იქნება მასობრივი (კანონიერი) რეპრესიები გადასახადის არგადამხდელთა წინააღმდეგ. არა მხოლოდ დაჯარიმება, არამედ მათი ციხეში ჩასმაც, ვინაიდან ჯარიმა ჩვენს ქვეყანაში პროფილაქტიკის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ბიზნესმენს, რომელიც არ იხდის გადასახადს, ყოველთვის აქვს იმედი, რომ მცირე ჯარიმით გადარჩება ან ფინინსპექტორს მოელაპარაკება.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, მიხეილ ჭკუასელის აქციათა შედეგად ქართულ ფინანსურ ოლიგარქიაში თანდათან ახალი ვითარება ყალიბდება. მინისტრის თქმით: «კრიშა, რომელიც ფუნქციას ვერ ასრულებს, უსარგებლო ხდება». მართლაც, თუ მფარველი ვერ შველის პროტეჟეს, ეს უკანასკნელი იძულებული ხდება, ახალი «კრიშა» ეძიოს, მაგრამ ბოლოს ხვდება: ამგვარი ძიება უსარგებლოა, ვინაიდან მოულოდნელად ნებისმიერი მათგანი შეიძლება «დაცურდეს» და, რაც მთავარია, პროტეჟეც თან ჩაიყოლოს.
    ახალი ფინანსთა მინისტრის მოსვლის შემდეგ ძალიან ბევრმა დაკარგა ძველი «სახურავი», რომელთა შექმნა წინამორბედ მინისტრთან იყო დაკავშირებული ნებსით თუ უნებლიეთ.
    ამ ლოგიკით შეიძლება დავასკვნათ: რაც უფრო ხშირად შეიცვლება საქართველოში ფინანსთა მინისტრი, მით უკეთესი - «კრიშა-სახურავები» დაკარგავენ მდგრადობას და გადასახადების დროული გადახდა უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდება, ვიდრე მათი დაფარვა, რადგან ახალი ფინინსპექტორი არ არის პასუხისმგებელი ძველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების გამო.
    ფინანსთა სამინისტროს რეიდებმა კიდევ ერთი საშიშროება წარმოშვა - ისევ და ისევ საქართველოს სახელმწიფოებრივ სისუსტეზე დაყრდნობით: ძალიან ბევრს გაუჩნდა ცდუნება, მიხეილ ჭკუასელის «ახალი საგადასახადო პოლიტიკა» გამოაცხადოს «სახელმწიფო რეკეტად». გეხსომებათ, ასეთ ტერმინს ხშირად გაიგონებდით პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ მიტინგებზე. ბიზნესმენები, რომელთაც გადასახადის გადახდა არ სურთ, ამ სტერეოტიპით «თავს იცავენ» და ამართლებენ ცუდ საქციელს. არადა, უმრავლეს შემთხვევაში, ფინინსპექტორი ქრთამს იღებს მხოლოდ მაშინ, როცა ორმხრივად გარიგდებიან: იგი თანხმდება შეამციროს გადასახადი და თავად აიღოს მნიშვნელოვანი თანხა.
    ჭკუასელის იმიჯი, ჯერჯერობით, არ იძლევა მყარი ნეგატიური სტერეოტიპის ჩამოყალიბების საშუალებას. თუმცა, რაც უფრო გამძაფრდება მის მიერ ინიციირებული კამპანია, მით უფრო გაძლიერდება შესაბამისი პროპაგანდისტული ძალისხმევაც. საგადასახადო კულტურის დასანერგად კი საყოველთაოდ სავალდებულო დეკლარაციების შემოღებაა საჭირო, რათა ყველა მოქალაქემ წელიწადში ერთხელ განაცხადოს თავის შემოსავლების შესახებ - ისე, როგორც ეს მიღებულია განვითარებულ ქვეყნებში.

დილის გაზეთი, 26 იანვარი, 1998 წ.