ლაფანყურის დივერსია

ლაფანყურის დივერსია

    რუსულ მედიაში დიდი ზეიმია: „საქართველომ აღიარა, რომ ბოსტონელი ტერორისტი თურმე ქართულ სპეცსამსახურებს მოუმზადებიათ“, „თბილისმა აღიარა, რომ პანკისში ისლამისტ ფანატიკოსებს ამზადებდა“ და ა.შ. ძალიან ჰგავს 10-12 წლის წინანდელ ისტერეკას, როდესაც შევარდნაძის სრულიად ფუჭი და პროვოკაციული განცხადების პასუხად („ნატო“ - ს კარზე დაკაკუნების შესახებ), მოსკოვმა „პანკისელი ტერორისტების“ თემა ააგორა და გაბუქა. თუმცა, იმ დროს პანკისში რუსლან გილაევის რაზმი ნამდვილად იმყოფებოდა, მაგრამ თავისი შემადგენლობით და მიმართულებით ეს უფრო სეპარატისტული ფორმირება იყო, ვიდრე ისლამისტურ-ფუნდამენტალისტური.
    რუსული პროპაგანდა ძალიან ოსტატურად ცდილობდა და ცდილობს ამ ორი მიმართულების აღრევას. გააჩნია როდის, როგორ და რაში დასჭირდებათ. ეს გასაგებია: მოსკოვი საკუთარ ინტერესებს იცავს და ნამდვილად არ სურს დაინახოს სხვაობა სამეცნიერო კონფერენციასა და „სალაფიტურ ჯამაათს“ შორის. უცნაური ისაა, რომ უკვე ტრადიციულად, ქართველები ვეხმარებით მას ამგვარ სტერეოტიპთა დამკვიდრებაში. მივაქციოთ ყურადღება, რომ „საინფორმაციო დივერსიები“ საქართველოს წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც გრძელდება: „ბოსტონელი ტერორისტის“ საქმეში, ვისაც თურმე ქართველი ენათმეცნიერები ამზადებდნენ ბოსტონის ასაფეთქებლად, ფიგურირებს არა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი, არამედ დღვანდელი - ირაკლი ღარიბაშვილი. ანუ 1 ოქტომრის მიუხედავად, დამოკიდებულება არ შეცვლილა, რაკი არც საქართველოს საგარეო პოლიტიკა შეტრიალებულა ჩრდილოეთისკენ, ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რუსეთი საქართველოს მართლა იმის გამო გადაეკიდა, რომ მიშამ - ვალოდიას „ლილიპუტინი“ უწოდა, ძალიან ცდება.
    კიდევ კარგი, ამერიკელებმა ჯერ ვერ გაიგეს ან ყურადღება არ მიაქციეს იმას, რაც „ბოსტონელ ტერორისტთან“ დაკავშირებით საქართველოში ხდება. არადა, ჩეხეთსა და ჩეჩნეთს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. ჯერ-ჯერობით უფრო იმას იკვლევენ, ვინ იყო ის „მაჰმადიანი სომეხი“, სახელად მიშა, რომელმაც ძმებ ცარნაევებს ტვინი აურია და არაადამიანური ტერაქტისთვის შეაგულიანა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სიტუაცია კი სულ უფრო იბურდება, სულ უფრო გაურკვეველი და ძნელად „გასახსნელი“ ხდება. ოღონდ მხოლოდ ერთი მიმართულებით: რუსეთისათვის სასარგებლოდ. მის საწინააღმდეგოდ არაფერი რთულდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ დაწყებული „ლაფანყურის“ თემით და დამთავრებული „ბოსტონური ტერაქტით“, ერთი სცენარით გათამაშებულ, ძალიან ეშმაკურად მოფიქრებულ საინფორმაციო დივერსიასთან გვაქვს საქმე, რომელშიც რუსულ სპეცსამსახურებს (სხვათა შორის პუტინმა ასეთი სამხედრო სპეციალობაც კი შემოიღო: „საინფორმაციო ჯარების ოფიცერი“) ნებსით თუ უნებლიედ, ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები, თავიანთი გამაოგნებელი განცხადებებით, ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ. ფულით რომ ვერ იყიდი და ოფიციალური ვერბოვკით ვერ მიაღწევ, ისეთ დახმარებას!
    აქვე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ კრემლის სპეცსამსახურთათვის ხელსაყრელი „საინფორმაციო მატრიცა“ (რომელზეც მათ ამგვარი დივერსიებისა და პროვოკაციების განხორციელება შეუძლიათ) „ნაციონალურმა ხელისუფლებამ“ შექმნა ჩრდილო-კავკასიის რეგიონში აქტიურობით. დაწყებული ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით (რისთვისაც ჩერქეზებმა „მადლობა“ იმით გადაგვიხადეს, რომ ამას წინათ ევროპარლამენტში აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეები მოაწყვეს), დამთავრებული ჩრდილო-კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის კონცეფციით. ახლა იმის უმწეოდ ძახილი, „ეს კონცეფცია რა თქმა უნდა ისლამისტების მომზადებას არ გულისხმობდა და მხოლოდ სამეცნიერო კონტაქტების გაღრმავებას უწყობდა ხელსო“, არანაკლები სიბრიყვეა. პუტინის „საინფორმაციო ჯარებს“ საბაბი („სათქმელი“) მიეცი და არ გამოიყენებენ?
    არადა, ის ბრალდებები, რაც ამჟამად ჟღერს თუნდაც „კავკასიის ფონდის“ მიმართ, აშკარად თითიდან გამოწოვილია: ბოსტონელი ტერორისტი ტამერლან ცარნაევი საქართველოში არც ერთხელ არ ყოფილა. მაგრამ რაკი „კავკასიის ფონდმა“ ერთ-ერთი სემინარი მახაჩკალაში ჩაატარა იმ დროს, როცა ცარნაევი დაღესტანში იყო, „საინფორმაციო ჯარებმაც“ დაჰქუხეს: „ხომ შეიძლებოდა ისიც მისულიყო იმ სემინარზე?“ ჰოდა, თუკი თეორიულად შეიძლებოდა, მაშასადამე მისულა და ეგ არის! საინფორმაციო ომს თავისი კანონები, სტრატეგია და ტაქტიკა აქვს. ოღონდ ყველაზე შორსმჭვრეტელი სტრატეგიც ვერ გათვლიდა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება თვითონ მოითხოვდა ლოპოტას ხეობაში ჩატარებული ოპერაციის ხელახალ გამოძიებას.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    გასაგებია, რომ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებები „ლაფანყურელ ტერორისტთა მომზადების“ შესახებ მისი მოხსენების იმ ნაწილის „დაბალანსებას“ ისახავდა მიზნად, რომელშიც მან სოზარ სუბარი და ივანიშვილის მთავრობა გააკრიტიკა. თუ ლაფანყურის ნაწილს, ომბუდსმენის რაპორტში, ყურადღებით წავიკითხავთ, ცხადი ხდება, რას ეყრდნობა ნანუაშვილი, როდესაც მტკიცებითი ფორმით ამბობს, თითქოს, „ლაფანყურელი ტერორისტები“ საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ შემოიყვანა, მოამზადა, ჩრდილო კავკასიაში გაგზავნას დაპირდა, მაგრამ პირობა „რატომღაც“ არ შეასრულა და მუხანათურად ჩახოცა: იგი ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ დაღუპულ „ბოევიკთა“ ოჯახის წევრების ნაამბობს და მეტს არაფერს!
    მერედა ეს რა საბუთია? „ოჯახის წევრები ასე ამბობენო“. კი მაგრამ, იქნებ იმიტომ ამბობენ „ასე“, რომ ამ ფორმით მაინც იძიონ შური იმათზე (საქართველოს ძველ ხელისუფლებაზე, ვანოზე, მიშაზე და ა.შ.), ვინც შვილი, ძმა, მეუღლე მოუკლა? მათ ხომ იციან, რომ ამგვარი ბრალდებებით იმათ მართლა უქმნიან პრობლემებს, რაკი ეს ბრალდებები ახალი ხელისუფლების ინტენციებსა და შიდა-პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკას უკავშირდება? მაგრამ ყველაზე მთავარ კონტრშეკითხვაზე: „რატომღა გაანადგურეს ბანდა, თუკი თვითონ ამზადებდნენ?“, პასუხი არ ჩანს. თუ არ ჩავთვლით მეტისმეტად ბუნდოვან მოსაზრებებს „კონტროლიდან გასვლის შესახებ“.
    ფილოსოფოსი ოკამა გვასწავლის: „ნუ განამრავლებ არსთა განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე“. თუ ამ აზრობრივი ინსტრუმენტით შევიარაღდებით, მაშინ ბევრი რამ ნათელი ხდება. მაგალითად: „ქისტები ჯარში მსახურობდნენო“. მერე რა? საქართველოს მოქალაქემ ჯარში არ უნდა იმსახუროს? „იარაღის შეძენა-შენახვის უფლება მისცესო“. მერედა მარტო საქართველოს მოქალაქე ჩეჩნებს აქვთ კანონით ასეთი უფლება საქართველოში? და ბოლოს, საერთოდ გამაოგნებელი: „მართვის მოწმობა რატომ ჰქონდათო“.
    „ჩამოიყვანეს ევროპიდანო“. ვინ ჩამოიყვანა? „ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სპეცსამსახურებმა ჩამოიყვანეს“. ისინი ამბობენ და რაკი ისინი ამბობენ, მაშასადამე ვანოს ჩამოყვანია! აი, „ბოსტონელი ტერორისტები“ კი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა „ჩამოიყვანეს“. და საერთოდ, სანამ ქისტებს ქვეყნიდან არ გავასახლებთ, ხოლო ეთნიკურ ჩეჩნებს ქვეყანაში შემოსვლას საერთოდ არ ავუკრძალავთ, ნებისმიერ შემთხვევაში ვრისკავთ ისევე, როგორც გარისკა ამერიკის საემიგრაციო სამსახურმა: აბა ვინ იფიქრებდა, რომ ჩეჩნები, ვისაც ამერიკამ თავშესაფარი მისცა და პენსია დაუნიშნა ამერიკელებსვე ააფეთქებდნენ?
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    არესებობს ფაქტი და არსებობს მისი ინტერპრეტაცია: ფაქტია, რომ 11 ბოევიკი, რომელმაც გასული წლის აგვისტოში უარი განაცხადა იარაღის დაყრაზე, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს. ხოლო ინტერპრეტაცია, რომ თითქოს „თვითონ მოამზადეს და რაკი კონტროლიდან გავიდნენ, ამიტომ გააანდგურესო“ - ოკამასეული „არსთა განმრავლებაა!“. „ოკამას სამართებლით“, ყველაზე მარტივი ახსნა (ანუ თავდაპირველი არსი) შემდეგია: ჩეჩნები და ქისტები დამოუკიდებლად ემზადებოდნენ პანკისის ხეობაში, სადაც იარაღი თავზესაყრელია ჯერ კიდევ გილაევის ეპოპეიდან დაწყებული; შემდეგ ნამდვილად სცადეს ჩრდილო-კავკასიაში გადასვლა, მაგრამ ლოპოტას ხეობაში ლაფანყურელი გლეხები შეეჩეხენ, იარაღის დაყრაზე კი ხელისუფლებასთან ვერ მოილაპარაკეს.
    ვიღაცისთვის ამგვარი ახსნა მეტისმეტად მარტივი და „არაკონსპიროლოგიურია“. ისევე, როგორც ბოსტონელ ტერორისტთა მოტივაციაში მხოლოდ მათი კერძო „ისლამისტურ-ფუნდამენტალისტური“ შიზოფრენიის აღმოჩენა. თორემ, რაც შეეხება სხვა მენტალობის ადამიანებს, ისინი დღემდე ამტკიცებენ, თითქოს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ იორკში ამერიკული სპეცსამსახურების მოწყობილია!
    ეს ყოველივე გასაგებია. გაუგებარი და საშიში მხოლოდ ისაა, ჩვენ თვითონ რატომ ვეხმარებით (უკვე მერამდენედ ბოლო 20 წლის განმავლობაში!!!) მტერს, რომელიც ჩასაფრებულია და ნებისმიერ საბაბს გამოიყენებს საინფორმაციო ომის გასაძლიერებლად.

2013