კვირის მიმოხილვა: «მხედრიონის» გახსენება

კვირის მიმოხილვა: «მხედრიონის» გახსენება

«მხედრიონის» გახსენება

    «საუკუნის პროცესი» დასრულდა. ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სასამართლო პროცესი იყო და იქნება საქართველოს ისტორიაში.
    უპრეცედენტოა თვით ის ფაქტიც, რომ «მხედრიონელები» 1995 წლის ნოემბერში დააპატიმრეს; თვით პროცესი კი შარშან, - 1997 წელს დაიწყო;
    მიუხედავად ამისა, არც განსასჯელებს, არც მათ ადვოკატებს საპროტესტოდ კრინტიც არ დაუძრავთ; ანუ პროცესის «გაჭიანურება» არც უხსენებიათ, ვინაიდან ბრალდებულები თავად იყვნენ დაინტერესებულნი, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში «ეკითხათ» საბრალდებო დასკვნა.
    საბოლოოდ, სასამართლომ ჯაბა იოსელიანს ზოგიერთი ბრალდება მოუხსნა, მაგრამ დარჩენილი ბრალდებები და წარმოდგენილი მტკიცებულებანი საკმარისად მიაჩნია იმისათვის, რათა «ბებერი მოჯაჰედინისთვის» (ასე უწოდა ჯაბას გია ჭანტურიამ ერთ-ერთ მიტინგზე) თერთმეტი წელი მიესაჯა.
    პროკურორმა «მხედრიონის» დამფუძნებლისა და უცვლელი ლიდერისთვის 15 წელი მოითხოვა. მაშასადამე, სასამართლო კოლეგამ ოთხი წელი მოაკლო ბრალდებას;
    ყველაზე მკაცრის სასჯელი «მხედრიონელთა» შორის მაინც თემურ ხაჩიშვილს ერგო: 15 წლიდან - 7 წელი მან საპყრობილეში უნდა გაატაროს, დანარჩენი - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
    როგორც ჩანს, ესოდენ მკაცრი განაჩენი გამოწვეულია იმით, რომ თემურ ხაჩიშვილმა წინასწარი გამოძიებისას აღიარა დანაშაული. შემდეგ კი ყველაფერი გადათქვა (უკვე თვით პროცესზე) და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
    მათ შორის იყო ერთი, მეტად უცნაური განცხადებაც. მაგალითად, ხაჩიშვილმა ინტერვიუში განაცხადა: «დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქართველი ხალხისთვის შეეძულებინა რუსეთი».
    მისივე თქმით, იგორ გიორგაძე საქართველოსთვის თავგადაკლული რაინდია. სხვა განსასჯელებს თავისი პოზიციის პოლიტიზაცია, მით უმეტეს, საკუთარი ბედის იგორ გიორგაძისთვის დაკავშირება არ უცდიათ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ზოგიერთი დამკვირვებელი ეჭვსაც კი გამოთქვამდა, - მართლა მიიღეს თუ არა მონაწილეობა განსასჯელებმა (ვთქვათ) ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმაში.
    ჩემი აზრით, ყველა სხვა არგუმენტზე უფრო მეტად თვალსაჩინო ის ფაქტია, რომ პარლამენტის ეზოში 1995 წლის 29 აგვისტოს აფეთქების შემდეგ არც თემურ ხაჩიშვილი (უშიშროების მინისტრის მოადგილე და, ფაქტობრივად, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი), არც გიგა გელაშვილი (მაშველთა კორპუსის თავმჯდომარე) შემთხვევის ადგილზე არ მოსულან.
    არადა, ამ სტრიქონების ავტორსაც კარგად ახსოვს: იქ იყვნენ უკლებლივ ყველა, ვისაც კი რაიმე თვალსაზრისით რაიმე პასუხისმგებლობა ეკისრება: სახანძრო სამსახურის უფროსიდან _ კავშირგაბმულობის თუ ჯანდაცვის მინისტრის ჩათვლით.
    ეს ფაქტი, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად მეტყველია; ოღონდ, თვალსაჩინო იყო, რომ ჯაბა იოსელიანი (სხვებისგან განსხვავებით) თავის კაბინეტში, ანუ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
    ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ამტკიცებდა ჯაბა იოსელიანის საზოგადოებრივი დამცველი გელა ნიკოლაიშვილი: «მიმდინარეობს სხვათა და ჯაბას სასამართლო პროცესი და არა ჯაბა იოსელიანისა და სხვათა სასამართლო.» მკითხველი ადვილად მიხვდება განმასხვავებელ ნიუანსს.
    თავისთავად ჯაბა იოსელიანი უდავოდ ტრაგიკული ფიგურაა - ის ქართული საზოგადოების ტრაგედიასაც გამოხატავს. ეს ტრაგედია არც 1992 წელს დაწყებულა და არც 80-იანი წლების მიწურულს.
    ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება არ ეცოდებოდეს 72 წლის ხანშიშესული ადამიანი, რომელიც განწირულია სიცოცხლის უკანასკნელი, ყველაზე მძიმე წლები ციხეში გაატაროს.
    ჯაბა თავის წრეში, თავის გარემოში მართლაც უნიკალური ფიგურაა. იგი თბილისის ცოცხალი ისტორიაა.
    17 წლისა უკვე «კანონიერი ქურდი» იყო; 25-წლიანი სასჯელი გადაუწყვიტეს ყაჩაღობისთვის, მაგრამ გაანთავისუფლეს, ვინაიდან ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები დაუდგნენ თავდებში. 40 წლისამ აიღო საშუალო სკოლის ატესტატი, დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, შემდეგ კი პროფესორიც გახდა. მისი პიესები შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ უდავოა: ისინი ბოროტი სულის მქონე ნაძირალას დაწერილი არ არის. ანუ, ჯაბა იოსელიანი (ისევე, როგორც მთლიანად «მხედრიონის» ფენომენი) ქართული საზოგადოებისა და ეროვნული ეთნოფსიქოლოგიის მანკიერებათა გამოვლენაა, ამ საზოგადოების პროდუქტია და სწორედ ასე უნდა იყოს აღქმული და გაანალიზებული.
    «მხედრიონის» განაჩენი ვერ იქცა (ვერც იქცეოდა) უკანასკნელ წერტილად სამოქალაქო ომში, რომელიც 5-6 წლის წინ თითქოს დასრულდა საქართველოში და ცნობიერ დონეზე ახლაც გრძელდება.

    ალბათ ასე იყო ჩაფიქრებული: ჯერ განაჩენი ლოთი ქობალიას და მის რაზმელებს, შემდეგ «მხედრიონელებს», შემდეგ ისევ «ზვიადისტებს» და ასე შემდეგ.
    ჯაბა იოსელიანის განაჩენი პროცესის დამაგვირგვინებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა, - 1998 წელს თებერვალმა, ანუ მეორე თავდასხმამ ედუარდ შევარდნაძეზე, რომელიც «ზვიადისტებმა» განახორციელეს (უეჭველად რუსეთისა და ეგრეთ წოდებული «იჩქერიის» სპეცსამსახურთა ერთობლივ წაქეზებითა და შეთანხმებით) - კიდევ ერთხელ დაადასტურა: სამოქალაქო ომი საქართველოში გრძელდება. ოღონდ, საბედნიეროდ, მისი არეალი სულ უფრო ვიწროვდება.
    ალბათ, ეს გარდაუვალია, - ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას მოუწევს კვლავ «შეწყალების» საკითხის განხილვა. არაერთ დამკვირვებელს აღუნიშნავს არცთუ უსაფუძვლო აზრი: ჯაბა იოსელიანსა და ლოთი ქობალიას (განურჩევლად მის მიერ ჩადენილი დანაშაულთა სიმძიმისა) ხელისუფლება ალბათ ერთდროულად შეიწყალებს.
    პოლიტიკური თვალსაზრისით, არც ერთი და არც მეორე არანაირ საშიშროებას აღარ წარმოადგენს არც ქვეყნის, არც კონკრეტულად ხელისუფლებისათვის.
    ალბათ, ეს აქტი უფრო იქნება სამოქალაქო ომის დამამთავრებელ-დამაგვირგვინებელი, ვიდრე ორივე მხარის დასჯა.
    რა თქმა უნდა, ამგვარ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგენიც ეყოლება, - ლოთი ქობალიას მიერ დახვრეტილი ტელეოპერატორის ახლობელთა და დარჩელში სახლ-კარ გადამწვარ გამწარებულ ადამიანთა, ტერაქტების შედეგად დაღუპულ მოღვაწეთა ოჯახის წევრების სახით; მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ქართულმა საზოგადოებამ ხომ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა იმისთვის, რაც ქვეყანაში მოხდა 1988 წლიდან? ვინ, თუ არა სწორედ ეს საზოგადოებაა პასუხისმგებელი «მხედრიონელებსა» თუ «ზვიადისტებზე»? ვინ აქცია ისინი მკვლელებად? ბევრი მათგანი კრიმინალი საერთოდ არ გახდებოდა. რომ არა ის ანარქია და ქაოსი, ნგრევა და განუკითხაობა, უტვინო რადიკალიზმი და არაკომპეტენტურობა, შეურიგებლობა და გაუტანლობა, რაც 10 წლის წინ, სწორედ ამ დღეებში დაიწყო ჩვენს ქვეყანაში.
    ამდენად, შეუძლებელია გარკვეულწილად არ უთანაგრძნო ყველას, ვინც ჩაითრია სისხლიანმა ქარბორბალამ და თავადაც სისხლიან ავაზაკად აქცია. საზოგადოება უნდა შეურიგდეს იმ აზრს, რომ უკანასკნელი წლების მოვლენათა გათვალისწინებით, იგი ვერავის განიკითხავს. «განკითხვის» უფლება, ალბათ, მხოლოდ იმ საზოგადოებას აქვს, რომელიც თავის წევრებს ნორმალური ცხოვრებისა და განვითარების აუცილებელ პირობებს უქმნის.
    გასულ კვირას «მხედრიონელთა» ერთმა ჯგუფმა ოპერის ბაღში საპროტესტო აქცია წამოიწყო. ძალაუნებურად გაგახსენდება ამავე ორგანიზაციის პირველი აქცია, - 1990 წლის ნოემბერში, ზუსტად ამ ადგილზე, რომელიც შემდგომ ხელისუფლებასთან მწვავე დაპირისპირებასა და შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა.
    «მხედრიონელები» მაშინ მოითხოვდნენ ჯაბა იოსელიანის გათავისუფლებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹100 დადგენილების საფუძველზე (რომელმაც უკანონოდ ცნო მისი დაპატიმრება არჩევნების შედეგთა საბოლოო დამტკიცებამდე); აგრეთვე, საეთერო დროს ტელევიზიის პირველ არხზე და ნაომარი «მხედრიონელებისთვის» ვეტერანის სტატუსის მინიჭებას.
    პირველი მოთხოვნის არარეალურობა აქციის ორგანიზატორებსაც შესანიშნავად ესმოდათ, ამიტომ მაინცდამაინც არ გამოუდევთ თავი; მეორე - ელემენტარული აბსურდი იყო, ვინაიდან «მხედრიონის» პრესკონფერენციები ისედაც ფართედ შუქდება მასმედიით (მათ შორის, პირველი არხით).
    რაც შეეხება «ვეტერანის სტატუსს», - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ აქციის ორგანიზატორებს აღუთქვა, რომ ეს მოთხოვნა უახლოეს მომავალში დაკმაყოფილდება. «მხედრიონში» ნამდვილად იყვნენ ისეთი ბიჭები (მაგალითად, ნუკრი ცისკაძე, ზალიკო ამაშუკელი), ვინც არანაირ ყაჩაღობაში არ მონაწილეობდა და გმირულად დაიღუპნენ სოხუმისთვის ბრძოლაში;
    ამის შემდეგ აქცია შეწყდა.
    მიუხედავად ამისა, «მხედრიონის» აქციამ მაინც დააფიქსირა ხელისუფლებისთვის ერთობ არასასიამოვნო პრეცედენტი: იგი მოეწყო ქალაქის ცენტრში, ყოველგვარი ნებართვისა და სანქციის გარეშე. მაშასადამე, იმავე ხელისუფლებას ნაკლები არგუმენტი ექნება, აღკვეთოს ნებისმიერი სხვა აქცია იმავე ადგილას.
    რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, რომ «მხედრიონის» განაჩენი არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა. «მხედრიონელები» ამტკიცებენ, რომ ამით ხელისუფლებამ ხალხის თვალში «ქულები დააგროვა». მაგრამ ისინი რატომღაც არასდროს უსვამენ საკუთარ თავს კითხვას: რატომ იწვევს «მხედრიონის» დასჯა «ქულების დაგროვებას»? რით შეაზიზღეს ასე ხალხს თავი?
    ამ თვალსაზრისით, ოპერის ბაღში მოწყობილი საპროტესტო აქცია ნამდვილი «მისწრება» გახდა ხელისუფლებისთვის და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ათეული ათასი ხმა შემატა მმართველ პარტიას გუშინდელ არჩევნებში.
   

საპარლამენტო მარათონი საქართველოში 15 ნოემბერს დაიწყო

    გუშინ, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გაიმართა ადგილობრივი თვითმმართვლეობის არჩევნები, - მოსახლეობამ აირჩია რაიონების საკრებულოები; აგრეთვე, ქალაქების, სოფლების, დაბების თავკაცები (მერები და გამგებლები).
    ხელისუფლებამ არ მიიჩნია შესაძლებლად, მოსახლეობისთვის მიენდო გამგებლების არჩევა იმ (არცთუ მთლად უსაფუძვლო) მოტივით, რომ სამხრეთ საქართველოს ექვს რაიონში, სადაც ძირითადად არაქართული მოსახლეობა ცხოვრობს, აგრეთვე, ზოგიერთ «ქართულ რაიონში», რომელიც მეზობელ ქვეყნებზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე თბილისზე, - ხელისფლების ამგვარ დეცენტრალიზაციას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყოლოდა.
    ოპოზიციას ამის გაგება არაფრის დიდებით არ სურს და კვლავინდებურად ჯიუტად აცხადებს: «მოქალაქეთა კავშირმა რაიონის გამგებელთა პირდაპირი არჩევა არ დაუშვა, რათა ადგილებზე მართვის ბერკეტები შეენარჩუნებინა, ანუ ჰქონოდა საშუალება, «არაფორმალური» ზეგავლენა მოეხდინა საპარლამენტო არჩევნებზე».
    მართებულია ეს შეფასება? რა თქმა უნდა!
    ჰქონდა «მოქალაქეთა კავშირს» ასეთი მოტივაცია? ბუნებრივია, ჰქონდა, - აბა, რომელ მმართველ პარტიას არ სურს (ნებისმიერ ქვეყანაში), რაც შეიძლება მეტი ბერკეტი შეინარჩუნოს პროცესთა სამართავად?
    მაგრამ ოპოზიციონერებს ვერაფრით შეაგნებინებ, რომ ხელისუფლების (მმართველი პარტიის) ინტერესები ზოგჯერ შეიძლება ემთხვეოდეს ქვეყნის (ობიექტურ) ინტერესებს;
    «მოქალაქეთა კავშირს» თუ მართლაც ჰქონდა წინასაარჩევნო ინტერესი და სწორედ ამიტომ შეინარჩუნა რაიონის გამგებელთა დანიშვნის პრეროგატივა, - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ეროვნულ-სახელმწფიოებრივი ინტერესებისთვის (უპირველესად, სახელმწიფოებრივი მთლიანობისა და ზოგადსახელმწიფოებრივი ინტერესთა აღმატებულობისთვის), გამგებელთა «დანიშვნითობა» (ამ ეტაპზე) მავნებელია.
    «ამ ეტაპზე», ვინაიდან, როცა საქართველო სრულად გააკონტროლებს სახელმწიფო საზღვრებს, როცა უეჭველი იქნება საერთო მოქალაქეობრივი შეგნება (განურჩევლად მოქალაქის ეთნიკური წარმომავლობისა) და ვიდრე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ აკონტროლებს პროცესებს რეგიონებში (ან აკონტროლებს მხოლოდ დანიშნული გამგებლების მეშვეობით), - ძალაუფლების დეცენტრალიზაცია დანაშაულის ტოლფასი შეცდომა იქნებოდა!
    სხვა საკითხია, თუ დღემდე რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ყველა ამ პრობლემის მოგვარება? იყო თუ არა ეს ობიექტურად შესაძლებელი და ასე შემდეგ; მაგრამ «ხელისუფლების ჯინაზე» მოქმედება აბსურდამდე არ უნდა მიდიოდეს.
    სხვათა შორის, ესეც სათქმელია, რომ რამდენადაც ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ინტერესები შეიძლება ემთხვეოდეს (ან არ ემთხვეოდეს) ქვეყნის უზენაეს ინტერესებს, ამდენადვე ოპოზიციური პარტიის ინტერესები (ობიექტურად, მისდაუნებურად, ან სავსებით შეგნებულად) შეიძლება ემთხვეოდეს ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცების მწყურვალ გარეშე მტერთა ინტერესებს.
    ეს, ალბათ, მაინც უმთავრესი დასკვნაა, რომელიც გუშინდელი არჩევნებიდან გამომდინარეობს.

    15 ნოემბრის არჩევნებით დაიწყო გრძელი საარჩევნო მარათონი, რომლის მთავარი ნიშნული იქნება 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები. ისიც უნდა ითქვას, რომ მმართველი პარტია «ადგილობრივ არჩევნებთან» დაკავშირებით ერთობ საჩოთირო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
    არც ერთ ქვეყანაში «ლოკალური არჩევნები» არ არის ისე პოლიტიზებული, როგორც ჩვენთან;
    არ უნდა იყოს შემთხვევითი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს უარი, დასწრებოდნენ ამ არჩევნებს; «ლოკალურ არჩევნებს» არსად საერთაშორისო და საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა არ ენიჭება. მხოლოდ ქართველები უნდა ვიყოთ ამ თვალსაზრისით გამონაკლისნი.
    მართლაც: რა უნდა გადაწყვიტოს რაიონულმა საკრებულომ? მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვის საკითხი. გადასახადების დაწესებაც კი არ არის მთლიანად საკრებულოს პრეროგატივა.
    პარტიათა ასეთი აქტიურობა «ლოკალურ არჩევნებზე» ნებისმიერი ევროპელისთვის უბრალოდ სასაცილოა. ისევე როგორც უპრეცედენტოა რაიონულ საკრებულოთა არჩევა პროპორციული წესით.
    მიუხედავად ამისა, საქართველოსთვის ამ არჩევნებს მართლაც მეტად პრინციპული მნიშვნელობა აქვს სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან ეს არჩევნები ერთგვარი «რეფერენდუმია» ამჟამინდელი სახელმწიფოებრივი კურსის თაობაზე.
    15 ნოემბრის არჩევნების შედეგი უდიდეს ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მოახდენს ელექტორატის განწყობაზე და საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს.
    ამდენად, არც მმართველ პარტიას, არც ოპოზიციას «ანგარიში არ შეშლიათ» - მათ ზუსტად გათვალეს, რომ არჩევნების შედეგად საბოლოოდ გაირკვეოდა პარტიული «დისპოზიცია» საპარლამენტო არჩევნების წინ; გარდა ამისა, ორივე მხარეს ექნება შესაძლებლობა კორექტივები შეიტანონ (შედეგთა, დაშვებულ შეცდომათა გათვალისწინებით) საარჩევნო კამპანიაში, შეცვალონ ტექნოლოგია და მეთოდოლოგია.
    ხელისუფლებას კი მიეცა შანსი, ტაქტიკური ცვლილებები შეიტანოს პოლიტიკაში (გენერალური კურსის შეუცვლელად); აგრეთვე, გაარკვიოს ისიც, თუ რომელ რეგიონში როგორი მხარდაჭერა აქვს, რომელი სოციალური სფერო უფრო უჭერს მხარს.
    «მოქალაქეებისთვის» ეს გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე პირდაპირ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. ამომრჩევლებს ნამდვილად ექნება შანსი გამოიყენოს თავისი სუვერენული უფლება და გააკეთოს არჩევანი პოლიტიკურ პროგრამებსა და პარტიებს შორის;
    გუშინდელი არჩევნები თავისთავად დადასტურება იყო იმ ფაქტისა, რომ საქართველოში პარტიული ცხოვრების ეპოქა დადგა - ერთხელ და სამუდამოდ «პარტიულმა პოლიტიკამ» დასჯაბნა ალტერნატიული კონცეფცია, რომელიც უეჭველად მაჟორიტარულ არჩევნებს გულისხმობდა.
    ის ფაქტიც, (ვიმეორებ), რომ არა მარტო საპარლამენტო, არამედ რაიონული არჩევნებიც პროპორციული წესით ტარდება, უეჭველად მიუთითებს: მთლიანობაში, ქართულმა პოლიტოკრატიამ გამარჯვება იზეიმა.
    ეს არჩევნებიც ხომ პოლიტოკრატიის ტრიუმფი იყო.
   

დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შეფასება მომავალ თაობათა ღირსება იქნება

    საქართველოს სახალხო დამცველი, დავით სალარიძე თანდათანობით გამოდის «ჩრდილიდან» (რომელშიც, ალბათ ტაქტიკური მოსაზრებებით, თავად იმყოფებოდა გარკვეულ დრომდე) და აქტიურ მოქმედებას იწყებს.
    თავისთავად, ომბუდსმენის ფიგურა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნიჭიერი კაცისთვის «საპრეზიდენტო ტრამპლინადაც» კი გამოდგება.
    დავით სალარიძეს საამისო ამბიცია არა აქვს, თუმცა «ჩრდილში» ყოფნას დიდხანს რომ არ შეეგუებოდა, - ეს იმთავითვე ნათელი იყო.
    აბსოლუტურად ზუსტი სვლა გააკეთა მან «დეკემბერ-იანვრის მოვლენათა» შეფასების მოთხოვნით.
    ეს მოვლენები საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესთა ქვაკუთხედად იქცა. ბევრს მიაჩნია, რომ პარლამენტმა (ამჟამინდელმა საკანონმდებლო ორგანომ) არ უნდა იკისროს მათი შეფასება, ვინაიდან იგი ვერ იქნება ობიექტური მსაჯული (რაკი თავად იმ მოვლენათა მემკვიდრეა), მაგრამ პოლიტიკურად და იურიდიულად პარლამენტს, რაღა თქმა უნდა, ვერავინ დაუშლის გამოიყენოს თავისი ვერდიქტი.
    სალარიძის ინიციატივას ზურაბ ჟვანია უკვე მიესალმა და იურიდიულ კომიტეტს ურჩია, დაიწყოს მასალების შეგროვება ამ მოვლენათა შესაფასებლად; რაც, რა თქმა უნდა, სილაც არ ნიშნავს ამგვარ შეფასებას, როგორიც ზვიად გამსახურდიას მომხრეებს მოეწონებოდათ.
    იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, - ნინო ბურჯანაძემ უკვე განაცხადა, რომ არ ეთანხმება შეფასებას, თითქოს ეს იყო «სამხედრო გადატრიალება». მაშასადამე, კამათი და დისკუსია ამ საკითხზე გარდაუვალია. ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტის გამოტანა კი, საკანონმდებლო ორგანოს ძალზე გაუჭირდება.
    ძნელი განსაჭვრეტი არ არის აგრეთვე ოპოზიციის რეაქციაც. მისი ერთობლიობა ხუხულასავით დაინგრევა, როგორც კი, «საქმე-საქმეზე», ანუ დეკემბერ-იანვრის მოვლენათა პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებაზე მიდგება.
    ოპოზიცია ხომ სრულებითაც არ არის ერთიანი ამ საკითხში: თუ «ლეიბორისტები» (შალვა ნათელაშვილს ეს არ დაუმალავს) უეჭველად მხარს დაუჭერენ «გადატრიალების დაგმობას», «სოციალისტები» (ვახტანგ რჩეულიშვილის იმდროინდელი პოზიციის გამო) საწინააღმდეგოდ მისცემენ ხმას შესაბამის დადგენილებას; «სახალხო» და «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» ასევე ერთმნიშვნელოვნად გაამართლებს «დიქტატორული რეჟიმის დამხობას», ყოველ შემთხვევაში ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქმე კენჭისყრამდე არ მივიდეს; არც მმართველ პარტიას ეპიტნავება მაინცდამაინც ამ საკითხის განხილვა და პოზიციის დაფიქსირება, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში ეს პოზიცია რომელიმე მხარისთვის მიუღებელი იქნება.
    ამიტომ «მოქალაქეთა კავშირის» მხრიდან ყველაზე ჭკვიანური და ეშმაკური ტაქტიკა იქნებოდა დისკუსიის პროვოცირება ამ თემაზე. სანამ დისკუსია არ მიმდინარეობს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სათანადო «შეფასებას» მხოლოდ ხელისუფლებისა და უპირველესად «მმართველი პარტიის კეთილი ნების» არარსებობა უშლის ხელს.
    მაგრამ როგორც კი დაიწყება ფართო დისკუსია, უმალვე ცხადი შეიქმნება, რომ საზოგადოებაში მართლა არ არის აზრთა ერთიანობა ამ თემაზე, ხოლო საკითხის გამწვავებამ შეიძლება ახალი დაპირისპირებაც კი წარმოშვას.
    მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ისევ და ისევ, ქართულ ეთნოფსიქოლოგიასა და მხარეთა კატეგორიულ შეურიგებლობას.
    ნებისმიერი კომპრომისული ფორმულირება მიუღებელი იქნება როგორც ერთი ასევე მეორე მხარისათვის, ამიტომ მიუხედავად სახალხო დამცველის განზრახვის კეთილშობილებისა, ნაცვლად «შერიგების» და «შეთანხმებისა» ამ საკითხის განხილვამ, პირიქით, შეიძლება კვლავ «გახსნას» ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობები და აღადგინოს «ცნობიერების ლიბანიზაციის» ვითარება: თუ ვინმეს ჰგონია, «ანტიზვიადისტები» შეურიგდებიან ოდნავ მაინც კომპრომისულ ფორმულირებას, გარდა «პროვინციულ-ფაშისტური რეჟიმის დამხობისა», - ძალიან ცდება; ვინც ამას შეურიგდება, უმალვე გამოაცხადებენ «კოლაბორაციონისტად», რომელმაც «დაღუპული ბიჭების» სისხლზე სცადა იაფფასიანი პოპულარობის მოპოვება.
    მეორე მხრივ, არც «ზვიადისტები» შეელევიან იდეაფიქსად ქცეულ ფორმულას: «ეროვნული ხელისუფლების დამხობა კრიმინალური ბანდის მიერ რუსეთის შეიარაღებულ ძალთა დახმარებით» და ასევე გამოაცხადებენ მოღალატეებად მათსავე ბანაკში განსხვავებული აზრის მქონეთ.
    რა აზრი აქვს ამ ვითარებაში პარლამენტის მიერ ნებისმიერი ვერდიქტის გამოტანას? არავითარი! ჯერ ერთი, თვით პარლამენტი ვერ მივა ამ საკითხში ერთიანობამდე, ხოლო ხმათა უმრავლესობით მიღებულ «დადგენილებას» ან «განცხადებას» ფარატინა ქაღალდის ძალა ექნება. ეს ხომ კანონი არ არის, რომ განურჩევლად უმრავლესობა-უმცირესობისა, ყველასთვის სავალდებულო იყოს გასაზიარებლად და აღსასრულებლად?
    ამდენად, უმჯობესია, ამ თემას ხელისუფლება საერთოდ მოეშვას, - სულ ერთია ყველას მოსაწონ გადაწყვეტილებას მაინც ვერ მიიღებს.
    ისტორიული მოვლენის შეფასება ხელისუფლების პრეროგატივა არ არის, - ეს მხოლოდ ისტორიის საქმეა.
    დეკემბერ-იანვრის მოვლენათა პირუთვნელი შეფასება მხოლოდ იმ თაობის უფლებაა, რომელსაც ამ მოვლენებთან არანაირი კავშირი და შეხება არ ჰქონია.
   

რუსული «გოსდუმა» თავისას არ იშლის

    რუსეთის ფედერალური საკრებულო კვლავინდებურად იღებს პროვოკაციულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საქართველოს საქმეებში უხეშ ჩარევად შეიძლება ჩაითვალოს.
    მაგალითად «გოსდუმამ» მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ოფიციალური თბილისის თანხმობის გარეშე (ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლების დაუკითხავად), გაუწიოს ეკონომიკური დახმარება ეგრეთ წოდებულ «სამხრეთ ოსეთს»; ბუნებრივი აირის მიწოდება (ჯერჯერობით) საქართველოს ტერიტორიის გაუვლელად შეუძლებელია, თუმცა არ არის გამორიცხული, არსებობდეს გეგმა ვლადიკავკაზიდან - ცხინვალში გაზსადენის მშენებლობისა;
    რაც შეეხება ელექტროენერგიას, - 1994 წლიდან «სამხრეთ ოსეთს» ვლადიკავკაზიდან (ჩრდილო ოსეთიდან, ანუ რუსეთის ფედერაციიდან) მიეწოდებოდა ელექტროენერგია; რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ეს ენერგია საქართველოს ეთვლება რუსეთისადმი სახელმწიფო ვალში.
    მაშასადამე, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო «რეკომენდაციას» აძლევს რუსეთის მთავრობას, ჩვენი ქვეყნის დაუკითხავად გაუწიოს ეკონომიკური დახმარება სეპარატისტულ რეჟიმს.
    იმავდროულად, სახელმწიფო სათათბირო აფხაზეთთან საზღვრის გახსნასაც აპირებს. შესაბამისი დოკუმენტი (დადგენილება) უკვე მიიღო კიდეც, - გეოპოლიტიკის კომიტეტის წინადადებით.
    როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამ საკითხზე პროტესტს გამოთქვამენ, მოსკოვიდან «დამამშვიდებელი» პასუხი მოსდით: «გოსდუმის» დადგენილება არ არის სავალდებულო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტისათვის».
    დიახ, მართლაც არ არის სავალდებულო, მაგრამ ამგვარ დადგენილებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და სერიოზულ რეზონანსსაც იწვევს სეპარატისტულ რეგიონებში.
    რატომ არ შეიძლება საქართველომ ანალოგიური ზომები მიიღოს? რატომ არ შეიძლება საქართველოს პარლამენტმაც განიხილოს ვთქვათ, ჩეჩნეთში ამჟამად არსებული ვითარება და მიიღოს შესაბამისი დადგენილება «იჩქერიისათვის» თუნდაც სიმბოლური დახმარების შესახებ? საეჭვოა, რუს პოლიტიკოსებს ენა მოუბრუნდეთ საპროტესტოდ, რაკი თავადაც ერევიან უხეშად საქართველოს საშინაო საქმეებში.
    თუმცა, მათ «სინდისიერებაზე» საუბარი მაინც ერთობ «გადაჭარბებული» იქნებოდა.
    საქართველოს პარლამენტი აქამდეც უნდა დაფიქრებულიყო და მიეღო დადგენილება (ვთქვათ) თბილისი-გროზნოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ. რუსეთის პროტესტებს კი ვუპასუხოთ ანალოგიური ფრაზით: «პარლამენტის დადგენილება არ არის სავალდებულო საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის».
   
   

დილის გაზეთი, 16 ნოემბერი, 1998 წ.